რატომ დაუჩოქა ჟვანიამ შევარდნაძეს - უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერი

რატომ დაუჩოქა ჟვანიამ შევარდნაძეს - უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერი

ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა. მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანიაგარკვეულმა ტიპებმაუშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო... რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქში” “წერილიმივიღე: “...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, “გუუგლ”-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო...” რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, “ქორთიარდ მარიოტი”... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომგარდასულ დღეებზეასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, “ქართული სიტყვა”, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!

სტენოგრაფიული ჩანაწერი ¹4

მეგობარმა მითხრა, კიაწვები”, მაგრამ ამდენი ხაბურძანია რა ამბავია, რითი ვერ დამთავრდნენ ეს რუსეთუმეებიო. დავფიქრდი, მაგრამ ადამიანს დავპირდი, რომ ჩვენი ხუთ-საათიანი საუბრის სტენოგრამას მთლიანად გამოვაქვეყნებდი. სიტყვის არგატეხვა ქართული წესია. წესისა და კანონის დაცვა კი, დასავლური, მაშასადამე, ქართული მენტალობის ქვაკუთხედია. ამიტომაც, სტენოგრამა გრძელდება... მაშ ასე, 2003 წლის 22 ნოებერი, საღამო... შსს-ში კობა ნარჩემაშვილი, ქალაქის პოლიციის მაშინდელი შერიფი, ავთო ჯორბენაძე და ვალერი ხაბურძანია თათბირობენ:

- კობა ნარჩემაშვილი ამბობს, სპეცოპერაციის ჩატარებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღოსო, მაგრამ ვურჩევ, ეს შევარდნაძეს არც უთხრათ, რადგან სირცხვილი კი არა, შეურაცხყოფა იქნება-მეთქი. პოლიციის ქალაქის სამმართველოს უფროსიც, ლევან მაისურაძეც, რომელიც გაფითრებული იჯდა, მიხვდა, რომ სიგიჟეში შევდიოდით  და ხმა ამოიღო. ისე, კობას სპეცოპერაციაზე ბრძანებაც რომ გაეცა, შინაგანი ჯარი და გულუას ბატალიონი ამის გამკეთებლები აღარ იყვნენ... ერთი სიტყვით, თათბირი უშედეგოდ დამთავრდა და გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს პრეზიდენტს შევხვედროდით.

- შსს-დან შინ წახვედით და მშვიდად დაიძინეთ?

- საერთოდ არ მძინებია... ჩემს სამინისტროში წავედი.

- ცოლ-შვილი ქალაქიდან არ გახიზნეთ?

- არა. სხვათა შორის, ჩემი ცოლ-შვილი საქართველოს დასვენების მიზნითაც არ გასცილებია - დუბაიშიც კი არ გავუშვი, რომ ხალხს არაფერი ეთქვა და ქობულეთში ვახრჩობდი... გინდა, გითხრა, მინისტრის თანამდებობაზე სამსახური რომ დავიწყე, პირველი ოთხი-ხუთი თვე ვინ მეხმარებოდა და მინახავდა? - დოდიკა შარანგია.

- ეს შარანგიარავაყველას ინახავდა! ისე, ეს ის დოდიკა შარანგიაა, მიშასთან რომ მეგობრობდა?

- ჰო, ჰო... დოდიკა ჩემი მეგობარი იმდროიდანაა, როცა თანამდებობრივად ჯერ არაფერს წარმოვადგენდი...

- ბატონო ვალერი, ვერ ვიტყვი, რომ მეგობრების ნაკლებობას ვუჩივი და უმუშევარი მეც ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი შენახვის სურვილი არავის გასჩენია. ნუთუ, ასეთი უვარგისი ვარ?

- ხომ იცი, ჟურალისტები ინტრიგანები ხართ და ინტრიგანებთან ურთიერთობას ერიდებიან.

- გგონიათ, რომ ცუდ რამეს მეუბნებით? ინტრიგანი უნდა ვიყო, აბა, თქვენი ცოდვების შენდობაზე ხომ არ ვიზრუნებ?

- ჩემი და დოდიკას გზები ერთი კარგი კაცის, გია გოგოლაშვილის მეშვეობით გადაიკვეთა...

- დოდიკა სააკაშვილსვარდების რევოლუციისდროსაც აფინანსებდა?

- არა, მაგრამ სტუდენტობისას, სააკაშვილი დოდიკას ცოლის ძმებთან, ყარამანაშვილებთან ცხოვრობდა, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა “რუსთავი 2”-ის მფლობელია... დოდიკა მიშას, სიტუაციას და მეც თანამიგრძნობდა.

- ესე იგი, თქვენც მიშას უთანაგრძნობდით?

- არ ვუთანაგრძნობდი... ლაპარაკი რატომ გადაგყავს?

- მე კი არ გადამყავს, ერთი წამის წინ თავად თქვით, მიშას, ანუ სიტუაციას ვუთანაგრძნობდიო...

- ჩვენი შესაძლებლობები და ისიც ვიცოდი, რომ მყიფე კი არა, ლოიალური მიდგომით უფრო ბევრს მოვიგებდით...

- მოკლედ, გათენდა 23 ნოემბერი... ლავროვი უკვე თბილისშია?

