საქართველოს ეკონომიკური ანექსია თუ კომერციული ინტერესი

საქართველოს ეკონომიკური ანექსია თუ კომერციული ინტერესი

ა მიზანი ამოძრავებს ,,როსნეფტს' და რატომ იყიდა რუსულმა ნავთობკომპანიამ კეზერაშვილის კუთვნილი ტერმინალი ფოთის პორტში?

რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელმა კომპანია ,,როსნეფტმა', ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია PETROCAS ENERGY LIMITED-ში, 49%- იანი წილი შეიძინა. დავით იაკობაშვილი კომპანია „ჩელენჯ ენერჯის“ აქციონერია, რომელიც ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება, თუმცა დავით იაკობაშვილი PETROCAS ENERGY LIMITED-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს. ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია „როსნეფტის“ ვებგვერდზეც გავრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ორი კომპანია ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ლოგისტიკისა და საცალო გაყიდვების სფეროში იმუშავებს. „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის შეფასებით, გარიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ნავთობპროდუქტის მიწოდება გაიზრდება. მისი თქმით, აღნიშნული ფინანსური გარიგება და პარტნიორობა რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში საკვანძო როლს შეასრულებს. დავით იაკობაშვილის განცხადებით, ამ გარიგებით ჩანს, რომ PETROCAS რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

რას წარმოადგენს PETROCAS ENERGY?
„როსნეფტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, PETROCAS ENERGYსამხრეთ კავკასიის რეგიონში ლოგისტიკის სეგმენტის მსხვილი მოთამაშეა. კომპანია მსხვილი ტრეიდერია, რომელიც ნევთობპროდუქტებით ვაჭრობს. PETROCAS ENERGY ფლობს და მართავს მაღალტექნოლოგიურ ნავთობტერმინალებს ფოთში, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში კი ლოგისტიკურ ოპერაციებს ახორციელებს. კომპანია საქართველოში ფლობს ,,გალფ ჯორჯიას', რომელიც ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორია. PETROCAS ENERGY-ის შტაბ-ბინა კვიპროსზე მდებარეობს, მაგრამ ლიმასოლის, თბილისისა და მოსკოვის ოფისების საშუალებით ოპერირებს. ,,როსნეფტსა' და ფოთის ნავთობტერმინალების ოპერატორი კომპანია ,,ჩენელ ენერჯი ლიმიტედს' (კომპანიის აქციონერია დავით იაკობაშვილი) შორის, მოლაპარაკებების პროცესი 2014 წლის მარტიდან დაიწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ,,ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის' აქციების 75%-ს, ,,ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედი' ფლობს, ხოლო 25%-ს _ სააქციო საზოგადოება ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური'. ,,ჩენელ ენერჯი ლიმითედი' ფოთის ნავსადგურის ნავთობტერმინალის ოპერატორია, ,,ჩენელ ენერჯი ფოთი' კი _ შპს ,,ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში' 32.67%-იან წილს ფლობს. დავით იაკობაშვილის საკუთრებაშია ასევე ,,ჩენელ ენერჯისთან' დაკავშირებული კომპანია FUTURE Products company, რომელსაც სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია ფლობს. ბოლო წლებში, რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,როსნეფტი', სამხრეთ კავკასიის რეგიონში გააქტიურდა. 2013 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტისას, ,,როსნეფტმა' ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ,,სოკართან', რომელიც საქართველოშიც ოპერირებს. რაც მთავარია, ,,ამერიკის ხმის' ინფორმაციით, ,,როსნეფტი', რომელმაც 2009 წელს აფხაზეთის მთავრობისგან მიიღო ნებართვა, შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზე საქმიანობს. თუმცა, ,,როსნეფტის' გარდა, შავი ზღვის შელფში ნავთობმოპოვებით სამუშაოებს უკრაინა და თურქეთიც აწარმოებენ. 
     
