ტელეჟურნალისტების ცნობილი ცოლქმრული წყვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინო ხაჟომია, უკვე 2 თვეა ცალ–ცალკე ცხოვრობენ. ამ ფაქტს ისინი სხვადასხვაგვად ხსნიან, აკაკი ამბობს, დაშორება გადავწყვიტეთო, ნინო კი ამბობს, ახლა გამოცდის პერიოდი გვაქვს, ვსინჯავთ, შეგვიძლია თუ არა ერთმანეთის გარეშე ყოფნა და, თუ ჩვენი გრძნობა ძლიერია, მომავალში ისევ ერთად ვიქნებითო.
მათი სამსახურებრივი გზებიც გაიყო. არადა ისინი ყოველთვის სტაბილურ, მტკიცედ შეკავშირებულ წყვილად ითვლებოდნენ. საქმეც საერთო ჰქონდათ, პატარა გუნდივით იყვნენ. 11 წლის წინ შეუღლდნენ. აკაკი "კურიერში" ჟურნალისტად მუშაობდა, როცა ვაშინგტონში ნატო–ს სამიტზე გაემგზავრა. იქ შემთხვევით გაიცნო სასწავლებლად წასული ნინო და საქართველოში, "რუსთავი 2"–ში სამუშაოდ მიიპატიჟა. ამერიკიდან დაბრუნებულმა ნინომ მართლაც მიაკითხა ნაცნობ ჟურნალისტს და სამსახური ასე იშოვა. აკაკი მაშინ გადაცემა "60 წუთის" გაკეთებას იწყებდა.
"არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს იყო ადამიანი, რომელთანაც მინდოდა, დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. ნინოს სურვილი ჰქონდა, რომ ერთად გვეცხოვრა, თუნდაც გერლფრენდ–ბოიფრენდის ფორმატში. თავიდან ერთი თვე ასე ვიყავით. არც ჩემმა და არც ნინოს ოჯახმა იცოდა ეს. დედამისი ეჭვობდა, რომ რაღაც ხდებოდა. როდესაც ნაქირავებში უნდა გადავსულიყავით და სახლში თავისი ნივთების წამოსაღებად მივიდა, ნინოს არ უშვებდა. ამიტომ იძულებული გახდა, დედა აივანზე ჩაეკეტა და ისე წამოსულიყო", – იგონებდა წლების შემდეგ აკაკი გოგიჩაიშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში.
გერლფრენდ–ბოიფრენდობით დაწყებული სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მათი მყარი ოჯახის ბევრს შეშურდებოდა. გადაცემა "ბიზნესკურიერს" ერთად ქმნიდნენ და შვილს, საბას ზრდიდნენ, რომელიც უკვე 8 წლისაა. უნდოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ და მზად იყვნენ ბავშვის აყვანაზეც კი.
ახლა ნინო ხაჟომია უკვე სხვა ტელეკომპანიაში მუშაობს. "სარკეს" იგი თავის ამჟამინდელ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე ესაუბრება:
– მე და აკაკიმ ვიფიქრეთ, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად. ჩვენი თერთმეტწლიანი თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, 22 წელი გამოვიდა. სტანდარტულ ოჯახში ქმარი დილით მიდის სამსახურში, ცოლი რჩება სახლში ან პირიქით, ორივე მიდის სამსახურში და საღამოს ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ კი მუდმივად, 24 საათი ერთად ვიყავით. მივდიოდით და მოვდიოდით ერთად. დაახლოებით ორი თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკ–ცალკე გვემუშავა.
ანუ ჯერ როგორც კოლეგები დაშორდით ერთმანეთს და მერე – როგორც ცოლ–ქმარი?
– გაშორებას რას ეძახით? არ გავშორებულვართ, ღვთისა და კანონის წინაშე ოფიციალური ცოლ–ქმარი ვართ. უბრალოდ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ცხოვრების ამ ეტაპზე ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალ–ცალკე გვეცხოვრა და მოგვესინჯა, როგორც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება, ისე მუშაობა. თუ ჩვენი გრძნობა ძლიერია, რა თქმა უნდა, მომავალშიც ერთად ვიქნებით. 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, ისევე როგორც დანას, გრძნობასაც სჭირდება გალესვა. მუდმივად ერთად ცხოვრებით იმდენად ერთი ადამიანი გავხდით, რომ... მერე აღმოვაჩინე, რომ საკუთარ ქმარს აღარ ვეპრანჭებოდი, ისიც აღარ მეპრანჭებოდა. ჩვენი ურთიერთობა გადავიდა სხვა სტადიაში, რომელიც არც ერთს გვინდოდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოდი, დავალაგოთ ურთიერთობა ისე, რომ ოჯახი იყოს თბილი და ლამაზი. ვთვლი, რომ ცოლქმრული ცხოვრება ორივესთვის სიამოვნება უნდა იყოს. უღელის გაწევა ძნელია და ამ უღელს თან უნდა ახლდეს კარგი მომენტები, მაგალითად, ხვნის მერე ამოსული მოსავლის გემრიელად მირთმევა. როცა შეგვეძლება და მივალთ იმ მომენტამდე, რომ ვიყოთ ერთად და გვქონდეს სიყვარული...
