"ჩვენი პოლიტიკა 9 საათიან "კურიერზეა" გათვლილი"

ახალი ოპოზიციური ფრაქცია "დედაქალაქის" შექმნამდე, თბილისის საკრებულს წევრები, კონსერვატორი კახა კუკავა და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი მოსკოვში იმყოფებოდნენ, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება თავად ოპოზიციის რიგებიდანაც მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის არჩევით ორგანოში ფრაქციის საქმიანობა პოლიტიკური დატვირთვის ვერ იქნება, მაინც საინტერესოა, რატომ უძღოდა ამ მოვლენას წინ მოსკოვური ვოიაჟი და ქართველი პოლიტიკოსები რა შედეგებით დაბრუნდნენ.

რამ განაპირობა საკრებულოში სამი პარტიის წარმომადგენლის ერთ ფრაქციად გაერთიანება და ექნება თუ არა თქვენს საქმიანობას პოლიტიკური დატვირთვაც?

– ფრაქცია "დედაქალაქს" პოლიტიკური დატვირთვა ნაკლებად ექნება, მაგრამ თბილისის საკრებულოში არის ბევრი ისეთი საკითხი, სადაც სხვადასხვა პარტიის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ერთ ფრაქციად არსებობა, უბრალოდ, მეტ ეფექტურობას აძლევს საკრებულოს წევრებს და ვისარგებლებთ ამ საშუალებით. ფრაქციაში სამი სხვადასხვა პარტიაა გაერთიანებული, პრიორიტეტები ფრაქციასაც იგივე ექნება, რაც ამ პარტიებს საარჩევნო პროგრამაში გვქონდა: ჯანდაცვა, განათლება, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან მეტი ფული უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე პოლიციასა და საბაჟოზე.

თქვენი პოლიტიკური ორიენტაციისა და მოსკოვში ვიზიტის შესახებ უარყოფითი შეფასებები გაკეთდა იმ პოლიტიკოსებისგანაც, ვინც ასევე ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენს. რა დატვირთვა აქვს თქვენს დიალოგს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

– ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობების ნელ–ნელა დარეგულირება–მოწესრიგება. რუსეთის იგნორირება საქართველოს დადებითი კუთხით სულაც არ წარმოაჩენს. ჩვენ ვერ ვიკისრებთ იმ ფუნქციებს, რაც აშშ–მ და ევროპამ უნდა შეასრულოს. რუსეთის იმპერიალიზმის შეკავება და დემოკრატიის გავრცელება 3 მილიონიანი ღარიბ–ღატაკი საქართველოს ფუნქცია ვერანაირად იქნება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა საკუთარ ტერიტორიებსა და ეკონომიკაზე ზრუნვა. მუდმივად განცხადებების კეთებით, რომ, არიქა, რუსეთის დემოკრატიას უნდა დავეხმაროთ, პუტინი უნდა დავამხოთ და ასე შემდეგ... ამით მხოლოდ საქართველო ზარალობს. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ეს პუნქტი სასწრაფოდ შესაცვლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული დაშლის პროცესი შეიძლება დასრულებული ჯერ არც იყოს.

კონკრეტულად ვის შეხვდით და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით უკან? მართლა ფიქრობთ, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა ამგვარი ვიზიტებით და მოლაპარაკებით შესაძლებელია?

– შეხვედრები გვქონდა რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ზოგადად, ნორმალური და ძალიან დიდი დიპლომატიური რესურსები არსებობს, უბრალოდ, ამას გამოყენება უნდა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საუბარია კომპრომისზე, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებები. ისეთი მიდგომით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენოს რაღაც ულტიმატუმები და არავის ინტერესი არ გაითვალისწინოს, ასე არც ჩვენსას არავინ გაითვალისწინებს. ეს, სამწუხაროდ, უკვე დრომ და ცხოვრებამ კარგად დაგვანახა.

ხელისუფლებას ცალსახა და ლოგიკური პოზიცია აქვს: რადგან საქართველოს ტერიტორიები ანექსირებულია, რუსეთთან მოლაპარაკება და თანამშრომლობა ერთი პირობით, მხოლოდ დეოკუპაციის დაწყების პარალელურად შეიძლება წარიმართოს. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ენით საუბარი?

– ჩვენს ხელისუფლებას კომპეტენტურობა ბუნებრივად აკლია, გადავავლოთ მის კადრებს თვალი და კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდება. დეოკუპაციის დაწყება რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობა კი არ უნდა იყოს, ის მოლაპარაკებების მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ერთხელ საქართველოს მთავრობის ერთმა "კომპეტენტურმა" მინისტრმა თქვა, რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ დავიწყებთ, როცა ჯარებს გაიყვანენ და დევნილებს დააბრუნებენო. ძალიან მაინტერესებს, რუსეთმა ეს წინაპირობები თუ შეასრულა, მერე რაღაზე უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები. დიალოგი სწორედ იქამდეა საჭირო, რომ მთავარ მიზნებს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი პრობლემების გადაწყვეტას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება. როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები თბილისში ჩამოდიან, ყოველთვის ერთსა და იმავეს გვეუბნებიან. ულტიმატუმების რუსეთისთვის წაყენება შეგვეძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული იარაღი გვექნებოდა და 150 მილიონიანი ქვეყნა ვიქნებოდით. საკუთარ მდგომარეობას ცოტა რეალურად უნდა შევხედოთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ 9–საათიან "კურიერზე" არის გათვლილი. "კურიერში" ვიღაცის მუშტების მაგრად დაბრახუნებით არც ქვეყნის ტერიტორიები ბრუნდება და არც ჩვენი ქვეყანა ძლიერდება. სხვათა შორის, არც პრეზიდენტის რეიტინგი იმატებს და არც არანარი დადებით შედეგი მოაქვს. მთელი ჩვენი კალანდაძეები, ვაშაძეები და ბოკერიები, რომლებიც საგარეო პოლიტიკას განაგებენ, დაკავებულნი არიან მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებით და ეს მათი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.