ფოთის პორტისა და ტერმინალების გასხვისების ისტორია 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ,,როსნეფტსა' და PETROCAS ENERGYLIMITED- ს შორის, ფინანსური ტრანზაქცია ოფშორულ ანგარიშზე განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, PETROCAS წინა ხელისუფლების ,,ჯიბის კომპანია' იყო: ,,ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ რუსულ კომპანიებზე ვყიდით გარკვეულ ქონებას, სინამდვილეში, ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსეთის სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოს ქონებას. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კეზერაშვილისა და სააკაშვილის კომპანია, მეტიც, უამრავი ბრალდება იყო ამ კომპანიის მიმართ ქონების წართმევის თაობაზე. რამდენადაც ვიცი, სასამართლოშიც არის საქმე აღძრული'. ,,ეკონომიკური განვითარების ცენტრის' ერთ-ერთი დამფუძნებლის, რომან გოცირიძის განცხადებით, „როსნეფტი' ვლადიმერ პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღია, რომელსაც დასავლეთმა სანქციაც კი დაუწესა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სომხურ სცენარს ახორციელებს: ,,ფოთის პორტის ხელში ჩაგდების შემდეგ, მორიგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს გარიგება ბოლომდე მივიდეს. ამის იურიდიული საბაბი არსებობს, რადგან აფხაზეთის მთავრობის ლიცენზიის საფუძველზე, ,,როსნეფტი' შავი ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება იაკობაშვილს, როგორი გაიძვერაც იყო, ისეთივე დარჩა'. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ფოთის პორტის ის ტერმინალი, რომელიც ,,როსნფეტმა' დავით იაკობაშვილისგან იყიდა, თავის დროზე, თამაზ ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 1991 წელს, თამაზ ნიჟარაძემ ფოთის პორტში ტერიტორია შეიძინა, კომპანია შექმნა და ტერმინალი ააშენა. ხაჭაპურიძის განცხადებით, 2010 წელს, დავით კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს ფინანსური პოლიცია შეუსია და დააპატიმრა კიდეც. მუქარისა და ფიზიკური განადგურების მცდელობის შემდეგ, ნიჟარაძე აიძულეს, მთელი ქონება კეზერაშვილის კომპანიების სახელზე გადაეფორმებინა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატი ამბობს, რომ გასაჩივრებამ შედეგი გამოიღო, რადგან ქონება დააყადაღეს, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, სასამართლომ ყადაღა ისევ მოხსნა. კეზერაშვილ- იაკობაშვილისა და ახლა უკვე რუსული ,,როსნეფტის' პარალელურად, ფოთის პორტს დანიური ,,აი პი ემ ტერმინალსიც' ფლობს. თუმცა დანიურ კომპანიამდე, ფოთში არაბული ,,რაკიინ ინვესტმენტი' ოპერირებდა. ფოთის პორტის 51%-იანი წილი, 49-წლიანი მართვის უფლებით, არაბულ ,,რაკიინ ინვესტმენტს' 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 49%-იც შეისყიდა. ,,რაკიას' ფოთის პორტი გარკვეული ვალდებულებებით გადასცეს, ამ ვალდებულებებში ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მოწყობაც იყო გათვალისწინებული. ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში, არაბულმა კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. გაიზარდა საწარმოო სიმძლავრეები, აშენდა ახალი ნავმისადგომი, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის განვითარების ზონაში, ახალი პორტის პროექტზეც მუშაობდნენ. ამ სამუშაოების მიუხედავად, ფოთის პორტის აქციების გასხვისება დღის წესრიგში მაინც დადგა და ,,რაკ ჯორჯიამ', მისი კუთვნილი აქციები 2011 წლის გაზაფხულზე გაყიდა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციათა 80%, კომპანია დანიურმა კომპანია ,,აი პი ემ ტერმინალსმა' შეიძინა, რომელიც ამერიკული Mაერსკ- ის შვილობილია. ,,აი პი ემ ტერმინალსი' მსოფლიოს პორტების ერთ-ერთი, ყველაზე მსხვილი ოპერატორია. დანიური კომპანია მსოფლიოს 33 ქვეყანაში, 44 პორტს ფლობს. მართალია, ,,რაკიამ' ფოთის პორტის აქციების 80% გაყიდა, მაგრამ ფოთის ინდუსტრიული ზონის მმართველად მაინც დარჩა. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებდა, რომ არაბულ ,,რაკიას' პორტების მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და ამიტომ, იძულებული გახდა, აქციები გაეყიდა. ფოთის პორტში 15 ტერმინალია, ,,როსნეფტმა' პირველი, ანუ ნავთობპროდუქტების ტერმინალი შეიძინა. პორტის რამდენიმე ტერმინალს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანიები ,,პრომეტკო ჯორჯია' და ,,ჯეესკო' ფლობდნენ. სხვათა შორის, ვანო ჩხარტიშვილს სწორედ ამ კომპანიების გამო ედავება თურქი ბიზნესმენი, ომერ სარი. ფოთის პორტის ოთხი ტერმინალი ბიზნესმენ იოსებ დოლიძის საკუთრებაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას კარის მეზობელია ნიუ-იორკში. სოსო დოლიძის საკუთრებაშია მშრალი ტვირთების, ანუ შაქრის, ხორბლის, ფქვილისა და არმატურის ტერმინალები. იმის გამო, რომ ფოთის პორტში ტვირთების განბაჟების მაღალი ტარიფებია, ეს პროდუქტები საქართველოში საკმაოდ ძვირად ფასობს.  
    
