ნაცების დროს ვიცოდით მტერი ვინ იყო, ესენი კი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ,

ნაცების დროს ვიცოდით მტერი ვინ იყო, ესენი კი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, "გადამგდებები" გამოდგნენ

2006 წელს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული. მას მიაწოდეს ფოტოები, რომელიც მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაიღეს. ახალ მტკიცებულებებს დღეს პროკურატურაში წარადგენენ. შეგახსენებთ, ვაზაგაშვილი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლეს 2006 წლის 2 მაისს. 
რა შეიცვლება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი დეტალების გამოჩენით? დაიწყება თუ არა ხელახალი გამოძიება? 

"ალიას" მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა: 

- შევისწავლე საქმის მასალები, შემთხვევის ოქმები და ამავე დროს ძალიან დიდი დახმარება გამიწია ვიდეო და ფოტომასალამ. ჩემთან ექსპერტიზისთვის მოვიდნენ და მასალებს რომ გავეცანი, ვნახე, რომ საკითხი - სპეცოპერაციის დროს მარჯვენა მხარესა და მარცხენა მხარეს რა ხდებოდა, ასეთი გამიჯვნა აქამდე არ ყოფილა და ახლა უკვე დადგა საკითხი, მარცხენა მხარეს რა ხდებოდა, ყველაფერი გამოკვლეულიყო. 

- ეს სროლა გარდაცვლილისთვის საკონტროლო გასროლა იყო? 
- ამ ტერმინზე ვერაფერს ვიტყვი, სამედიცინო ექსპერტის ფარგლებს ვერ გავცდები, ანუ რა არის და როგორ არის, ვერ გეტყვით. 

- მაგრამ ამ გასროლამ ხომ გამოიწვია სიკვდილი? 
- კი, კი, თან მომენტალური. იმიტომ რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებაა, თავის ტვინის უხეში დაზიანებით, ტვინის გამოვარდნით და ქალის ძვლების დაშლით. ესაა სამედიცინო დასკვნის მიხედვით და არა ფოტოების მიხედვით, ფოტოებმა უბრალოდ სურათი შეავსო. 

- თუ ეს ფოტოები იყო საქმეში დოკუმენტირებული, როგორც თქვენ ამბობთ, რატომ ადრე არ მოხდა ამ კუთხით საქმის შესწავლა? 
- ეს კითხვა მე არ მეხება, ვიმეორებ, მომმართეს ადვოკატებმა, დამისვეს შეკითხვები, გავეცანი საქმის მასალებს, ჩამოვყალიბდით, რა იყო საინტერესო, დაისვა კითხვები და იმ კითხვებს ვუპასუხე, ამ ფოტოებს სწორედ ამ კუთხით შევხედე, მანამდე ამ ფოტოებს უყურებდნენ სხვა კუთხით, მარჯვენა კუთხით. ვიმეორებ, ახლა გაიმიჯნა მარჯვენა და მარცხენა მხარეები, თორემ ეს ფოტოები შეიძლება მანამდე უამრავმა ნახა. 

- როგორ ფიქრობთ, ამ ახალი დეტალების შემდეგ თავიდან დაიწყება ძიება? 
- ძიება მიმდინარეობს, მაგრამ მე ახალ დასკვნაში ვუთითებ მთელ რიგ წინააღმდეგობებს დასკვნებს შორის და, თუ ძიება მოინდომებს და ამ დეტალებს დააზუსტებს, ბევრი რამ კიდევ გაირკვევა. ბევრ კითხვას გავეცი პასუხი და მითითებული მაქვს, რატომ მოხდა ასე, რა წინააღმდეგობებს წავაწყდი. 