ახლა რას გრძნობთ აკაკის მიმართ?
– ახლა აკაკი ძალიან მენატრება და ეს კარგია. კარგია, რომ ის კაცი გენატრება, ვინც 11 წელი შენთან ერთად იცხოვრა. როცა აღმოაჩენ, რომ უცბათ გვერდით აღარ გყავს, გულში ძალიან დიდი ღრმული ჩნდება. მუდმივად ერთად არ უნდა ვყოფილიყავით. დედაშვილობის გარდა, ნებისმიერი გრძნობა ხუნდება. ჩვენ ბევრად გულახდილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე ცოლ–ქმარს უნდა ჰქონდეს და ამ გადაწყვეტილებამდე ამიტომ მივედით.
ბოლოს დაძაბული ურთიერთობა გქონდათ?
– ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ სიტუაცია არ დაძაბულიყო და ურთიერთობა არ გახუნებულიყო. გარკვეული პერიოდით ცალ–ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. თუ ეს პერიოდი ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ... ჩვენ გვაკავშირებს საერთო შვილი, რომელსაც ვერავინ გაუწევს აკაკიზე კარგ მამობას და ჩემზე კარგ დედობას.
ამ სიტუაციაში ბავშვი როგორ გაიყავით?
– ახლა ბავშვს ორივე უფრო მეტ დროს ვუთმობთ. მუშაობას ძალიან გვიან ვამთავრებ. საღამოს 9–10 საათზე მივდივარ სახლში და ძიძასთან თუ ბებიასთან დატოვებას ვამჯობინებ, ბავშვი მამასთან იყოს. როცა მე მცალია, ბავშვი ჩემთანაა. მთავარია, ჯანსაღად აღვზარდოთ. ახლა ბავშვს ორივე ჩვენგანი უფრო დიდი დოზით ჰყავს. სულ იმას ვცდილობთ, მასთან ვიყოთ. როცა ცოლ–ქმარი ერთმანეთს ტაფებს ურტყამენ თავში და მხოლოდ იმიტომ არიან ერთად, რომ საზოგადოების ჩარჩოში მოექცნენ და მორალი არ დაარღვიონ, მეზობელმა თუ ნათესავმა რაღაც არ თქვას, ერთად არ უნდა იცხოვრონ.
ზოგადად როგორ ხასიათზე ხართ?
– პოზიტიური განწყობა მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი იმისთვის ხდება, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლა აღმოვაჩინე, რომ 11 წლის განმავლობაში აკაკისთვის არასოდეს დამირეკავს და არ მიკითხავს, სად იყო. ერთად ვისვენებდით, ერთად დავდიოდით ვახშამზე და ა.შ.
ვინმე მესამე ხომ არ ჩადგა თქვენ შორის?
– ასეთი რამ რომ ყოფილიყო, გავეყრებოდით და ყველაფერს წერტილს დავუსვამდით.
როგორი მეუღლეა აკაკი?
– აკაკი დიდებული ადამიანია. როცა ჩვენ შორის რაიმე კონფლიქტი ხდებოდა, ყველაფრის ინიციატორი მე ვიყავი. სახლს რომ ვაშენებდით, ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე. აკაკი აშენებულ სახლში მივიდა და თქვა, ამ აკვარიუმში ვერ ვიცხოვრებო. თავში შემოვირტყი ხელები და რადგან ერთად უნდა გვეცხოვრა, კონსენსუსამდე მივედით. ამოვაშენეთ რაღაცეები და ბედნიერად ვცხოვრობდით. ის სახლი ახლა დაკეტილია, რადგან მის გათბობას 800 ლარი სჭირდება და ზამთარში მისი დაკეტვა გადავწყვიტეთ.
ახლა სად ცხოვრობთ?
– მე – დედაჩემთან ვარ, აკაკი – ჩვენს ბინაში.
აკაკიმ თქვა, ამ გაშორების შემდეგ თავისუფლება ვიგრძენიო.
– ეგ ჩვეულებრივი მომენტია. მეც იგივე შემიძლია ვთქვა. ეს თავისუფლება კი არჩევითია. უნდა გაარკვიო, გინდა თუ არა, გიღირს თუ არა ამ თავისუფლების დაკარგვა იმად, რასაც შემდეგ მიიღებ... თავისუფლებაც მოსაბეზრებელია. სრულყოფილი თავისუფლება არ არსებობს, გიჟია მხოლოდ თავისუფალი. აპოკალიფსი არ დამტეხია თავს. ახლა მაქვს ცხოვრების გარკვეული ეტაპი, რომელსაც ფსიქოლოგები კრიზისს ეძახიან. ცხოვრება კარდიოგრამას ჰგავს – ადის და ჩადის.
აპირებდით ბევრი შვილის გაჩენას, ბავშვის აყვანას. ამ გეგმებმა უკან გადაიწია?
