მართალია, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით (თუმცა ბ-ნი ტუღუში შენიშნავს, რომ ერთადერთი მიღწევა პატიმრების სტომატოლოგიური მომსახურებაა), მაგრამ სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი განმარტავს, რომ 2010 წლის განმავლობაში იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო განსაზღვრული.
მეორე მხრივ, სახალხო დამცველმა სტატისტიკაც მოგვაწოდა, რის მიხედვითაც, ექვსი თვის მონაცემებით, 57 პატიმარი გარდაიცვალა (იმის პარალელურად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი გაცილებით მეტია). მინისტრი კალმახელიძე კი მეტად კმაყოფილია იმით, რომ უწყების სამედიცინო ინფრასტრუქტურა ზედმიწევნით მოაწყო (ხოლო, რაკი ქ-ნ მინისტრს არ უარუყვია სახალხო დამცველის მონაცემები, შესაძლოა, მისი სამედიცინო ინფრასტრუქტურით კმაყოფილება იმასაც უნდა ნიშნავდეს, 57-ზე მეტი პატიმარი რომ არ გარდაცვლილა).
2010 წელს ევროპული სტანდარტების სამი ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაც გახსნილა, რომლებშიც, თუ საერთო მაუწყებლებს ვერწმუნებით, ისეთი იდილიაა, მხოლოდ სამოთხის ჩიტების ჭიკჭიკიღა თუ აკლია (მეტიც, იმ დაწესებულებებში პროდუქცია ბაზრობების ფასად ან უფრო იაფად იყიდებაო).
ყველაზე დიდ მონაპოვრად კი გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენება სახელდება: წლის დასაწყისში ეს არც გვიფიქრიაო (როგორც ჩანს, ეს იდეა გაცხოველებული მუშაობის პროცესში ეწვიათ), მაგრამ ახლა გრძელვადიანი პაემნებისთვის რამდენიმე შენობის მშენებლობა უკვე დაუწყიათ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქ-ნი კალმახელიძე ასკვნის, რომ „ორ-სამ წელიწადში ქართული პენიტენციალური სისტემა ევროპული ქვეყნებისთვის მისაბაძი გახდება“-ო. ეს წინასწარმეტყველება კი, თავის მხრივ, ნათელს ჰფენს პრეზიდენტის ორიოდ წლის წინანდელ მოწოდებას: „ყველანი ციხეში“-ო, რაც ოპონენტებმა აგრესიულ და ადამიანის უფლებების შემლახავ მოწოდებად შეუფასეს. შესაძლოა, ჩვენი პირველი პირი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ჩვენთვის ევროპული დონის ცხოვრების მოწყობა უნდოდა?! დაახლოებით „შერეკილებივით“: „ისე მოგივლით, მშვენიერო მარგალიტა, ცივ ნიავს არ მოგაკარებთო“…