ეკონომიკური პრობლემების წელი

ეკონომიკური პრობლემების წელი

2014 წლის დასაწყისი გაუფასურებული ეროვნული ვალუტის პრობლემებით დაიწყო და ამ პრობლემებითვე დასრულდა. წლის მანძილზე აქტუალური იყო ინვესტიციების სიმწირე, ტურისტული ზრდის შენელება, ინფლაცია და სხვა საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5-პროცენტიან ზრდას საქართველოს მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს.

2014 წლის სტარტი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა - ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი იძულებული გახდა თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი დაეხარჯა და საგრძნობლად შეემცირებინა საკუთარი სავალუტო რეზერვები. შედეგად, მარტამდე ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხერხდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის დევალვაციამ თავი მაინც იჩინა წლის ბოლო თვეებში. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ისევე როგორც მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის კურსის პრობლემები გარე ფაქტორებს გადააბრალა:

„ლარის კურსის გაუფასურება არ იყო განპირობებული მთავრობის არასწორი პოლიტიკით“.

ირაკლი ღარიბაშვილისა და მთლიანად მთავრობის პოზიციისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მთავარი ეკონომისტის ბესიკ ნამჩავიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ძირითადად შიდა ფაქტორებმა განაპირობა:

„ლარი უფასურდება იმიტომ, რომ დოლარის მოცულობა ქვეყანაში მცირდება. ბოლო თვეებია, ქვეყნიდან გადის უფრო მეტი დოლარი, ვიდრე შემოდის. ანუ საქართველოს რჩება უფრო მცირე რაოდენობის დოლარი, ლარი ისევ იმდენია და თანაფარდობა დაირღვა. ეს აისახა ლარის კურსზე და გაუფასურდა. ამიტომ არის ამასთან პირდაპირ კავშირში ექსპორტი, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სახელმწიფოს მიერ აღებული უცხოური კრედიტები. ეს ყველაფერი დოლარის წყაროა. თუ აქ არ გვექნებოდა პრობლემები, საქართველოში დოლარის რაოდენობა კი არ შემცირდებოდა, პირიქით, გაიზრდებოდა და შეიძლება საპირისპირო ტენდენციის მოწმე ვყოფილიყავით“.

ბესიკ ნამჩავიძის მიერ ნახსენები საკითხები ის ძირითადი პრობლემებია, რაც 2014 წლის საქართველოს ეკონომიკას ახასიათებდა. მათ შორის ერთ-ერთია ექსპორტის საკითხი. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, უამრავი საბიუჯეტო თანხები იხარჯება საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელშესაწყობად. ხორციელდება იაფი აგროკრედიტების პროგრამა, ასევე თითქმის უპროცენტო სესხების პროექტი „აწარმოე საქართველოში“, უფასო ხვნა-თესვისა და ყურძნის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამები, რასაც თან ერთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, მაგრამ ექსპორტი მაინც მცირდება. ამ პროგრამების ეფექტიანობას ისიც აკნინებს, რომ მათი დაფინანსება ვალის ზრდის ხარჯზე ხდება. საქართველოს „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ამ პროგრამების შესახებ ამბობს:

„აიღო სესხი და ფასნამატის სახით დაარიგო სოფლის მეურნეობაში, ეს არის ნასესხები თანხები, რომლის გასტუმრება მოუწევს მომავალ თაობებს და, რაც მთვარია, მისი შედეგი არ გამოიხატება პროდუქციის რეალურ ზრდაში“.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, ექსპორტის შემცირება აგვისტოდან დაიწყო და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კლებამ ნოემბერში 35 პროცენტს მიაღწია, რაც რომან გოცირიძეს საგანგაშოდ მიაჩნია.

