"ნინო ანანიაშვილმა ჩვენი ფული ჩაიდო ჯიბეში!"

დაახლოებით ერთი წლის წინ გახმაურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საბალეტო დასის მსახიობებმა იაპონიაში გასტროლის დროს სასმელი და კარტი მოიპარეს. ამის გამო ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებასაც აპირებდა. საბოლოოდ, თანამდებობაზე დარჩა, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, დასი თანდათან დაცარიელდა. იაპონიაში მომხდარ ამბავზე მსახიობები ლაპარაკს ერიდებიან. რამ გამოიწვია ეს ინციდენტი? როგორ ანაწილებდა ივანიშვილის ფულს  პრიმაბალერინა და რას უკავშირდება "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს" დაფუძნება, რომლის საპატიო თავმჯდომარე გიგი უგულავა, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი ექსთავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია? ზემოაღნიშნული ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ბესო შათირიშვილი "კვირის პალიტრას" გაუხმაურებელ დეტალებზე ესაუბრა:

- იაპონიაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ თითქმის უმოქმედოდ ვარ, იმიტომ, რომ გამაჩერეს! ამას კი ვერ ვეგუები. საათობით ვვარჯიშობ, რომ ფორმა შევინარჩუნო. როგორც შემოქმედი, იზოლაციაში მოვექეცი. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან საუბარი. მინდა ვთქვა ის, რის გამოც გამაჩერეს! გნებავთ, აღსარებად ჩამითვალეთ, გნებავთ, თავდაცვად! მთავარია, რომ სიმართლეს ვიტყვი.

15 წელი ვიმუშავე ოპერისა და ბალეტის  თეატრში. უფრო ადრე "ერისიონშიც" ვცეკვავდი, თავდაცვისა და შინაგანი ჯარების ანსამბლებშიც.

2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როცა პრეზიდენტმა საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნინო ანანიაშვილი დანიშნა, რატომღაც ზოგიერთი ქართული ბალეტი რეპერტუარიდან ამოვარდა, მაგალითად, "გორდა" - მშვენიერი ბალეტი. სანაცვლოდ ნინომ ახალი სპექტაკლების შემოტანა დაიწყო, რაც ცუდი არ იყო, მაგრამ იმდაგვარი სისტემა შეიქმნა თეატრში, როგორიც ქვეყანაში იყო, ვითომ აღმშენებლობისა და კეთილდღეობის! გარეთ მტერს ევსებოდა თვალები, შიგნით - მოყვარეს. ბალეტის მსახიობების უმრავლესობას უჭირდა, ისევე როგორც მე. მქონდა წარმატებაც, - "დონ კიხოტში" სანჩო პანსას როლი შევასრულე, "ამაო სიფრთხილეში" - ბებიის პარტია. სხვათა შორის, ჩემთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ნინოსაც და მის მეუღლეს,  გრიგოლ ვაშაძესაც, მქონდა დაწინაურების პერსპექტივაც, რის გამოც დასში ინტრიგების ხლართვა დაიწყო. იყო ქიშპი, ქილიკი, დაბეზღება. ამ ყველაფერმა მწვერვალს იაპონიაში გასტროლის დროს მიაღწია.

და რა მოხდა იაპონიაში?

 

- რა მოხდა და, გამოგველია სურსათ-სანოვაგე, ფული აღარ გვეყო, რომელსაც ძუნწად გვაძლევდნენ. ნინო ანანიაშვილი, როგორც საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, კონტრაქტს თავად აფორმებდა უცხოურ მხარესთან და მისი გაცნობის უფლებას არავის აძლევდა. ასეთივე გასაიდუმლოებული იყო "ჯაპანა არტთან" გაფორმებული კონტრაქტიც, რაც იაპონიაში გასტროლს წინ უძღოდა. იაპონია ერთ-ერთი ძვირად ღირებული ქვეყანაა, სადაც 80-ზე მეტი მოცეკვავე ჩავედით. დღე-ღამეში თითოეულს მხოლოდ 50 დოლარს გვიხდიდნენ, რაც ძალიან ცოტა იყო. განსაკუთრებით ძვირი ღირდა ყოველდღიური მოხმარების საგნები, პური და წყალი. ყოველ გასტროლზე თან მიგვქონდა პური, კონსერვი, ძეხვი... იაპონიაში წაღებული სურსათი კვირა-ნახევარში გათავდა. არადა, იქ კიდევ ერთი თვე და ორი კვირა უნდა დავრჩენილიყავით. მოკლედ, უკანასკნელ იენებს ვითვლიდით,

ვაკოწიწებდით, რომ საჭმელი გვეყიდა. ერთი სიტყვით, შევედით სუპერმარკეტში. რაღაც-რაღაცები ჩანთაში ჩავდეთ და საფასურიც გადავიხადეთ, მაგრამ სრულად არ დაგვიფარავს.

