მსოფლიო ახალი განსაცდელის წინაშე დგას, ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი "ალ-ქაიდა" (რომელთაც ბრალად ედებათ უამრავი ტერაქტების მოწყობა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო კენიაში, ტანზანიაში, კუნძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში 23.07.2005, აშშ-ში 11.09.2001, ბოლოს კი 7 იანვარს საფრანგეთში, ჟურნალ "შარლ ებდოზე" ტერორისტულმა აქტმა მსოფლიო შოკში ჩააგდო) საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი წევრი ჰარით ალ ნადარი ინტერნეტში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს: "თქვენთვისვე უმჯობესია, მუსლიმანთა წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ". ჰარით ალ ნადარი ასევე აცხადებს, რომ ისინი, ვინც მუსლიმანთა წინააღმდეგ იბრძვიან, უსაფრთხოდ ვერ იქნებიან, ვიდრე ალაჰს, მის წარგზავნილებსა და მორწმუნეებს ებრძვიან.
შეგახსენებთ, რომ "ალ-ქაიდა" იდეის გარშემოა გაერთიანებული, მათ არ ჰყავთ ერთი კონკრეტული ლიდერი, მათი სტრუქტურა ასეთია: ყველა, ვინც შეძლებს ფუნდამენტალურ-ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას, შეიძლება "ალ-ქაიდას" წევრად ჩაითვალოს. ევროპისთვის საჭიროა პიროვნებამ ან ჯგუფმა ჩაატაროს წარმატებული ტერაქტი. "ალ-ქაიდას" არ გააჩნია წევრთა სია. "ალ-ქაიდა" არ ცნობს რაიმე სახის შეზღუდვებს ტერაქტების მიზნების დასახელების დროს. "ალ-ქაიდა" ფინანსდება როგორც ლეგალური, ისე არალეგალური წყაროებით, შემოწირულობებით. "ალ-ქაიდას" საიდუმლოდ აფინანსებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ირანი. მათი სტრატეგიული მიზანია, იმ მთავრობებისა და რეჟიმების დამხობა, რომლებიც "ალ-ქაიდას" მიზნებს არ შეესაბამებიან. ეს პირველ რიგში ეხებათ არაბულ ქვეყნებს, სადაც "ალ-ქაიდას" მიხედვით და მათი შეხედულებით, მხოლოდ მართლმორწმუნე ისლამისტები უნდა ცხოვრობდნენ და საღმრთო რეჟიმი უნდა ბატონობდეს. მათი მიზანია, ისრაელის განადგურება.
ბრძოლა აშშ-ს, დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ. ვინც კი მათ რელიგიას შეეხება, ყველა განადგურდება! ამერიკის სპეცსამსახურებს "ალ-ქაიდას" წევრების ფარული სატელეფონო საუბრები ჩაუვარდათ ხელში, საიდანაც ირკვევა, რომ ტერორისტები მასშტაბური აფეთქებებისა და გამაოგნებელი ტერორისტული აქტების მოწყობისთვის ემზადებიან, მეტიც "ალ-ქაიდას" წევრების საუბრებიდან ირკვევა, რომ ევროპის დედაქალაქებში გაუგონარი ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებენ.
ტერორიზმის საფრთხე საქართველოსაც უახლოვდება, 11 იანვარს დიღომში მდებარე ფრანგული ჰიპერმარკეტების "კარფურის" ქსელის ინტერნეტსაიტი გატეხეს, ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტექსტში ვკითხულობთ: ჩვენ ვართ მუსლიმანები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს "შარლი ჰებდო!", ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა!"
"კარფურის" ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. ამ დროისთვის "კარფურის" საიტი გათიშულია. ტერორიზმმა ცივილიზებულ სამყაროს მიუკაკუნა. მაშ ასე, გველის თუ არა ტერორიზმის საფრთხე, ვინ არიან ტერორისტების სამიზნე საქართველოში და რამდენად შეგვწევს ძალა, ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, "ქრონიკის" კითხვებს უპასუხებს ექსპერტი კავკასიისა და უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე:
- პარიზში მომხდარმა ტრაგედიამ უკრაინის კრიზისი დაჩრდილა, ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერორისტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან?