- ლავროვს რა უნდოდა, კაცო, ივანოვი...

- პრინციპში, ერთი ეშმაკია, თან ამ რუსულ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ...

- ლავროვი სომეხია, ივანოვი - ნახევრად ქართველი და ამით დაიმახსოვრე...

- იცოდით, ივანოვი თბილისში ჩამოსვლას რომ აპირებდა?

- მე საიდან მეცოდინებოდა?

- ბატონო ვალერი, უშიშროების მინისტრი იყავით, უშიშროების!

- მოიცა, კაცო... რესტორანში იყო, კაცმა უთხრა, ადექი, თბილისში გადაფრინდიო და გადმოფრიდა.

- ვინ კაცმა, პუტინმა?

- ჰო...

- ის იცოდით, მიშამ და ოქრუაშვილმა ტელეფონით რა ილაპარაკეს და ივანოვის შესაძლო ვიზიტი არ უნდა გცოდნოდათ?

- ბიჭო, გადამრევ: საიდან უნდა მცოდნოდა, პუტინმა ივანოვს რესტორანში რა უთხრა...

- ფაქტია, იცით... პუტინმა თბილისში ჩამოფრენა მაინცდამაინც ივანოვს რატომ დაავალა?

- ნუ გადაგყავარ... იმიტომ დაავალა, რომ ნახევრად ქართველია და ახმეტაში სახლი ახლაც აქვს...

- ესე იგი, უშიშროების თადარიგის ოფიცერი, კოტე ფორჩხიძე ამტკიცებს, რომ მიშა რუსეთის პროექტია...

- იმით, როგორც მიშა მოიქცა, რუსეთის სასარგებლო შედეგები დადგა, თორემ მიშა და რუსეთის პროექტი ერთმანეთთან გამორიცხულია, თუმცა ჯერ რუსებთან მოსალაპარაკებლად წავიდა, მაგრამ ის რომ ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რადიკალურ კონფრონტაციაზე გადავიდა...

- სააკაშვილს რატომაპრავებთ”?

- რას ამბობ? რუსებს სულ ვეხვეწებოდი, კიევში რომ მსახურობდა, რამე დოკუმენტი არ გაქვთ, რომ “დავერბოვკებულია”-მეთქი, მაგრამ არ აქვთ. რომ ჰქონოდათ, გამოვაქვეყნებდი!

მოკლედ, მივდივართ კრწანისში... ივანოვი მოძრაობს და ვაჟა ლორთქიფანიძე დაჰყვება... წესით, პოლიტიკაში არ უნდა გავრეულიყავი, მაგრამ მაგათ ეგონათ, რომ მხოლოდ “შპიონების” მინისტრი ვიყავი... დილის თათბირზე მოიყვანეს ანზორ ბალუაშვილი და შევარდნაძემ თქვა, თედო ჯაფარიძე გადავაყენე, უშიშროების საბჭოს მდივანი ჯემალ გახოკიძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესეც გადავიფიქრე და უშიშროების საბჭოს მდივანი ანზორ ბალუაშვილი იქნებაო. დავიწყეთ ლაპარაკი, თუ რა უნდა ვქნათ. ამ დროს მოვიდა ლადო ჭანტურია და თქვა, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ვთვლი, არჩევნები გაყალბდა და, რა ვქნა, ძმაო, შედეგები უნდა გავაუქმოო. პრეზიდენტი გაბრაზდა. ლადომ არც ის დამალა, რომ მეორე მხარესთან შეხვედრას აპირებდა. შევარდნაძეს ვუთხარი, მეც გავყვები, რადგან ის კაცი ვარ, რომელსაც მელაპარაკებიან-მეთქი. დამთანხმდა... პარლამენტში ხალხი “ჩაინიკებითა” და იარაღით დარბის... აი, ის სიტუაციაა, საბჭოთა ფილმში, მგონი, “ლენინი ოქტომბერში” რომ არის... ნინო პრეზიდენტის მოვალეობის თვითგამოცხადებული შემსრულებელია... კიბეზე მიშა ჩამორბის, ორი ტელეფონი უჭირავს და გვეუბნება: ვალერი?! ვა, ლადო შენც მოხვედი?! ახლავე ამოვალ, ახლავე... “სი-ენ-ენი”, “ბი-ბი-სი”, “მი-მი-სი”, “ალ ჯაზირა” და რა ვიცი, ვინ აღარაა... ნინოსთან შევედით და ლადომ თქვა, შევარდნაძე წინააღმდეგია, მაგრამ არჩევნების შედეგებს ვაუქმებ, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს თქვენგანაც ვითხოვთ, ანუ არჩევნების შედეგები გაუქმდება, 6 თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ისინი, ვინც რაღაცებში არიან გარეულნი, თანამდებობებიდან მოიხსნებიან, მათ წინააღმდეგ შეიძლება, სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრას, არჩევნების დროს, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პლებისციტიც ჩატარდება და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მაშინვე დაინიშნება და შევარდნაძე ხელისუფლებიდან წავაო. საუბარში ზურაბ ჟვანია ჩაერთო (ხაბურძანია ცხონებული პრემიერის ხმით ამბობს - ..): ეს ვარიანტი, ალბათ, მისაღებია, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ნინო, ხომ ასეა? ნინო რადიკალურად იყო განწყობილი, მაგრამ ზურა არბილებდა ხოლმე. სხვათა შორის, იმ თათბირამდე, რომელზეც შევარდნაძემ სიტყვა არ მომცა, სულხან პაპაშვილმა შევარდნაძეს შეახვედრა და ჟვანიამ დაუჩოქა, ოღონდ არჩევნების შედეგები გააუქმეო.

