ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომლიც გაზეთმა "რეზონანსმა" უგულავას სახელზე შეიტანა და რომლითაც მერის მობილური ტელეფონის ხარჯებს ითხოვდა, თბილისის მერიამ ზეპირი მოსმენაც არ დანიშნა.
მათი არგუმენტია, რომ რადგან მერიის საჯარო ინფორმაციაზე პასუხიმგებელმა პირმა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგვცა (მოწოდებული ინფორმაცია იმიტომ გავასაჩივრეთ, რომ პასუხი არასრულყოფილად ჩავთვალეთ), მისი გასაჩივრება მერიაშივე აღარ შეიძლება - მოწოდებული ინფორმაცია მთელი მერიის პოზიციააო. საიას ადვოკატი თამარ გურჩიანი კი ამბობს, რომ მერიის ქმედება სამართალდარღვევაა.
მერის სატელეფონო ხარჯების შესახებ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, რომელშიც 2009 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით მერის მობილური ტელეფონის, მის სამუშაო ოთახსა და მისაღებში არსებული საქალაქო ტელეფონების ხარჯები გვაინტერესებდა, პასუხი 2 თვის შემდეგ (21 დეკემბერს შეტანილ ინფორმაციაზე პასუხი 24 თებერვალს მივიღეთ) ზოგადი ადმინისტრაციული კანონის დარღვევით მოგვაწოდეს.
საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მოკითხვისას, მერიის ცხელ ხაზზე ოპერატორი განგვიმარტავდა, რომ თემა პრობლემატურია, ამიტომ მისი განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
მერიიდან მიღებულ პასუხში მხოლოდ თბილისის მერის და მისი აპარატის სამუშაო ოთახში არსებული სამი საქალაქო ტელეფონის ხარჯი იყო წარმოდგენილი. იმის შესახებ, თუ რამდენი ლარის ილაპარაკა უგულავამ წინა წელს მობილურ ტელეფონზე, არ იყო მითითებული.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის და მისი აპარატის სამუშაო ოთახში არსებული სამი საქალაქო ტელეფონის ხარჯი 2009 წლის განმავლობაში 2896 ლარია.
მაშინ მერიის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი ოთარ ტატალაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობდა, რომ მერის საქალაქო ტელეფონი მისი ოფიციალური ტელეფონია(?!), ხოლო მობილური ტელეფონის ხარჯების დადგენა რთულია და მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ბოლოს პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე გვთხოვა. ერთი კვირის შემდეგ კი გვითხრა, რომ ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდა, რადგან მეტი ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, ის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა გაასაჩივრო. ამ შემთხვევაში "რეზონანსმა" ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მერის სახელზე შეიტანა. იქიდან კი ერთი თვის შემდეგ პასუხი მოგვივიდა:
"თქვენი მოთხოვნა შეეხება ქალაქ თბილისის მერიაში დაცულ დოკუმენტებზე საჯარო ინფორმაციის გაცემას. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მიერ, შეუძლებელი ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნას ამავე დაწესებულებაში. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს თქვენი საჩივარი და შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს".
დოკუმენტზე ხელს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე აწერს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი თამარ გურჩიანი ამბობს, ეს არის სტანდარტული პასუხი, რომელსაც მერია ყველას უგზავნის, ვინც საჩივარს შეიტანს. ისინი არათუ მოსმენებს არ ნიშნავენ, საერთოდ არ განიხილავენ საჩივარს, რითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ირღვევა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 21 თებერვალს მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომელშიც ახალი წლის ნათურების ხარჯებთან და აქსესუარებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ვითხოვდით. დაგვიანებით, 28 თებერვალს გაგვცეს პასუხი, თუმცა იქ არც ტენდერის მასალები არ იყო და არც ის იყო მითითებული, რამდენი დაიხარჯა ნათურებისა და აქსესუარების მონტაჟში.
გასაჩივრების შემდეგ მერიამ "რეზონანსს" მერის მობილური ტელეფონის ხარჯების საჩივარზე გამოგზავნილი პასუხის ანალოგიური პასუხი გამოუგზავნა.
გურჩიანის თქმით, მერია ვალდებულია, განიხილოს შემოსული საჩივარი, დანიშნოს ზეპირი მოსმენა, აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი და დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად განიხილოს, თუ რამდენად სამართლიანად მოიქცა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, როცა მოქალაქის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არ გასცა.
მისი თქმით, კანონით, გამოთხოვილი ინფორმაცია მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მოგცენ, თუ არ მოგცეს, ან ნაწილობრივ გაგცეს პასუხი მასზე, ერთ თვეში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეგიძლია გაასაჩივრო ის, შემდგომ კიდევ ერთ თვეში უნდა განიხილონ საჩივარი და თუ ის შენთვის არადამაკმაყოფილებელია, ასევე ერთ თვეში უნდა გაასაჩივრო სასამართლოში და სასამართლო კი 2 თვის შიგნით განიხილავს.
"გამოდის, რომ ერთი ინფორმაციის მისაღებად მინიმუმ 5-6 თვე გჭირდება", - აღნიშნავს გურჩიანი.
"რეზონანსი" 2009 წლის განმავლობაში მერის მობილური ტელეფონის ხარჯების მოთხოვნით სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.