როგორც ჩანს, მაესტრო მიდის... არჩევანი დიდი აქვს... „ეტ ცეტერა” თუ არგენტინა, ბუენოს-აირესში თურმე თავს თითქმის ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ქალაქში, თუმცა ამ ქალაქთან მისი რომანი სულ სხვაა... ისეთივე ხანგრძლივი და ღრმაა, საინტერესო და ფერადოვანი, როგორც თავად რობიკო სტურუა. ასე ბრძანა კიდეც ჩვენთან: „მე წავალ ამ ქალაქიდან და როცა დავბრუნდები, მინდა, ეს ქალაქი ისეთი იყოს, როგორიც მიყვარს”... იცის, რომ ამ ქალაქსაც უყვარს, უყვარს ისეთი... თავისი რობიკო, ბახუსზე შეყვარებული ბევრი მუზის მსახური... და უყვარს იმ ისტორიებით, რასაც დღეს ჩვენი რესპონდენტები თქვენთვის ყვებიან.
ნანა ფაჩუაშვილი: მასთან ცხოვრების ორმოც წელიწადზე მეტი მაკავშირებს, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრში მივედი. რობიკო უკვე იქ იყო, თავისი სიტყვაც ნათქვამი ჰქონდა – დადგმული ჰქონდა პირველი სპექტაკლი „ვახშმობის წინ” და „სეილემის პროცესზე” მუშაობდა. მას შემდეგ ერთად ვართ. ყოველთვის მიწყობდა პატარ-პატარა გამოცდებს – ხან ვუმართლებდი, ხან, ალბათ, ვერა. ისიც მახსოვს როგორ დავწყვიტეთ გული და ცოტა ვუმტყუნეთ კიდეც....
დასის წევრები, რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, წავედით გალა კონცერტზე ავსტრალიაში, რობიკოც უნდა წამოსულიყო, მაგრამ უცებ მოხდა ისე, რომ დაიგეგმა გასტროლი თურქეთში. რამაზი ვერ ჩაშლიდა უკვე დაგეგმილ კონტრაქტს, ვერც რობიკო ჩაშლიდა გასტროლს – ის მაინც წავიდა თურქეთში, მაგრამ ისე, რომ მეფე ლირიც კი შეცვალა... იმ პერიოდში, როცა რობიკომ რიჩარდ მესამე დადგა, რომელშიც ლედი ანას ვთამაშობდი, თემურ ჩხეიძესთანაც ვთამაშობდი მნიშვნელოვან სპექტაკლში. თემურს სურდა, რომ რობიკოს დაეთმო ჩემი თავი, რობიკომ „დათმო” – ნებისმიერ რეჟისორს შეეძლო მოვეხსენი ამ როლიდან, რობიკომ ეს არ გააკეთა. უფრო მეტიც, ძალიან შემიწყო ხელი, დავრჩენილიყავი როლზე, რომელსაც ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ როლით ოცდაათი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო შემოვიარეთ.
შემოქმედებითი ურთიერთობის მიღმა იყო დიდი ადამიანური ურთიერთობები და მეგობრობა... ჩვენ ერთად არ დავდიოდით დასალევად, როგორც ეს მას უყვარდა. თუმცა, ჰქონდა ერთი ჩვევა – ქალების კამპანიაში ქეიფი უყვარდა.
ერთხელ მარტო ქალები დაგვპატიჟა რესტორანში. ყველა ვეკითხებოდით ერთმანეთს: რატომ გვკრიბავს რობიკო? მაგრამ, პასუხი არც ერთს არ გვქონდა. ბოლოს გამოგვიტყდა რობიკო: დღეს მამაჩემის დაბადების დღეა და რადგან მამა ქალებს განსაკუთრებულ პატივს სცემდა, ასე მინდა მივულოცო მას დაბადების დღეო.