- დაუჩოქა მხატვრული ნათქვამია?

- არა, სულხან პაპაშვილმა მითხრა, რომ რეალურად დაუჩოქა, მაგრამ შევარდნაძემ მიუგო, ვერ გავაუქმებო...

- რატომ უნდა გაეუქმებინა?

- სიტუაცია იყო ასეთი... ფული არ გვქონდა, ფული...

- არჩევნების შედეგების გაუქმება ფულს გააჩენდა?

- არა, კაცო, სიტუაცია განიმუხტებოდა...

მოკლედ, ნინოს კაბინეტში ეს გიჟი შემოვარდა, უჩემოდ ლაპარაკობთო. უცებ მეუბნება, ვალერი, მოდი, რა განახოო და ფანჯარასთან მიმიყვანა, გამოაღო და ხელი დაიქნია. უუუო, - იხუვლა ხალხმა. შევატყვე, რომ მომიტინგეების რაოდენობა უკვე 50 ათასამდეა.

- ხალხმა დაგინახათ, რომ ფანჯარასთან მიშასთან ერთად იდექით?

- არა. ხალხმა ის ნახა, რომ მე და ლადო პარლამენტში შევედით... აბა, როგორიაო, მკითხა მიშამ. მივუგე, ეგ არ ვიცი, როგორია, მაგრამ ჩვენი და თქვენი მდგომარეობაც უმძიმესია-მეთქი. ყველაფერი კარგად იქნებაო... მოსაფიქრებლად ერთი საათი ითხოვეს... მე და ლადო უზენაეს სასამართლოში წავედით. ქალაქი დაცლილია... ლადომ დაცვის წევრი გაუშვა და საიდანღაც ცივი ხაჭაპური მოგვიტანა... ივანოვი კი, ვაჟა ლორთქიფანიძესთან ერთად “დატრაშუნობს”...

- ის, რომ ივანოვი თბილისში პუტინმა გამოაგზავნა, თავად პუტინმა გითხრათ?

- არა, შიდა წრეებში გავიგე...

- ისე, რევოლუციის დღეებში, რუსეთს კოტე კემულარია სტუმრობდა. მერე, ივანოვი ჩამოვიდა, მერე, თქვენ დაინიშნეთ გენპროკურორის მოადგილედ. ამდენი დამთხვევა?

- კოტე კემულარია მოსკოვში გარკვეული მხარდაჭერის მისაღებად იყო ჩასული. იგორ გიორგაძემ კი სააკაშვილს მხარი, როგორც ვიცი, იმიტომ დაუჭირა, რომ მისი მტრის მტერი იყო... საერთოდ, ყველაფერს ერთმანეთს ნუ აბამთ... ასეთი დამთხვევები არაფერს ნიშნავს...

- თქვენი გადასახედიდან, ისიც არაფერს ნიშნავს, სააკაშვილის ხელისუფლებაში რომ მუშაობდით... მოკლედ, თქვენ და ლადო ჭანტურიამ ცივი ხაჭაპური მიირთვით...

- შენ რა გენაღვლება, ცივი ხაჭაპურით ჩემი კუჭი გაფუჭდა...

- კუჭს ცხელი ხაჭაპურიც აფუჭებს. ასე რომ, არ მიეძალოთ...

- მოკლედ, მე და ლადო პასუხის გასაგებად პარლამენტში წავედით, იგივე სცენა: მიშა კიბეზე ჩამოდის, ოღონდ - ახლა ოთხი ტელეფონი უჭირავს და მეუბნება: იცი, ვალერი, შენი სამინისტროს სპეცრაზმი ჩემსკენ გადმოვიდაო. შენსკენ რას ჰქვია-მეთქი. მომიტინგეებისკენო. ჯერ ერთი, სპეცრაზმი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს ექვემდებარებოდა და ჩემთან ფორმალურად იყო. მეგონა, რომ შვიდკაციანი ჯგუფი, აფხაზეთში ნაბრძოლი ბიჭები გადავიდნენ, მაგრამ ისინიც ადგილზე იყვნენ... ამ დროს მიტინგიდან ხმა გავიგე, სიტყვა გულუას ბატალიონის ამა და ამ ოფიცერს ეძლევაო. მაშინვე კობას დავურეკე, გულუას ბატალიონის ბიჭები მიტინგზე არიან-მეთქი... ამასობაში, ნინოს კაბინეტში შევედით და ზურამ მითხრა, სიტუაცია შეიცვალა - შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა ჩვენს მხარეს გადმოდიან, ამ სიტუაციას ვეღარ დავთმობთ და ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომააო. ლადო გათეთრდა, გაყვითლდა, გამწვანდა, ამ პასუხით შევარდნაძესთან ვერ მივალო, თავი დაადო და თავის კაბინეტში წავიდა... საწყალმა, მანქანა გამოვიძახე და კრწანისის რეზიდენციაში წავედი, სადაც ივანოვი დამხვდა... ივანოვი რომ გააცილა, შევარდნაძეს ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ასეთი სიტუაციაა, თქვენს გადადგომას ითხოვენ-მეთქი. გაიცინა, მანამდე არ აუდგათ გვერდები. ივანოვი ახლა ასლან აბაშიძესთან მიდისო. მივუგე, არ ვიცი, ივანოვი აბაშიძესთან რისთვის მიდის, მაგრამ ხალხი აქეთ აპირებს წამოსვლას-მეთქი... მოკლედ, ჟვანიას დავურეკე, ხალხი რომ წამოვიდეს, შეიძლება, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს, თქვენი პასუხი მოგვიტანე და ჩვენც დრო გვჭირდება-მეთქი. ვალერი, ხალხი ვეღარ გავაჩერე, წამოვიდა და მე და სააკაშვილი უკან მივყვებითო, მითხრა ჟვანიამ. როგორც მერე გავიგე, ეშინოდათ, რომ დავაპატიმრებდით და ნინო ამიტომ არ წამოიყვანეს...

