სასჯელაღსრულების სისტემა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უწყებაში პრობლემების არსებობას ახალი ხელმძღვანელობაც არ უარყოფს და საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებებისთვისაც ემზადება. რა პრიორიტეტებს დაისახავს სამინისტრო 2015 წელს და როგორ აპირებს ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან' გამკლავებას ახალი ხელმძღვნელობა? ,,ვერსიის' კითხვებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ექსკლუზიურად პასუხობს.
- ბატონო გიორგი, წლის დასასრულს, შეაჯამეთ, რა შეიცვალა პენიტენციურ სისტემაში?
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი შრომა გასწია, რომ მძიმე მემკვიდრეობისგან გავთავისუფლებულიყავით და კონკრეტული შედეგებისთვის მიგვეღწია. ზოგადად, ხელისუფლებას ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწია - შიშსა თუ არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემის გარდაქმნასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ვგულისხმობ. 20-ზე მეტი დიდი და მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსში, რითაც პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. წარმატებით განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა. მიმდინარეობს ჩ ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტირებისა და პრევენციის უპრეცედენტო პროგრამა. სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის დაინერგა ექსკლუზიური სასწავლო პროგრამები. არსებითი ცვლილებები გატარდა პრობაციის სისტემის მიმართულებით. ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც პირველია სამხრეთ კავკასიაში და რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის იდეას ემსახურება. მიმდინარეობს სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა, რომლებიც მალე ამოქმედდება და გააუმჯობესებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესს. თუმცა, მიღწეული შედეგის მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევებიც - რიგი ინფრასტრუქტურული საკითხები, სისტემაში მომსახურეთა კვალიფიკაცია... ამ საკითხების მოგვარებას დრო და შესაბამისი სახსრები სჭირდება. პრობლემების გადაჭრის გეგმა მზადაა და რეალურ ცვლილებებს საზოგადოება მალე დაინახავს.
- წელს პატიმრებმა ციხეში შიმშილობა რამდენჯერმე გამოაცხადეს, დაფიქსირდა მათი ცემის ფაქტები, იყო გარდაცვალების შემთხვევებიც. არის თუ არა ეს სუსტი მართვის შედეგი და რა მექანიზმით აპირებთ მსგავსი პრობლემების გადაჭრას?
- გეთანხმებით, პენიტენციურ სისტემაში არაერთი პრობლემაა, ამიტომ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც იმედია, მინიმუმამდე დაიყვანს ყველა რისკსა თუ პრობლემას. პატიმრებმა არაერთხელ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუმცა მათი მოთხოვნები, ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვეხებოდა - ისინი, ძირითადად, ითხოვდნენ საქმეების ხელახლა გამოძიებას, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. არცთუ იშვიათად, ბრალდებული ან მსჯავრდებული მოსალოდნელი სასჯელის არიდების მიზნით მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით და ცდილობს, ამ გზით მოახდინოს გავლენა ადმინისტრაციისა თუ გამოძიების გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც მოყვანილი იყო სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის ბრალდებულის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება. პატიმარი აღნიშნავდა, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს. რეალობა კი სხვაა: ამ ბრალდებულმა #3 დაწესებულების ინსპექტორ- კონტროლიორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზებიც. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. ამ ბრალდებულს ბოლო სამი თვის განმავლობაში სარეჟიმო პირობები 15-ჯერ ჰქონდა დარღვეული, არ ემორჩილებოდა დაწესებულების შინაგანაწესს და გამოირჩეოდა აგრესიულობით. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და პატიმრები სხვადასხვა სახის შანტაჟის პროვოცირებისკენ წაახალისა. რეალობა სხვაგვარია პატიმრების ცემასთან დაკავშირებითაც. ზუსტად ვიცი, ციხეებში აღარავის სცემენ და აწამებენ. გავრცელებულ ერთეულ შემთხვევებზე, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ყველა საქმეს, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა, გენინსპექცია სწავლობს. ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე სამინისტრო მკაცრად რეაგირებს. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ - ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაციაც იგეგმება, რაც უსაფრთხოების სტანდარტებს საგრძნობლად აამაღლებს.
- ციხეებში პრობლემა იყო პატიმრების ჯანდაცვაც.c ჰეპატიტის პროგრამის გარდა, რას აკეთებს სახელმწიფო მათი ჯანმრთელობის დასაცავად?
- მედიკამენტებზე დანახარჯი ერთ სულ პატიმარზე 2012-დან 2014 წლამდე ოთხჯერ გაიზარდა. 2014 წლის ივლისში სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. საავადმყოფოში არის 57-ადგილიანი ადაპტირებული საცხოვრისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში წელს 953 პატიმარს გაეწია სამედიცინო მომსახურება. სამოქალაქო სექტორის კლინიკებში კი, სამკურნალოდ, 3421 პატიმარი გავიყვანეთ. შარშან სამოქალაქო კლინიკებში გაყვანის შემთხვევების რაოდენობა 4200-ზე მეტი იყო. 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯად მაინც ჩ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის განხორციელება უნდა ჩაითვალოს. მის ფარგლებში, 173 პაციენტი სრულად განიკურნა. ამჟამად მკურნალობს კიდევ 130 პაციენტი. 2014 წელს ტუბერკულოზის გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებებიც გატარდა და კანონმდებლობით არსებული უთანასწორობა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა შორის აღმოიფხვრა. შედეგად, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო 19 ცენტრში უკვე ბრალდებულებსაც შეუძლიათ სამედიცინო მომსახურების მიღება. აღსანიშნავია, რომ სისტემაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რიცხვი ერთი წლის განმავლობაში 129-დან 47-მდე შემცირდა.
- სამინისტროს პრიორიტეტი რა იქნება 2015 წელს, მით უმეტეს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მასშტაბური შიმშილობითა და ბუნტით იმუქრებიან.
- უმთავრესი მიზანი სისტემის გაჯანსაღებაა. ამისთვის, ჩემი ინიციატივით სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა შემუშავდა. მჯერა, ეს რეფორმა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის და ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ინსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზანი პენიტენციური სისტემის ერთიანი მართვის თანამედროვე, ეფექტურ მოდელზე გადასვლა, უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური შიდამონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა. ასევე, მნიშნვნელოვანია ეფექტური ადმინისტრირება და ისიც, რომ პენიტენციურ სფეროში არსებობდეს სტაბილური კარიერული სისტემა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების გაზრდას. რეფორმის შედეგი უნდა იყოს რეაბილიტირებული მსჯავრდებული და უსაფრთხო გარემო. ესაა ჩვენთვის პრიორიტეტი. თუმცა, ვერც ერთი რეფორმა ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების თანადგომის გარეშე. ამიტომ, როგორც პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში არასამთავრობო სექტორიც ჩაერთვება.
- უწყებაში საკადრო ცვლილებებს მართლა გეგმავთ?
- გარკვეული ცვლილებები, სავარაუდოდ, განხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საშუალო და ქვედა რგოლში პენიტენციურ სისტემას ახალი სისხლი ნამდვილად სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ პენიტენციური რეფორმა თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას გულისხმობს. ღირსეული, კვალიფიციური და პატიოსანი თანამშრომლები დარჩებიან. მათ სათანადოდ დავაფასებთ.