სტატიაში განხილულია საქართველო-თურქეთის ოცწლიანი თანამშრომლობის შუქ-ჩრდილები - დადებითი და უარყოფითი ასპექტები, რომელთაგანაც ნეგატიურ მომენტს უმთავრესად აფხაზეთთან - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ანკარის დამოკიდებულება განაპირობებს (ავტორი - სერგი კაპანაძე).
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე საქართველომ აკრძალა აფხაზეთთან უცხოეთის სახელმწიფოების ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა, თურქეთი მაინც ავითარებს სავაჭრო კავშირებს აფხაზეთთან. 2013 წლის მონაცემებით, ორმხრივმა საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ციფრები არაოფიციალურია, მაგრამ მეტ-ნაკლებად სინამდვილეს შეესაბამება. ვაჭრობა უმეტესად შავი ზღვის მეშვეობით, თურქული გემებით ხორციელდება, რომლებიც ოფიციალურად სტამბოლის, სამსუნისა და ტრაპიზონის ნავსადგურებიდან ვითომდა სოჭში (რუსეთში) მიცურავენ, მაგრამ მათ სოჭამდე ნახევარი გზაც არ აქვთ ხოლმე გავლილი, რომ ისინი სოხუმის ნავსადგურში შედიან, იქიდან კი თურქეთში აფხაზეთის საექსპორტო პროდუქციით დატვირთულები ბრუნდებიან.
თბილისისათვის ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვათ იმ კანონების დარღვევაზე, რომლებიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა წინა წლებში რამდენიმე თურქული გემი დააკავეს, რაც თბილის-ანკარას შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. საბოლოო ჯამში ყველა თურქული გემი გათავისუფლებულ იქნა ან აუქციონზე გაიყიდა. უმრავლეს შემთხვევაში ამ აუქციონებში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებთაც ეს გემები ეკუთვნოდათ, ანუ მათი მფლობელები იყვნენ. ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა. მართალია, 2009-2010 წლებში ქართულმა და თურქულმა მხარეებმა მოლაპარაკების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გამართეს ანკარასა და ბათუმში, გარკვეულ თანხმობასაც მიაღწიეს, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად ხელშეკრულება მაინც არ გაფორმებულა.
თურქეთის მცდელობები აფხაზეთთან ვაჭრობის განვითარების მიზნით გასაგებია: ანკარას არ სურს, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად იზოლირებული იყოს, რომ აფხაზეთში რუსული კომპანიები დომინირებდეს. გასაგებია ისიც, რომ თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გაფართოებას ცდილობს. მაგრამ თავისი მიზნების მიღწევის მცდელობებით თბილისის თვალში თურქეთმა რეპუტაცია დაკარგა - ანკარა არ არის ის კონტრუქციული ბროკერი (შუამავალი), რომელიც საქართველოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, რომელიც თბილისს ხელს შეწყობდა აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე ნდობის მიღწევაში.
ქართული მხარისათვის ტერირიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება. ასეთივე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ რეგიონებისადმი შემუშავებული სტრატეგიის დაცვა. თურქულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპებს, გემების მოძრაობის წესებს ექსტერიტორიულ წყლებში, გემთმფლობელებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს კერძო საკუთრებისა და ეკიპაჟის წევრების ხელშეუხებლობა... თუ ოდესმე ანკარა და თბილისი ხელშეკრულებას გააფორმებენ, დოკუმენტში მხარეების მიერ ეს პრინციპები უნდა დაფიქსირდეს.
რასაკვირველია, უნდა ჩამოყალიბდეს დადებითი წინაპირობები იმისა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მსგავსი შეთანხმება დაიდოს: ნდობის აღდგენა-განმტკიცება სოხუმთან ჩრდილოვანი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის მიზნით. თურქეთს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს აფხაზეთში რუსული გავლენის შემცირების საკითხშიც, მაგრამ გარკვეული ნეგატიური მომენტები მაინც რჩება... ასეთმა პოლიტიკამ შესაძლოა აფხაზეთის ხელისუფლებასა და სტამბოლ-ანკარაში მოქმედ გავლენიან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებში თურქეთის მიმართ უარყოფითი განწყობა წარმოქმნას. მაგრამ ამ ფასად „ჩიტი ბდღვნად ღირს".
ამჟამად, როგორც ჩანს, თბილისმა და ანკარამ თანდათან დაივიწყეს გემების პრობლემა და ისინი ისევე ახლოს არიან შეთანხმების დადებამდე, როგორც ოთხი წლის წინათ იწვნენ. თუ ორივე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, საჭირო იქნება მხოლოდ მცირე ბიძგი მოლაპარაკების დასაწყებად, რათა აფხაზეთთან უკანონო ვაჭრობის საკითხი განხილულ იქნეს და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს.
სტატიის ავტორი სერგი კაპანაძე არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი. 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, მონაწილეობდა თურქეთთან მოლაპარაკებებში დაკავებული გემების საკითხის მოგვარების მიზნით. სტატიის სრული ვერსია დაბეჭდილია თურქეთის ყოველკვარტალური ჟურნალ «Turkish Policy Quarterly»-ის მეოთხე ნომერში: