მიუნხენის სკანდალის გაჰიტებამდე ერთი ნაბიჯია... “ფეისბუქში” ლექსად ითქვა, მუსიკასაც დაწერენ ალბათ და ერთ მშვენიერ დღეს ვინმე იმღერებს: “ბადრი და ლევან შეიბნენ, მიუნხენს ძრავდა გრიალი, საქართველომდე მოვიდა დევგმირთა მძლავრი ღრიალი, ატყდა რუსთავი ორის და რეპორტაჟების წრიალი”... ასეთი გამოხმაურება ოქრუაშვილ-ახალაიას “ბათქს” არ მოყოლია, გაჩეჩილაძემ “შეფის” რეკორდი მოხსნა, სამი დღეა პრესა და ტელევიზია “მარჩიელობს” დაარტყა თუ არა გაჩეჩილაძემ ბიწაძეს. “ალია” შეძლებისდაგვარად წერტილს უსვამს ამ გაურკვევლობას და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლევან გაჩეჩილაძესთან:
ბატონო ლევან, არ მესმის თქვენი დუმილის მიზეზი რა შეიძლება იყოს მაშინ, როცა ბადრი ბიწაძე ამბობს, ეროსი კიწმარიშვილს და ლევან გაჩეჩილაძეს ერთი ადგილი არა აქვთ იმისათვის მე ხელი გამარტყან და თუ ეს ერთი ადგილი აქვთ მაშინ ერთი-ერთზე შემხვდნენ და ერთმანეთთან გავსწორდებითო. არ მესმის თქვენი დუმილის მაშინ ,როცა ბიწაძე ამბობს რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მერაბიშვილის დაგეგმილი პროვოკაცია იყო. როგორ ვიფიქროთ, ეს ყველაფერი თქვენთვის სულერთია თუ მართლა არა გაქვთ ერთი ადგილი ამ ყველაფერს თუნდაც პასუხი გასცეთ?
- ეს თემა საჯარო არ არის და ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარებს, ერთი ადგილი მაქვს თუ არა ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ? 46-წლიანი ცხოვრების გზა მაქვს გავლილი და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მიმიხვდით, ალბათ, რა ვიგულისხმე, ამიტომ აქ წერტილს დავსვამ. მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს უკვე წმინდა პოლიტიკურია, რაც უაზრო ბრალდებას შეიცავს, რომელსაც საპასუხოდ არ ვთვლი.
ერთგვარი პიარის ნაწილია ის, რომ თქვენს გარშემო რაც ხდება, ან დუმხართ ან ერთ სიტყვას ამბობთ – უკომენტაროდ? ვერ გავიგე, რას ნიშნავს ”საპასუხოდ არ ვთვლი კითხვას”? ბადრი ბიწაძე ამბობს, რომ თქვენ მიჩვეული ხართ ფულის აღებას და ამიტომ წახვედით ამ პროვოკაციაზე.
- არ ვთვლი საჭიროდ მის ნათქვამებს კომენტარი გავუკეთო.
პარალელებს თუ გავავლებ ლოგიკურ დასკვნამდე მივდივარ: “ასავალ დასავალში” გამოქვეყნდა მასალები, გაირკვა ბიწაძე-ბურჯანაძის დაინტერესება და არ გააკეთეთ კომენტარი... მოხდა ინციდენტი, არ აკეთებთ კომენტარს. გამოდის, ისევ საჩხუბრად ემზადებით?
- იმდენად არასერიოზულად ვთვლი ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას... მეტსაც გეტყვით - არა მგონია, ეს თქვენთვისაც კარგი იყოს.
კარგით, მაშინ ასე ვთქვათ: ის, რაც “ალიაში” გამოქვეყნდა რეალობასთან ახლოსაა? ანუ, თქვენ დაინახეთ აეროპორტში ბადრი ბიწაძე, მიდით, ის მოგესალმათ, საპასუხოდ თქვენ გაარტყით ხელი...
- იცით რა, მომხდარის საჯაროობა არ მინდა, არა მგონია რომ ამის საჯაროობას საჭირო იყოს.
