ინტერვიუ ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბართან
ბატონო სოზარ, ამ ბოლო დღეებში ბევრი არასასიამოვნო ფაქტი განვითარდა, როგორია ქართული პარტიის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით?
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
გაჩეჩილაძე-ბიწაძის დაპირისპირებას, მიუნხენის ინციდენტს, ასევე გუშინ წყნეთში მომხდარ ფაქტს...
- მიუნხენის თემასთან დაკავშირებით სრულიად შეგნებულად არ ვაკეთებთ კომენტარს, თუმცა, ამას მოჰყვა ძალიან უცნაური და ძალიან საინტერესო გაგრძელება, თითქოს რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი წყნეთში. ეს არის აბსოლუტური გამონაგონი, ცრუ დაკვეთა, ეს არის ოპოზიციის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელსაც სრულიად შეგნებულად ავრცელებს ვანო მერაბიშვილის უწყება. ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს და მის მთავარ დეზინფორმატორს გურამ დონაძეს აქვთ კარგად აწყობილი სისტემა, აქვთ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, საინფორმაციო პირობითად, თორემ ეს საინფორმაციო კი არა დეზინფორმაციის საშუალებაა. ეს არის: “დრონი ჯი", ეს არის “პრესა ჯი" და ეს არის “რეალტივი". ასევე ამას დაუმატეთ გიგი უგულავას მიერ დაარსებული დეზინფორმაციის საშუალება, ყოვლად ყვითელი და ყოვლად ბინძური გაზეთი “პრაიმტაიმი". აი, ეს ოთხი საინფორმაციო საშუალება, რომელიც სრულიად შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, ტყუილს, თავადაც კარგად იციან, რომ ეს ტყუილია, იგონებენ ამ ტყუილებს და შემდეგ უკვე ჩასაფრებული ჰყავთ ე.წ. ნაციონალური, თუ რა დავარქვათ სახელმწიფო არხები: რუსთავი 1, რუსთავი 2 და რუსთავი 3. შემდეგ ისინი აიტაცებენ ამ თემას და იწყება ამ თემის დამუშავება. ეს არის კარგად აწყობილი საინფორმაციო სქემა, რომელშიც ხარჯავენ მილიონებს და შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. ცდილობენ მოახდინონ საზოგადოების დისკრედიტაცია, ოპოზიციის დისკრედიტაცია და გაავრცელონ ის ჭორები,
რომელიც მათ უნდათ. საზოგადოების მოვალეობაა, რომ უბრალოდ არ წამოეგოს ამ ანკესს და ყველას ვუწოდოთ თავისი სახელი. ამ საინფორმაციოებში მომუშავე ადამიანები არ არიან ჟურნალისტები, ისინი არიან ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტები, რომლებიც ფულს იღებენ აგენტობაში შინაგან საქმეთა სააგენტოდან.
გვინდა თუ არ გვინდა, ეს ყველაფერი მაინც ტოვებს კვალს საზოგადოებაზე. ბევრს ეგონა, რომ რადგან ერთნაირი მოთხოვნები ჰქონდათ ქართულ პარტიას და სახალხო კრებას, ორივე ძალა რადიკალური განცხადებებით გამოდიოდა, იყო იმედები, რომ შესაძლოა ბოლო მომენტში მაინც მოხერხებულიყო ამ ძალების ერთად დადგომა. დღეს ეს ყველაფერი შეუძლებელია? თუ, მაინც არის შანსები?
- სიმართლე რომ გითხრათ, მე ასეთნაირად საკითხის დაყენება არასწორი მგონია, იმიტომ, რომ, დავუშვათ, მოხდა რაღაცა ინციდენტი მიუნხენის აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, რა შუაშია აქ სახალხო კრება? ბადრი ბიწაძე, მე მგონი, არ არის სახალხო კრების არც თავმჯდომარე, არც ლიდერი, წევრი არის თუ არა, ისიც არ ვიცით. ბადრი ბიწაძე არ არის ნონა გაფრინდაშვილი, ბადრი ბიწაძე არ არის ირაკლი ბათიაშვილი. ვინ არის ამ შემთხვევაში ბადრი ბიწაძე სახალხო კრების გადმოსახედიდან?
სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის მეუღლე...
- სახალხო კრების ლიდერებს შორის მე არ ვიცი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ვიცი, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე. რა შუაშია სახალხო კრება და სახალხო კრების მიზნები აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან?! თუ ვინმე აკავშირებს, ეს მისი პრობლემაა, მე ნამდვილად არ ვაკავშირებ. მე მუდმივად ვამბობ, რომ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილზე უფრო საპატიო სახელი მე-20 საუკუნის საქართველოს არ უშვია და უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს. არა მხოლოდ, როგორც გენიალურ მოჭადრაკეს, რომელმაც შორს გაუტანა საქართველოს სახელი, არამედ ღირსებით აღსავსე ადამიანს და ღირსებით აღსავსე ქალბატონს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი და მისი ხედვა ყოველთვის შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მაშინაც კი, როცა სულ სხვადასხვა პოზიციებზე ვიქნებით, მის მიმართ ჩემი პატივისცემა იქნება განუსაზღვრელი. იგივე შემიძლია ვთქვა არაერთი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის სახალხო კრებაში. წეღანაც დავასახელე და ახლაც გავიმეორებ ირაკლი ბათიაშვილის სახელს.
რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ უახლოეს პერიოდში? საუბარია, რომ აპრილის ბოლოდან სერიოზული პროცესები დაიწყებაო. ვნახეთ, რომ ის რვა პარტია, რომელიც დიალოგს აწარმოებდა ხელისუფლებასთან, ჩიხში შევიდა. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ქუჩის აქციებშია გამოსავალი თუ სხვა გზასაც ხედავთ?
- მე მაინც დაველოდები, რვა პარტია რას იტყვის, როგორ დაამთავრებს ამ
პროცესს. არ მინდა წინასწარ რაღაც შეფასებების გაკეთება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ხედვა არა მაქვს, მაგრამ არ მინდა წინასწარ რაღაც საკითხები ჩავჭრა. უბრალოდ, ერთი რამე არ მესმის ხოლმე - ზოგჯერ ამ რვა პარტიის წარმომადგენელი, იმის ნაცვლად, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, გამოდის და აკრიტიკებს, ვთქვათ, ქართულ პარტიას, ან სახალხო კრებას ან სხვა ვინმეს. მე არა მგონია, რომ ეს სწორი ტაქტიკა იყოს. იმ მოტივით, რომ არიქა, ხელისუფლება არ გავანაწყენოთ და დიალოგზე უარი არა თქვასო, გამოვიდნენ და ყოველ ჯერზე აკრიტიკონ ქართული პარტია, ეს არა მგონია, საერთო საქმისთვის სასარგებლო იყოს. საერთო საქმეში მე არ ვგულისხმობ ოპოზიციურ საქმეს, საერთო საქმეში მე ვგულისხმობ ქართულ საქმეს და საქართველოს საქმეს. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად განსხვავებული, ასე რომ, დაველოდოთ, რვა პარტია როგორ დაამთავრებს თავის ურთიერთობას ხელისუფლებასთან.
გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა მათაც ქუჩაში გადაინაცვლონო...
- მე მახსოვს ამ რვიანში შემავალი ზოგიერთი პარტიის განცხადებაც, რომ ისინი დაუპირისპირდებიან ყველანაირ რევოლუციას. აქამდე მეგონა, რომ ამისთვის საკმარისი იყო ვანო მერაბიშვილი და ბაჩო და დათა ახალაიები და თუ ვინმეს სურს მათ რიგებში ჩადგეს, ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ამ პარტიებიდან შეიძლებმა ზოგიერთმა გადაინაცვლოს ქუჩაში და აქციებში ჩაერთოს, მათთვის აქციები უცხო არასოდეს ყოფილა, თუმცა, ზოგიერთი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია ნამდვილად.
ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს აპრილის ბოლოს თუ მაისში, შეიძლება ძალიან მომაბეზრებელია და მკითხველსაც მობეზრებული აქვს ჩემი ნათქვამი, მაგრამ გავიმეორებ იმას, რასაც ყოველთვის ვამბობ. ქართული პარტია დაამთავრებს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში თავისი ძირითადი სტრუქტურის მშენებლობას. აი, დღესაც მე მივდივარ, მაგალითად, ლანჩხუთში, სადაც ვხსნით ოფისს, ხვალ აქცია გვაქვს ზუგდიდში. ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს, აქციები უკვე დაწყებული გვაქვს, საჭიროების მიხედვით. ხვალ, რეფერენდუმის გამოცხადების დღეს აქციას ვატარებთ ზუგდიდში და ეს საკმაოდ მრავალათასიანი აქცია იქნება. ჩვენ ეს აქციები დაწყებული გვაქვს, არანაირ კონკრეტულ თარიღებს არ ველოდებით, ხოლო რა მოხდება ზოგადად მაისში, როგორი იქნება ჩვენი პარტიის პროგრამა, ჩვენი პარტიის ხედვა და სამოქმედო გეგმა, ამას ჩვენ ჩამოვაყალიბებთ პარტიის მეორე ყრილობაზე, რომელიც მაისის დასაწყისში ჩატარდება, მანამადე კი წინ გველოდება თბილისის საქალაქო კონფერენცია, რომელიც შაბათს, 2 აპრილს ჩატარდება. ჯერჯერობით რამე განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობთ, ხმამაღლა, ყოველ შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს არ ვგეგმავთ, მაგრამ დანარჩენი გამოჩდება შემდეგ.
სახალხო კრებამ დააანონსა, რომ ისინი გამოსვლებს მაისის დასაწყისიდან დაიწყებენ...
- ჩვენ დაანონსება არ გვჭირდება, ისედაც დაწყებული გვაქვს ეს საქმე. გახსოვთ, ჩვენი აქციები გარეჯთან დაკავშირებით, გითხარით, რომ 31-ში ასეთივე აქცია გვექნება ზუგდიდში. ამას არ სჭირდება დაანონსება. რა მოხდება მაისში - ეს გამოჩნდება მაისში. დიდი ინტერესით დაველოდებით იმას, თუ რას იზამს სახალხო კრება.
თქვენი ოპონენტებისაგან ხშირად მომისმენია ასეთი შეფასებები, რომ დღეს რევოლუცია, აქციები, ქუჩაში გამოსვლები აწყობს სწორედ ხელისუფლებას და მათ წისქვილზე დაასხამს წყალსო. როგორია თქვენი პოზიცია?
- რა გითხრათ, ძალიან ირონიით რომ გიპასუხოთ და ვთქვათ ასე, რომ დიახ, ვეთანხმებით ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ხელისუფლებას ახლა ერთადერთი, რაც არ აწყობს, ეს არის სიმშვიდე, სიწყნარე, სრული მორჩილება. არ აწყობს დაუმორჩილებლობა, არ აწყობს აქციები, არ აწყობს კრიტიკა და არ აწყობს ის, რომ ისინი ჩართული არიან ელიტურ კორუფციაში. რამდენად სერიოზული იქნება ასეთი მიდგომა, მე არ ვიცი... მე ვიცი ერთი, რომ ხელისუფლებას სულ ცხვირ-პირში უნდა ვურტყათ და ვახსენოთ ის საქმეები, რომელსაც ის აკეთებს, იქნება ეს რუსეთთან ომი თუ შიდა ელიტური კორუფციის ისეთი წვრილმანი გამოვლინებები, როგორიც არის, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით ბაქრაძის სიმამრის საქმენი საგმირონი, რომელსაც ის სჩადის ხარაგაულში, სადაც მთელი რაიონის ბიუჯეტი ემსახურება ამ ერთი კაცის ვნებებისა და მისწრაფებების დაკმაყოფილებას, სადაც მთელი რაიონი იქცია საკუთარ ბიზნესად და აკეთებს ფულს მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. ყველა სახელმწიფო შეკვეთას ის იღებს.
გაჭირვებული ადამიანებისთვის გამგეობას თანხები არ გააჩნია, ხოლო აქვთ უამრავი თანხა იმისთვის, რომ დავით ბაქრაძის სიმამრის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. თურმე ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ხომ? და თუ ხარაგაულელებმა გადაწყვიტეს, რომ ამის წინააღმდეგ აქცია მოაწყონ, ეს იქნება ხელისუფლების თამაშის თამაში და ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა?! მე ასეთი ლოგიკის არ მესმის და ვისაც ასეთი ლოგიკის ესმის, იაროს იმ თავისი ლოგიკით, რა ვქნათ.
ვნახოთ, რა მოხდება, აღარც აპრილი და მაისია შორს... ვნახოთ, რამდენად შეძლებთ საზოგადოების გამოფხიზლებას და აყოლიებას...
- ვნახოთ. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ვერც ქართული პარტია და ვერც რომელიმე სხვა პარტია ვერ შეძლებს რევოლუციის მოწყობას, რევოლუციას აწყობს ხალხი. ჩვენ კი მზად ვართ, ჩავუდგეთ სათავეში, ავიღოთ პასუხისმგებლობა რევოლუციაზეც, ხელისუფლების შეცვლაზეც და შემდგომ მომავალზეც, მაგრამ ამას ერთი პარტია ვერ შეძლებს, ამას აკეთებს ხალხი. თუ ხალხი ამისთვის მზად არ იქნება, მაშინ მარტო ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. თუ ხალხში ამის მზადყოფნა იქნება, მაშინ ჩვენ მზად ვართ, კატალიზატორის და დამაჩქარებლის ფუნქცია შევასრულოთ.
იბრძოლებთ ბოლომდე?
- ბოლომდეც ვიბრძოლებთ და ბევრ ნაბიჯსაც გადავდგამთ და წავალთ ბოლომდე იმისათვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ მაჯლაჯუნებისგან.
ბევრჯერ ყოფილა, რომ მისულა სიტუაცია გადამწყვეტ წერტილამდე და შემდეგ ლიდერებს უკან დაუხევიათ, ეს არაერთხელ მოხდა და საზოგადოებას კარგად ახსოვს...
- მაშინ ვითარება იყო სხვა და მათ შორის საერთაშორისო ვითარებაც. იგივე ეგვიპტის, ლიბიისა თუ ტუნისის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა მკვეთრად შეიცვალა მსგავსი მოვლენების მიმართ და ჩვენ ვაიძულებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამჯერადაც იყვნენ ადეკვატურები. აი, ეს იქნება ჩემი პასუხი და ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის, რაც უნდა მტკივნეული იყოს ეს ნაბიჯები და არავის და არაფრის წინაშე უკან დახევას არ ვაპირებთ. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი. ეს არის თავისუფლება, იმიტომ, რომ წაგების შემთხვევაში ისინი მოხვდებიან ციხეში და დასაკარგი აქვთ ნაქურდალით ნაშოვნი მილიარდები, რომლის დაკარგვა მათთვის სიკვდილის ტოლფასია. ასე რომ, ვისაც ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით და ხავერდოვანი გზით დათმობს თავისუფლებას და თავისი ნებით წავა ციხეში, ის ძალიან ცდება. ამიტომ ჩვენ მკაფიოთ გვაქვს გასიგრძეგანებული, რომ ერთადერთი გზა ამ ხელისუფლების მოშორების არის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და
ჩვენ ვემზადებით ამ რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად.