დაპირისპირება ზონაზე

დაპირისპირება ზონაზე

რატომ ვერ აიტანა ტარასამ პატიმარი დათო, რომელიც მაყურებლებს ციხეში ძმების მკვლელობის ,,გახსნაში' დაეხმარა

კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის პიკი, ,,კანონიერი ქურდის' წოდებაა. ამ მწვერვალისკენ სავალი გზა რთულია. მსურველთა უმრავლესობა ამ გზაზე ეცემა და ყველაფერს კარგავს (ბევრი მათგანი სიცოცხლესაც კი), მაგრამ მათთვის იმდენად დიდი ხიბლი აქვს ,,ქურდის' სახელს, ჯიუტად მიიწევენ მიზნისკენ.

გაგიკვირდებათ და ე.წ. კანონიერ ქურდად გახდომის მარტივი გზაც არსებობს - ,,ქურდის' მკვლელის მოკვლა. თუ ,,კანონიერი ქურდის' მკვლელზე შურს იძიებ,  შეგიძლია, ამ ,,ოჯახში' გაერთიანება მოითხოვო და იშვიათია, პრობლემა შეგექმნას; მეორე მხრივ, თუ ,,ქურდის' მკვლელი თავისუფლად დანავარდობს რომელიმე ქალაქსა თუ სოფელში, იქაურ ,,კაიბიჭებს' მუდმივად უმეორებენ, რომ ,,კაიბიჭობაზეც' კი არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. ანალოგიურ მდგომარეობაში დღეს გორელები არიან - რამდენიმე წლის წინ, ერთმა გორელმა ,,კანონიერი ქურდი' მოკლა და ჯერჯერობით მას ,,პრიგავორი' ვერავინ გამოუტანა...
,,ახალი პატიმრების ნაკადი მოიყვანეს. ნახე, ყველა ,,პერვახოდკაა', თვალების ცეცებაზე ეტყობათ', - გადაულაპარაკა პატიმარ #0578-ს თანასაკნელმა და ზონის ეზოში შემოსულ ახალ ნაკადზე მიანიშნა.

ახლები მართლაც დაბნეულები ჩანდნენ. ხან პატიმრების საცხოვრებელ კორპუსს ათვალიერებდნენ გაფართოებული თვალებით, ხან იქვე მდგომ პატიმრებს უყურებდნენ შიშითა და კრძალვით. ყველაზე დაბნეული ერთი მაღალი ბიჭი ჩანდა, 18-19 წლის იქნებოდა და იმის მიუხედავად, ცდილობდა, თავი მხნედ ეჩვენებინა, თვალებში ჩასახლებულ შიშნარევ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს უხერხებდა. სწორედ ეს ბიჭი შეიყვანეს #0578-ის საკანში და ძველი პატიმრებიც მაშინვე შემოესივნენ.

,,რა ხდება გარეთ?! დარჩა კიდევ ვინმე დასაჭერი?! შენ რაზე ზიხარ? სადაური ხარ?!' - დააყარეს კითხვები ახალმოსულს.
ბიჭი გორელი გამოდგა, 19 წლის, პლანის მოწევაზე იყო დაჭერილი და ოთხი წელი ჰქონდა მისჯილი.
,,აჰა, ესე იგი, გორელი ხარ. ახლა არ მითხრა, კაიბიჭი ვარო', - გაეღიმა ახალგაზრდა პატიმარ ტარასას, რომელიც მკვლელობაზე იჯდა და იმის გამო, რომ თავის დროზე ბიძამისი ,,კანონიერი ქურდი' იყო (უკრაინაში ჩაცხრილეს), თავადაც ჰქონდა ქურდობაზე პრეტენზია.
,,კი, კაიბიჭი ვარ', - ჩუმად თქვა ახლადმოსულმა დათომ.

