ავღანეთი უცხოელთა საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ

ავღანეთი უცხოელთა საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ

ქაბულში მორიგი აფეთქება მოეწყო ბოლო კვირებში თავდასხმების გახშირების ფონზე. სულ რამდენიმე დღეა, რაც ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ძალებს ჩააბარეს. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი კი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გადასინჯოს ჯარების გაყვანის ვადები.

თავდასხმა, რომელიც 5 იანვარს მოეწყო ქაბულში, მიმართული იყო ავღანეთში ევროკავშირის პოლიციის ავტომანქანის წინააღმდეგ. ავტომანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა, მაგრამ დაიღუპა შემთხვევის ადგილას მყოფი ავღანელი სამოქალაქო პირი. ავღანეთში ევროკავშირის საპოლიციო მისიის ცნობით, დანაღმული ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა პირმა მანქანა დააჯახა აღმოსავლეთ ქაბულში, მისიის შტაბბინასთან, ევროკავშირის პოლიციის ავტომანქანას. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში და ადგილობრივ ძალებს ჩააბარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა. მაგრამ ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება 13 000-მდე უცხოელი ჯარისკაცი, ავღანელი სამხედროების წვრთნის ორწლიანი მისიით, ანუ 2016 წლამდე.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა გადახედოს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ვადას (2016 წლის შემდეგ გაყვანის ვადას).

„ჩვენი ფიქრები ვადებზეა კონცენტრირებული, მაგრამ ვადები დოგმა არ უნდა იყოს“, აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა 4 იანვარს, ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. 

„თუ ორივე მხარეს ან, ამ შემთხვევაში, მრავალ პარტნიორს ყველაფერი აქვს გაკეთებული მიზნების მისაღწევად და პროგრესი ძალიან რეალურია, მაშინ უნდა არსებობდეს მზადყოფნა ვადის გადასახედად“, ამბობს პრეზიდენტი აშრაფ ღანი.

მას შემდეგ, რაც ავღანეთში 2001 წელს დაიწყო სამხედრო ინტერვენცია, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით, უცხოელი სამხედროების რიცხვმა ერთხანს 140 ათასს მიაღწია. საერთაშორისო კოალიციამ დაამხო ავღანეთში თალიბანის მმართველობა შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორთა მფარველობისათვის.

ამჟამად კი ავღანეთში რჩება 13 ათასამდე უცხოელი სამხედრო პირი - ახალი, წვრთნისა და მხარდაჭერის ორწლიანი სამხედრო მისიით. ამ მისიაში ჩართულთა უმრავლესობა ამერიკელები არიან, თუმცა არიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ რადიო თავისუფლებასთან გასულ თვეში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადის შესაბამის პროცედურებს, რათა სამშვიდობო ქვედანაყოფი მიავლინოს ავღანეთში 2015 წლიდან ახალ საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, საქართველოს პარლამენტის ნებართვის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად იქნება 750-კაციანი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს ავღანეთში.

დაბოლოს, ისევ ავღანეთის პრეზიდენტის მოწოდებაზე, გადაიხედოს უცხოელი ჯარისკაცების მისიის ვადა. ეს მოწოდება ასახავს შეშფოთებას, რომ ავღანეთის ჯარები მოუმზადებელი არიან სამხედრო და უსაფრთხოების ოპერაციების საკუთარი ძალებით ჩასატარებლად.