თავად რუსეთში რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის, როცა საქართველოში მისი გავლენა ისედაც მყარია?

– სწორედ ეს საკითხები გვაქვს განსახილველი. მიგვაჩნია, რომ რუსულ მხარეს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომლის გათვალისწინებაც შეგვიძლია. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ლეგიტიმურია მისი ინტერესი, რომ საქართველოში არ იქნას განლაგებული მესამე ქვეყნის ბაზები, რომლებიც გასაგებია, რომ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილნი იქნებიან. მათ შორის არის ნატოს ბაზებიც. მისი ეს ინტერესები ჩვენთვის გასაგებია. შესაბამისად, ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის დიპლომატია ანგარიშს გულისხმობს და, შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ვითხოვთ იმ ინტერესის გათვალისწინებას, რომ დაიწყოს ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური რეალური და შედეგიანი დიალოგი. ხომ ვუყურებთ ჟენევის პროცესს, სადაც ორი წელია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, წყალს ნაყავენ. ვიდრე არ იქნება რუსეთის მხარის დაინტერესება, ვერანაირ ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკება ვერ შედგება. ჩვენ რომ ვიძახოთ: "მოვითხოვთ", "მოვითხოვთ", რამდენიც გინდა, მოითხოვე. ვიდრე არ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესების რაღაც ნაწილს, არც ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს. მე მგონი, ყველა გონიერი ადამიანი, დაწყებული ჩვენი პატრიარქიდან, დასრულებული იმ 80%–ით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემებით, მხარს უჭერს მოლაპარაკებების აღდგენას, ამდენს ხვდება. საქართველოს მთავრობის წევრებს თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ნინო კალანდაძე და ვერა ქობალია ამდენს ვერ მიხვდნენ და ვფიქრობ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები ასეთ ადამიანებს არ უნდა გადავაყოლოთ.

რა შემთხვევაში შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების პროცესის რეალური დაწყება, თუკი ამ ზონებში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიას არავინ იძლევა?

– მოდი, საკითხი ასე დავსვათ: რატომ აქვს რუსეთთან ანალოგიური პრობლემები მხოლოდ საქართველოს და რატომ არ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის 14 რესპუბლიკას. უკრაინამ თუ მოახერხა რუსეთთან კომპრომისის მიღწევა და რუსეთმა გაზის ფასიც დააკლო, არც ყირიმს აღარ ედავება, ეკონომიკაშიც ექსპორტი დაუბრკოლებლად ხორციელდება; თუკი ყაზახეთმა, სომხეთმა, ბალტიისპირეთმა მოახერხეს, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი სამი ქვეყანა ნატოს წევრებიც კი გახდნენ და ამ ფონზე შეინარჩუნეს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები, რაღა ჩვენ უნდა ვიყოთ დაკავებული რუსეთის წინააღმდეგ საზარელი ისტერიკით?

ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებული ერთ–ერთი მიზეზი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა და კიდევ, ამ რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული სისუსტე.

– არა! ყველაზე სუსტი საქართველო არ არის, სუსტია საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი პრეზიდენტები, რომლებიც იმ ქვეყნების სათავეებში დგანან, რომლებიც ჩამოგითვალეთ. პრეზიდენტი უნდა იყოს კომპეტენტური, რომელიც თავის სახელმწიფოზე იზრუნებს. მიხეილ სააკაშვილი როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკით იყოს დატვირთული, ბოლო ფოტოები თუ ნახეთ ერთ–ერთ რუსულ ჟურნალში გამოქვეყნებული, ხომ გასაგებია, რითი არის დაკავებული? მისი სამუშაო ბლოკნოტის დღის წესრიგში აფხაზეთი და სამაჩაბლო ნამდვილად ვერ იქნება.

რას გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ. თქვენ საიდან იცით, რა უწერია საქართველოს პრეზიდენტს ბლოკნოტში?

– ბლოკნოტში უწერია: ქსენია სობჩაკი, სოკოლოვა... ჩასვლა ბათუმში, მისვლა კაზინოში... ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოლიტიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება.

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის არჩეული პრეზიდენტია და მას საკუთარი ამომრჩევლის ნდობის მანდატი აქვს.

- როგორ გითხრათ და საზოგადოებაში სიტყვა "არჩეული" ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. ნდობის მანდატი საზოგადოებისგან როგორ აქვს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები, საყოველთაო აღიარებით, მიხეილ სააკაშვილმა წააგო. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის "პრეზიდენტობა" მისივე კონკრეტული პასუხისმგებლობაა და არა – ჩვენი ხალხის.