ოთახში შევარდნაძე, მე, ბალუაშვილი, ირაკლი ალასანია და კობა ვიყავით. შევარდაძემ თქვა, ზედმეტი ხალხი გავიდესო... ალასანია მიხვდა და გავიდა...

მცირე არალირიკული გადახვევა

 

შეიძლება, გაბრაზდეს და არაობიექტურობაც დამწამოს, მაგრამ აქ ვალერი ხაბურძანიამ ერთი ფრაზა თქვა, რომელიც, თურმე, შევარდნაძემ უთხრა, მაგრამ ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი გარდაცვლილია და, შესაბამისად, ვერ გადავამოწმებ, ამიტომაც, არცთუ ეთიკურ ფრაზას არ ვაქვეყნებ... მოკლედ, გენერლის ვერსიით, კრწანისის რეზიდენციაში მოვლენები ასე განვითარდა: ედუარდ შევარდნაძე, ავთო ჯორბენაძის თანხლებით, ბუხრიან ოთახში ჟვანია-სააკაშვილთან შესახვედრად გავიდა, თუმცა ყასიდადაც არ უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა... ხაბურძანია ნარჩემაშვილსა და პაპაშვილს ეუბნება, პრეზიდენტი გადადგება და ასე დაგვტოვებსო. თანამოსაუბრეები ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრს ეკითხებიან, რა იცი, მოსკოვიდან დაგირეკესო...

- ესე იგი, ბატონო ვალერი, ნარჩემაშვილ-პაპაშვილიც ეჭვობდნენ, რომ ურთიერთობა რუსებთან გქონდათ, არა?

- რას ჰქვია, ეჭვობდნენ? რუსებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და პანკისის პრობლემაც სწორედ ამიტომ გადაწყდა.

- პანკისის პრობლემის მოგვარება ირაკლი ალასანიასთან ასოცირდება!

- ეს ბიჭი რატომ იწებებს?

- ამ ბიჭს არასოდეს უთქვამს, პანკისი ჩემი დამსახურებააო, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის!

- თვითონ არ უნდა თქვას, იქ ვალერიც იყოო? თვითონ ამერიკელების ობიექტებზე იყო, რუსეთის ობიექტებზე კი ვინ მუშაობდა? თუ ეგ იყო ტყეში, მე არ ვიყავი? სხვა მინისტრები წინანდლის რეზიდენციაში ცხოვრობდნენ, მე კი, - გაციებულ კოტეჯებში. კაცმა ყველაფერი უნდა თქვა - ჩემი მინისტრობის ძირითადი ნაწილი პანკისში მაქვს გატარებული.

- თუკი ასეთიკაი ტიპიხართ, ვერ გავიგე, ამ რუსებთან რაღა გინდათ?!

- უიმე, შენ რუსების ამბავიც არ იცი?!

- ძალიანაც კარგად ვიცი...

- კობამ თქვა, თუ ასე წავიდა საქმე და პრეზიდენტი გადადგა, ამათთან დამრჩენი არ ვარო. მივუგე, კობა, შენ ტლინკებს ნუ აყრი-დაყრი, როგორც ვატყობ, მოვლენები კონსტიტუციურად განვითარდება, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბურჯანაძე იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ხელისუფლება ხელში არ მივცეთ. რას ჰქვია, წახვალ, უნდა დარჩე და პროცესების მიშვება არ შეიძლება-მეთქი. არაო, ძმაო, მაგათთან არ ვიქნებიო. შენი საქმისა შენი იცი, მაგრამ სამინისტრო გასაწმენდი მაქვს და თუ არ გავწმენდ, დამიჭერენ-მეთქი.

- სამინისტროში ასეთს რას ინახავდით, რომ დაჭერის გეშინოდათ?

- კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ე.წ. მეხუთე ხაზით მაინც ვმუშაობდი, პარტიებზე დოკუმენტები მქონდა და სულელი ხომ არ ვიყავი...

