რატომ დაიბლოკა მულატკას „სიმართლის დრო“

რატომ დაიბლოკა მულატკას „სიმართლის დრო“

სკანდალურად ცნობილი ფოტომოდელი მულატკა, კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი მონაწილეობით ჩაწერილი გადაცემა "სიმართლის დრო", რომელიც ჯერ კიდევ შალვა რამიშვილის წამყვანობის დროს ჩაიწერა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნით არ გაუშვეს ეთერში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გადაცემის არ გასვლის მიზეზი მულატკას ზედმეტი გულახდილობაა. აღნიშნულ გადაცემაში, კითხვაზე, თუ ვინ ყოლია მას პარლამენტარებიდან სექსუალური პარტნიორი, მას რამდენიმე ადამიანი დაუსახელებია, რის შემდგომაც ქალაქის მერს, გიგი უგულავს დაურეკავს და გადაცემა დაუბლოკავს. 

თუმცა, ამ ფაქტს ფოტომოდელი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ გადაცემის ეთერში არ გაშვების მიზეზი შალვა რამიშვილის გადაცემიდან წასვლა გახლდა. მულატკა ამჟამად პოლიტიკურ აკადემიაში საერთაშორისო ურთიერთობებზე მეორე კურსზე სწავლობს. პარალელურად კი ფოტოსესიებითაა დაკავებული.

მულატკა: სექტემბერში მოსკოვში ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებდა. შემდეგ როსტოვში გადავფრინდი, ბაქოში და სომხეთში ვიყავი მიწვეული, სადაც გადაღებები მქონდა ჟურნალ "ელ სტაილში".

როგორ აღმოგაჩინა "ელ სტაილმა"?

- სომეხი მეგობარი მყავს, რომელმაც ჩემი ფოტოები ნახა. შემდგომ, სომხეთში რომ ჩავიდა, იქ ანახა ჩემი ფოტოები. პირველ რიგში არ დაიჯერეს, რომ ჩემი მკერდი იყო და არა სილიკონი, ან "ფოტოშოპით" დამუშავებული ფოტო. არა, ჩემია-მეთქი, ვუპასუხე. რის შემდგომაც მიმიწვიეს. ახლა გავხდი და აღარც მკერდი აღარ მაქვს. გადაღება შედგა.

როგორი ჟურნალია, "ფლეიბოის" ანალოგი ხომ არ არის?

- "ფლეიბოის" ანალოგი არ არის, შიშველი არ ვარ. მე მგონი ტანსაცმლის რეკლამა იყო.

ამ ჟურნალთან ხელშეკრულება გააფორმე, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადაღებები იყო?

- ჯერჯერობით არ ვიცი. ივენთი ჰქონდათ. მიმიწვიეს, მაგრამ არ ჩავსულვარ. ჯერჯერობით არ მაქვს ფოტოსესიები.

როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

- თავიდან "ფლეიბოიში" გადამიღეს და აქედან დაიწყო ყველაფერი. ხან ფილმში მიღებენ, ხან - სერიალში.

რატომ გადაწყვიტე "ფლეიბოიში" გაშიშვლებულიყავი?

- პატარა ვიყავი, 18 წლის და არ მიფიქრია რისთვის ვაკეთებდი ამას. საერთოდ, დიდხანს არ ვფიქრობ ხოლმე, სანამ რამეს გავაკეთებ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, თუნდაც არასწორი იყოს, არ ვნანობ ხოლმე.

ძალიან თამამი გოგოს იმიჯი გაქვს და არა მარტო იმიჯი, ხარ კიდეც. რამდენად მოგწონს ის, როგორც საზოგადოება აღგიქვამს შენ?

- ვინც არ მიცნობს და ტელევიზიით ვყავარ ნანახი, "სწერვა" და ცივი ადამიანი ვგონივარ. ალბათ, პროექტიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მოსწონდათ, რომ ძალიან პირდაპირი ვარ. როცა გამეცნობიან, სულ სხვა აზრი აქვთ ხოლმე. ძალიან თბილი და საყვარელი ხარო, - მეუბნებიან. ძალიან თამამი გოგოს იმიჯი არ მომწონს. ადრე მომწონდა. შეიძლება მე უფრო დავწყნარდი და გავიზარდე.

ანუ აღარ აპირებ მსგავსი სახით იყო პოპულარული?

- ცნობილი მინდა ვიყო, მაგრამ ბევრ შემოთავაზებაზე შეიძლება არ დავთანხმდე. შეიძლება როლი იყოს ან გადაღება ისეთი, რაც არ მომეწონოს.