- მაგალითად, რა წინააღმდეგობებია, შეგიძლიათ, მითხრათ? 
- ახლა ვფიქრობ, ღირს ამაზე საუბარი, თუ გამოძიებისთვის დავტოვო? მოდი, დავუტოვებ მათ. მარტო იმას ვიტყვი, რომ, თუ რომელი დასკვნაა მართალი, ის შესაბამის სურათს დადებს. მთავარია ის, რომ მოხდა შემთხვევის ადგილის გამოკვლევა ახლა უკვე მარცხენა მხრიდან. მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს ახლა გასაჯაროვდა, უბრალოდ, ადვოკატებმა ჩაატარეს ხელახალი გამოძიება და ამ ფარგლებში მოხდა ეს ყველაფერი, თორემ ოფიციალურ გამოძიებასთან მე, პირადად, არანაირი შეხება არ მქონია, ეს ადვოკატები იური ვაზაგაშვილის დანიშნულია და მათ დააყენეს სხვაგვარად საკითხი, არადა ძალიან საინტერესო შედეგი და მიმართულება მივიღეთ. საქმეში კიდევ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, რადგანაც მე უკვე ნაბიჯი წინ ვერ გადავდგი ზოგ საკითხში და თუ გამოძიებას ექნება სურვილი, იმ მინუსებს ჩაუჯდება და დაამუშავებს, ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება კომპლექსური ექსპერტიზა და ბევრად უფრო ზუსტი შედეგი დადგება, მაგრამ ფაქტია, საქმე გაყინული წერტილიდან დაიძრა. 

საინტერესოა, ეს კადრები როგორ მოხვდა ადვოკატებთან? ვესაუბრებით იური ვაზაგაშვილს, გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამას: 

- ეს კადრები გამოიტანა კვინიკაძემ, გამომძიებელმა და ამ სპეცოპერაციის მონაწილემ, მას ჰქონდა გადაღებული 40-წუთიანი ფირი. თავად კვინიკაძე ამჟამად გაქცეულია საფრანგეთში, სადაც ოჯახით თავშესაფარი ითხოვა. ეს კადრები გამოიყენეს ადვოკატებმა და ნახეს, რომ მარცხენა მხრიდან ზურა საკონტროლო გასროლით მოკლეს. ჩვენ ახალი თვითმხილველებიც გვყავს, მაგრამ პროკურატურას არ ვაჩვენებთ მათ. 

- ეს ადამიანები ახლა გამოჩნდნენ და რატომ არ უჩვენებთ მათ პროკურატურას? 
- ველოდებით, საით წაიყვანს პროკურატურა გამოძიებას, თუ სწორად წაიყვანს გამოძიებას, ამ თვითმხილველებს მაშინ გამოვაჩენთ. 

- საზოგადოებას გვახსოვს, რომ თქვენ იყავით პროკურატურაში და დაასახელეთ ამ ამბის კონკრეტული მონაწილეები, მაგრამ გაწბილებული გამოგიშვეს იქიდან და როგორ ფიქრობთ, ახლა არ არის დრო, თავიდან დაიწყოს გამოძიება? 
- ძალიან უკმაყოფილო ვარ პროკურატურის მუშაობით, როგორ არ ვიქნები უკმაყოფილო დღევანდელი ხელისუფლების? გაჩვენებთ კადრებს, როგორ არის დაშლილი ჩემი ბავშვის თავი, ისე დაეშალოთ ჩემი შვილის მკვლელებს თავები და ჩემს დღეში ჩავარდნენ ეგენიც და მაგათი მფარველებიც. ესაა კაცის წყევლა, იქამდე გადამიყვანეს ჭკუიდან და წარმოიდგინეთ, ეს ვინც გააკეთა, დღეს თანამდებობებზე მუშაობენ. ავიღოთ სამინისტროში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზოევი, ქალაქის სამმართველოს უფროსი დალაქიშვილი ვითომ გაუშვეს, მაგრამ კადრების განყოფილებაშია, ამათ პირველებმა დაიწყეს სროლა. ანდა ავიღოთ ნიკა სამარღანაშვილი, ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე, გიორგი ბჟალავა და რაზმაძე, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ჭანკვეტაძე, მკვლელი, დღესაც რომ მუშაობს. ლაშა ქურხული და გიორგი კაჭარავა, დღესაც მუშაობენ, უამრავი სხვა გარეწარი, რომლებიც დღეს მუშაობენ და მითხარით, როგორ დავიჯერო, რომ პროკურატურა რამეს აკეთებს? მინდოდა, ეს კადრები ენახა ჩვენს მოსახლეობას და ხელისუფლებას, რომლებიც დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ, რომ გაეგოთ, რა დღეში ვართ და ჩემნაირი გამწარებული 150 ოჯახია. ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, მოგვატყუეს და პირად ინტერესზე არიან გადართულები. რომელ ხელისუფლებაზე ლაპარაკობთ, ბატონო ჩემო? ჩახუტებულები რომ არიან `ნაცებს~? იმ "ნაცებს", რომლების ბიზნესებსაც არავინ შეხებია? ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდათ გადაქცეული და ერთი თეთრიც არ მოატანინეს უკან? 7 ნოემბერი, 26 მაისი, ამდენი მკვლელობა, ამდენი ქონებაწართმეული, ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი უკანონო პატიმარი და ერთი მოსამართლე და პროკურორი მანახეთ დასჯილი, ხალხოო!.. ერთი საქმე მაჩვენეთ ბოლომდე მიყვანილი. გირგვლიანის საქმე როგორ გამოიძიეს, როცა სალაყაია ევროპაში "დაგულაობს"? ერთადერთი გამოსავალია, ისევ ჩვენ დავდგეთ ერთად და შევანჯღრიოთ ესენი! მაგრამ "ნაცების" დროს ვიცოდით, მტერი ვინ იყო, ესენი კი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, "გადამგდებები" გამოდგნენ! ხალხი და ამომრჩეველი `გადაგვაგდეს~! იმ საშინელებებს ვინც სჩადიოდა, სააკაშვილს რომ ახალ წელს მიულოცავ, ესაა სამართალი? კარგი, ხალხო, რაა! უკვე მაჟრიალებს.

