არის თუ არა მოსალოდნელი თბილისში მიწისძვრა და როგორი შენობებით შეხვდება ათასწლეულის კატაკლიზმებს დედაქალაქი? რატომ აშენდა უხარისხო ბეტონითა და ჟანგიანი არმატურით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და მსხვერპლის შემთხვევაში, ემუქრება თუ არა იმპიჩმენტი ქალაქის მერს? - “ვერსიას” პარლამენტის ყოფილი წევრი, ასოციაციის “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე ესაუბრა.
საქართველოში ძალზედ აქტუალური გახდა მოსალოდნელი მიწისძვრის მოლოდინი. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? როგორ შეხვდება კატაკლიზმებს ყველაზე არამდგრადი ქალაქის შენობები?
- რა შენობებიც დღეს თბილისშია, არათუ მიწისძვრას ვერ გაუძლებს, მოხდება უარესი სეისმური კატასტროფა. დიდი საშიშროებაა და გასულ წელს მივწერე კიდეც ყველა კომპეტენტურ პირს, რომ საქართველო აპოკალიფსის ზღვარზეა. არც პასუხი გამცეს და არც რეაგირება მოახდინეს. არადა, გაფრთხილება დროული აღმოჩნდა _ რაც წელს იაპონიაში მოხდა, ეს არის დასაწყისი. გლობალური დათბობა იმდენად საშიშია, ერთი გრადუსით რომ მოხდეს დათბობა და დედამიწის ტემპერატურამ მოიმატოს, მილიარდობით ტონა ყინული გალღვება, ჩაიძირება მთელი აფრიკის კონტინენტი და გადაადგილდება ხმელეთი. ნიშნები უკვე გამოჩნდა. გოლფსტრიმის თბილი დინება უკვე შეჩერდა და დაიწყება ბევრი ცვლილება. ყველაზე გამოკვეთილი საშიშროება ჩვენს შენობებს ემუქრება, რადგან უხარისხო რკინა-ბეტონითაა ნაგები. როგორც პროფესიონალმა, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში კატასტროფული სეისმონგრევებია მოსალოდნელი. 2011 წლის იანვრიდან საქართველოში სეისმომედეგობა გაიზარდა ერთი ბალით. გადავედით რვა ბალზე, მაგრამ მთიან რეგიონებში უკვე 9-ბალიანი მდგომარეობაა.
გარკვეული ალბათობით, თბილისში მოსალოდნელია 8-ბალიანი მიწისძვრა. ამიტომაც საჭიროა, შენობები გაითვალოს ზუსტად. მაგრამ იცით, რა შენობებით ვხვდებით ამ მიწისძვრას? ეს არის გასულ საუკუნეებში აშენებული ამორტიზირებული შენობები, რომელთა სეისმომედეგობა ბალიანობის მიხედვით არ იყო გათვლილი. ამიტომ ეს შენობები ისეთი ბალასტია, რომ ყოველწლიურად ხდება ნგრევა.
თითქმის ყოველ კვირაში აცხადებენ, ესა და ის კორპუსი ჩამოინგრაო. ამ შენობებს 8-ბალიანი მიწისძვრა აღარ ესაჭიროება. ყველა დასანგრევია. მერიის ფონდის სიმცირის გამო, ხალხი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თბილისელების მეორე ჯგუფი ცხოვრობს საბჭოთა პერიოდში აშენებულ შენობებში, რომლებიც კარგად იყო გათვლილი, მაგრამ მხოლოდ 7-ბალიან მიწისძვრაზე. ამ რკინა-ბეტონმა გაუძლო მაქსიმუმ 100 წელს. სანამ საბინაო სამსახური არსებობდა, ბინებს უვლიდნენ. ახლა კი ყველაფერი მეპატრონეზეა დამოკიდებული. გაკეთდა პრივატიზაცია, ზოგიერთ სარდაფში წყალი ჩადგა და მეპატრონემ თავად უნდა მიხედოს.
თუ აღმოჩნდა, რომ შენობა ურბანულად გამართლებული არაა, მისი რეაბილიტაცია ხომ შეიძლება?