იცით რა, საზოგადოებას ეს თემა რომ არ აინტერესებდეს, 3 თუ 4 დღე “ვერ გაქაჩავდა”, ეკრანიდან თემა არ ჩამოსულა და გაზეთებიდან. არ ვაპირებ ხვეწნას, მაგრამ პოლიტიკოსს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავის ამომრჩეველთან.
- გეთანხმებით, საზოგადოებას ბევრი რამ აინტერესებს, მაგრამ როგორ ავყვე ბიწაძის ან სხვათა გამონათქვამებს?
თქვენ აყვებით-არ აყვებით ეს ნაკლებად ადარდებს ელიზბარ ჯაველიძეს, რომელმაც თქვა რომ ზურგიდან დაესხით თავს ბიწაძეს, შეაგინეთ, ბიწაძემაც შეგაგინათ, თქვენ დაარტყით, ის გამოიწია თქვენსკენ და თქვენ გაიქეცით. იცით რა, ბატონო ლევან, კარგი იქნება თუ ტრაფარეტულ პასუხს არ გამცემთ და არ მეტყვით, რომ ეს არ აინტერესებს საზოგადოებას. ბოლოსდაბოლოს საზოგადოების ნაწილი ვარ მეც.
- პასუხი იქნება იგივე, ეს არის ჩემი პირადი ამბავი და ვთვლი რომ პირადი საჯარო არაა.
პირადული კითხვა იცით რომელი იქნებოდა? მე რომ მეკითხა გყავთ თუ არა ცოლშვილიან კაცს მეგობარი ქალი. რომელზედაც შეგიძლიათ პასუხი არ გამცეთ, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ასეთ აურზაურს ატეხავ აეროპორტში, თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ პასუხი გამცეთ.
- შეთანხმება შედგება ორი მხარისგან, ახლა მე და თქვენ ვართ მხარეები. ამ თემის საჯაროობა არ მინდა და... ინტერვიუ სხვაა და კონკრეტული დეტალები - სხვა.
ინტერვიუ კონკრეტულ დეტალებს მოიცავს. ისე, რა ძალა დაგატანეთ ინტერვიუ მომეცით-მთქი?
- არა, რა ძალა... ჩემი ნებით დავჯექი თქვენთან ინტერვიუზე, ვიცი, მაინც არ დამანებებდით თავს.
ბიწაძემ თქვა, გაჩეჩილაძე თუ ასეთი მაგარია, პირისპირ შემხვდესო. იგივეს ამბობს ბურჯანაძეც. მოკლედ, რინგზე “მიგიწვიათ” და ამბობს, ასე ადვილად დასაჩაგრი არა ვარო. მაინც როგორია - ბიწაძე ხელი რომ მოხვდა, შეეშინდა და გაიქცა თუ საერთოდ არ მოხვედრია? საპასუხო არაფერი გაქვთ? პროვოკაცია მომიწყოო...
- ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება... ნინო ბურჯანაძე ქმარს დაუჭერს მხარს აბა არა? მე ხომ არ დამიჭერს მხარს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთვრალი წყნეთში მიხვედით ბიწაძის სახლში, აგინეთ და წამოდით. ან მისვლა რა იყო ან წამოსვლა?
- ამ ინფორმაციის გავრცელების დღეს ვიყავი პარტიულ კონფერენციაზე, სადაც კიდევ კარგი დამაფიქსირა მერაბიშვილის აგენტურამ “რუსთავი-2”-ის სახით, კონფერენციის შემდეგ ვიყავი სახლში სტუმრები მყავდა...
და ამის შემდეგ წახვედით წყნეთში.
- სუფრასთან ისხდნენ ჩემი მეგობრები და შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერს, არსად გავსულვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ალიბს ვიკეთებ, მაგრამ ვამბობ ფაქტს. მინდა გითხრათ, რომ მერაბიშვილის “კანტორამ” გადაწყვიტა აეგორებინა რუსთავი-2-ის და რეალტივის მეშვეობით ეს ყველაფერი. შეთხზეს კონკრეტული დეზინფორმაცია და გაავრცელეს. იქ ორი მომენტია. აუცილებელია ითქვას, რომ მე ვიყავი მთვრალი და მეორე - მე ვარ მოძალადე. ეს არის პოლიტიკური დეზინფორმაცია. ეს არის უბინძურესი შეთითხნილი ამბავი.