ასევე, 2014 წლის მანძილზე მცირდებოდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი წყარო. აგვისტოდან, მაშინ როდესაც შუა ტურისტული სეზონი იდგა, კლება იწყო ვიზიტორების რიცხვმა. შედეგად, წლის ბოლოსთვის ტურისტული ნაკადის ზრდამ მხოლოდ ერთი პროცენტი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის იმ მოცულობისაა, რაც მთლიანი სოფლის მეურნეობის - დაახლოებით 7 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, წლის მანძილზე ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, გაართულა სავიზო რეჟიმი, რის გამოც ბევრი აზიური ქვეყნისთვის საერთოდ ჩაიკეტა საქართველო. „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სავიზო პროცედურების გართულების უარყოფით შედეგებზე მიუთითებს:

„ჩვენ დავინახეთ ამ პროცესმა როგორი უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურისტების ნაკადზე, როდესაც ირანიდან, ერაყიდან და აზიის ქვეყნებიდან შეწყდა ტურისტების ჩამოსვლა. ეს დაეტყო ფულად გადმორიცხვებსაც, ტურიზმიდან შემოსავალს, რაც, საბოლოო ჯამში, შემდეგ ლარის დევალვაციაში აისახა“.

რომან გოცირიძის მიერ ნახსენებ ლარის დევალვაციის მიზეზებს საბიუჯეტო პრობლემებიც დაემატა. წლის მანძილზე ბიუჯეტის არათანაბარმა ხარჯვითმა პოლიტიკამ ძირითადი დატვირთვა წლის ბოლოზე გადაიტანა, თუმცა მთავრობა იძულებული გახდა ეროვნული ვალუტის პანიკური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად უარი ეთქვა ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაზე. შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს 100 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ხარჯვით ნაწილს დაახლოებით 500 მილიონი ლარი დააკლდა. მიუხედავად ამისა, მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტს შესრულებულად მიიჩნევს:

„რაც შეეხება ბიუჯეტის არშესრულებას თუ ვერშესრულებას, მე გეტყვით, რომ ბიუჯეტი შესრულდება, შეიძლება ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს - გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ დახარჯეს ან ვერ აითვისეს თანხები. წლების განმავლობაში ასე იყო. ზოგადად, ბიუჯეტი როცა იგეგმება,ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, შემდეგ ხდება კორექტირება ბიუჯეტის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ. წინა ხელისუფლების დროს წლის ბოლოს ხდებოდა კორექტირება ბიუჯეტის და ზუსტად დასმა 100%-ზე. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ რეალური მონაცემები“.

ერთ-ერთი მთავარი უწყება, რომელიც გამოყოფილი თანხების სრულად დახარჯვას ვერ ახერხებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ მოცემულმა სამინისტრომ ბიუჯეტი თითქმის 90 პროცენტით შეასრულა, თუმცა ამაშიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

მიუხედავად მთავრობის ხელმძღვანელის ოპტიმიზმისა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მთავრობას ინფრასტრუქტურული ხარჯების უფრო კარგად დაგეგმვისკენ მოუწოდებს:

„უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა. უნდა მოწესრიგდეს ტენდერების ჩატარების სისტემა და მეორე საკითხი უკავშირდება თავად კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს“.

ლევან კალანდაძის მსგავსად, მთავრობის წევრების კვალიფიციურობას ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ერთი ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძეც. მისი შეფასებით, ინვესტიციების ზრდაზე და ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს მთავრობის სისუსტე.

ეკონომისტების ამგვარი შეფასებებისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა კი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, მთავრობა კარგად მუშაობს:

"ეკონომიკა არის მყარი. ლარის კურსი მერყეობს. დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, არაფერს არ ნიშნავს ეს ცუდს. კარგად მუშაობს მთავრობა".

ამგვარი შეფასებების ფონზე მთავრობა დიდ წარმატებად ასახელებს ქვეყნის ეკონომიკის წლიური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 5 პროცენტის ფარგლებშია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველია, ხოლო მთელ მსოფლიოში მეორე. მაგრამ ეკონომისტები, მათ შორის რომან გოცირიძეც, მიიჩნევენ, რომ 2014 წლის მანძილზე მიღწეული ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის საკმარისი:

„3.5 პროცენტი შარშან, 5-ის ფარგლებში წელს, ფაქტობრივად, არაფერია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც სჭირდება საკმაოდ სერიოზული დაჩქარება, რათა რაიმე შედეგი მივიღოთ და, პირველ რიგში, რათა ადამიანების დასაქმება მოხერხდეს და სიღარიბე შემცირდეს“.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორჯერ მაღალი ტემპი ესაჭიროება, ვიდრე ეს იყო 2014 წელს, რათა თავი დააღწიოს სიღარიბეს და ათწლეულის შემდეგ მაინც ევროკავშირის ახალი წევრების განვითარების დონეს მიუახლოვდეს.