- პარტიის ლიდერებზე ინტიმური კომპრომატები გქონდათ?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამნაირ რაღაცებზე არ მივდიოდი, მაგრამ სადღაც ჩანერგილ-ჩამონერგილი აგენტურის შეტყობინებები მქონდა. სასწაული არაფერი მქონია. ისე, სასწაული არც “ნაციონალებს” ჰქონდათ. კაცს თუ, ბოდიში და, თავისი ერთი ადგილის მიცემა უნდა, მისცემს...

მოკლედ, კარი გაიღო, გაფითრებული სააკაშვილი გამოვარდა. მერე შევარდნაძე და ავთო ჯორბენაძეც გამოვიდნენ. ჟვანია არ ჩანს. დამაინტერესა, ჟვანიას რა უქნეს-მეთქი და ოთახში შევიხედე: ზურა ბუხართან იდგა და მხრები უთრთოდა. მივუახლოვდი, შემოვატრიალე და... ტირის. ზურა, რა გატირებს-მეთქი. ვაიმე, ბატონმა ედუარდმა ქალბატონ ნანულიზე ისეთი რამეები თქვა, რომ თავი ვერ შევიკავეო. საკითხზე რა გადაწყვიტეთ-მეთქი, ისევ დავინტერესდი. შევარდნაძე გადადგაო. შემოვტრიალდი და გამოვიქეცი. დავინახე: შევარდნაძე კიბეზე ჩადის. მომესმა, სახლში მივდივარო... პრეზიდენტი ბოლოს ყველაზე მეტად მე მენდობოდა, მაგრამ გადადგომას რომ აპირებდა, არ მითხრა...

- თუკი გენდობოდათ, გეტყოდათ, რომ გადადგომას გეგმავდა...

- წმინდა მორალურად, ბუხრიან ოთახში შესვლამდე უნდა ეთქვა, უნდა გადავდგეო...

- შევარდნაძემ ზუსტად იცოდა, რა, როდის და როგორ გაეკეთებინა და პოლიტიკის მეფე ამიტომაც იყო!.. ასე და ამგვარად, ბურჯანაძეს ბედმა გაუღიმა და 45-დღიანი პრეზიდენტი გახდა. მერე?

- სამინისტროში წავედი... კოლეგიაც იქაა... “ვე-ჩე”-მ დარეკა, ერთ საათში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან თათბირი იქნება და გამოცხადდიო. ღამის 12 საათია... ნინო ბურჯანაძის კაბინეტში, მაგიდასთან ირაკლი ალასანია ზის. ვკითხე, აქ რა გინდა-მეთქი. ნინომ და ჟვანიამ დამიძახესო. სახე წამეშალა...

- სახე რამ წაგიშალათ?

- აბა, სასიამოვნოა, როცა მინისტრების თათბირია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შენს პირველ მოადგილეს შენზე პირველად ეძახის?

- ანუ, ჩათვალეთ, რომ გაგიშვეს და სკამის დაკარგვა განიცადეთ!

- ჰო, სკამიც მიყვარს, მერე, რა გინდა?! როცა ამდენი სისხლი და ოფლი გაქვს დაღვრილი, ხომ შეიძლება, სკამი უზრდელურად არ წაგართვან?!

- არ წაურთმევიათ!

- ოო, შენ გგონია... მიმიყვანე მაქამდე! უზნაძე უდიდესი მეცნიერი იყო, “განწყობის თეორიით” მსოფლიო გადაატრიალა და შენც უკვე განწყობა გაქვს...

- ბატონო ვალერი, განწყობა კი არ მაქვს, უბრალოდ, გეკამათებით!

- რაც ვილაპარაკე, ყველა ფსიქოლოგიური კატეგორიით, თუ ადამიანზე რაღაც ზეგავლენის მოხდენა შემიძლია, ჩემს მიმართ ცოტა დადებითად უნდა განეწყო, მაგრამ...

- ესე იგი, კარგი ოპერატიული მუშაკი არ ხართ!

- შენ ხარ მძიმედ “დასავერბოვკებელი” კაცი და, ალბათ, ამიტომაც ვერ “დაგავერბოვკეს”.

- უშიშროების გენერალი ამას რომ აღიარებს, მაშასადამე, უნდა შევიფერო!

- ჯერ წინაა ყველაფერი, ვნახოთ, ჩვენი ურთიერთობა როგორ წავა...

მოკლედ, მოვიდნენ მინისტრები, ჰაი-ჰუი... თედო ჯაფარიძეც იქ არის...

- ბატონო ვალერი, მგონი, რაღაცები აგერიათ: ამ თათბირის ვიდეოკადრებში ალასანია არ ჩანს...

- მთლად იმდენი ვერ იკადრა, რომ ჩემს ადგილას დამჯდარიყო და ცოტა მოშორებით დაჯდა... სხვათა შორის, საჯაიასთან მუშაობა რომ დავიწყე, თათბირზე, კუთხეში დავჯექი. ყველა გაკვირვებული მიყურებდა. სულხანმა მითხრა, აქ ნუ ჯდები, შენს ადგილას უნდა დაჯდე, აქ ასეთი წესიაო. ჩინოვნიკურ აპარატში დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ზიხარ... ვანიჩკა, თუ ჩემთან ურთიერთობა გექნება, მიხვდები, ისეთი კაცი არ ვარ, როგორსაც ხატავთ... თავისუფალი კაცი ვარ!.. აი, ევროპულად დავდივარ!

