ალო, სასწრაფოა? გვიშველეთ...

ალო, სასწრაფოა? გვიშველეთ...

ყველაზე მეტი სამუშაო მათ ახალი წლის დღეებში აქვთ. მაშინ, როცა მოქალაქეთა უმეტესობა ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სუფრასთან ზის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გამოძახებაზე მიეჩქარებათ.

ლეილა კიღურაძე (ექიმი): "სასწრაფოში 1980 წლიდან ვმუშაობ. ჩვენ ყოველ მეოთხე დღეს ვმორიგეობთ, ამიტომ ხან 31-ში გვიწევს მორიგეობა, ხან პირველში და ხანაც ორში.

მახსოვს, ახალი წლის ღამეა, მორიგე ვარ და სასწრაფოში სამთავრობო დელეგაციას ველოდებით. სტუმრების დასახვედრად ვემზადებით და ამ დროს მივიღეთ გამოძახება, რომ თავისუფლების მოედანზე, მეტროს სადგურის წინ ახალგაზრდა ბიჭი გდია უგონოდ. სტუმრები ვიღას ახსოვდა, სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანაში... აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდას ზედმეტი მოსვლოდა დალევა. შევიყვანეთ მანქანაში, გამოვიყვანეთ კრუნჩხვიდან, გავუკეთეთ გადასხმა. მომჯობინდა, გამოფხიზლდა, მიიხედ-მოიხედა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, სასწრაფო დახმარების მანქანაში რომ იყო, ჩვენც ვერ შემოგვხედა კარგი თვალით და დაგვიყვირა, - ვინა ხართ, რა მინდა აქო. წამოხტა, წამლებით სავსე ყუთს წიხლი ჰკრა და გაიქცა. ამ დროს 12 საათიც შესრულდა, ცა ფეიერვერკებმა გაანათა, მე და ჩემი კოლეგა კი მუხლებზე დაჩოქილი შევხვდით ახალ წელს, დამსხვრევას გადარჩენილ, აქეთ-იქით მიმოფანტულ ამპულებს ვაგროვებდით.

ხშირად ლამის სიცოცხლის ფასად გვიწევს პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ ორი თვის წინ ერთი მშენებარე სახლიდან გამოგვიძახეს. 53 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. შენობას კიბე ჯერ არ ჰქონდა და მშენებლები საგანგებოდ მოწყობილი ხარაჩოებით ადიოდნენ. იმ გზით ასვლას ექიმი დიდ დროს მოანდომებდა, ამიტომ გადაწყდა, ამწით აეყვანათ. თუ დაჰკვირვებიხართ, ციცხვი როგორ ქანაობს, ამიტომ მშენებლებმა ექიმი გააფრთხილეს, მაგრად ჩაეკიდა ხელი სახელურისთვის და ქვემოთ არ ჩაეხედა. ციცხვი მეათე სართულს რომ გაუტოლდა, მემანქანემ გააქანა ციცხვი, ზემოთ მომლოდინე მუშებმა ექიმს ხელი სტაცეს და გადაიყვანეს.

ლიკა კაცაძე (ექიმი): "27 წელია სასწრაფოში ვმუშაობ. სასწრაფოს ყველაზე მეტი გამოძახება ახალი წლის დღეებში აქვს. შესაძლოა ფიქრობთ, თუ კაცს ძალიან არ უჭირს, დღესასწაულებზე სასწრაფოს არ გამოიძახებსო. მერწმუნეთ, ზოგჯერ პირიქითაა... სასწრაფო დახმარების მეათე ფილიალში ვმუშაობ, რომლის მახლობლად ხანდაზმული მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ყოველ ახალ წელს, თორმეტი საათის დადგომამდე რამდენიმე წუთი რომ რჩება, რეკავს და სასწრაფოდ მოდით, მაღალი წნევა მაქვსო. ერთხელ მეც მომიხდა ახალი წლის ღამეს მასთან მისვლა. რომ შევედით, გაღიმებული შემოგვეგება: - არ გეწყინოთ რომ გამოგიძახეთ, კი არაფერი მაწუხებს, არ მინდოდა, მარტო შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს მეტი ვინ მოვიდოდაო. შემოვუსხედით სუფრას და ასე შევხვდით ახალ წელს ამ უჩვეულო პაციენტთან ერთად. იყო ასეთი შემთხვევაც, ჩუბინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გამოგვიძახა. აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, უსახლკარო კაცი შეუძლოდ გახდა. რომ მივედით, მივხვდით სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, მაგრამ მაწანწალა ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ ვიცოდით, არც ერთი სტაციონარი არ მიიღებდა. სხვა რა გზა გვქონდა, ხომ არ მივატოვებდით. მეზობლებს ცხელი წყალი და ღრუბელი ვთხოვე, ექიმმა ხელთათმანი გაიკეთა და მაწანწალა იქვე, ქუჩაში დაბანა. პაციენტი ამასობაში გონს მოეგო და ხმამაღლა ჩაიღიღინა,

