მიხეილ სააკაშვილი: ,,პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ'

მიხეილ სააკაშვილი: ,,პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ'

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიას წლიური ანგარიში წარუდგინა. სწორედ ამ შეხვედრის დროს ღარიბაშვილს ღიად მოსთხოვეს ეთქვა, რომ პუტინი საქართველოს მტერია. ბატონმა ირაკლიმ ეს არ გააკეთა და საპარლამენტო ოპოზიციამ მაშინვე ერთი ამბავი ატეხა, ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და რუსეთისკენ მიდისო. რუსეთისკენ სვლის რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფალნი ჯიუტად ცდილობენ ამომრჩეველს წარსული დაავიწყონ. დაავიწყონ ის, რასაც თავად აკეთებდნენ და ისიც, თუ როგორ მეტყველებდა მათი ლიდერი ვლადიმერ პუტინზე. ახლა შესაძლოა ვინმე მოგვედავოს, სააკაშვილი პუტინის დაუძინებელი მტერი იყოო მუდამ, მაგრამ რა ვუყოთ 2004 წლის 12 აპრილს გაზეთ ,,იზვესტიაში' დაბეჭდილ სააკაშვილის სტატიას, რომელშიც ის რუსეთის ლიდერს არათუ ხოტბას ასხამს, არამედ სიღრმისეულად აქვს შესწავლილი რუსეთის პირველი პირის თვალების ელვარება, სულის სიღრმე და... სააკაშვილის სიტყვები თითქმის არაფრით განსხვავდება იმ წერილისგან, ნოდარ დუმბაძემ ზურიკელას მერისთვის რომ მიაწერინა. ჰოდა... რაღა ჰოდა, აი რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი პუტინზე: ,,მე მივხვდი, რომ პუტინს ყოველთვის ატყუებდა შევარდნაძე, ამიტომ მას ნდობა ჰქონდა დაკარგული საქართველოს ლიდერებისადმი. შევარდნაძე არ ასრულებდა არც ერთ დანაპირებს. მე რომანტიკული ადამიანი ვარ და ამიტომ შემიძლია, თამამად ვთქვა - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, სწორედ ასე - პატიოსანი ადამიანის თვალები. მე ვენდე მას და დამიჯერეთ, არ შევმცდარვარ. მან ყველა დანაპირები შეასრულა...' როგორია?! ამ ჩვენს რომანტიულ პრეზიდენტს მუზა რომ მოსვლოდა, ეგებ პუტინის თვალებზე ლექსიც კი დაეწერა (ეგებ დაწერილიც აქვს, მაგრამ იმავე ზურიკელასი არ იყოს, მალავს ეტყობა), მაგრამ როგორც კოტე ყუბანეიშვილი იტყოდა, არ გაწუხებენ მუზები, სანამ არ წაიკუზებიო და სანამ პატიოსანმა თვალებმა სააკაშვილი დაოთხილი არ არბენინა და გორში არ ,,წაკუზა', მანამ ვერ და არ დაიჯერა, რომ შეცდა.

პრინციპში, მხოლოდ ამაში კი არა, იმაშიც შეცდა, ტელევიზიით მსოფლიოს რომ გამოუცხადა, რუსეთთან ომი მოვიგე და ყვარყვარესავით გაჭიმული აპირებდა ცხინვალში შესვლას, მაგრამ იმავე ყვარყვარესავით იკითხა ბოლოს - მე აქ საიდან მოვხვდიო?! რა გამოდის?! როცა სააკაშვილს პუტინის თვალებზე აბოდებდა და მზად იყო, მის პატიოსნებაზე თავი დაედო, მთელი ნაცელიტა ტაშს უკრავდა, ხოლო, როცა ღარიბაშვილმა ოფიციალურად არ თქვა ადამიანზე, მტერიაო, თურმე ქვეყნის მოღალატეა. ისევ სააკაშვილს და მის ინტერვიუს მივუბრუნდეთ. ,,შევარდნაძეს, ამ რუსეთის მოძულეს, ხელისუფლებაში კორუფციის ბუდე ჰქონდა. შევარდნაძე რუსმა ძალოვნებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში და სწორედ მათ შეუნარჩუნეს ხელისუფლება ათი წლის განმავლობაში. შევარდნაძემ აჭარა აბაშიძეს გადაულოცა და მე ვაპირებ დავიბრუნო. ვეუბნები ასლანს, რომ ჩვენს იურისდიქციას დაექვემდებაროს, ვცდილობ, მომთმენი ვიყო, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. აფხაზეთთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება მე და პუტინს და მჯერა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ორივე მხარეს სურს', _ ესეც სააკაშვილის სიტყვებია. გაგიკვირდებათ და, თურმე მთელი შეგნებული პოლიტიკოსობის პერიოდში სააკაშვილი შევარდნაძეს რუსეთის აგენტს რომ ეძახდა, 2004 წელს ფიქრობდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსეთმოძულე იყო. და იმ კორუფციის ბუდეში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა რომ თავად ეკავა, ეგ ან არ ახსოვს, ან არ უნდა რომ ახსოვდეს. სამაგიეროდ, სააკაშვილის მომხრეები აღაშფოთა იმან, რომ ღარიბაშვილმა არ თქვა, პუტინი მტერიაო. ზოგადად, ადამიანის მტრად გამოცხადება და თან ასე, ხისტად და ხელაღებით, პოლიტიკურად გაუმართლებელია. ზუსტად ისევეა გაუმართლებელი, როგორც რომელიმე პოლიტიკური ლიდერის თვალების სანდოობაზე საუბარი, მის ხმის ტემბრზე დაკვირვება და მერე იმის მტკიცება, რომ პატიოსანი თვალები სავსებით საკმარისია იმისთვის, ყველაფერზე შეთანხმდეთ. იმავე ინტერვიუში სააკაშვილი ერთ ისეთ ფრაზას ამბობს, ვისაც არ ახსოვს, ახლაც კი ხმამაღლა გაეცინება: ,,პრეზიდენტობა ციხესავით არის. არსად წასვლის უფლება არ გაქვს დამოუკიდებლად, ყველგან დაცვა დაგყვება და გზიდან ვერ გადაუხვევ, მაშინვე გითითებენ, რა უნდა გააკეთო. ხანდახან ვახერხებ ხოლმე გასხლტომას, ახალგაზრდობით მომდის, ალბათ. მეუბნებიან, თავდასხმის არ გეშინიაო და რისი უნდა მეშინოდეს? მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი და შიში არაფრის მაქვს'. არადა, დაცვა ენაგადმოგდებული დასდევდა ხოლმე სააკაშვილს, რომელიც ხან სად დარბოდა და ხან სად. ისიც გვახსოვს, შეზარხოშებული პრეზიდენტი თვითმფრინავიდან რომ ვერ ჩამოჰყავდათ, უკრაინაში გავფრინდეთ სათუხთუხოდო და ისიც, მერე ოჯახის წევრები რომ ეხვეწებოდნენ, ჩამოდი თვითმფრინავიდან, ერთი დღე საქართველოშიც გაათენეო.