,,რაის კაიბიჭი, ქურდის მკვლელი დადის თქვენ ქალაქში და ერთი კაცი არ გამოჩნდა, ტყვია დააჭედოს. ეგ არის გორელების კაიბიჭობა?!', - იფეთქა ტარასამ და ნარიდან წამოდგა. ხელში ციხეში გაკეთებული მაკრატელი ეჭირა, ფრჩხილებს იჭრიდა და სწორედ ამ მაკრატლით მიადგა დათოს. ახალმოსული დაიბნა, ხან მაკრატელს უყურებდა გაფართოებული თვალებით, ხან ტარასას.
,,შეეშვი და შენს ადგილზე დაჯექი. თუ ბაზარი გინდა, ეგ მაკრატელი შეინახე და ისე იბაზრე. გამომივიდა აქ ტიგრანა გულოიანი', - გასძახა #0578-მა. ტარასა ახლა მას მიეჭრა.
,,რამდენჯერ უნდა გითხრა, კაიბიჭების ბაზარში ნუ ერევი-მეთქი?! არ არის ეს შენი საქმე და საერთოდ, უნდა გავაიასნოთ, შენ რატომ წყვეტ ხოლმე ამ კამერაში, ვინ რა თქვას', - გაცხარდა ტარასა.
,,ჯერ ერთი, ამ კამერაში დემოკრატიაა და ყველა ისე იქცევა, როგორც სურს. მეორეც - წეღან ამბობდი, გორელი კაიბიჭი არ გამიგიაო და ახლა თურმე მე ვერევი კაიბიჭების ბაზარში. სიტყვები დაალაგე, ჩამოყალიბდი, ჩემო კეთილო და მერე ამოიღე ხმა. ასჯერ მაქვს ნათქვამი შენთვის ეგ. ახლა მაგ მაკრატელს თუ არ შეინახავ და ბაზარს ისე არ გააგრძელებ, წაგართმევ და უკან შეგთხრი', - პატიმარი #0578 ნარიდან წამოდგა.

ტარასამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ჩუმად თქვა: ,,მაყურებლებთან წავიდეთ'.
,,ათ წუთში ტარასა, დათო და #0578 მაყურებლების კამერაში ისხდნენ. რადგან პირველად მაყურებლები ტარასამ ახსენა, საუბარიც მან დაიწყო: ,,ეს ახალი ამბობს, კაიბიჭი ვარო. არადა, გორელია. მე დავუწყე გაიასნება, რომ ასე არ ხდება - სანამ გორში ის ნაბოზვარი ივლის, გორელებს კაი ბიჭობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. მერე ბაზარში #0578 ჩაერთო და შეურაცხყოფა მომაყენა. მოვითხოვ, ამ ახალს აუხსნათ, რომ მართალი ვარ, #0578 კი დადგეს და უნდა მივიღო. შეურაცხყოფას არ ვაპატიებ. და ისიც უთხარით, რომ, როცა კაიბიჭი ბაზრობს, ეს არ უნდა ჩაერიოს', - დაასრულა მონოლოგი ტარასამ.

მაყურებლებმა დათოს შეხედეს. მან კი ჩუმად თქვა, მე გიორგი კ-ს შვილი ვარ, მამაჩემი ქსანში მოკვდა, ზონაზე, ქურდების კამერაში ცხოვრობდა, უნდა იცოდეთო. ამის შემდეგ #0578-ის მონოლოგის ჯერი დადგა: ,,ჯერ ერთი, ახლადმოსულ კაცს კაიბიჭობაზე პრეტენზიას რომ უყენებ, არ არის სწორი. ეს ჩემი აზრია, თორემ ქურდულში, შესაძლოა, სხვაგვარადაა; მეორე - როცა ბაზრობ, ხელში პრედმეტი არ უნდა გეჭიროს და არ უნდა იქნევდე. ეგ თქვენ კარაბადინშიც წერია... და მესამე - თუ გორელებში კაიბიჭები არ არიან, თქვენი, მაყურებლების კამერაში რა უნდა ივანიჩს, ეგეც ხომ გორელია და თქვენი ძმაა. შეურაცხყოფაზეც მოგახსენებთ: ვიმეორებ, რომ ეს ტარასა ანალოგიურად თუ მოიქცევა, რაც უნდა ეჭიროს ხელში, მართლა წავართმევ და გავუკეთებ ერთ ადგილას. რაც შეეხება იმას, რომ კაიბიჭების ბაზარში არ უნდა ჩავერიო, მე სიმართლეს ვამბობ ხოლმე და არა მგონია, სიმართლის თქმას თქვენ კრძალავდეთ. თქვენ ხომ მითხარით, ქურდული და სიმართლე ერთსა და იმავეს ნიშნავსო'.