- დათვი მჭლე და მე მსუქანიო".

არის ასეთი დაავადება ნოზოლოგია, - კარდიალური ასთმა, რომლის დროსაც პაციენტს შარდმდენი უკეთდება. ერთ ქალთან ვართ გამოძახებაზე და თავს მზრუნველი შვილი, შუახნის მამაკაცი დასტრიალებს. გავუკეთეთ პაციენტს ლაზიქსი და ველოდებით შედეგს. თან ვეხვეწებით: - ქალბატონო, იქნებ მოშარდოთ, ძალიან გთხოვთ, მოშარდეთ, ჩვენი ხათრით... ცოტა ხანში შეტევა მოეხსნა, დავუტოვეთ შვილს დანიშნულება და წამოვედით. შარდმდენის მოქმედება რამდენიმე საათს გრძელდება. ერთ-ორ საათში ცენტრალურ სადისპეტჩეროში ვიღაც რეკავს: - ჩვენთან ბრიგადა იყო მოსული, ძალიან უნდოდათ დედაჩემის შარდი, მოვაგროვე და როდის მოვლენ, რომ წაიღონო... ვერ გადმოგცემთ, რა ხდებოდა ამ დროს სადისპეტჩეროში.

ირინა ცერაძე (ექიმი): "სასწრაფოში 30 წელი ვმუშაობ. ძალიან დამღლელი სამსახური გვაქვს, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც. როცა ავადმყოფს სიცოცხლეს შეუნარჩუნებ, ამაზე დიდი ბედნიერება განა არსებობს. ენით ვერ აღწერ, რა გრძნობაა ეს. ძალიან მძიმეა და საბედნიეროდ, იშვიათად ხდება, როდესაც სიკვდილი გვამარცხებს. ახალი წლის ღამეს ხშირად გვიძახებენ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას, ხშირია ჩხუბი, დაჭრა. სამი-ოთხი იანვრიდან კი იწყება ქოლეცისტიტები, გასტრიტები.

შარშანდელ ახალ წელსაც სასწრაფოში ზარ-ზეიმით შევხვდით. დილის ექვს საათზე შემოვიდა გამოძახება წერეთლის პროსპექტიდან. მახსოვს, სიხარულიძეების ოჯახში ვიყავით, სადაც შუახნის ქალი გამხდარიყო ცუდად, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. კარი მისმა მეუღლემ გაგვიღო და შემოგვჩივლა, - დამეხმარეთ, გოგონებო, იმის მაგივრად, რომ ცოლმა ახალი წელი მომილოცოს, იმდენი ჭამა, რომ შეტევა დაეწყოო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავუკეთეთ და ცოტა რომ მომჯობინდა, ქმარს უსაყვედურა: - რა გინდა, ნამუსი გაქვს ახლა შენ, ამისთანა შხვართალა ქალები შემოგიყვანე საახალწლოდ სახლში და კიდევ მე მსაყვედურობ, რომელი ცოლი გაუკეთებდა ქმარს ასეთ საჩუქარსო?