რომელი ამბავი შეთითხნა მერაბიშვილმა - ის, რაც მიუნხენის აეროპორტს ეხება თუ ის, წყნეთში რომ ახვედით?
- მიუნხენის ფაქტზე კომენტარს არ ვაკეთებ... თავიდან ბოლომდე შეთხზული არის წყნეთის ფაქტი.
როგორც იქნა დაადასტურეთ მაინც...
- ფაქტია, გადაამოწმეთ გერმანიის ავიახაზებში “ლუფტჰანზაში”. ერთი თვითმფრინავით ჩამოვფრინდით, შესაბამისად მიუნხენის აეროპორტში ვიყავით. მიუნხენზე არ მინდა ლაპარაკი და რაც შეეხება მის “გაგრძელებას” - წყნეთი და ასე შემდეგ, ეს არის მანქანა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სააკაშვილ-მერაბიშვილმა აამოქმედა დონაძის დახმარებით.
ანუ დასაჭერად გამზადებენ?
- არაფერი არაა გამორიცხული.
“ალიამ” გაიგო რომ თქვენ იმგზავრეთ ბადრი ბიწაძესთან ერთად ბიზნესკლასით, თქვენი პარტიული თანამებრძოლები – კიწმარიშვილი, სუბარი და გუნცაძე ამ დროს ეკონომკლასში ისხდნენ.
- რა გინდათ?
პასუხი მინდა კითხვაზე მეტი არაფერი.
- მე ვიჯექი ბიზნესკლასის ბოლო რიგში, სოზარი, კოკა და ეროსი ეკონომ-კლასის პირველ რიგში. გვერდი გვერდ ვისხედით. მაიების მიხედვით შემხვდა.
იგივე მეთოდით შეხვდა ბიწაძესაც...
- არ ვიცი.
არ დაგინახავთ?
- როგორ არა, დავინახე.
მაგრამ არაფერი უთხარით, მესმის თქვენი, ეს უკვე დაჭერას ნიშნავდა.
- ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ.
თუ, მოსახვედრი მოხვდა ბიწაძეს და თქვენი ამბიციაც დაკმაყოფილებულია?
- დაკითხვაზე ვარ, აშკარად.
იურისტი ვარ... თქვენ საბოლოოდ დაასამარეთ მოარული ხმები ირაკლი ოქრუაშვილის და ნინო ბურჯანაძის პარიზში შესაძლო შეხვედრის შესახებ. ანუ, არჩევანი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ და პირადს შორის პირადის სასარგებლოდ გადაჭერით. ხალხს დაანახეთ რომ მართალი ხართ?
- გამორიცხულია პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე.
როგორც ადამიანს, კაცურ ვარიანტში, მომწონს თქვენი “პასუხები”, მაგრამ რაღაც ძალიან ცუდი რესპონდენტი ჩამოყალიბდა თქვენგან.
- არ შეიძლება ერთმანეთში არეული იყოს ადამიანის ემოცია, ბუნებრიობა და პოლიტიკა.
მაგრამ თქვენ ხართ ემოციური პოლიტიკოსი.
- ერთ რამეს გეტყვით... როდესაც ლაპარაკია ლევან გაჩეჩილაძის ემოციაზე, მე ადექვატურად ემოციური ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მიკვირს - თურმე რაოდენ დიდი გამძლეობა მქონია. ადექვატურ ემოციას ვიჩენ ყველა შემთხვევის დროს. საკვირველი ის იქნება, ეს ემოცია რომ არ მქონდეს. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, ადამიანის ტყავის ნაცვლად მგონი ნიანგის ტყავი მაქვს, იმდენად გამოვიმუშავე თავშეკავების იმუნიტეტი .