მცირე ლირიკული გადახვევა

 

ვინტერესდები, მხარზე გადაკიდებულ ევროპულ აბგაში რა უდევს. გენერალი ჩამოთვლას იწყებს: მეორე სათვალე, პირადი ჰიგიენის ნივთები, წამლები... შევიცხადე, ვაიმე, წამლებს სვამთ-მეთქი?! თუ ადამიანი 40 წლის მერე წამლებს არ სვამს, მოკვდებაო, - ამბობს უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომელსაცვუმხელ”, ყავას თუ არ დავლევ, გავითიშები და ჩემიდავერბოვკებისშანსი მოგეცემათ-მეთქი... ოფიციანტისუფრას ანახლებს”. ხაბურძანია თხრობას აგრძელებს:

- თათბირზე კობა ნარჩემაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე მოვიდა.

- ზურა ჩხაიძე?

- არა. ჩხაიძე გაშვებული ჰყავდა და კობამ მაგის გამო ჩვენი ბერეზოვსკი, საწყალი ბადრი გადაიმტერა...

- კობა რატომ არ მოვიდა?

- აი, საქმეც მაგაშია. თუ კობა ამას უარყოფს, მზად ვარ, საჯაროდ ვუთხრა, რომ იტყუება... ჯერ ვერაფერს ვხვდები და მგონია, კობა იმიტომ არ მოვიდა, რომ ნინოს თავს არ უყადრებს. არც ჯორბენაძე და მენაღარიშვილი მოვიდნენ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ გადადგნენ... ნინოს ვეკითხები, ირაკლი აქ რატომაა-მეთქი. მე დავუძახეო.

- წესით, ირაკლი ალასანიაზე კი არა, ნინოზე უნდა გაბრაზებულიყავით...

- კარგი, რა?! ჯერ მოქმედი მინისტრი ვარ, თან მაშინ ითვლებოდა, რომ მეგობრები ვიყავით... შენ რას იზამდი?

- თუ დამიძახებდნენ, წავიდოდი!

- ნინოს ვუთხარი, დავრჩები და დავილაპარაკოთ-მეთქი. ალასანიას არაფერი დაავალა... თათბირის მერე ნინოს ვუთხარი, მინისტრობიდან გადადგომას არ ვაპირებ და თუკი ჩვენი ურთიერთობა ასე წავა, ბევრს ვერაფერს მოიგებ-მეთქი... კონსტიტუციურად, 45 დღე გარანტირებული მინისტრი ვარ... იმ თათბირზე გამოაცხადეს, რომ ზურა ჟვანია სახელმწიფო, თედო ჯაფარიძე კი, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა... მხოლოდ მე კი არა, ახალ ხელისუფლებაში უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი მოადგილე და გენპროკურორიც, მთავარი მესაზღვრეც და არა მარტო, დარჩნენ.

- იმ განსხვავებით, რომვარდოსნებთანმთელი წელი გაატარეთ!

- ერთი წელი კი არა, ოთხი თვე! სხვებმა ჩემზე ბევრად მეტი.

- ყველა პასუხს თავის საქციელზე აგებს!

- იმას გიხსნი, რატომაც დავრჩი. შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმ საზიზღრობას თუ გამოივლი, რასაც ხელისუფლება ჰქვია, მიხვდები, რატომაც დავრჩი.

- კულუარებში ამბობენ, რომ სააკაშვილს თქვენი შენახვა პატრუშევმა სთხოვა...

- მიშამ თქვა, პუტინმა მთხოვაო და შენ ასე რატომ მამცირებ?

- პუტინმა მართლა სთხოვა?

- ნუ ჩქარობ, მაქამდეც მივალ...

ისევ მცირე არალირიკული გადახვევა

 

საუბრისას გავარკვიე, რომ ხაბურძანიამ უშიშროებაში, კერძოდ, საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსის მრჩევლად მუშაობა დავით მუმლაძის რეკომენდაციით დაიწყო. ეს ის დავით მუმლაძეა, რომლის ინიციატივითაც რევოლუციონერები ვარდებითშეიარაღდნენ”. ხაბურძანია იმასაც ამაყად მეუბნება, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და თინა ხიდაშელის კურსს სემინარებს უტარებდა...

ვალერი ხაბურძანია: - ...კაბინეტში ვზივარ... ვიცი, რომ შევარდნაძე აღარ დარეკავს... პატრონი აღარ მყავს...

- პატრუშევი ხომ გყავდათ?

- მოიცა, რა?! ცუდად ნუ ხუმრობ!.. ვიცი, რომ 45 დღეში მომხსნიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სამეულს უნდა დავაკვირდე. უცებ, ტელეფონი რეკავს, ჟვანიაა. მეკითხება, ვალერი, ის შენი ძმაკაცი რატომ არ გადადგაო. ვინ ჩემი ძმაკაცი-მეთქი. ნარჩემაშვილიო. გავვოცდი, ზურა, მე რატომ მეკითხები, დაურეკე და ჰკითხე-მეთქი. ზურა მპასუხობს, მაგას გადადგომა არ უნდა, მაგრამ დაურეკე და უთხარი, “კმარა” მიადგება და შუბლზე მიაწერს, გადადექიო. ეს არ მესიამოვნა. კობას დავურეკე და ვკითხე, ვინმემ გადადგომაზე დაგირეკა-მეთქი. რატომ უნდა გადავდგე, 45 დღე კონსტიტუციით მაქვს, თან ხომ გახსოვს, მე, შენ და სულხანი ერთ კაცს რომ შევხვდით და ხელშეუხებლობის გარანტია მომცესო...