ერთი მძღოლი გვყავდა. ულვაშს ატარებდა და არასდროს იპარსავდა. 31 დეკემბერია, მორიგე ვარ. მივედი სამსახურში და ეს ჩვენი მძღოლი დამხვდა ნატანჯი სახით, კბილი სტკიოდა. ვერაფრით დავითანხმეთ, რომ კბილი ამოეღო და მთელი დღის განმავლობაში ხან ნოვოკაინი ჩავასხით, ხან ტკივილგამაყუჩებელ აბებს ვასმევდით, მაგრამ არაფერმა უშველა. საღამოს 10 საათია, დიდ დიღომში ვიყავით გამოძახებაზე. ჩამოვდივართ პაციენტისგან და ვხედავთ, ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანა ზანზარებს. შევიხედეთ და ტკივილებისგან გაწამებული მძღოლი სიმწრით მუშტს სცემს საჭეს. აქეთ შეგვეხვეწა: სტომატოლოგთან წამიყვანეთო, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, საახალწლოდ ცოტა გვეხუმრა. მივუბრუნდი ამ ჩვენს მძღოლს და ვეუბნები: - ულვაში რომ გაქვს, კბილს არავინ ამოგიღებს-მეთქი. გაუკვირდა, - კბილი ადრეც ამომიღია, მაგრამ ულვაშს ხელი არ შეუშლიაო. დავარწმუნე, ბოლო დროს მედიცინაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა სტომატოლოგები ულვაშიან პაციენტებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან-მეთქი. დაგვიჯერა, ჯერ ჩვენს ფილიალში შევიარეთ და ულვაში მოვაპარსვინეთ, შემდეგ კი სამტრედიის ქუჩაზე სტომატოლოგიურ კლინიკაში მივედით. სტომატოლოგი ახალგაზრდა ბიჭი იყო. გადავულაპარაკე, - ულვაშიც მოვპარსეთ და ბარემ ისე მოგიყვანეთ-მეთქი. მიგვიხვდა ოინს და შეგვაქო, - მიყვარს, ექიმი რომ მომიყვანს გამზადებულ პაციენტს და ჩემი გასაპარსი აღარ არისო...

ძველით ახალი წელი თენდება, მორიგე ვარ და თბილისში ბარაქიანად მოთოვა. გამოგვიძახეს ნაძალადევის რაიონში. ისეთი აღმართი გვაქვს ასავლელი, მანქანა ვერ ადის. მოსახლეობის დახმარებით ქუჩა ფეხით ავიარეთ, მაგრამ წამოსვლისას რომ გამახსენდა, როგორი მოლიპული დაღმართი უნდა ჩაგვევლო, შიშის ზარი დამეცა. ფეხით თუ წამოვიდოდოთ, მოტეხილობას ვერ გადავრჩებოდით. პაციენტის პატრონს ვთხოვე, ჩვენთვის ციგა ეშოვა. თავიდან ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სახუმაროდ არ მეცალა და რამდენიმე წუთში ციგაც მოიტანეს. არ დაიჯერებთ, მაგრამ 12-ს ხუთი წუთი აკლდა, როცა მე და ჩემი ექთანი ციგით ნაძალადევის დაღმართზე დავეშვით. დადგა ძველით ახალი წელი, ატყდა სროლა, თოვს, ჩვენ კი ციგით მივსრიალებთ. ეს მართლაც დაუვიწყარი მორიგეობა იყო.

კახი კარიაული, სასწრაფოს სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი: "არის შემთხვევა, როცა ექიმების პაციენტთან მისვლა საჭირო არ არის და სასწრაფოს ექიმი პაციენტს რეკომენდაციას ტელეფონით აძლევს. მახსოვს, პაციენტმა დარეკა და შემოგვჩივლა: წნევა მაქვს მაღალი და რა ვქნაო. ვურჩიეთ, 0,25 მგ კაპტოპრილი ენის ქვეშ დაედო. ერთი საათის შემდეგ პაციენტი ისევ რეკავს და ჩივის, - წნევა კვლავ მაღალი აქვს. რა თქმა უნდა, მითითებულ მისამართზე გავედით და აღმოჩნდა, რომ პაციენტს კარტოფენის მაგიერ ენის ქვეშ პატარა ნაჭერი კარტოფილი ედო. იყო ასეთი შემთხვევაც, გამოძახებაზე მისულ ექიმებს მარტოხელა მოხუცი ბებო სახლში ჩაძინებული დახვდათ. დაადგნენ თავზე და აღვიძებენ. გაუხელია თვალი ბებოს და უკითხავს, - რა გქვია, შვილოო. ექიმმაც უპასუხა, - გაბრიელიო. მოხვედი უკვეო?.. - აღმოხდა თურმე მოხუცს".