– ბევრი ბავშვის აყვანას ახლაც ვაპირებთ. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით თუ დავითვლით, ვაკე–საბურთალოზე წელიწადში 4 ბავშვი შვილდება, ჩვენ ალბათ 80 წლის შემდეგ ავიყვანთ. ანუ, როცა რიგი მოგვიწევს, ჩვენ მზად ვართ, ბავშვი ვიშვილოთ.
რა ვადა მიეცით ერთმანეთს გამოსაცდელად?
– ასეთი ვადა არ არსებობს. საკუთარ თავში გასარკვევად ზოგს ერთი დღე სჭირდება, ზოგს – ერთი წელი და ზოგსაც – ათი წელი. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის გრძნობებს. არც მე ვაპირებ ხვალ სიკვდილს და ალბათ არც აკაკის აქვს ეს განსაზღვრული. ასე რომ, დრო გვაქვს. არაფერზე შევთანხმებულვართ. არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება, ყველაფერი ღვთის ნებაა.
საბა რომელს გგავთ?
– ორივეს. ფიზიკურად თავიდან მე მგავდა. რაც იზრდება, მამამისს ემსგავსება. ხასიათითაც ორივეს გვგავს. მამასავით სტაბილური და ჩემნაირი ექსტრემალია. საყვარელი და საინტერესო ბავშვია.
სამსახურიც გამოგიცვლიათ, "რეალ–ტივიში" გადასულხართ.
– გურამ დონაძე ჩემი მეგობარია. მან მითხრა, ქართულ ბიზნესზე საინტერესო პროექტს ვაკეთებო. ვუთხარი, გურო, ჩემნაირი კადრი ხომ არ გინდა–მეთქი. ეს იქნება 45 წუთიანი დოკუმენტური ფილმი ქართულ ბიზნესზე. აბსოლუტურად ახალი გამოწვევაა. პროდიუსერი ვარ, მაგრამ მომენატრა ჟურნალისტობა – ქუჩაში გასვლა და გადაღება. მოვამზადებ სიუჟეტებს. "ბიზნეს–კურიერშიც" პროდიუსერი ვიყავი. გურამ დონაძე ყველაზე კარგი უფროსია, ვინც კი შეიძლებოდა ჩემი ქმრის მერე მყოლოდა. ბევრი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული და ბევრ რამეში მეხმარება. ახალი სამსახური ახალი მუხტია. ცხოვრებაში აუცილებლად უნდა შეიტანო გარკვეული ცვლილებები, რომ ერთფეროვანი არ გახდეს.
"60 წუთის" მსგავსი პროექტების გაკეთება არ მოგენატრათ?
– მაშინ 22 წლის ვიყავი, ახლა 35–ის ვარ. არც იმდენი ენერგია მაქვს, ღამეები რომ ვათენო და არც სტრესი მინდა. თანაც არ ვთვლი, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნილებაა. ასეა მთელ მსოფლიოში და არამარტო ჩვენთან. ასეთმა პროექტებმა თავისი დრო მოჭამა.
აკაკი რას გეუბნებათ თქვენს ახალ სამსახურზე?
– მისი პროფესიული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვუთხარი, მინდა, ჩემი ახალი პროექტის სცენარი ნახო–მეთქი და მოვუყევი, რის გაკეთებასაც ვაპირებ. მითხრა, კი, სწორად მიდიხარ და სანამ ეთერში გავა, მასალასაც ვნახავ, რადგან მინდა, კარგი იყოსო.
ანუ ერთმანეთის კონკურენტები არ ხართ?
– აკაკი ბიზნესნიუსს ყოველდღიურად აკეთებს, ჩვენ კი კვირაში ერთხელ გავალთ ეთერში.
აკაკიმ თავის გადაცემაში "სიყვითლე" და სექსის თემატიკა შეიტანა რეიტინგის ასამაღლებლად. თქვენი აზრით, ბიზნესზე ორიენტირებულ გადაცემას ეს მიმართულება შეეფერება?
- რეიტინგს მაყურებელი დებს. შენ მაყურებლის სურვილს უნდა მიჰყვე და ის აკეთო, რასაც ისინი მოითხოვენ. სექსის საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა თქვენ არ გაინტერესებთ? იცით, რომ ქალის ორგაზმი აუხსნელი თემაა? აკაკი ბაზარზე არსებულ რეიტინგს მიჰყვება. ამ საქმეს მრავალი წელი მე ვაკეთებდი და ვიცი, გლეხს არ აინტერესებს იმის ყურება, რომ შეუძლია აიღოს კრედიტი, საიდანაც 30% გრანტი იქნება და ეს შეუძლია ჩადოს მიწათმოქმედებაში, პროდუქცია აწარმოოს, ბაზარზე გაიტანოს, გაყიდოს და იხეიროს. ასეთ გადაცემას რეიტინგი არ ჰქონდა. ავთო ცქვიტინიძის ახალი კოლექციისადმი მიძღვნილი გადაცემა კი ბევრად რეიტინგული იყო. თქვენც იმიტომ მოხვედით ჩემთან, რომ ჩათვალეთ, ამ კვირას ჩვენი ამბავი ძალიან ცხელი იყო. თქვენც ბაზრის მოთხოვნას მიჰყევით. ყველაფერი ბიზნესია.