როკ-ვინილების ერთგვარ გაუფასურებას არ შეეძლო ამ ტექნოლოგიის სრულიად მოსპობა. ძირითადი მიზეზი იყო სხვა ტექნოლოგიების განვითარების ზოგადი ტენდენციები, რაც თანდათანობით აუცილებლად მუსრს გაავლებდა მძიმე და „არაკომფორტულ“ მოწყობილობებს.
იყო დრო, როდესაც საუკეთესო აპარატურად ითვლებოდა ლამის კარადისხელა ბაბინებიანი მაგნიტოფონი და ამავე ზომის დინამიკები. ბუნებრივია, ნათურის ხმის გამაძლიერებლები დღესაც განსაკუთრებით ფასობს, მაგრამ მასზე მიერთებული აპარატურა ფაქტობრივად მობილური ტელეფონის ზომისაა და ტერა ბიტს და კიდევ მეტსაც იტევს. ეს კი იმდენი ვინილის დისკია, ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე მოსმენას რომ ვერ აუვა...
კაცობრიობა მიიწევდა ტექნოლოგიისა და მასთან მოპყრობის გამარტივებისკენ, თანაც ამისთვის საჭირო ტერიტორია უნდა შემცირებულიყო.
ალბათ გვახსოვს გასული საუკუნის 80-იანი წლების ვიდეომაგნიტოფონები, მაგრამ მათი გამოსახულების ხარისხი თავიდანვე ვერ ახდენდა ღრმა შთაბეჭდილებას, ამიტომ ამ აპარატურისადმი ნოსტალგია არ არსებობს.
იგივე ითქმის კასეტებიან მაგნიტოფონებზე, რომელთა ფირები ფუჭდებოდა ადვილად სხვადასხვა უხარისხო მაგნიტოფონებზე, გადადიოდა რა კასეტები ხშირად ხელიდან ხელში.
ვინილის დისკის ხარისხი არ ფუჭდებოდა, მაგრამ იგი ცვთებოდა დროთა განმავლობაში ხშირად უყურადღებო მოპყრობის გამო. Pink Floyd-ის რამდენი დისკია გაოხრებული დაბადების დღეებზე, როდესაც ჩამქრალ შუქში ან დააფერფლებდნენ, ან კიდევ ღვინოს გადაასხამდნენ ზედ...
უკვე ვისაუბრეთ ყოველ 20 წუთში მათი გადაბრუნების არაკომფორტულობაზე, რამაც მუსიკის არაერთ გურმანს ბაბინებზე გადასვლისკენ უბიძგა. 19 სიჩქარეზე მბრუნავი ბაბინები „4-იან“ კასეტებზე გაცილებით მაღალ ხარისხზე გადმოსცემდა მუსიკას, რადგან იძლეოდა „1-1-ზე“ ჩაწერის შესაძლებლობას მცირეოდენი გაუმჯობესებებითაც კი...
მაგრამ ბაბინებსა თუ კასეტებს ნაკლიც ჰქონდათ. ზოგიერთი დისკი - მაგალითად Led Zeppelin-ის The Song Remains The Same-ის ორივე დისკი და Grand Funk Railroad -ის სადებიუტო On Time, 45 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდნენ და როკ მუსიკის გურმანი იძულებული იყო გადაეწებებინა ფირზე ფირი, თან ისე, რომ გადასვლის ადგილზე არ აღბეჭდილიყო ხმის დეფექტი. ძალიან დიდ სირთულეს ჰქმნიდა Deep Purple-ს მეოთხე ალბომი Concert For Group And Royal Philermanic Orchestra. იგი 54 წუთს გრძელდებოდა და შედგებოდა 4 ხანგრძლივი კომპოზიციისგან, რომელთა გაჭრა წარმოუდგენელი იყო.
რჩებოდა ერთი გამოსავალი - 1 საათიანი ბაბინა ან შესაბამისად კასეტა. შემდეგ კი პირდაპირ გადახვევა მეორე გვერდზე, რადგან „დაპისკა“ არ უხდებოდა როკ ბენდისა და სიმფონიური ორკესტრის ნაზავს...
ხმებიც კი დადიოდა მერე, სპეციალურად იწერდნენ ზოგჯერ ასეთ დისკებს, რომ მერე უკეთ გაყიდულიყოო...