- ჩემგან და ჩემი ტიპის ექსპერტების მხრიდან ლამაზი არ იქნება ვთქვა, - ხომ გეუბნებოდით?.. ჩვენ ამას ყოველთვის ვვარაუდობდით და ვამბობდით, რომ დღეს თუ ხვალ ეს გახდებოდა შეუქცევადი პროცესი, რადგან მოცემულობა იყო ასეთი. როდესაც ჩვენ რუს ექსპერტებთან გვქონდა ლაპარაკი, ისინი საკითხს ყოველთვის აყენებდნენ ასეთი ფორმით, რომ დასავლეთს ურჩევნია, ჩვენთან ითანამშრომლოს პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რათა 21-ე საუკუნის ჭირი ერთობლივი ძალით მოვიშოროთ. სხვათა შორის, ამ პოზიციას მხარს უჭერდა ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ რუსეთი არის პარტნიორი პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ფაქტი, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა პოლიტიკურ ისლამზე და ის ფაქტიც, რომ ძმები კუაშები შეიარაღებულნი იყვნენ იშვიათი ტიპის იარაღით, ეს გახლავთ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღი, სერია-103, ამ იარაღით შეიარაღებულია ძალიან ელიტარული ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სისტემაში, მათ შორის ამ ტიპის იარაღით შეიარაღებულია კადიროვის დაცვა და გვარდია, მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ამ იარაღს არ ყიდის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთმა მოინდომა დასავლეთის ყურადღების გადატანა უკრაინიდან სხვა საკითხზე და ამის გამო ხელი შეუწყო ასეთი ტიპის ტერაქტს. თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვა მტკიცებულება გარდა იმისა, რაც მე ვთქვი ავტომატ "კალაშნიკოვთან" დაკავშირებით, არ არსებობს და აქედან გამომდინარე, რთულია რუსეთის დადანაშაულება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური ისლამი იმ ტიპის საფრთხეა, რომელიც დღეს თუ ხვალ ჩვენს სახლებთან მოვა. დღეს საქართველო მათთვის არ არის ცენტრალური ქვეყანა და განსაკუთრებული ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაცია შეიცვლება ერაყსა თუ სირიაში, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ისლამური ხალიფატი, ყველა შემთხვევაში მათი ყურადღება მოპყრობილი იქნება ჯერ შუა აზიისკენ და შემდეგ უკვე კავკასიისკენ. ამიტომაც ამისთვის არის საჭირო მზადება და უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურები, დაიხვეწოს უსაფრთხოების სისტემა. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურობს, ან რაიმე ნაბიჯებს დგამს. სამწუხაროდ, ჩვენ საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ. ამ საახალწლოდ აჭარიდან კიდევ ერთი მუსლიმანი ქართველი დაიღუპა სირიაში და ასევე, რამდენიმე ქისტი. მართალია, რთულია, გააკონტროლო ადამიანების გადაადგილება, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რა ტიპის ადამიანები მიდიან იქ. საქმეში ჩახედულებმა უნდა იცოდნენ, რა პროცენტია ისლამისტებისა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება შეუერთდნენ ისლამურ ხალიფატს. ეს სპეცსამსახურების მუშაობის ოსტატობასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ინფორმაცია, რა ხდება ქვემო ქართლში, პანკისის ხეობასა და აჭარაში, სპეცსამსახურებს უნდა ჰქონდეთ.
- სახელმწიფო მონიტორინგს არ ატარებს, სირიასა და ერაყში წასული მებრძოლები რა ფორმატში ბრუნდებიან საქართველოში და რას საქმიანობენ აქ?
- სამწუხაროდ, ისინი ძირითადად კუბოებით გვიბრუნდებიან. ამას ფიგურალურად ვამბობ, თორემ მებრძოლთა დიდი ნაწილი ადგილზე იკრძალება. 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში, ვინც იყო პირველი მებრძოლი, გილაევი, ის ჩამოასვენეს, თორემ დანარჩენები ყველა იქ არიან დასაფლავებულები, მათ შორის ალი ნაკაიძე, რომელიც ახლახან დაიღუპა ახალი წლის დღეებში. მათთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია, რადგან არც ისე დიდი რაოდენობაა წამსვლელებისა, დაახლოებით 70-დან 100 კაცამდეა წასული მთელი საქართველოდან, ამიტომაც მათზე მორიტორინგის ჩატარება რთული არ არის. საქართველოში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგალითად, ქისტები იხვეწებიან, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დასაქმდნენ ახალგაზრდები, რომ ისლამისტურ ჯგუფებს არ ჰქონდეთ საშუალება, ეს უსაქმურად დარჩენილი ახალგაზრდები თავის წრეში ჩაითრიონ. მაგალითად, აჭარის მუსლიმანური თემი ითხოვს, ხელი შეუწყონ ადგილობრივი ტრადიციული ისლამისტური თემის გაძლიერებას, რომ ეს ახალგაზრდები არ ხვდებოდნენ ისლამისტთა გავლენის ქვეშ. იგივე ვითარებაა ქვემო ქართლში. პრინციპში, ეს არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი თემა. თუ დღეს ეს თემები არ მოგვარდება, მერე გვიანი იქნება. ეს დარტყმა, რაზეც ზევით ვლაპარაკობდი, ჩვენ მაინც გველის. მზად უნდა ვიყოთ, ამ სამზადისს მე ვერ ვხედავ.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება გახდეს ტერორიზმის მიზეზი საქართველოში?
