საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ორი მიზნიდან პირველ ორიენტირად რომელი აირჩიოს

საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ორი მიზნიდან პირველ ორიენტირად რომელი აირჩიოს

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი ენგურის ხიდზე ახალი სასაზღვრო ზოლის გამართვას და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საბაჟო პუნქტის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, ხელშეკრულებაში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ,,ერთ სახელმწიფოზე აგრესიის განხორციელება მექანიკურად ითვლება მეორე სახელმწიფოზე აგრესიად" და ამიტომ ისინი მტრის მოგერიებას გაერთიანებული სამხედრო ძალებით ეცდებიან.სწორედ ამ ფაქტორებს გაუსვა ხაზი ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათსა და აფხაზებს შორის ,,ფაქტობრივად, ფორმირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე და რუსეთის ფედერაციის საზღვრები ენგურის ხიდამდე გადაიწევს." 

კალაშნიკოვის განცახდებასთან დაკავშირებით ,,ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

-ბატონო მამუკა, კალაშნიკოვის განცხადებიდან გამომდინარე, აფხაზეთში რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ? 
-ენგურის ე. წ. საზღვართან რუსი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალების ნაწილები კარგა ხანია დგანან. ახლა შეიცვლება მხოლოდ ის, რომ თუ აქამდე რუსებთან ერთად აფხაზებიც აკონტროლებდნენ საზღვარს, მომავალში მხოლოდ რუსები გააკონტროლებენ. 

შეიქმნება საზღვრის დაცვის ახალი სისტემა, რაც თავისთავად მოსახლეობის მიმოსვლას ხელს შეუშლის, ვინაიდან აფხაზეთთან საკომუნიკაციოდ ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ენგურის ხიდს გამოიყენებენ. 

რუსებს შეუძლიათ იქ ააგონ კედელი, გაავლონ მავთულხლართები და საზღვრები ისე დაიცვან, როგორც ამას რუსეთის სხვა საზღვრებზე აკეთებენ. თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. მაგალითად, ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი სრულიად დაუცველია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში შეიძლება საკითხს პრინციპულად მიუდგნენ.

რაც შეეხება კალაშნიკოვის კონკრეტულ განცხადებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაცია და ცინიკური ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი სწორედ ენგურზე გადის.
ტაჯიკეთისა და ავღანეთის საზღვარზეც რუსი მესაზღვრეები დგანან, მაგრამ რუსული მხარე არ ამბობს, რომ ეს ავღანეთ-რუსეთის საზღვარია, აქ კი - პირიქით, ხმამაღლა აღნიშნავენ, რომ რუსეთის საზღვარი ენგურამდე გადმოიწევს. 

ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის და მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ ხელი შეეშალოს.
 
-რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები, გარკვეულწილად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დააბულობასაც ხომ არ უწყობს ხელს?
-რა თქმა უნდა, ასეთი ხმამაღალი და ცინიკური განცხადებები იმისთვისაცაა გათვლილი, რომ საქართველოს მოსახლეობის თვალში საკუთარი ხელისუფლების დისკრეტიდაციას შეუწყოს ხელი და საზოგადოებამ უმოქმედობაში დაადანაშაულოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, შედეგს დიალოგის გზით მიაღწიოს.

-რუსული და აფხაზური მხარე ევროკავშირს ისევ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში სდებენ ბრალს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ, რომელშიც რუსეთს აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებისა და სეპარატისტული რეგიონების ანექსიის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამასთან, აცხადებენ, რომ ვერანაირი რეზოლუციები მათ ხელს ვერ შეუშლით მიზნების განხორციელებაში. 
- რუსეთი დიდი ხანია სამართლის ჩარჩოებიდან გასულია, რასაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებიც ადასტურებს. ის არ ცნობს მის წინააღმდეგ გამოტანილ რეზოლუციებს და აქედან გამომდინარე, არასამართლებრივ სივრცეში მოქმედებს ისე, როგორც სურს და მის მიერ ოკუპირებული რეგიონებიც იგივე გზას ადგანან.

- აფხაზები და ოსები მუდმივად აპელიერებენ იმაზე, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რათა 2008 წლის სცენარი არ განმეორდეს. არსებობს მათზე თავდასხმის საშიშროება?
- ეს არის პიარის ნაწილი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ 2008 წელს არავინ გაიმეორებს და ქართული მხარე თანახმაა, ხელი მოაწეროს ასეთი ტიპის დოკუმენტს, ოღონდ როგორც საკუთარი ქვეყნის მხარეებთან და არა - რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ წარმონაქმნებთან.
საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯისთვის მზად არის, მაგრამ ისინი ეწევიან ერთგვარ პიარს, რომ საზოგადოების ცნობიერებაში გარკვეული კოდი ჩადონ. 
პუტინის წინადადებაზე, რომლითაც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოგვიწოდა, ქართული მხარე თანახმაა, მაგრამ როგორც კი დიალოგის შესაძლებლობაზე მიდის საუბარი, აფხაზები და ოსები პირველ ყოვლის ამ საკითხს აყენებენ წინ და ითხოვენ, რომ ხელი მოვაწეროთ თავდაუსხმელობის დოკუმენტს.
ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში არსებობს ასეთი მიდგომები და ჩვენც ცაიტნოტურ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განცხადებების იქით, მკვეთრ ქმედებებს ვერ ახორციელებენ. არადა, ჩვენი ოპოზიცია გამუდმებით აკეთებს აპელაციას იმაზე, რომ ხელისუფლება დასავლეთთან ამ საკითხებზე შესაბამის მოთხოვნებს არ აყენებს.

-მაინც რა ბერკეტები არსებობს, თუნდაც მსოლიო საზოგადოების მხრიდან, რომ რუსეთმა კონფლიქტურ რეგიონებთან ასე მჭიდრო თანამშრომლობაზე უარი თქვას?
-ბერკეტები არის რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შემოღება. საუბედუროდ, ასეთი სახის სანქციების შემოღება, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. ზოგიერთ ქვეყანას უნდა რუსეთის მიმართ მასშტაბური სანქციების გამოყენება, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი ამ სანქციებს მხარდაჭერა არა აქვს. 
არადა, სხვანაირად რუსეთის მორჯულება შეუძლებელია. გარედან ზეწოლის გარეშე ის არაფერს არ დათმობს.
ერთადერთი გამოსავალი ნავთობის ფასების ვარდნა და ეკონომიკური ბლოკადაა.

-ნავთობის ფასებიც კლებულობს და რუსეთის ეკონომიკაც დანგრევის პირასაა, მაგრამ პუტინი მაინც მყარად ინარჩუნებს პოზიციებს შინ და გარეთ. 
- სანქციები თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ ეს პროცესი დროში გაიწელება. ცოტა მეტი დროა საჭირო, რომ რუსეთზე ეს ყოველივე შესაბამისად აისახოს. 

-ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა რა გამოსავალი შეიძლება იყოს?
-ჩვენს შემთხვევაში ორი ვარიანტია. ერთი ის, რომ ყველა ერთად, ერიც და ბერიც უნდა გავერთიანდეთ ერთი იდეის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარშემო ან ეს საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ეკონომიკური განვითარების გზას დავადგეთ.
სანახევროდ ვერც ერთს გავაკეთებთ და ვერც - მეორეს, ამიტომ ან ერთ მიზანს უნდა მივყვეთ ბოლომდე, ან - მეორეს. 
საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ ორი მიზნიდან პირველ ორიენტირად რომელი აირჩიოს და იმ მიზნის განსახორციელებლად იბრძოლოს.