მოკლედ, ერთის ნაცვლად ორი პროდუქტი ჩავდეთ, ფული კი ერთისა გადავიხადეთ. სასტუმროში მშიერ გოგონებს, დასის წევრებს, ჩვენ ვუმასპინძლდებოდით. 

მართალია, რომ ზოგიერთმა მსახიობმა მათხოვრობაც სცადა და ამის ამსახველი მასალა მობილური ტელეფონის კამერით არის გადაღებული?

 

- პირადად არ გადამიღია, მაგრამ  განა ყველა მათხოვრად არ ვიყავით ქცეული? ისე, კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ გადამეღო. უნდა გადამეღო ისიც, ვინ რას და როგორ იპარავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოსაკაში (ჯერ ტოკიოში გავმართეთ სპექტაკლები, შემდეგ ოსაკაში.) ასეთი რამ მოხდა: დილის 5 საათზე ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი ამოვიდა ნომერში, გაგვაღვიძა, ხელში ორი ფერადი ფოტოსურათი ეჭირა. "ორი პოლიციელია მოსული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძარცვის ფაქტზე დაგაფიქსირეს", - გვითხრა მან. ჩემს მეგობარს, ზვიად ხვედელიძეს, ლამის ენა დაება. მე კი თავდაპირველად ხუმრობად მივიღე. ქვემოთ რომ ჩავედით, ორი პოლიციელი, სუპერმარკეტების ქსელის "ფემილი მარკეტის" მეპატრონეები (ცოლ-ქმარი) და "ჯაპანა არტის" წარმომადგენელი დაგვხვდნენ. ფოტოებზეც ისეთი საგანგაშო არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ხელში ვისკის ბოთლი მეჭირა. ვუთხარი, ამ ვისკიში ფული გადავიხადე-მეთქი და ვიდეომასალის წარმოდგენა მოვითხოვე. ვიდეომასალა არ აღმოაჩნდათ, არც ფაქტზე დავუჭერივართ.

მაგრამ ხომ ამბობთ, რომ ერთ  პროდუქტს  რომ  შეიძენდით, მეორეს ხელს აყოლებდით?

 

- თუ ფაქტზე არ დაგაკავეს, ასეთი რამ ვერ მტკიცდება. ვიდეომასალაც რომ ამოიღონ, იქაც ჩანს, რომ გასასვლელში მოლარეს ფულს უხდი. მოკლედ, ქართველებმა დამასმინეს, თორემ პოლიცია ვერ მოგვაკვლევდა. ეს ეჭვი მაშინვე გამიჩნდა და არც  შევმცდარვარ, საქართველოში ჩამოსულს მითხრეს, ნინო ანანიაშვილს ჯგუფის ხელმძღვანელად უნდა დაენიშნე და ასეთ შარში თავი რატომ გაყავიო. ე.ი. იმ კაცის თანამდებობა უნდა დამეკავებინა, ვინც დაგვასმინა. ასე ჩამოიცილა გზიდან კონკურენტი.