საფრთხე თუ კომერციული ინტერესი?
რას ნიშნავს რუსეთის სახელმწიფო კომპანია ,,როსნეფტის' შემოსვლა ფოთის პორტში და რამდენად საშიშია ეს კომპანია, რომელსაც პუტინის მეგობარი, იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს? სინამდვილეში, ,,როსნეფტი' ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის ბიზნეს- მიმართულებას უხელმძღვანელებს. ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ ,,ვერსიასთან' საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო: ,,ძნელია იმის თქმა, ზუსტად რა იყიდა ,,როსნეფტმა', რადგან ამის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი არ გვინახავს. ჩვენ მხოლოდ ის განცხადება ვიცით, რომ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის ბიზნესმიმართულება ,,როსნეფტის' ხელში გადავიდა. ეს მიმართულება ეხება ტვირთების გადაზიდვასა და ლოგისტიკას. არ მესმის, რატომაა სახიფათო ეს პროცესი, ან რა შეუძლია თუნდაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია ,,როსნეფტს', როდესაც ,,ვითიბი ბანკს', იგივე ოქროს საბადოებსა და საქართველოში არსებულ სხვა ბიზნესკომპანიებსაც რუსები ფლობენ? წარმოუდგენელია, ეს ტრანზაქცია სახიფათო იყოს, რადგან სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ თავის ქვეყანაში ბიზნესი დაიცვას'. იმ პირობებში, როდესაც ფოთის პორტის გასხვისებასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა მხარემ პროკურატურასა და სასამართლოს მიმართა, რამდენად გამართლებულია, პორტის გასხვისება? ემზარ ჯგერენაიამ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ თუ სარჩელის საფუძველზე, საქმე აღძრულია, ასეთ პირობებში, ტერმინალის გასხვისება იურიდიულად გამართლებული არ არის. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,როსნეფტი' ფოთის პორტის მართვაში არ შემოსულა და ეს უდიდესი შეცდომაა. მისი თქმით, რუსულმა კომპანიამ ერთ-ერთი ბიზნესსტრუქტურის, ანუ კომპანიის წილი შეიძინა, რაც არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ფოთის პორტის ტერმინალის რეალური პრობლემა ის არის, რომ ამ პორტში ტვირთების განბაჟების მაღალი ტარიფები მოქმედებს, რის გამოც საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია გაცილებით ძვირია: ,,დიახ, შესაძლოა, ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს ფოთის პორტში. საბაჟო ტარიფების შემცირებისა და ბიზნესის მონოპოლიზაციის თემები აქტუალური იყო და ამაზე მართლაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ეს ,,როსნეფტს' არ ეხება'. ლოგისტიკური კომპანია ,,ისთგეით გრუპის' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი იაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ,,როსნეფტმა' დავით იაკობაშვილისგან ის კომპანია შეიძინა, რომელიც ფოთის პორტის პირველ ტერმინალს მართავს: ,,პირველი ნავმისადგომი თხევადი ტვირთების, ანუ ნავთობპროდუქტების ტერმინალია. სწორედ ამის გამო, ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს ტერმინალი ყველა ხელისუფლებისთვის ,,მსუყე ლუკმად' ითვლებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა. ამ ტერმინალს უამრავი მფლობელი ჰყავდა და ბოლოს დავით კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც 2011 წელს, ფოთის პორტის პირველი ტერმინალი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს მიყიდა. აი, სწორედ ეს პირველი ტერმინალი გადავიდა ,,როსნეფტის' ხელში, მაგრამ ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. ,,როსნეფტი' სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების მსხვილი ქსელის მფლობელია. იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები სომხეთში შეიტანოს, უმოკლესი გზა საქართველო და ამ შემთხვევაში, ფოთის პორტია. სინამდვილეში, რუსეთის სახელმწიფო კომპანიას წმინდა წყლის კომერციული ინტერესი ჰქონდა ფოთის პორტში, რადგან აქ დაცლის ტვირთს, რომელსაც სომხეთში შეიტანს. არავითარი პოლიტიკური სარჩული ამ ფინანსურ გარიგებას არ ახლავს და გიმეორებთ, საფრთხეს საერთოდ ვერ ვხედავ. ჭორია ისიც, რომ ,,როსნეფტი' პუტინის საკუთრებაა, ასე არ არის, ამ კომპანიის ხელმძღვანელია იგორ სეჩინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მეგობარია. რაც მთავარია, ,,როსნეფტი' ერთადერთი რუსული კომპანია არ არის, რომელიც საქართველოში შემოვიდა'. ,,მადნეული', ,,კვარციტი', ,,აზოტი', ,,ბილაინი', ,,ლუკოილ ჯორჯია', ,,ხრამჰესი- 1', ,,ხრამჰესი- 2', ,,თელასი', ,,ვითიბი ბანკ ჯორჯია', _ ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში დაეუფლნენ. თუკი რუსეთი და ზოგადად, რუსული კომპანიები გასული 9 წლის განმავლობაში, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, გაუგებარია და ლოგიკაში არ ჯდება, რატომაა საშიში ფოთის პორტის ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ტერმინალის გადასვლა რუსული კომპანიის ხელში? საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პანიკური შიში ,,როსნეფტთან' დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი. მნიშვნელობა არ აქვს, კომპანია ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, თუ არა, რადგან თუ შესაბამისი სტრუქტურები დაამტკიცებენ, რომ საეჭვო გარიგება შედგა, ამისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო არსებობს, სადაც სწორედ ამ ტიპის დავებს იხილავენ. ამიტომ, საფრთხის შემთხვევაში, ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული ბერკეტი აქვს, თუნდაც ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს სახით, სადაც შეუძლია სარჩელი შეიტანოს, საქმე აღძრას და ფინანსური გარიგება ჩაშალოს.