ერთხელ, 2 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე სახლში დავპატიჟე მეგობრები. რობიკომ მითხრა: ოღონდ მარტო ქალები უნდა იყოთო... როდესაც სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა, ჩემი მეუღლეც წავიდა სახლიდან, რადგან რობიკომ თქვა: მე და ქალებიო, ასეც მოვაწყვეთ. შევიკრიბეთ 30 ქალი და ერთი მამაკაცი – რობიკო. მინდოდა, ორიგინალური საღამო ყოფილიყო. როგორც კი ჩვენი ერთადერთი მამაკაცი, რობიკო სახლში შემოვიდა, თავზე ჩაჩი დავახურეთ, გულზე კი ორცხობილების აცმა ჩამოვკიდეთ, ცოტა მოგვიანებით კი, წინსაფარიც ავაფარეთ... ისეთი სასაცილო იყო ოცდაათ ქალს შორის... საერთოდ, ხომ თავისუფალი ბუნება ჰქონდა, მაგრამ რომ დალევდა მით უფრო თავისუფალი ხდებოდა. რეჟისორებს, როგორც გემის კაპიტნებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიტუაციების მართვა, არც რობიკოს შეურცხვენია თავი იმ დღეს – ის გვაკვირდებოდა ჩვენ, იღებდა ფოტოებს. თუმცა, დიდხანს გვახვეწნინა და ის ფოტოები არ მოგვცა, არადა ძალიან სასაცილო ფოტოები კი გამოვიდა. ის ჩვენთან ერთად ხალისობდა ყველაფრით. გავათამაშეთ მხიარული ლატარია მხიარული დავალებებითა და ნომინაციებით. „დოლურადან” ბილეთებს რობიკო იღებდა, დავალებებსაც ის გვაძლევდა ქალებს. კარგად მახსოვს, ახალი, რბილი იატაკი მქონდა სახლში, რობიკო ისე იყო ანთებული და ისეთი ფოიერვერკი მოაწყო შუშხუნებით, მთელი იატაკი დამიწვა. უმოწყალოდ მოექცა ჩემს იატაკს, დიდი დაღი დაასვა ჩემს სახლს... თავისი სილაღისა და ნიჭიერების მიუხედავად, ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო 30 ქალს, მაშველი ძალა დასჭირდა და ჩვენი დასის მმართველი, დათო უფლისაშვილი მოიხმო.
ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ტრისტანი, რობიკო იყო ჩემ გვერდით. მას სულ ესმოდა ჩემი განცდების, ცდილობდა, ჩემთვის არ ეტკინა. ოთხი თვე იყო გასული, როდესაც გავბედე, რობიკოსთან მივედი და ვთხოვე: ტრისტანს პიესა ჰქონდა გადათარგმნილი და მისი ხსოვნისთვის ეგებ ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დაიდგას-მეთქი. რობიკომ ეს სურვილი შემისრულა – სპექტაკლი მთელი ოთხი წელი გადიოდა დიდ სცენაზე. ეს იყო დიდი მეგობრობის საფასური, პრემიერის ბოლო ტაშზე ყველა მიხვდა, რომ ეს სპექტაკლი ტრისტანს მიეძღვნა...
ამ ოთხი ათეული წლიდან ბევრი რამ დამრჩება ისეთი, რაც სულ ჩემთან იქნება... ის ჩემს გამო კომპრომისზეც წასულა, რადგან იცოდა, რას ნიშნავდა თეატრი ჩემთვის. ვერ გიტანთ არტისტებსო, – იცოდა ხოლმე თქმა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო. სიყვარული კი, რომელიც მას ჰქონდა და აქვს, მსახიობების და თეატრის მიმართ, ალბათ, სიტყვებით არ გამოითქმის. მე ისეთ ასაკში ვარ, როცა შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დამთავრდა... მე და რობიკოს ბევრი, ალბათ, აღარ დაგვრჩა... მე ცუდად მიგრძნობს გული, რომ რობიკო აღარ მობრუნდება... ეგებ ვცდებოდე, და ჩვენ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს სცენაზე...