,,ტარას, ზონაზე მაყურებელი როცა არის, შენ არ და ვერ გადაწყვეტ, ვინ კაიბიჭია და ვინ არა. ეს ერთი. როცა საუბრობ და ხელში მაკრატელი გიჭირავს, მეორე მხარეს შეუძლია სახე ისე ახლოს მოგიტანოს, შემთხვევით ეგ მაკრატელი შეეხოს და მაგ დროს, ცამდე მართალი რომ იყო, მტყუანი გამოხვალ. ეს ორი. შენ იცი, რომ #0578 ჩვენი ძმაა, სხადნიაკებსაც ესწრება, სიტყვის თქმის უფლებასაც ვაძლევთ იმიტომ, რომ თავი უმუშავებს და მაგის ნააზრევით ამ ზონას და ქურდულს რაც სიკეთე აქვს, იმდენი მთელ ბლატატას ერთად აღებულს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ჩაერევა კი არა, ვალდებულიც არის და ამის გამეორება კიდევ თუ დაგვჭირდა, ვის დავაყენებთ და ვის მოვთხოვ, მაგას ნახავ. რაც შეეხება ამ ახალს, ჩვენთან დარჩეს ცოტა ხანს, საქმე გვაქვს', - დაასრულა მაყურებელმა.
ტარასა კამერიდან წელმოწყვეტილი გავიდა, #0578 არ განძრეულა და მაყურებელს ახალზე თვალით ანიშნა, რა ხდებაო.
,,ჩემი ძმა, შენ თუ მართლა გიორგი კ-ს შვილი ხარ, შენს დას რა ჰქვია, ის მითხარი', - ჰკითხა მაყურებელმა დათოს.
,,ოქსანა', - ჩუმად თქვა დათომ.

,,რატომ ჰქვია ოქსანა?!' - ჩაეკითხა მაყურებელი.
,,იქ ჩაისახა, ქსანში და მამამ დაარქვა ოქსანა', - უხერხულად გაეღიმა დათოს.
,,კარგი. მე ვიჯექი მამაშენთან. ძმაკაცი იყო ჩემი. იცი, რა მაინტერესებს?! სანამ მამაშენი დაიღუპებოდა, ერთი დღით ადრე ქსანში ორი ბიჭი მოკლეს. ვიცი, იმ დროს მამაშენთან შენ, დედაშენი და შენი და იყავით. მეორე დღეს წამოხვედით. საღამოს კი გითხრეს, რომ გიო წამლის კაიფში გაიპარა. ის დღე გაიხსენე, ხომ არ უთქვამს მამაშენს რამე ისეთი, რაც იმ ბიჭების მკვლელობას უკავშირდებოდა. ან სახელი ხომ არ უთქვამს, ან ვინმეზე ხომ არ იყო გაბრაზებული. ვიცი, ათი წლისწინანდელ ამბავს გეკითხები, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაიხსენე, უმცირესი დეტალიც კი', - დაძაბულად ჰკითხა მაყურებელმა.

,,მე მარტო ის მახსოვს, რომ ის მოკლულები ძმები იყვნენ. კიდევ ის მახსოვს, მამამ რომ თქვა, ნიკოს ბრალიაო... კიდევ, მეორე დილით რომ გვიშვებდა, ისე გადაგვეხვია, თითქოს ბოლოჯერ გვხედავდა... საღამოს დედას დაურეკეს და მამა წამოვასვენეთ', - თვალები აუცრემლიანდა დათოს.
,,მომისმინე, გონება დაძაბე და მითხარი, ნიკო თქვა თუ ნიკელა?!' - ჩურჩულით ჰკითხა მაყურებელმა.
,,ჰო, ნიკელა. ვერ დავიმახსოვრე, ვიხსენებდი, ნიკოს რომ ჰგავდა სახელი, მახსოვდა და ამიტომ ვთქვი. ნიკელა თქვა', - დაადასტურა დათომ.
მაყურებელი გაფითრდა, მერე კამერიდან ყველა დაითხოვა და იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე უთხრა, #0578 არ გავიდა. დიდი ხნის მეგობარს გვერდით დაუჯდა და პირდაპირ ჰკითხა: ,,რა ხდება?!'
,,ქსანში მაშინ მეც ვიჯექი. ჩხუბი მოგვიხდა, სერიოზული საქმის გარჩევა იყო. მართლები ვიყავით. დიდი სხადნიაკი უნდა გამართულიყო, მაგრამ მათ იცოდნენ, გამტყუნდებოდნენ და ამიტომ რუსთავში გამომისროლეს, ის ძმები იარაღით დახოცეს, გიორგას კი წამლის პერედოზი გაუკეთეს. არადა, მე ხომ ვიცი, არ იკეთებდა. ჰოდა, მარტო მე დავრჩი, არავინ მომისმინა მარტო მე, დანარჩენები მკვდრები იყვნენ. ამის მამა მაგარი მგელი იყო, იმის მეათედიც ვერ არის ეს ბიჭი, მაგრამ გაუფრთხილდი, შენ გაბარებ. ის ნიკელა კიდევ... წინა კვირას რომ წაიყვანეს ჩვენი ზონიდან, ეგ არის. ჩამივარდება მომენტი და ყელს გამოვჭრი სადმე', - დაიმუქრა მაყურებელმა.

