შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობისა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ორი პირი ამხილა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობისა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ორი პირი ამხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებასა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ამხილეს – წალენჯიხის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჭანია, ასევე, თაღლითობის, სამსახურებრივი სიყალბის წაქეზების და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ამხილეს წალენჯიხაში მცხოვრები მოქალაქე ნოდარ ჯ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ ჯ-ს წაქეზებით, წალენჯიხის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ჭანიამ საგადასახადო სიაზე დაყრდნობით, 2014 წლის 13 ივნისს გასცა ყალბი ცნობა, თითქოსდა ნოდარ ჯ-ს სახელზე ქალაქ წალენჯიხაში ირიცხებოდა 0,33 ჰექტარი მიწა. ყალბი ცნობის საფუძველზე, ლევან ჭანიას დახმარებით, ნოდარ ჯ-მ თავისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 3216 კვ.მ მიწა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 18 887,76 ლარად ღირებულ 2127 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ წალენჯიხაში, ვეკუას ქუჩა N25-ში მდებარე მიწა რეალურად არ წარმოადგენდა ნოდარ ჯ-ს საკუთრებას, მან ხსენებულ ტერიტორიაზე 2014 წლის მაისის ბოლოდან ივლისამდე პერიოდში უკანონოდ მოჭრა 26 ძირი ხე, რამაც გამოიწვია 10 860 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმისათვის, რომ ხეების მოჭრისათვის მიეცათ კანონიერი სახე, ნოდარ ჯ-ს წაქეზებით, ლევან ჭანიამ 2014 წლის 9 ივნისს და 1 ივლისს ყალბი ცნობები გასცა თითქოსდა ხეები მოჭრილი იყო ნოდარ ჯ-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში.
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის ლევან ჭანია და ნოდარ ჯ. მიმდინარე წლის 13 იანვარს მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებასა და სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, სამსახურებრივი სიყალბის წაქეზების და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლით და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.