გურამ ბრეგვაძე: ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი მქონდა და ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა, ხაზი მაქვს გადასმული, არაფერი აღარ იქნება-მეთქი... რობიკო დგამდა სპექტაკლს „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი..”, მე სარდაფში უკვე მქონდა დადგმული „ცივი ბავშვი”, რომელიც ანშლაგით გადიოდა და პოპულარობას ვიწყებდი. რობიკომ დაგვიძახა ახალგაზრდა რეჟისორებს – მე და ნიკოლოზ შველიძეს, მაგრამ მოულოდნელად, მე დამიჭირეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით. ორი თვე ვიჯექი. სტურუა დამეხმარა გათავისუფლებაში – ირბინა, რეკომენდაციები დაწერა პროკურატურაში, მოკლედ, ყველაფერი გააკეთა ჩემი გათავისუფლებისთვის. გამოვედი ციხიდან, მივედი მასთან, დავჯექით, ვისაუბრეთ როგორც კაცებს სჩვევიათ... ცოტა ხანი გავიდა და ისევ დამიჭირეს, უკვე ორი წლით გამიშვეს „სროკზე”. ძალიან მრცხვენოდა რობიკოსთან, გენდო ამხელა კაცი, ამდენი რამ გააკეთა შენთვის და შენ...
ორი წელი გავატარე ციხეში, ეს ხელოვანისთვის ძალიან დიდი დროა. გამოვედი ციხიდან, აბსოლუტურად უიმედოდ ვარ, ვფიქრობ, არც ერთ თეატრში მე არ შემიშვებენ. სპექტაკლს დამადგმევინებენ კი არა, მაყურებლადაც კი ვერ მოვხვდები იქ-მეთქი. ისე ვარ, არაფერი რომ აღარ გინდა და ფიქრობ, ეს უკვე დასასრულის დასაწყისია. ორი დღის გამოსულს ისევ რობიკომ დამირეკა: რა იყო, რატომ არ მნახულობ, ძველი ბიჭი ხომ არ გახდი და რეჟისორების დანახვა აღარ გინდაო? იცით, როგორ მითხრა ეს? აი, ისე, უბრალოდ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ისე მრცხვენოდა მისი, ქვეყანა რომ გადატრიალებულიყო, ჩემით მასთან არ მივიდოდი. დამიბარა თეატრში და მითხრა: მაქს ფრიში წაკითხული გაქვს, მოდი, ერთხელ კიდევ გადაიკითხე და ისევ დავდგათ მე და შენ ერთად სპექტაკლიო. ორ დღეში თეატრში რომ მივედი, უკვე გამოკრული იყო აფიშა წარწერით – რეჟისორები: რობერტ სტურუა, გურამ ბრეგვაძე. ეს ჩემთვის შოკი იყო და თავად ჟესტი?! კაცი მსოფლიო დონის რეჟისორია, მასთან ერთად მუშაობას მილიონი რეჟისორი ნატრობს და უცებ შენ, ერთი სპექტაკლი რომ გაქვს დადგმული, გუშინ გამოხვედი ციხიდან და წინ ვერაფერს ხედავ...