რაც შეეხება შიშს, უფრო სწორედ, უშიშარ პრეზიდენტს,. მაშინ, გორში, დაცვასაც გაექცა, ჟურნალისტებსაც და საერთოდ, საკუთარ თავსაც. შეშინებული სააკაშვილი წინ გარბოდა, პრეზიდენტი სააკაშვილის მეობა უკან მისდევდა და როგორც იქნა, ერთიცა და მეორეც დაიჭირეს, თუმცა მსოფლიომ ნახა მუხლებგადაყვლეფილი პრეზიდენტი და ვაი, რომ მას მაშინ მთავარსარდალი ერქვა. 2004 წელს სააკაშვილი მომხრე იყო, საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები ყოფილიყო და ამას არც მალავდა. მეტიც, რუსეთის ბაზების იმედად იყო პრეზიდენტი და სურდა, მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაეცვათ: ,,აბაშიძე და შევარდნაძე რუსეთის ბაზებს ვერ აფასებდნენ. მჯერა, რუსული ის ბაზები, რომლებიც ახლა საქართველოშია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში სერიოზულ როლს ითამაშებენ და საქართველოს ერთიანობის განმტკიცებაში თავის წვლილის შეიტანენ'. ევროპისა და ამერიკისკენ მომზირალ სააკაშვილს თურმე რუსული ბაზების იმედი ჰქონდა და ამას არც მალავდა. სავარაუდოდ, მას ისიც ეგონა, რომ ერთი ვიზიტისა და ამ ინტერვიუს შემდეგ, პუტინი დაუძახებდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გასაღებს მისცემდა და თან მადლობას ეტყოდა იმისთვის, რომ არსებობს. ,,ჩვენ ათეულობით კორუმპირებული ადამიანი დავიჭირეთ და უკან მილიონობით დოლარი მოვატანინეთ. ამით დავამტკიცეთ, რომ შევარდნაძის მთავრობა კორუმპირებული იყო', - ესეც მიშას სიტყვებია. და ის, რომ დღეს სააკაშვილის მთავრობის წევრები ციხეებში არიან გამწესებული და ნაწილზე ძებნაა გამოცხადებული, არავის ახსოვს. უფრო სწორედ, კი იხსენებენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკურად სჭირდებათ, თორემ რეალურად, ბოლომდე არავის არავინ ჩაჰყოლია. სულ ეს იყო. სააკაშვილი და მისი გუნდი ჯიუტად ცდილობს ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს ყველაფერი ცუდად არის და ცდილობენ ამომრჩეველს დაავიწყონ ის, რაც თავად უკეთებიათ. არადა, მოსახლეობას ყველაფერი ახსოვს და ახსოვს ისიც, სააკაშვილი ახალ წელს აფხაზეთსა და ცხინვალში რომ უნდა შეხვედროდა და ახლა სამშობლოში ვეღარ ჩამოდის. მიზეზი მარტივია _ პატიოსანი კაცის თვალები თავიდან მასაც ჰქონდა და მასაც ბოლომდე ენდო ერი.