ხვედელიძეს ისედაც ეწურებოდა ხელშეკრულების ვადა, რომლითაც დასში დაქირავებული იყო. მესამე "ეჭვმიტანილის", ირაკლი ბახტაძის ფოტო კი ჯგუფის ხელმძღვანელმა გვიან გამოაჩინა, რაც მაინცდამაინც არ უნდოდა, მაგრამ ისეთი ამბავი ავტეხე, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ირაკლი ბახტაძე სოლისტი იყო, მართლაც პროფესიონალი მოცეკვავე, რომელიც წლების განმავლობაში ნინო ანანიაშვილს უწევდა პარტნიორობას. ჯგუფის ხელმძღვანელმა მაშინ გვითხრა, ნინოს არაფერს ვეტყვი, ოღონდ ახსნა-განმარტება დაწერეთ და ხელი მოაწერეთ, დანაკლისის საფასურს გადავიხდით და ამით დამთავრდება ყველაფერიო. თუმცა, ეს დაპირებაც ცრუ აღმოჩნდა. სუპერმარკეტის მფლობელებმა იჩივლეს და ქართულ მხარეს 100 ათასი იენის გადახდა მოუხდა. დასის წევრთაგან ერთ-ერთმა თქვა,

ვანო მერაბიშვილი ოსაკაში ჩვენს სპექტაკლს, "რომეო და ჯულიეტას" დაესწროო. რატომღაც არა ტოკიოში, არამედ მაინცდამაინც ოსაკაში მოუნდა მინისტრს "რომეო და ჯულიეტას" ნახვა. ის ამ ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ ჩამოვიდა.

მოკლედ, მე და ხვედელიძე მოგვხსნეს სპექტაკლიდან, დეპორტაცია კი ნამდვილად არავის გაუკეთებია. იცით, ყველაზე მეტად რამ დამთრგუნა? ჩვენზე ასეთი ამბავი ატყდა და ვინც სურათებით თავზე დაგვადგა, მან ერთ-ერთ მაღაზიაში ქურთუკიც კი მოიპარა. ცხადია, ქურდობას გამართლება არა აქვს, არ არის ქრისტიანის შესაფერისი, მაგრამ ნუ გგონიათ, სხვა თეატრებში ანგელოზები სხედან! ადრეც არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ საქმე ჩაუფარცხავთ. ირაკლი ბახტაძე და ზვიად ხვედელიძე დღემდე დუმილს არჩევენ. ბახტაძე ერთ თვეში უკანვე დააბრუნეს, რადგან შემცვლელი ვერ იპოვეს. ნინომ კი ჩამოიყვანა დიდი ბრიტანეთიდან და ახალი ზელანდიიდან სოლისტები, მაგრამ პროფესიონალიზმით ბახტაძეს ბევრად ჩამორჩებოდნენ. მერე ისევ ფინანსურ საკითხზე მოხდა გაუგებრობა და ბახტაძე დასიდან ისევ გაუშვეს. ის თურქეთში რომელიღაც თეატრმა მიიწვია. მე დოიაშვილი დამპირდა ღონისძიებებში ჩართვას, მაგრამ მოგვიანებით უარი მითხრა, რაც ვფიქრობ, დავით საყვარელიძის ზეგავლენით იყო გამოწვეული.

ისევ ფინანსურ საკითხს მივუბრუნდები. ჩვენთან, როგორც წესი, ნემსის ქურდი ქურდად ითვლება, აქლემისა კი არა. ძალიან მაინტერესებს, რა ეწერა იმ კონტრაქტში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა "ჯაპანა არტთან" გააფორმა. თავის დროზე, სტუდია "ჯიენესის" ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ  (რომელიც ამჟამად ივანიშვილის პრესსპიკერია) სცადა კონტრაქტის ასლის გამოთხოვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ოპერის ხელმძღვანელობამ გაასაიდუმლოა ეს დოკუმენტი.

2005 წელს მიღებულ შრომის კოდექსში ვიპოვეთ  ჩანაწერი, რომლითაც გაირკვა, რომ ჩვენთვის უცხო სახელმწიფოში დღიურად 130 აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა მოეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტი შრომის კანონმდებლობასთან შეუსაბამო იქნებოდა და მასზე ხელმოწერის უფლება ქართულ მხარეს არ ჰქონდა. ე.ი. ჩვენ 80 დოლარით ნაკლებს გვიხდიდნენ.

იაპონიაში გატარებული დღეები მოცეკვავეთა რაოდენობაზე, ამ 130$-ზე გადავიანგარიშეთ და დანაკლისი მინიმუმ 170 ათასი დოლარია. ამას იურისტებიც გვიდასტურებდნენ, მაგრამ ამ საკითხზე საჯაროდ არავის არაფერი უთქვამს. მოვა დრო და ყველაფერი ითქმება. რაში სჭირდებოდა ნინოს, ჩვენთვის განკუთვნილი ფული რომ ჩაიდო ჯიბეში, რა აკლდა: სახელი, მატერიალური კეთილდღეობა, დიდების გვირგვინი თუ კვარცხლბეკი?! ტოკიოში ლამის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული და რაში აწყობდა ასეთი ამბავი?