არ ვიცი, რა იქნებოდა, მაშინ ასე რომ არ დამდგომოდა გვერდში. მერე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აეწყო. ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჯგუფი ავიყვანე, ლექციებს ვკითხულობ. ჩემი ისტორია ვიღაცისთვის კარგი მაგალითი გახდა, მაგრამ ეს რომ არ გაეკეთებინა რობერტს, მე ახლა, ალბათ, ხაზგადასმული ვიქნებოდი. არ ვიცი, რატომ სჭირს ამ კაცს ასეთი რამ, ამას ჰქვია გვერდში დგომა – ერთხელ ვუღალატე, მეორედ, მაინც არ გამრიყა, შეცდომები მაპატია... ასაკი არაფერია მასთან. ჩვენთან, ახალგაზრდებთანაც ისეთი ურთიერთობა აქვს, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან გაგვეტარებინოს. შვილებისგან არ გვარჩევს, თან რა შვილები ჰყავს. ძალიან წესიერი ბიჭები. მოსულან თეატრში და ბილეთი რომ არ ჰქონიათ, გვერდით დამდგარან და ისე უნახავთ სპექტაკლი. ბილეთიც კი არ მოუთხოვიათ, რობიკოს შვილები ვართო, რომ ეთქვათ. ნაღდი სიყვარული იცის. თავმდაბალია, რესტორანში ვინმე რომ ქებას უწყებს, წითლდება და თავს ხრის. რობიკო ცოტა სხვა რამეა, სხვა განზომილება...
„სტარში ტრენერია”... გახსოვთ მისი პერსონაჟის სიტყვები „ყარაბაღი 2-დან“? მე „სტრაში ტრენერი” ვარო? ცხოვრებაშიც ასეა. გოგონებთან წამოგვყვება მე და ზანგურს, რომ „გაგვისწოროს“. ერთხელ ერთ გოგოს ვხვდებოდი, მერე რაღაცეები აგვერია. ერთ დღეს ძალიან დაღვრემილი მნახა რობიკომ. რა იყო, რა გჭირსო, მკითხა. ჩამაგდო მანქანაში და იმ გოგოს სახლში წამიყვანა.. ქალაქგარეთ ცხოვრობდა ის გოგო, მის სახლში რობიკოს მისვლა იცი, რას ნიშნავდა? ფეხბურთის ფანთან მარადონა რომ მივიდეს სახლში. ასეთი კაცია, რა – კაცი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მე მან მასწავლა – თუ კაცი არ ხარ, რაც არ უნდა მაგარი იყო, ძალიან დიდი ვერ გახდები...
ჟანრი ლოლაშვილი: რა ვთქვა რობიკოზე? უფრო სწორად რომელი ერთი ვთქვა? ერთმანეთთან მთელი ცხოვრება გვაკავშირებს. გაქანებული თბილისელი კაცია, მოქეიფე და დარდიმანდი, თავისი რაღაცეები აქვს. ო, რა გულგაშლილია და ხელგაშლილი.... რამდენჯერ გაუმართავს ვიღაცისთვის ხელი, ისე რომ, თქმაც არ დასჭირვებია. გუმანით ხვდებოდა, თქმა არ სჭირდებოდა. ჯიბეში ხელის ჩაყოფას ვერ მოასწრებ და რესტორანში გადახდას. მარტო იქ კი არ იხდიდა, სადაც თვითონ იყო, არა კაცო, ჩუმად ჩაგიკუჭავდა ფულს ჯიბეში, ან ვინმეს გამოგზავნიდა გადასახდელად, თვითონ კი არ გამოჩნდებოდა. მის სუფრებზე ხშირად მიწევდა თამადობა... გარდა იმისა, რომ მაესტროს არაჩვეულებრივი გონიერება აქვს ხელოვნების ენასთან დაკავშირებით, ისეთი საინტერესო მოსაუბრეა, ყველაფერზე სუნთქვაშეკრული მოუსმენ...