რას გულისხმობ, რომ თამამ ნაბიჯებზე შეიძლება არ წახვიდე, არ გაიხადო და ასე შემდეგ?

- შეიძლება. არ ვიცი.

ზემოთ კი აღნიშნე, რომ გაიზარდე და დაწყნარდი, მაგრამ რისი დამსახურებაა შენი ასეთი შეცვლა? გვერდით გყავს ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გიშლის?

- საიდუმლოა. ადამიანი, მე ვის გვერდითაც ვარ, არაფერს მიკრძალავს. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ, მე თვითონ არ მინდა ისე.

როგორც ვიცი, ჯერ კიდევ შალვა რამიშვილის წამყვანობის დროს, გადაცემა "სიმართლის დროში" იყავი მიწვეული, რომელიც ეთერში არ გასულა. რატომ?

- ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა - "ვის გადააყოლეს შალვა რამიშვილი?" და პასუხი იყო - მულატკასო. არ ვიცი საიდან არის ეს ჭორი, მაგრამ თბილისი ჭორის ქალაქია. პროდიუსერმა მითხრა, რომ შალვა უკვე წავიდა, ვერ ვასწრებ გადაცემის ეთერში გაშვებასო, რადგანაც მგონი უკვე ნანკა იყო წამყვანი.

ზემოთ აღნიშნე, რომ თბილისი ჭორების ქალაქია. ჰოდა, ამბობენ, რომ გადაცემის ეთერში არ გასვლის მიზეზი შენი ზედმეტი გულახდილობაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კითხვაზე თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან შენი სექსუალური პარტნიორები, შენ რამდენიმე დაასახელე. სიმართლეა?

- არა, მე არც სექსუალური პარტნიორები ჩამომითვლია და არც პარლამენტარები დამისახელებია. პარლამენტარებთან მე არ მქონია სექსუალური ურთიერთობა, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ვიცნობდე და კარგი დამოკიდებულება მქონდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათთან ვიწექი. შალვა რამიშვილის გაშვებასთან დაკავშირებით, მე არაფერ შუაში ვარ. ვფიქრობ, თუ გულახდილი ვიყავი, ეგ უფრო აწყობდათ. მაგაზე უარესი გადაცემები გადის.

საერთოდ ჭორი რაღაც საბაბის გარეშე არ ჩნდება. ითქვა კიდეც, თითქოს გიგი უგულავამ დარეკა და დააბლოკინა ეს გადაცემა...

- ცეცხლი უნაკვერჩხლოდ არ ჩნდებაო, ნათქვამია. მაგრამ გიგი უგულავას მართლა არ ვიცნობ.

შეიძლება არ იცნობდე, მაგრამ ისეთი ადამიანები დაგესახელებინა, რაც მათ უხერხულ სიტუაციას შეუქმნიდა...

- შანსი არაა. ასეთი რაღაც არ ყოფილა, არაფერი მითქვამს და არც მსგავსი კითხვა ყოფილა დასმული. პროდიუსერმა დამირეკა - რამე რომ იყოს, მოხვალო? არ ვიცი, თუ ხასიათზე ვიქნები მოვალ-მეთქი. გააჩნია.

ანუ გამორიცხავ, რომ ეს გადაცემა მთავრობისგან დაიბლოკა?

- კი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს მთავრობისგან დაიბლოკა. გადაცემაში ძალიან გულახდილი ვიყავი. ათი ათას ლარიან კითხვაზე ჩავიჭერი, როდესაც დამისვეს კითხვა - მამაშენი სხვანაირად რომ მოგქცეოდა, მულატკა მაინც გახდებოდიო? მე "არა" ვუპასუხე და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ტყუილი არ არის და მულატკა არ გავხდებოდი.

ანუ მამას აბრალებ შენს ასეთად ჩამოყალიბებას?

- არა, მამაჩემს არაფერს ვაბრალებ. მამა მამაა. მას სხვა შეხედულება აქვს, ასაკით უფროსია. მშობლისთვის მაინც ძნელია ასეთი შვილი, არ ვამტყუნებ.

გარეგნულად ძალიან შეცვლილი ხარ. ძალიან გამხდარხარ და თან საკმაოდ სოლიდურ სამოსში ხარ და არა შენთვის ჩვეული გამომწვევი და სექსუალური სამოსით. რატომ?

- იმიჯი, ხასიათი და გერეგნობა ძალიან შემეცვალა. ვერ მცნობენ და მიხარია. თმა მაქვს მოკლედ შეჭრილი, დავიკელი ათი კილო და ჩემი ახალი იმიჯი მომწონს.