საერთოდ, საყვარელიძე და ანანიაშვილი ერთად წყვეტდნენ ფინანსურ საკითხებს. ჩვენამდე ვერ აღწევდა ბიძინა ივანიშვილის დახმარება, რომელიც ნინო ანანიაშვილს უნდა გაენაწილებინა. კულუარებში ამბობდნენ, ნინომ ივანიშვილს უთხრა, ფულს სპექტაკლების  დადგმას მოვახმარ, ნაშთს თავად გავანაწილებ, მოკლედ, მსახიობებს მე თვითონ  მოვიმადლიერებო. ის  სპექტაკლები კი მილიონად ან მილიონ-ნახევრად იყო შეფასებული. მეორე საკითხია, რა თანხა რისთვის  იხარჯებოდა და ხდებოდა თუ არა მისი გაწერა. როგორც ვიცი, უცხოელი მსახიობების ანაზღაურება ქაღალდზე 30.000 ან 50.000 ლარი იყო დაფიქსირებული. ჩვენ კი ნინო სახელფასო დანამატის სახით ივანიშვილის ფულიდან მხოლოდ 50 ლარს გვაძლევდა, სოლისტებს - 100 ლარს(!).

დეკორაციებისა და სხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ხარჯებიც ცალკე დასაანგარიშებელია. დათო საყვარელიძემ უამრავი გამოსაყენებელი დეკორაცია გაანადგურა იმ საბაბით, შესანახი ადგილი ვერ მოვუძებნეთო. საინტერესოა, ვისი თანხებით აღდგება ისინი? ახლა ოპერას "მეგობართა საბჭო" ეყოლება, რომლის დამფუძნებელიც კეზერაშვილი, ხოლო თავმჯდომარე გიგი უგულავა იქნება! აქამდე ბიძინა ივანიშვილზე უფრო დიდი მეგობარი ოპერისა და ბალეტის თეატრს არ ჰყოლია.

თეატრის ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე "ყვარყვარეს" პროტოტიპია, კაბინეტში უკიდია სურათი, რომ გადააბრუნებ, ერთ მხარეს სააკაშვილს უყურებ, შემოაბრუნებ და ივანიშვილი გიმზერს. მოკლედ, გააჩნია, ვის ესაუბრება დავით საყვარელიძე!.. ასე რომ, მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იქნებ დაინტერესდეს და მოითხოვოს ინფორმაცია, რაში იხარჯებოდა ამ ხნის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის გაცემული მისი თანხები! ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვიღებდით სახელფასო დანამატებს.

ოპერისა და ბალეტის თეატრი სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 6-მილიონიან დაფინანსებას იღებდა, აქედან 4 მილიონი, როგორც ვიცი, სწორედ ბალეტისთვის იხარჯებოდა. ამას ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაც ემატებოდა, ჩვენ კი მაინც უფულოდ ვიყავით.

ერთხელ სოლისტებმა ნინოს უთხრეს, ამდენს ვმუშაობთ და ფულს არ გვიხდითო. ბევრი იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო სამუშაოდ. 2010-2011 წლებში დასი მოცეკვავეების დიდმა ნაწილმა დატოვა.

საქართველოში დარჩენილი მოცეკვავეები მოხეტიალე ჯამბაზებივით არიან.

2012 წელს თეატრის გარემონტება დასრულდება, მაგრამ ეჭვი მეპარება ამ ქაოსს, რაზეც გესაუბრეთ, ბოლო მოეღოს. რაც ახლა გიამბეთ, ჩემთვის ძალზე მტკივნეულია, დარდი გულში ვერ ჩავიკალი. სიმართლე რომ ვთქვათ, ყველამ ზურგი შემაქცია, ამიტომ გადავწყვიტე სიმართლის თქმა, რომელსაც, თუ საჭირო იქნა, კვლავ გავიმეორებ, თუნდაც ზემოთ დასახელებულ პერსონებთან პირისპირ შეხვედრისას.