- არც ერთი შენობის აღდგენა არ ხდება. თბილისის შენობების სეისმომედეგობა დაქვეითებულია და ვერანაირ რყევას ვეღარ გაუძლებს. 90% აშენებულია ელიავას მუშების მიერ, სამშენებლო წესების უხეში დარღვევით, სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის სრული იგნორირებით და, რაც მთავარია, უხარისხო ბეტონით და არმატურით. მე თავად ვიყავი ბეტონის ქარხნის დირექტორი და იმიტომ გავჩერდი, რომ მასობრივი ფალსიფიკაცია დაიწყო ბეტონის წარმოებაში.
ამით ცალკეულმა კომპანიებმა იხეირეს, ხომ ასეა?
- მაშინ მშენებლობებზე მოთხოვნა შემცირებული იყო და მხოლოდ ის ქარხნები მუშაობდნენ, რომელთაც ფასი დაუკლეს. ამიტომ პროფესიონალები გავჩერდით და ბეტონის ბიზნესი არაპროფესიონალებმა ჩაიგდეს ხელში.
ბეჟუაშვილებს გულისხმობთ?
- არა მხოლოდ მათ. ვგულისხმობ “ცენტრ პოინტსაც”, “აქსისსაც”...
აბა, იტალიიდან ჩამოგვაქვს მასალებიო?
- რა იტალიიდან? შემოიღეს ქიმიური დანამატები, რომლებიც ცემენტის სიმტკიცეს მარკას მატებს, მაგრამ დროთა განმავლობაში იშლება. ფალსიფიკაცია, ძირითადად, წავიდა ცემენტის შემცირების ხარჯზე. 50 ლარად იყიდებოდა ბეტონი, ასეთი დაბალი ფასი მართლაც ნიშნავდა ბეტონის დაბალ ხარისხს. ფალსიფიცირებული ბეტონით შენდებოდა მთელი თბილისი. სამშენებლო კომპანიები იქ ყიდულობდნენ ბეტონს, სადაც უფრო იაფი იყო, რათა მაქსიმუმი მოგება ყოფილიყო. როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ბევრჯერ გვინდოდა ამ შენობების შემოწმება, მაგრამ უარი მითხრეს. მერე მანუჩარ მაჩაიძემ გააგრძელა ეს საქმე, საკრებულოს დეპუტატობის დროს.
არმატურა არასწორად იყო შერჩეული. მეტსაც გეტყვით, მთელი თბილისის ახალი შენობები ჟანგიანი არმატურითაა ნაგები. ეს არის დიდი უბედურება, რადგან ის ჩაიდება ბეტონში და ხდება მისი კოროზია. ჟანგის კვეთის გამო მისი გამძლეობა ვერანაირად ვერ იქნება მდგრადი და კონსტრუქცია ნელ-ნელა იშლება. ჟანგიანი არმატურის გამო, მთელ თბილისში აშენებული მრავალსართულიანი შენობები სეისმურად საშიშროებას წარმოადგენს.
ამბობენ, რომ თბილისის ხიდებიც საფრთხის ქვეშაა.
- თუ იქაც გამოიყენეს ჟანგიანი არმატურა, მათ ჩანგრევა ემუქრება, მაგრამ ხიდებში შედარებით უფრო ხარისხიან არმატურას იყენებდნენ, რომ წლების მანძილზე ხელი არ ეხლოთ. უგულავას მივმართეთ, მთელი რიგი ღონისძიებები ჩამოვწერეთ და არათუ გაიგონა, არც კი მიგვიღო სასაუბროდ. ადრე შევამოწმეთ ვაკის შენობები და არც ერთი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ზოგს დასაშვებზე ნაკლები “მარკიანობა” გააჩნია. ბევრმა სამშენებლო კომპანიამ საქმე ჩააწყო, რომ მათი შენობები არ დანგრეულიყო. ყველაზე დაბალი “მარკის” შენობა დავანგრიეთ, რათა პრეცედენტი გვეჩვენებინა, რომ დაბალი ხარისხის შენობები დასანგრევია, მაგრამ პროცესი შეჩერდა.