ზემელზე ბუკინისტებში დავდიოდით, წიგნს არ იყიდიდა ისე, ჩემთვისაც არ ეყიდა. უცხოეთში რომ წავიდოდა, ხან რას ჩამომიტანდა, ხან – რას. იცოდა, რა მომწონდა და რა მიყვარდა. გერმანიაში ვიყავით ერთად, ერთ მაღაზიაში კაშნე მომეწონა, ძალიან გრძელი კაშნე იყო. რობიკომ მითხრა: ხვალ დილას მივიდეთ და ვიყიდოთო. გავედით და მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა. წინა დღეს სპექტაკლი გვქონდა, რომელზეც ბრეხტის ნათესაობაც მოვიდა. მახსოვს, იქ პატარა წალაპარაკებაც იყო რობიკოსა და იმათ შორის. იმათ უნდოდათ დესაუს მუსიკა გვქონოდა, რომელთანაც კონტრაქტი ჰქონდათ, ჩვენ კი გია ყანჩელის მუსიკა ჩავიტანეთ. ისიც მახსოვს, როგორ მისცვივდნენ სპექტაკლის შემდეგ ბრეხტის ნათესავები რობიკოს და ხელში აიყვანეს, ამ ამბებში ვარ, კაცო და მე კაშნეს ვეძებ. მივედით მაღაზიასთან, ვიტრინაში „ჩემი” ეპატაჟური კაშნე აღარ დევს. რობიკო მეუბნება, იცოდე, ეს ის მაღაზია არაა, შენ აურიეო. აბა, მითხარი, როგორ დაიმახსოვრე, რომ აქ იყო? – გაბრაზდა. უკან ფანარი იყო-მეთქი, მოტრიალდა მიიხედ-მოიხედა და ამბობს: სწორია არი... მაგრამ კაშნე არ არი, ლამის გამომეკიდა, კაშნე სად არიო? დავრჩით გაცრუებულები, მაგრამ ქეიფის ხასიათი არც იმ საღამოს დაგვიკარგავს. ბევრჯერ გვიჩხუბია, ისე, რომ ისტერიკამდე მივსულვართ და საშინელ დღეში ჩაგვიგდია ერთმანეთი. უმძრახადაც ვყოფილვართ და შერცხვენილებიც ერთმანეთის გამო. ცხოვრება ისეთი რამაა, ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენი შერიგება ისე ხდებოდა, ვერც ერთი ვერ ვიგებდით.
საფრანგეთში ვიყავით გასტროლებზე, რესტორანში წავედით, რობიკო დიდი გურმანია. დიდი ფულის პატრონები არ ვიყავით, მაშინ კაპიკებს გვიხდიდა „გოსკონცერტი”. დავჯექით სუფრასთან, მოგვიტანეს მენიუ. რობიკომ მაინცდამაინც ისეთ საჭმელს დაადო ხელი, რომელიც საშინლად ძვირი ღირდა. მე როგორც მახსოვს, ტრუფელები იყო. ვერ ვიხდიდით ფულს, გადავრეკეთ და მოგვიტანეს. მერე, მგონი, ორი თვე იხდიდა ხელფასიდან იმ ფულს. ბიჭებს ვეუბნებოდი, რობიკოს ფული აღარ დარჩა და შევაგროვოთ ცოტაოდენი-მეთქი. პარიზში უფულოდ დარჩენა როგორი იყო?
რობიკოს სისუსტე სულ იყო ლამაზი ქალები. ლამაზ ქალს რომ ხედავს, სუნთქვა ეკვრება ხოლმე. მივიდოდა და პირდაპირ მიახლიდა მისთვის უცნობ ქალს: თქვენ ძალიან ლამაზი ხართო. მოსკოვში დავდიოდით ხოლმე ერთად, ბევრი ლამაზი ქალი იყო მის ირგვლივ, მაგრამ რობიკო ურთიერთობებში ძალიან გალანტური და დელიკატური იყო. ერთხელ ერთი დისკი მქონდა, ლამაზი ქალების პარადი იყო, ექვსჯერ გამამეორებინა და თავიდან ბოლომდე უყურა. მე ვუთხარი, გადაგიწერ-მეთქი, არაო, მითხრა – რაც კარგია ცოტა ხანში უნდა გადააგდოო. ასეა რა, რაც ადრე მოიცილებ კარგს, რომელიც რაღაცაში გიშლის ხელს, უნდა შეელიო...