მაგრამ მოდით, ხუმრობა იქით იყოს, კონკრეტულად როკ სფერო განვიხილოთ და გავარკვიოთ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, კომპაქტ დისკებით ვინილების ჩანაცვლების ავკარგიანობა.
ვინილებს კიდევ ერთი უარყოფითი თვისება ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ თვით ფირფიტა ძლიერ ფაქიზ დამოკიდებულებას ითხოვდა, მისი გარეკანიც არ იყო ადვილი შესანახი.
ფაქტია, რომ დისკი ხელიდან ხელში გადადიოდა და ასე რომც არ ყოფილიყო, თვით პატრონსაც ეშინოდა, რომ ხშირი ხმარებით და დათვალიერებით ან არ გაცრეცილიყო, ან კიდევ რაიმე ლაქა არ გასჩენოდა.
ბუნებრივია, რომ ასეთი პრობლემა არამარტო საბჭოთა ადამიანებს აწუხებდათ, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მეზღვაურთა საჩუქრებს.
დისკის გაფუჭების შემთხვევაში ყოველთვის ხელმისაწვდომი ხომ მხოლოდ მაღალი ტირაჟით გამოსული ნაწარმოებები იყო, აი მაგალითად Comus კი გაიყიდა 1971 წელს და მორჩა...
ალბათ გვახსოვს 80-იან წლებში Black Sabbath-ის არაოფიციალური საკონცერტო ალბომის ვინილის დისკის გამოსვლა. ჩანაწერს განსაკუთრებული ინტერესით დასდევდნენ ჯგუფის მოყვარულები, რადგან იმ პერიოდში „დიოს“ Black Sabbath-ის 1982 წლის საკონცერტო ალბომით მოვიხიბლეთ, ხოლო 70-იანების ოზის პერიოდის ლაივ ალბომი არც არსებობდა...
უჩვეულო იყო განწყობა, რადგან მაშინ დაჩვეულები არ ვიყავით 100-ობით ასეთ არაოფიციალურ საკონცერტო ალბომს იმავე Black Sabbath -ისა, თუ Led Zeppelin-ის, Jimi Hendrix – ისა თუ Frank Zappa-ს რეპერტუარიდან.
ციფრულ ტექნოლოგიაზე გადასვლამ გაამარტივა ხმის ჩაწერის პროცესიც, რაც თავიდანვე უფრო მარტივი იყო ვინილისაზე. აქ აღარ ვსაუბრობთ რენტგენის ფირებზე ჩაწერილ „უნიკალურ“ ფირფიტებზე “Ha Bcex Широтах”...
დაახლოებით 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო ფართო ხასიათი მიიღო სხვადასხვა შემსრულებლების ადრეული ჩანაწერების გამოქვეყნებამ და მათ სიმრავლემაც გამოიწვია ზემოთნახსენები ტერაბიტიანი ვინჩესტერების გამოყენების აუცილებლობა მელომანისთვის, რომლისთვისაც კომპაქტ დისკი უკვე კარგავს მნიშვნელობას.
ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ უკვე „ვაი ჭკუისაგან“ გვემართება. როდის მოვისმინოთ ამდენი მასალა, ან რას მოვუსმინოთ. ზოგის ხარისხი, ზოგისაც შესრულების ხარისხი არ ვარგა. ამ დროს ყოველთვის გვჭირდება დამკვალიანებელი, რომელსაც რაღაც უკვე მოსმენილი აქვს და გვირჩევს, მაგალითად რორი გალაჰერის ეს კი არა და ეს კონცერტი მოისმინეო, Irish Tour-საც კი სჯობიაო...
საბოლოოდ კი ვხვდებით, რომ საქმე ვინილსა თუ კომპაქტში კი არაა, არამედ თვით ადამიანში, რომელიც ვერ ისვენებს. თანაც როგორც წიგნს ბოლომდე ვერ შეცვლის ქინდლი, ასევე MP3 ვერ ამოიღებს ვინილს, რომლის თანამედროვე ვერსიები 70-იანების წინაპრებივით ეფექტურად შესაძლოა ვეღარ ჟღერდნენ, მაგრამ ვინილის სურნელი და ზოგადი ესთეტიკა, თურმე მარადიული ყოფილა..
(დასასრული)