ჩვენი ქვეყნიდან მეზობელ ქვეყნებშიც გაჰქონდათ არმატურა. გამოდის, რომ იქაური შენობებიც საფრთხეშია?
- სომხეთმა უხარისხო სამშენებლო მასალებით სახელი ისე გაითქვა, რომ თურქეთს გადაუსწრო. ის კი არა და, უსარგებლო არმატურა დღემდე საქართველოდან გაედინება.
რვაბალიან მშენებლობებზე იმიტომ არ უნდოდათ გადასვლა სამშენებლო კომპანიებს, რომ მერე საშენი მასალები ძვირი უჯდებოდათ. თითქმის 50%-ით მეტი ხარჯი ექნებოდათ. შევარდნაძის დროს ხელისუფლებასთან შეზრდილი კომპანიების ხელმძღვანელებმა იმდენი მოახერხეს, რომ მთავრობას ეს კანონი არ მიაღებინეს. ამიტომაც კანონი არ ითხოვდა მშენებლობების მაღალ ხარისხს და ხელის მოთბობის მეტი საშუალებაც გაჩნდა.
თბილისის მოსახლეობას სივრცის ათვისება სურთ, ამიტომ ხშირია დაშენებები, მიშენებები და მიწაში გათხრილი პირველი სართული. ეს ხომ არ შეიცავს საფრთხეს?
- ყოვლად დაუშვებელია. მე მეკუთვნის გამოთქმა “ევრორემონტი ევროსიკვდილია”. რა მავნებლობაც ევრორემონტს ახასიათებს, ეს ნელ სიკვდილს ნიშნავს. სივრცის ათვისება ისევე დამღუპველია, როგორც მიშენებები. სანამ არ ჩამოინგრა და მსხვერპლი არ მოჰყვა, მანამ არ აიკრძალა მიშენებები. ასევეა ე.წ. პადვლებიც. თბილისი დგას გოგირდოვან ნიადაგზე. ამიტომ მიწაში გათხრილი პირველი სართული ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. საქართველოში მცირე მიწისძვრაც რომ მოხდეს, შენობების 15% თუ გადარჩება, მეტი არა. არც ერთი შენობა არაა გათვლილი სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, არც რადიაციაზე, არც რადონზე. მიწის ქერქიდან ამოდის რადონი (რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი), რომელიც ადრე რადიაციას ერეოდა. ახლა მეტი გამოიყოფა და იწამლება მსოფლიოს 10%. კანადამ 42 მილიარდი დახარჯა რადონის წინააღმდეგ, ინგლისმა მთელი მიწის ლანდშაფტები შეისწავლა და რუკები გააკეთა. თუ ამ ტერიტორიაზე შენობები იდგა, ყველა დაანგრიეს. საქართველოში კი ამ საკითხს არაფერი ეშველა. საერთოდ, რადონის გაზის კონტროლიც არ ხდება. ყველაზე დიდი საშიშროება რადონისა, არის ე. წ. პადვლებში.
თბილისში მომრავლდა კარკასული შენობები. რატომ ხართ მისი წინააღმდეგი?
- ასეთი შენობები სომხეთსა და თურქეთში მიწისძვრის დროს უკვე დაინგრა და მათ შეარქვეს “მკვლელი შენობები”. 1988 წელს ლენინაკანში შენობების 98% დაინგრა. ასეთი შენობები მრავლადაა თბილისში და ის ნამდვილად არის სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უბედურების ზონა. ეს უბედურება რეალობად რომ არ იქცეს, სასწრაფოდ უნდა შექმნას კომისია გიგი უგულავამ. თუ ამას არ გააკეთებს, იმპიჩმენტი არ აცდება, რადგან ვაფრთხილებ, რომ თბილისში თავისი არამდგრადი შენობების გამო, სავალალო შედეგებია მოსალოდნელი და ზომებია მისაღები.