- მაგალითად, პირველი და უმთავრესი საფრთხე - ეს არის თავდასხმა საქართველოში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე. წარმოიდგინეთ, რომ თავს დაესხნენ აშშ-ს თანამშრომლებს, საფრანგეთის, ან გერმანიის, რაც პრინციპში გამორიცხული სულაც არ არის. სხვათა შორის, ჩემმა პოლონელმა კოლეგებმა შემატყობინეს, რომ პოლონეთში ზუსტად ამ ტიპის პრევენცია ტარდება, ხდება დიპლომატების სახლების გაძლიერებული დაცვა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პოლონეთი მოწყვეტილია ისლამურ ნაკადებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთშიც დგას მეჩეთი, მუსლიმანთა რიცხვი არის 0,1 პროცენტი. საქართველოში კი არის ძალიან მაღალი რიცხვი, ეს არის დაახლოებით 10 პროცენტი, შეიძლება 15 პროცენტიც. ჩვენი საზღვრის გასწვრივ ეს არის დაბალი. კახისა და ზოგიერთ სხვა რაიონში, აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი უჭერს მხარს ისლამურ ფრონტს, უფრო სწორად, ხალიფატს და მათი გადამწყვეტი უმრავლესობა სწორედ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში ცხოვრობს. რაც მიაკვლია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა, 350 კაცი იბრძვის ერაყსა და სირიაში. რაც არ იციან, ერთი იმდენია.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ტერორისტები შეიარაღებულები იყვნენ იმ ტიპის "კალაშნიკოვებით", რომლებიც მხოლოდ რუსეთის ელიტარულ სპეცდანაყოფებს აქვთ და რუსეთი ამ იარაღს არ ყიდის, რაღაც ბმა ამ ფაქტთან არსებობს, ასეც რომ არ იყოს, ფაქტია, ტერორიზმმა რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?
- მოდით, რუსეთის პოზიციას შევხედოთ, რუსეთი დღესდღეობით უმძიმეს წნეხშია, ამ წნეხის ერთ-ერთი მონაწილე არის ისლამისტური სამყარო და პირველ რიგში საუდის არაბეთი, რომელიც ყოველდღიურად აგდებს ნავთობის ფასს. იმისთვის, რომ დაძაბოს ურთიერთობა ევროპასა და ისლამისტურ სახელმწიფოებს შორის. თავისი პრობლემებიდან, უკრაინა იქნება ეს თუ ეკონომიკური სანქციები, ყურადღება უნდა გადაიტანოს სხვა პრობლემაზე, ეს რუსეთისგან გასაკვირი იქნება?! რა თქმა უნდა, არა, ამიტომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დოკუმენტი არ გვაქვს, რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში რუსეთი, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ რუსეთის მონაწილეობა და თუ არ მონაწილეობს, ეს ფაქტი რუსეთის ინტერესზე წყალს ასხამს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ობიექტურად რუსეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის, ამ გამოცდილებას როგორ იყენებს, ეს მეორე საკითხია. პრაქტიკულად გამოდის, რომ მსოფლიოს ეუბნება, მოდით, გავანებოთ თავი ჩემთან ჭიდაობას და ვებრძოლოთ ამ უზარმაზარ საფრთხეს, რასაც ჰქვია ტერორიზმი. ყურადღება ბევრს არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ მხოლოდ საფრანგეთში არ მომხდარა ტერორისტული აქტი, ანალოგიური თავდასხმა მოხდა თურქეთში, რუსეთის მოქალაქე ქალმა სტამბულის ცენტრში აიფეთქა თავი პოლიციის სამმართველოსთან, სულხან ახმედის რაიონში და შეიწირა პოლიციელები. ასევე, სტამბულის ორი სავაჭრო ცენტრი გადაურჩა აფეთქებას, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ფაქტობრივად, ტერორისტების მხრიდან ეს არის მასშტაბური შეტევა. ასევე, ნიგერიაში ორი დღის წინ მოხდა ტერორისტული თავდასხმა და შეიწირეს 18 ადამიანი. როგორც გაირკვა, ამ ტერორისტული აქტების უკან დგას "ალ-ქაიდა" და მისი ხელმძღვანელი, რომელიც არ მალავს, რომ ტერორისტული აქტები გაიზრდება.
