გალში დაკავებული რვა ქართველის სია
1992-93 წლის ომში მონაწილეობისთვის გალში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად აფხაზურ გამოცემაში Нужная газета გავრცელდა. ითქვა, რომ გალის რაიონის ე.წ ძალოვანმა სტრუქტურებმა ოპერატიულსაგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისას ის პირები დააკავეს, ვინც, 1992-1993 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ და თურმე ისინი დღესაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსა და დივერსიულ ჯგუფებთან ერთად მოქმედებენ. მეტიც, როგორც გამოცემა ამტკიცებს, დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, ომარ აბშილავამ ბრალდება დაადასტურა და 1992-93 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა აღიარა. ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით, დაკავებულების გათავისუფლება მხოლოდ აფხაზური მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ,,ვერსიისთვის' ცნობილი გახდა, რომ 20 დეკემბერს გალში, ომარ აბშილავა, გურამ ბუთბაია, სერგო კიკალია, კობა გვაძაბია, მერაბ ხარგელია და ზაურ ცხადაია დააკავეს. მოლაპარაკებებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროსთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩართულია.
როგორც ,,ვერსიასთან' საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე აღნიშნავს, აფხაზურმა მხარემ ჯერ შვიდი ადამიანი, მოგვიანებით კი, ერთი პიროვნება დააკავა, რომელთა წევრობა დღეს შეიარაღებულ დაჯგუფებაში არ დასტურდება: ,,ამ ეტაპზე, დაკავებულების ადგილსამყოფელს ვადგენთ. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში სრული ინფრომაცია გვექნება. შეფერხება იმითაა გამოწვეული, რომ ცხინვალის რეგიონთან შედარებით, ცხელი ხაზი, აფხაზეთში უფრო ცუდად მუშაობს. აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვაწარმოებთ. იმედი ყოველთვის არსებობს, რომ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ. მოლაპარაკებებს, როგორც წესი, თავისი შედეგი გამოაქვს. დაკავებულები წლებია ჩვეულებრივ ცხოვრობენ და იარაღი არ უნახავთ. შესაძლოა, ზოგს არც ჭერია ხელში იარაღი და მით უმეტეს, არანაირი სამხედრო დაჯგუფების წევრები არ არიან. დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს. რაც შეეხება დაკავების რეალურ მიზეზებს, ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს მტკივნეულად აღიქვამენ, რასაც მოსდევს კონფლიქტური რეგიონებიდან ასეთი რეაქციები. ამ ფონზე მსგავსი ქმედება, გასაგებია, ვისი დაკვეთაცაა'.
რვა დაკავებულის შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას აფხაზეთშიც არ ავრცელებენ. ,,ევროპელი დემოკრატების' ლიდერი პაატა დავითაია გალში რვა ქართველის დაკავებას მორიგ პროვოკაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ გაზაფხულისთვის, აფხაზები ქართველების გამოსახლებისთვის ემზადებიან: ,,ხაჯიმბას არჩევის შემდეგ, განსაკუთრებით გალის მოსახლეობა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რვა ქართველის დაკავებამდე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, ქართველებმა აფხაზური პასპორტები უკანონოდ აიღესო და ამ მიზეზით, ათასობით ადამიანს პასპორტი წაართვეს. მოგვიანებით, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს საკითხი შემდეგნაირად დაუსვეს _ ან აქ იყავით, ან საქართველოს ტერიტორიაზე გადადითო. აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის ქართველების დაკავება აფხაზეთში ახალი ტენდენციაა. როგორც ვიცი, 1992-93 წლებში, გალის ბატალიონი მართლაც არსებობდა, მაგრამ ისინი აფხაზეთის ომში არც წინა ხაზზე იბრძოდნენ და არც ტყვარჩელის მიმართულებით. გალში რადიკალურ ბრძოლებში მონაწილე მხოლოდ ერთი სამხედრო დაჯგუფება არსებობდა, რომელსაც დათო შენგელია ხელმძღვანელობდა და ისიც სოხუმის დაცემის შემდეგ შეიქმნა. ის ,,ტყის ძმების' მეთაური იყო და აფხაზებს პრობლემებს რეალურად უქმნიდა, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს 1992 წლებში არ ხდებოდა. ასე რომ, დღეს რვა ქართველის ამ ბრალდებით დაკავება თითიდან გამოწოვილი მიზეზია. თუ არაფერი შეიცვალა, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ სავარაუდოდ, 8-10 წლით პატიმრობა ემუქრებათ... ეს ქართველების წინააღმდეგ აგორებული ტალღის თანმდევი ელემენტია. გალში ახალი გამგებელი დაინიშნა, რომელიც ქართველების მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ცოტა ხნის წინ, ის საკომენდანტო საათის გამოცხადების იდეითაც გამოვიდა. არ დაგავიწყდეთ ხაჯიმბას განცხადებაც ენგურჰესთან დაკავშირებით. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. აფხაზეთიდან ქართველების გამოსახლება დაიწყება, დევნილების ახალ ტალღას უნდა ველოდეთ'. პაატა დავითაიას განცხადებით, ერთადერთი ბერკეტი, რაც ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია აფხაზებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაა. მითუმეტეს, იმ საგარეო წარმატებების ფონზე, რასაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. პაატა დავითაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა: ,,საქართველოსთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის შეთავაზება ამ პირობებში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა აფხაზებს ალტერნატივა შევთავაზოთ. ამ კუთხით კონცეფციის შემუშავებაა აუცილებელი, რადგან დღეს რაც ხდება, არაეფექტურია. საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან პოლიტიკა საერთოდ არ აქვს, არაფერზე რეაგირებს. ვამბობთ, ქართველებმა აფხაზები უნდა მოვხიბლოთო, მაინტერესებს, როგორ აპირებს ამას საქართველოს მთავრობა, როცა ადგილობრივ აფხაზებს პენსია 300 დოლარი ჰქონდათ? საქართველოში ამდენს მისცემენ? 1993 წლიდან მოყოლებული, დამისახელეთ მთავრობის მიერ გადადგმული ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთი მილიმეტრით მაინც დაგვაახლოვა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართველებმა არ ვიცით რა გვინდა, აფხაზებმა - იციან. მათ დამოუკიდებლობა სურთ. კარგავენ თუ არა მას, ეს სხვა საკითხია. ვერ გავიგეთ რა გვინდა, საით მივიდვართ, რას ვთავაზობთ. ხელისუფლებები იცვლება, აფხაზები წინ მიიწევენ, ჩვენ უკან. დღეს ქართველების ნაწილი იმასაც მეუბნება, აფხაზეთის გაგონება არ მინდა, პრობლემებს გვიქმნის, მაინც დაკარგულიაო. ალბათ, აფხაზეთიდან ქართველებს რომ გამოყრიან, საქართველოს ხელისუფლება კომპენსაციებს შესთავაზებს. სხვა მოქმედებების განხორციელების უნარი მას არ გააჩნია. გალიდან ქართველების გამოსახლების ტალღა სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება. პროცესი უკვე დაწყებულია, რვა ქართველების დაკავებაც სწორედ გალელების დასაშინებლად კეთდება. სხვათა შორის, შარშან ენგურის სანაპიროებზე კამერების განსათავსებლად გამოცხადებულ ტენდერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაიმარჯვა. რამდენიმე დღის წინ მთელ ენგურზე კამერების დამონტაჟება დაიწყო. ეს სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ბუნებრივია, რუსეთი კონკრეტული მიზეზების გარეშე არ დახარჯავდა. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი დანარჩენი საქართველოსთვის აბსოლუტურად ჩაიკეტება და ქართველები, რომლებიც მდინარის საშუალებით გალში გადასვლას ახერხებდნენ, მომავალში ამას ვეღარ შეძლებენ. ლოგიკური დასასრული კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადება იქნება, რასაც ,,ოცნებას' საზოგადოება არ აპატიებს'.
,,ვერსია' შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრსაც დაუკავშირდა. პაატა ზაქარეიშვილმა, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ში გადაგვამისამართა, საკითხზე ჭიკაიძის უწყება მუშაობსო. რაც შეეხება ხელისუფლების სტრატეგიას, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, ეს საუბრის სხვა თემაა, რომელზეც პირადად ზაქარეიშვილსაც არაერთხელ უსაუბრია ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუებშიც. აფხაზეთში ქართველების შევიწროების მოლოდინი აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრ ადა მარშანიასაც, თუმცა ამბობს, რომ მათ ალტერნატივას აფხაზური პასპორტის აღების კუთხით შესთავაზებენ: ,,ვერაფრით დავადგინე, რა მიზეზით დააკავეს ეს ადამიანები, თუმცა აფხაზეთში მართლაც აქვთ ბაზა, ვინ იბრძოდა 90-იანი წლების დასაწყისში. ზოგი ამბობს, რომ რვა ქართველის დაკავება მორიგი პროვოკაციაა, ზოგიც სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა, აფხაზეთიდან ყველა წამოვიდა. მათ იცოდნენ, რომ აფხაზები აუცილებლად დააკავებდნენ. ამიტომაც არ მჯერა, რომ ამ რვა პიროვნებამ ასეთი სისულელე ჩაიდინა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც ნერვიულობს და წუხს, მაგრამ მათი გათავისუფლება და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების წარმოება საქართველოს უშიშროების საქმეა. ხაჯიმბას დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევისა და რუსეთთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბუნებრივია, ვითარების დაძაბვის მოლოდინი მქონდა. შესაძლოა, ბევრი ოცნებობს, მაგრამ ქართველებს აფხაზეთიდან სრულად ვერ გამოყრიან, სავარაუდოდ, მათი სტატუსი შეიცვლება. კერძოდ, ქართველებს აფხაზური პასპორტების მიღებას აიძულებენ, რითაც საქართველოსთან ყოველგვარი იურიდიული ურთიერთობის გაწყვეტას შეეცდებიან. ცვლილებებსა და აფხაზეთთან თანამშრომლობას ველოდებოდი, მაგრამ ორი წლის თავზე ეს მოლოდინი გამიქრა. ქვეყანა მეცოდება, როდემდე უნდა იყოს ამ მდგომარეობაში, თორემ ხელისუფლება რომ ვადამდელი არჩევნებით შესაცვლელია, ეს დიდი ხანია ვიცი'.