- ვის შეხვდით?

- ამას არ ვიტყვი, თუ უნდა, თვითონ თქვას!

- როდის შეხვდით?

- სიტუაცია უკვე არეული იყო... კობამ სასწრაფოდ მწერლებს, სხვა საზოგადო მოღვაწეებს დაურეკა და “პირველმა არხმა” მათი განცხადება გადმოსცა, მოვითხოვთ, კობა ნარჩემაშვილი შს მინისტრად დარჩესო. ეს განცხადება არ გახსოვთ?

- ნწ...

- აბა, ყველაფერი მხოლოდ ჩემი გახსოვთ?! ჰოდა, შსს-ში “ინტელიგენცია” შეიკრიბა, მაგრამ ჟვანიამ ერთი ამბავი ატეხა და კობა აიძულეს, რომ გადამდგარიყო. ეს “ვარდების რევოლუცია” კი არა, “ვარდების აბდიკაცია” იყო, ანუ შევარდნაძე აიძულეს გადამდგარიყო... ეს ვირიშვილები, მილიონები და მილიარდები აქვთ წაღებული და წივიან, ხელისუფლება უსისხლოდ გადაგაბარეთო და ახლა, ვანიჩკა, ჩემზე არ თქვა, კორუმპირებულიაო. თავს დავდებ, რომ კორუმპირებული არ ვარ!

- ბიუჯეტიდან ერთი ლარის მითვისებაც კორუფციაა!

- სად იყო ბიუჯეტი და ნემსის ქურდი ქურდი არ არის!

- გეგონოთ!..

- ხალხს ჰგონია, რომ მოსკოვში სულ პუტინთან დავდივარ...

- პატრუშევთან ხომ დადიხართ?

- ორი წელია, არც პატრუშევს შევხვედრივარ! რაზე უნდა შევაწუხო? რუსეთში ასე არ ხდება, როგორც გგონიათ. რუსეთი დიდი ჩინოვნიკური ქვეყანაა...

ისევ მცირე არალირიკული გადახვევა

 

მთისაც ვთქვით და ბარისაც. ხაბურძანიამ ისიც აღიარა, რომქართული სიტყვაარაკორუმპირებული გაზეთია, მე კი, იმ ხალხის რიცხვში ვარ, ვისაც რუსეთი არ აფინანსებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინ, როცა უშიშროების მინისტრი გახდა, რუსების არ იყო. ამ საუბარ-საუბარშიშემომაპარა”, საქმეში შენნაირი კაცი მჭირდებაო. მაშასადამე, კვანძი გახსნილია: უშიშროების თადარიგის ოფიცრის, კონსტანტინე ფორჩხიძის ინტერვიუების ციკლს უშიშროების ყოფილი მინისტრი იმიტომ გამოეხმაურა, რომქართულ სიტყვასთანკავშირი დაემყარებინა, თუმცა ხუთსაათიანი საუბარი უშედეგოდ დასრულდა - აღნიშნ-აღიარა, რომ ჩემიდავერბოვკებაძნელია!.. რამდენიმეტიპზეჩემი ვარაუდი გამოვთქვი, წაირუსაპეტებს-მეთქი. ხაბურძანიამ - არც აცია, არც აცხელა - მომახალა, ამდენი რუსეთუმე რომ ვიყოთ, ამ ქვეყანას დასაღუპად კი არ მოგცემდითო. გავიფიქრე, აშკარად უფალი გვმფარველობს, რუსაპეტები თითზე ჩამოსათვლელები რომ არიან-მეთქი... 

ვალერი ხაბურძანია: - მოკლედ, კობა ნარჩემაშვილი კი არ გადადგა, აბდიკაცია გაუკეთეს, თორემ კაცს გადადგომა არ უნდოდა, რადგან მიხვდა, ამ პროცესებს მის მიმართ რაც შეიძლება, მოჰყოლოდა. სხვათა შორის, ჩვენივე კოლეგამ, ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელმა “ჩაუშვა”.

- დაჭერას გულისხმობთ?

- არა, კაცო. მიშამ შევარდნაძის მეუღლის გასვენებაში დაინახა და თქვა, ეს კიდევ გარეთ დადის, დაიჭირეთო.

- ეგეც ხომ კაცური მომენტია, რომ იცოდა, დაიჭერდნენ, მაგრამ გასვენებაში მაინც მივიდა!

- მეც მივედი...

- თქვენ არავინ გდევნიდათ!

- კობას ვინ დევნიდა. ვინ გითხრა, რომ სადმე გაიქცა?

