უშიშროების ყოფილი მინისტრის მკვლელობის ვერსიები

უშიშროების ყოფილი მინისტრის მკვლელობის ვერსიები

პირადი ანგარიშსწორება თუ ბიზნეს-საქმიანობა? საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუას მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება რამდენიმე ოფიციალურ ვერსიაზე მუშაობს. თუმცა ვერსიები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება. უშიშროების ყოფილი მინისტრის მკვლელობის საქმეს თბილისის მთავარი სამმართველო იძიებს. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია, სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი იყო ოთახში მკვლელობის დროს.

შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ გვენეტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ცნობილია მკვლელობის სავარაუდო ვერსია. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ვერსიებზე არ საუბრობს. "არის რამდენიმე ვერია, რომელზეც გამოძიება მუშაობს. მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერსიებზე ვერაფერს გეტყვით".

შეგახსენებთ, რომ ნინუა მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ნინუა სავარძელში, ხოლო მისი მეუღლე საწოლში იქნა ჩაცხრილული. ორივეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. უკვე ცნობილია, რომ თამაზ ნინუა და მისი მეუღლე მაყუჩიანი იარაღით არიან დახოცილები, რომლითაც სპეცსამსახურები სარგებლობენ. მათ საკონტროლო გასროლებიც ჰქონდათ.

შსს-ში პირად საუბრებში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, მკვლელი ნინუას ნაცნობი იყო, ვინაიდან ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელს კარი თავად ნინუამ გაუღო. თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა, თუმცა, მისი გვარი სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს არ ყოფილა გახვეული.

არაოფიციალურად კი ნინუას მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია დასახელდა, მათ შორის - პირადი ანგარიშსწორება, რომლიც ნინუას ძალოვან უწყებაში მუშაობას უკავშირდება, ბოლოდროინდელი ბიზნესსაქმიანობა (როგორც ირკვევა, მას გლდანში ახლად აშენებულ სავაჭრო ცენტრ "ჩემპიონში" ჰქონდა საკუთარი მაღაზია), რუსული სპეცსამსახურები და ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა. თავად ნინუას ახლობლები და ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ნინუას მკვლელობას ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირებს ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს წევრი, ბიძინა გუჯაბიძე. ის ამბობს, რომ ნინუას მკვლელობა უკავშირდება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დაწყებას. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი არ კეთდება.

"მას აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით. ის მუშაობდა გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს უშიშროების სამინისტროში, იყო მინისტრის მოადგილე და შემდეგ უკვე შევარდნაძის უშიშროებაში გააგრძელა მუშაობა. არ არსებობს, რომ მას არ ჰქონოდა რაიმე შეხება ამ საქმესთან, რამე ვერსიებთან და მტკიცებულებებთან. პოლიცია და პროკურატურა, რა ვერსიაც უნდა, იმ ვერსიას განავითარებს. არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძებს და სრულ ვერსიას დადებს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ბიძინა გუჯაბიძე.

ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნიათ სპეციალისტებს. გამსახურდიას დროინდელი შს მინისტრი დილარ ხაბულიანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ნინუას მკვლელობა კავშირში იყოს გამსახურდიას საქმის გამოძიების დაწყებასთან.

დილარ ხაბულიანი: "აბსოლუტურად აბსურდია ის, თითქოსდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას უკავშირდება ეს მკვლელობა. იმიტომ, რომ ბოლოს უკვე ის ასრულებდა უშიშროების მინისტრის მოვალეობას და აქედან გამომდინარე, მას არავითარი ინფორმაცია არ ექნებოდა. არა მგონია, რომ ეს ვერსია იყოს საერთოდ განხილული. ყველა ვერსია არის განსახილველი, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ეს მკვლელობა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას უკავშირდება. ამაში დარწმუნებული ვარ".

თამაზ ნინუას მკვლელობას გამსახურდიას მკვლელობის შემსწავლელი კომისიის შექმნასთან კავშირს გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ბეჟან ხურციძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დამდგენ კომისიაში სახელისუფლებო ფრაქციის კვოტით ჩაერთო. დეპუტატი ამ მიმართულებით რაიმე პარალელების გავლას, აბსოლუტურად არასწორად მიიჩნევს.

"თამაზ ნინუა არ იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებთან ინფორმაციას ფლობდა და დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგად ინფორმირებული ადამიანი ცხოვრობს. თამაზ ნინუას ძალიან კარგად ვიცნობდი, იგი ძალიან ფრთხილი პიროვნება იყო და უცნობ ადამიანს კარს არ გაუღებდა. ამ კომისიის შექმნის გამო დღეს არ სძინავს ბევრ ადამიანს, რომელთა სახელებიც გამსახურდიას საქმესთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა ბეჟან ხურციძემ.

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ანზორ მაისურაძე თვლის, რომ მკვლელობა უფრო პირად ანგარისწორებას უკავშირდება, ვიდრე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას.

"არა მგონია, რომ გამსახურდიას საქმეს უკავშირდებოდეს, თუმცა ძალიან უცნაური მკვლელობაა. ყველაფერი შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ, მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ მან რაღაც ამდაგვარი იცოდა. არ ვიცი. ვინ ჰყავდა ასეთი მტერი ნინუას. არც იმ დონის ბიზენსმენი ყოფილა, რომ წილების გამო მოეკლათ. არაფერი ბიზნესი მაგას ისეთი არ ჰქონია, რომ ვიღაცა გადაჰკიდებოდა. შეიძლება ვიღაცა განაწყენებული ჰყავდა წარსულში. 8 წელიწადია, თვალით არ მინახავს და არ ვიცი, როგორ ცხოვრობდა ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში", - აცხადებს ანზორ მაისურაძე.

ყველაზე საეჭვო ვერსიად რჩება რუსული სპეცსამსახურები. სწორედ ეს არის ვერსია, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, აქტიურად განიხილება გამოძიების მიერ.

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ჯემალ გახოკიძე ამბობს, რომ ნინუას გამსახურდიას საქმესთან შეხება არ ჰქონია.

"გამორიცხული იყო, თამაზ ნინუას უცხო ან მისთვის მიუღებელი პიროვნებისათვის კარი გაეღო. მე მგონია, რომ ვიღაცა ისეთი კაცი მივიდა მასთან, რომელსაც ის კარგად იცნობდა, ან წინასწარ იყო შეთანხმება მათი შეხვედრის თაობაზე. ამ კაცს არ ჰქონდა ცხოვრების ისეთი წესი, რომ მას ასეთი ფინალი ჰქონოდა. ეტყობა, რაღაცა არის, რაც არავინ არ ვიცით. მაგრამ, რა - არავინ არ ვიცით. გამოძიებაში დავბერდი კაცი და ვიმტვრევ თავს, რა უნდა ყოფილიყო. გამსახურდიას თემას რაც შეეხება, ამდენი წელი ერთად ვიმუშავეთ შსს-ში და მერე უშიშროებაში და არ მახსოვს, ოდესმე რამე შეხება ჰქონოდა მას ამ თემასთან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯემალ გახოკიძემ.