- როგორც თქვენგან ვიცით, ისლამური ხალიფატის მიმდევრები საქართველოშიც ბევრნი არიან...
- მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს ითვლის, გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ერი პირდაპირ გადავიდა ხალიფატის მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის იმარატი ამის წინააღმდეგია. რა ხდება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, უკვე გითხარით. აქედან გამომდინარე, იმდენად პატარა სივრცეა სამხრეთ კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო, თავისთავად ხიფათი არის ძალიან მაღალი, მით უმეტეს "ალ-ქაიდას" მხარდაჭერით სარგებლობს ისლამური ხალიფატი, იმდენად მძიმეა საფრთხე, რომ ჰესბოლას ხელმძღვანელიც კი გამოვიდა ანტიტერორისტული განცხადებით. მსოფლიოს სპეცსამსახურს თუ რელიგიურ ჯგუფებს აქვთ ინფორმაცია, რომ იწყება მასშტაბური შეტევა. აქედან გამომდინარე, თვით ჰესბოლაც კი საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდის. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზული ყურადღება მიაქციოს ამ საფრთხეებს და გაატაროს პრევენციული ღონისძიება.
- გადმოვინაცვლოთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხზე, არის ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია დიდი საკადრო წმენდა, სულ მალე ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდება, თავისი გადაცემით, და მაინც, რას უნდა ველოდოთ? რას ნიშნავს ივანიშვილის მედიით გააქტიურება?
- ვიდრე მისი გადაცემა ტემპს აკრეფს, დიდი დრო გავა. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის პროდიუსერი გამოცდილი ჟურნალისტია, ვასილ მაღლაფერიძეს ვგულისხმობ, ასეთი ტიპის გადაცემას ყოველთვის სჭირდება მინიმუმ ორი თვე, რომ რეიტინგი აკრიფოს. ასე რომ, ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტი სიტუაციის შეცვლის თვალსაზრისით. რაც შეეხება საკადრო წმენდას, ეს ჩანს. მაგრამ წმენდა უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე. ნაწილობრივ შედეგი მიღებულია. მაგალითად, ბიზნესის შევიწროება ძალიან შემცირდა, ის ჯგუფი განეიტრალებულია ვინც ბიზნესს ავიწროებდა. ივანიშვილის პოზიციაა ასეთი, მაგრამ საქმის კეთებაა მთავარი. მე ვგულისხმობ ეკონომიკური ზრდის პროცესს. აი, ეს პროცესი არ ჩანს, პრინციპში, ყველაფერს პრემიერს ვერ დავაბრალებთ, რადგან არსებობს ეკონომიკური გუნდი, რომელიც ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროსაც იყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში არის სტაგნაცია, არავინ იცის, რა უნდა გააკეთოს და მეორე, რა ნაბიჯსაც დგამენ, იმის მიტანაც კი არ შეუძლიათ საზოგადოებამდე. ხალხმა არ იცის სიკეთეები, რომელიც ხელისუფლებამ მათ შეუქმნა. ჯადოსნური წრეა შეკრული, რომლის გარღვევასაც ვერავინ აკეთებს. მინისტრებმა თვითიზოლაცია მოახდინეს, მოექცნენ რაღაც გარკვეულ ჩარჩოში, რომლის იქითაც ნაბიჯის გადადგმის სურვილი არ აქვთ, რასაც ისინი აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში ეს არის დეკორაცია, რადგან მათ აქტივობას არ მოაქვს ის შედეგი, რასაც ხალხი ელოდება. ამ დროს საბიუჯეტო თუ ეკონომიკური პოტენცია აქვთ. თუ რატომ არ აკეთებენ საქმეს, ეს კითხვა ბევრჯერ დავუსვი საკუთარ თავს და მივედი სამწუხარო დასკვნამდე, რომ მათ ეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, ეს ქვეყნისთვის კი უბედურებაა. მე ვფიქრობ, რომ გაზაფხულისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება.