დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების საქმის დეტალები - ვის და რატომ გაახსენდა 20 წლის წინანდელი სკანდალი

დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების საქმის დეტალები - ვის და რატომ გაახსენდა 20 წლის წინანდელი სკანდალი

დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს, რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს განაჩენს 1 აპრილს გამოუტანენ. როგორც მოსამართლის თანაშემწემ განაცხადა, სხდომა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ავადმყოფობის გამო გადაიდო. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი ედებათ, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ებრაელ ბიზნესმენებს სახელმწიფო მოხელისთვის, კერძოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

 

იმის გამო, რომ ებრაელი ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დააპატიმრეს, ისრაელში ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ვიზიტები ჩაშალეს. დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლებას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც ითხოვს, არადა იმაზე არავინ დაფიქრებულა, რომ სინამდვილეში, ეს ბიზნესმენები ჩვეულებრივი თაღლითები და მექრთამეები არიან.

 

პროცესი, რომელიც ებრაულმა კომპანია “ტრამექსმა”, 2005 წელს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში წამოიწყო, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ შურისძიებას უფრო ჰგავდა, ოღონდ, რატომღაც, ეს შურისძიებაც დაგვიანებული იყო. რა მოხდა სინამდვილეში, რას ედავება “ტრამექსი” საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად რის გამო გააგდო შევარდნაძის ხელისუფლებამ ეს კომპანია 1996 წელს საქართველოდან? ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე “ვერსია” ექს პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას გაესაუბრა: 

 

- კომპანია “ტრამექსი” საქართველოში პირველად 1991 წლის ნოემბერში გამოჩნდა. 1991 წლის ნოემბერშივე გამოვიდა მთავრობის დადგენილება, რომლის ძალითაც “ტრამექსს” უფლება მისცეს, ნავთობის სფეროში სამუშაოები დაეწყო. კერძოდ, კომპანიას ნავთობმოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. 1992 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, კომპანია “საქნავთობმა” ჩათვალა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს საკითხი ხელახლა უნდა გატანილიყო მთავრობის სხდომაზე, ასეც მოხდა და მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ “ტრამექსთან” ხელშეკრულება გაეგრძელებინა.

 

ამ პერიოდში, ძალიან ბევრი დასავლური ფირმა მოდიოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან სათანამშრომლოდ. ჯერ კიდევ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მომიწია შვეიცარიაში გამართულ ფორუმში მონაწილეობა, უკვე დიდი გამოცდილების მქონე დასავლეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა, პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, რომლებთანაც მქონდა შეხვედრები, მირჩიეს, ძალიან ფრთხილად მოვკიდებოდით იმ ფირმებს დასავლეთიდან, რომლებსაც საქართველოში სამუშაოების დაწყება სურდათ.

 

ეს გაფრთხილება რას ნიშნავდა, ბატონო თენგიზ?

- როგორც ამიხსნეს, იმ პერიოდში ძალიან ბევრი დასავლური ფირმა იყო, რომლებსაც ისინი ეძახდნენ “მიკი მაუსებს”, ანუ აფერისტ ფირმებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ისეთი ფინანსური საშუალება, რომ ის სამუშაოები, რის ვალდებულებასაც იღებდნენ, შეესრულებინათ. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველა ფირმას, ვიდრე საქართველოში სამუშაოების შესრულებას დაიწყებდნენ, აუცილებლად ვამოწმებდით. შესაბამისად, “ტრამექსიც” შემოწმდა, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა ისრაელში და ეჭვი, რომ ეს ფირმა “მიკი მაუსების” კატეგორიას განეკუთვნებოდა, არ არსებობდა. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელთან.

 

მართალია, “ტრამექსი” “მიკი მაუსი” ფირმა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს წინაშე ეს ფირმა ნამდვილად დამნაშავეა, რადგან მას არაფერი არ გაუკეთებია. 1996 წელს, უკვე შევარდნაძის ხელისუფლებამ გაუუქმა “ტრამექსს” ხელშეკრულება და იგივე სამუშაოები, რაც მას უნდა ჩაეტარებინა, “ბრითიშ პეტროლიუმს” გადასცა, რომელმაც პირნათლად და შესანიშნავად შეასრულა. გიმეორებთ, 1996 წლამდე “ტრამექსს” 1 კვადრატული მიწა არ გაუთხრია და 1 კვადრატული მილი არ გაუყვანია, შესაბამისად, არ მესმის, რატომ წააგო საქართველომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესი. არ ვიცი, რატომ მოიგო ეს პროცესი ებრაულმა ფირმამ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ “ტრამექსმა” ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო მოისყიდა.

 

როგორ გგონიათ, 20 წლის წინანდელი საქმე ახლა რატომ გაიხსენეს? ეს სკანდალი ვის აწყობს, ეს ხომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯს ლახავს?

- ჩვენთვის ცუდი შედეგები უკვე მოჰყვა, რადგან ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე თქვეს უარი ისრაელში და სულ რამდენიმე დღის წინ კი, ეკონომიკის მინისტრის ვიზიტიც გაუქმდა.

 

ჰოდა, ასე რატომ ხდება?

- სწორედ ამის გამო ხდება, რომ საერთაშორისო ვიზიტებზე უარი გვითხრან და ზუსტად იმას ვამბობ, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა. ებრაელი ბიზნესმენები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეპატიმრებინათ. რამდენადაც ვიცი, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია და საქართველოს იმაზე უნდა ეზრუნა, რომ პროცესი მოეგო. ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოგების დიდი შანსი გვქონდა და ეს შანსი, რატომღაც ხელიდან გავუშვით. გიმეორებთ, არ ვიცი, როგორ და რატომ მოიგო ლონდონის სასამართლო პროცესი კომპანიამ, რომელსაც 1 დოლარის სამუშაოც კი არ შეუსრულებია საქართველოში? მათ რომ 10 მილიონი დოლარი ჩაედოთ და მერე გაეგდო საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ შეიძლებოდა ეჩივლათ, მაგრამ ამ რეალობის გათვალისწინებით, “ტრამექსის” ჩივილის საფუძველი არ მესმის. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? 1996 წელს გააგდეს საქართველოდან ეს ფირმა, მაგრამ, რატომღაც, 2005 წლამდე “ტრამექსი” ჩუმადაა, 2005 წელს კი საჩივარი შეაქვთ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოფილიყო, რადგან ეს ქვეყანა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია.

 

ბატონო თენგიზ, თუ გსმენიათ რამე ბიზნესმენ მიხეილ მირელაშვილზე?

- არა, არ ვიცნობ, პირველად მესმის. რატომ მეკითხებით, რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან?

 

დიახ, რამდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად და პრეზიდენტმა არ მიიღო...

- არ ვიცნობ და თქვენგან მესმის ახლა პირველად, გაგონილიც არ მქონია, მაგრამ

შეცდომად მიმაჩნია, რომ ორი ებრაელი ბიზნესმენი ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მოიპატიჟა და ამ დროს დააკავეს. პრემიერი საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო ამ სიტუაციაში, აქ წამყვანი იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სინამდვილეში, “ტრამექსს” მართლაც მიუძღვის დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

 

“ვერსია” პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის პრესსპიკერს, ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა და ერთადერთი კითხვა დაუსვა, რატომ დაპატიჟა ებრაელი ბიზნესმენები ნიკა გილაურმა საქართველოში? ნიკო მჭედლიშვილმა გვიპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

რა კავშირი აქვს წარმოშობით ქართველ ებრაელ მილიარდერს მიხეილ მირილაშვილს ამ საქმესთან, რატომ იყო თბილისში ჩამოსული და რატომ აპირებდა პრეზიდენტთან შეხვედრას, ამ კითხვებზე პასუხებს “ვერსიის” ორშაბათის ნომერში იხილავთ.