- რას ელოდებით, რა იქნება? 
- ამათგან არაფერს ველოდები, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ თქვენნაირი ჟურნალისტები თუ საშუალებას მოგვცემთ, სიმართლე ვთქვათ და ვიმეორებ, შევაჯანჯღაროთ ესენი. მანამდე კი უნდა შეიქმნას ძალა, რომელიც ამათ ჩაანაცვლებს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამ ახალი ხელისუფლების მიმართ სიტყვები არ მყოფნის, რა ვუწოდო, გუბაზ სანიკიძიდან დაწყებული, კიდევ რომელი ვახსენო, ეროვნულ გმირებად რომ მოჰქონდათ თავი, ახლა სად არიან? ჩემთან მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ საკუთარ ოფისებში, გაჩეჩილაძეები გინდა, ძიძიგური, გუჯაბიძე... ახლა სად არიან? ესენი ვინ მოგვაყვანინა ბატონმა ბიძინამ, კაცოო? კი, მადლობელი ვართ, სააკაშვილის გადაგდებაში რომ გვერდით დაგვიდგა, მაგრამ სერიოზული პასუხისმგებლობაც აქვს, დავუძახოთ და საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბაროს, აგვიხსნას, გვითხრას, რატომ `გადაგვაგდო~ მისმა მოყვანილმა ხალხმა? მე და ჩემნაირ უბედურ მამებს უფრო მეტი გვაკისრია, უფრო მეტი უნდა გავიღოთ, რომ მერე ჩვენს შვილებს თვალებში ჩავხედოთ. გეფიცებით, ასეთი ახალი წელი არ მქონია... ვუყურებდი ამ საშინელ კადრებს, არ მინდოდა, რომ საახალწლოდ საზოგადოებას ხასიათი გაფუჭებოდა, მაგრამ რა მექნა. ორი დღის შემდეგ ვაპირებთ უბედური მამები შეკრებას, მაგრამ თან ვფიქრობ, ახალი წელია და კიდევ ერთი დღით ხომ არ გადავწიო ეს ამბავი, მაგრამ უნდა ავაფრიალოთ ეს სურათები, აი, ვის მფარველობს სამინისტრო! მაგრამ მარტო ეგენი ამას ვერ გაბედავენ და ვინ მფარველობს ამ ხალხს და ვინ აბედვინებს ამათ, ვინ? ერთადერთი გამოსავალია ესაა და წინასწარ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ რა ვქნა, მითხარით?