ამასობაში, მიკა გოგიაშვილი მოვიდა და მკითხა, მგონი, მხსნიან და ხომ არ იცი, რას მერჩიანო. მივუგე, მიკა, აშშ-ში შენ სწავლობდი, მუშაობდი და მე რა ვიცი, რატომ გხსნიან, თან მეც საბრძოლი მაქვს, რომ დავრჩე-მეთქი. ბრძანება მაქვს გაცემული, რომ სამინისტროში ყველაფერი გასუფთავდეს. ისე, სიმართლე რომ გითხრა, პოლიტიკური ხაზით ჩემი დანაყოფის მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი - აგენტურა არ გვყავდა. აგენტის ოპერატიული ხარჯი 30 ლარი იყო და 30 ლარად პოლიტიკურ ინფორმაციას ვინ მოგვიტანდა? ხომ გითხარი, პანკისში, ამერიკელები, რომლებიც ვინმე აბუ ატიაში, “ალ ქაიდას” ნომერ მესამე ტერორისტად რომ ითვლებოდა და მიმტკიცებდნენ, პანკისშიაო, მილიონ დოლარს იხდიდნენ, მაგრამ ეს კაცი, მგონი, მითიური ფიგურა იყო...

გავიდა დრო და “მოქკავშირის” გენერალური მდივანი, ზურაბიშვილი მოვიდა, რომელიც ახლა, მგონი, სადღაც ელჩია და მთხოვა, ვალერი, ამათთან ახლოს ხარ და საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გადამიყვანენო? გავვოცდი, შენ ნორმალური ხარ? “მოქკავშირის” გენერალური მდივანი იყავი და ამათ რამე რომ ვთხოვო, ჩათვლიან, რომ ჩემი აგენტი ხარ-მეთქი.

- თუკი მიშას თანამზრახველი არ იყავით, “ვარდოსნებთან” “საქმის ჩაწყობასყველა რატომ გთხოვდათ?

- ეს გარეგნული იმიჯი იყო და ამას ვირგებდი, რადგან ჩემი ჭკუით, ამით თავს გადავირჩენდი, თან მინდოდა, რომ რაღაც პროცესები მემართა.

- არ გეშინოდათ, რომ დაგიჭერდნენ?

- მეშინოდა და ჩემს დასაჭერად ყველაფერი მზად იყო.

- რატომ არ დაგიჭირეს?

- გავასწარი... საზღვარზე რომ გადმოვდიოდი, ორჯერ გამჩხრიკეს - პრაქტიკულად, გამაშიშვლეს...

- ბოლოს და ბოლოს, მეტყვით, “ვარდოსნებმამთავარი პროკურორის მოადგილედ რა დამსახურებისთვის დაგნიშნეს?

- გიხსნი: ყველა “ჩალიჩობს”, რომ დარჩეს... ისე, შევარდნაძეს გარანტიები უნდა მოეთხოვა.

- რა გარანტიები?

- უნდა ეთქვა, ბიჭებო, კი ბატონო, ეს ხალხი სამსახურებიდან გაუშვით, მაგრამ არ დაიჭიროთო.

- გაიძახით, სააკაშვილი გიჟიაო და ცხონებულ პრეზიდენტს გიჟისგან რა გარანტია უნდა მოეთხოვა?

- მე რომ ვყოფილიყავი, ამ გარანტიას წერილობით მოვითხოვდი.

- შევარდნაძე, ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ მის მინისტრებს უმნიშვნელო კანონდარღვევაც არ ჰქონდათ და ხელშეუხებლობის გარანტია, შესაძლოა, ამიტომაც არ მოითხოვა!

- კარგი, რა?!

ასე და ამგვარად, ვალერი ხაბურძანიას გარშემო შავი ღრუბლები იკვრება და, როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე ჟვანია-ბურჯანაძისგან ელოდება. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი მგზნებარე რევოლუციონერი, ირაკლი ოქრუაშვილი ხვდება და... რაზე ილაპარაკეს ხაბურძანია-ოქრუაშვილმა? - ამას ნაახალწლევს, “ქართული სიტყვისიმ ნომრიდან გაიგებთ, რომელიც 2015 წლის 7 იანვარს გამოვა. ისე, შობა დღეს პოლიტიკურ ინტრიგებზე ლაპარაკი, ალბათ, მკრეხელობაა, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა, ისტორია, რომელსაც უშიშროების ყოფილი მინისტრი, ალბათ, საკუთარი ინტერპრეტაციით ჰყვება... “ქართული სიტყვამზადაა, ყველა იმ პერსონასაც მოუსმინოს, რომელსაც ხაბურძანია ახსენებს და რომელიც იგივე ამბავს სხვა რაკურსით შემოგვთავაზებს. იმას კი, ამ ამბავში რა ტყუილია და რა - მართალი, ცხადია, მკითხველი თავად განსჯის.

ასე რომ, ჩვენი ევროპული ოცნებების ახდენის წელი დგება!

2015- გილოცავთ!

P.S. ლირიკულ და არალირიკულ გადახვევებში ბევრი პასაჟია, რაც ჩემგან პასუხს, მინიმუმ, დაზუსტებას მოითხოვს და სტენოგრამის დასრულების შემდეგ, შეპასუხების მცირე საშუალებას ვითხოვო, მომწერა ვალერი ხაბურძანიამ. ასე  ჩვენი პოლემიკა შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამმცირე გამონაკლისსდავუშვებ...