მეორე დილით ტარასა დათოს წინ ჩამოჯდა, ჯერ #0578-ის ნარისკენ გაიხედა და როცა დარწმუნდა, პატიმარი მიყურებს და მისმენსო, დათოს უთხრა - ,,კაიბიჭი ხომ ხარ? ჰოდა, თამაშს გიცხადებ, ვიყომაროთ ხუთი ათასზე, ქურდული დვიჟენია მოვიყვანოთ, ძმაო, თორემ ხომ ხედავ, ჩაკვდა ცხოვრება'...
დათოს სხვა გზა არ ჰქონდა, მაშინვე დათანხმდა, მაგრამ მთელმა კამერამ იცოდა, რომ ტარასას მოგება თითქმის შეუძლებელი იყო. ტარასამ და დათომ მაგიდისკენ გადაინაცვლეს, როცა მოულოდნელი რამ მოხდა - პატიმარი #0578 ნარიდან წამოდგა, ტარასას საყელოში ხელი ჩაავლო, ჯერ ერთი სილა გააწნა, სანამ აზრზე მოვიდოდა, კამერის კართან მიიყვანა, მოატრიალა და უკანალში ფეხის ძლიერი ამორტყმით კორიდორში გაასრიალა. ტარასამ არაადამიანური ხმით იღრიალა და მაყურებლების კამერისკენ გაიქცა.
,,ეგ რა ქენი? მაყურებლები ცემაში დაგვბრიდავენ. ცუდად არ ვთამაშობ, ვიყომარებდი', - ჩამწყდარი ხმით თქვა დათომ.
ზუსტად ორ წუთში კამერაში ზონის და რეგიონების მაყურებლები შევიდნენ. ტარასა აწითლებულ ლოყას იზელდა და თბილისის რეგიონის მაყურებელს რაღაცას ეჩურჩულებოდა.
,,რა მოხდა?!' - იკითხა ზონის მაყურებელმა.

,,ნაბიჭვარია ეგ თქვენი ტარასა. გითხარით ადრეც, შემომაკვდება-მეთქი და თუ ამაღამ აქ დარჩება, მართლა შემომაკვდება. არ მაქვს მე მაგის ჯღანაობის ნერვები, მუდმივად ცდილობს, მწყობრიდან გამომიყვანოს. დღეს ცოტა გამოუვიდა და მიიღო, კიდევ თუ გამოუვა, უკვე სხვა ჩამოვა თქვენთან ამბის ჩამოსატანად, მაგას სიარული აღარ შეეძლება, გპირდებით', - თქვა გაბრაზებულმა #0578-მა.
,,მერე, ძმაო, არ იცი, რომ ზონაში მაყურებლები არიან?! აქ რომ რინგი გამიმართე, ვინ მოგცა უფლება', - იღრიალა თბილისის რეგიონის მაყურებელმა და #0578-ს ხელი მოუქნია. პატიმარმა თავის გაწევა მოასწრო და თბილისის რეგიონის მაყურებელი სულ გადაირია - ,,კაიბიჭის ხელს ირიდებ, ბიჭო?!'
ამ დროს შუაში ზონის მაყურებელი ჩადგა.

,,ტარას, თბილისის რეგიონის მაყურებლის კამერაში გადახვალ, იქ იცხოვრებ დღეიდან. აქ სხვა თემაა და მე ვამბობ, რომ #0578-თან პრეტენზია არ მაქვს და ვინც მეტყვის, რომ მართალი არ ვარ, ცალკე ავუხსნი. მორჩა ბაზარი, დახურულია და ვინც ამ თემას წამოწევს, პრეტენზია მექნება', - გამოაცხადა ზონის მაყურებელმა და საკანიც რამდენიმე წამში დაიშალა.
* * *
დათო დღეს თავისუფლებაზეა, ტარასა ისევ სასჯელს იხდის, ზონის მაყურებელი გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ საქართველოში არ გააჩერა და ახლა რუსეთშია. თბილისის რეგიონის მაყურებელი კი გასულ გაზაფხულს იტალიაში ალბანელებმა მოკლეს.
პატიმარი #0578