ანუ, ტყვიაგაუმტარი გახდით? მთავარია ნიანგის ცრემლებით არ იტიროთ ერის გაჭირვებაზე.
- ნიანგის ტყავი იმიტომ ვახსენე, რომ ეს არის ყველაზე გამძლე. ნიანგის ცრემლებიც არსებობს კი... ბევრს უტირია ნიანგის ცრემლებით. ისე ილია ჭავჭავაძის “ბედნიერი ერი” ნიანგის ცრემლებია? ახლა ვიცით ჩასაფრებული ხართ და მეტყვით, ილიას ადარებ თავსო? არა, ბატონო, უბრალოდ ეს გამახსენდა ახლა ამ წუთას.
მიუნხენის ინციდენტმა გადაფარა თქვენი ოქრუაშვილთან შეხვედრის დეტალები. რისთვის იყავით ჩასულები ოქრუაშვილთან? ეს ეხებოდა ფინანსებს?
- ჩვენ ხუთივე და ჩვენთან ერთად ყველა ის, ვინც პარტიაშია, ჩვენი მხარდამჭერები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი ხელისუფლება. რამდენიმე მიზეზი არსებობს ამისათვის. პირველი - ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას ვუყურებთ არა როგორც კომფორტს, არამედ პასუხისმგებლობას და, აქედან გამომდინარე, ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ ნებისმიერ ცვლილებაზე რომელიც ამ ქვეყანაში მოხდება. პასუხისმგებლობას ვერ იღებს ის პოლიტიკოსი და ის პოლიტიკური ძალა, არ დავაკონკრეტებ ტყუილად არ მკითხოთ, ვისაც არა აქვს მზაობა ხელისუფლებაში მოსვლისა.
და ხელისუფლებაში მოსვლის თქვენეული წინაპირობა მუშტიკრივია? ახლა თუ კაცურად მივუდგებით საქმეს ახალაია ოქრუაშვილმა რომ ცემა, ბევრს გაუხარდა. ამ ბოლო ინციდენტმაც არ დაამწუხრა ბევრი, მაგრამ პოლიტიკა და პირადი მოტივი ერთია? ასე აპირებთ პარტიის პიარს?
- არა, ამითი არ ვაპირებთ პიარს და არც გვინდა. ამიტომ ვტოვებ თქვენს კითხვებს უპასუხოდ, თორემ განა სათქმელი არა მაქვს ან რაიმესი მეშინია? ჩვენ ჩვენი საქმით წარმოვჩნდებით.
ამ ყველაფრის ფონზე, მუშტიკრივის გარდა რას მთავაზობთ მე, როგორც ერთ-ერთ ამომრჩეველს?
- პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხი ამოისუნთქებს და ამ საგიჟეთს დააღწევს თავს. საგიჟეთი მხოლოდ ის კი არაა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება... საგიჟეთი ის არის, თუ როგორ გადადის ყურადღება სერიოზული თემებიდან მეორეხარისხოვან თემებზე. საგიჟეთი ის არის, რომ ხალხმა ამ საგიჟეთის შეგუება დაიწყო. ძალიან დიდი გულისტკივილია ის, რაც მოხდა დემეტრაძესთან მიმართებაში. გასაგებია ოსვენციმსაც შეეგუა ხალხი, მაგრამ კავკასიაში დაბადებული ადამიანი, მითუმეტეს - საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და სადაც მაღალია თავისუფლების ხარისხი...
რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ხო?
- არა, არა, მართლა გეუბნებით. ყველაზე კარგი მეცნიერები, ეკონომისტები, მხატვრები, ხელოვნების მოღვაწეები საქართველოში იყვნენ ყოველთვის. ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი რესურსი ქართველებს გვაქვს და, ჩემი აზრით, მთელ მსოფლიოშიც კი. უბრალოდ, ახლა ცუდი პერიოდი დგას. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ნიჭიერი ერი, იმას, რაც ახლა ხდება, დროებითაა შეგუებული და ერთხელაც იფეთქებს. რაც არ უნდა “იჩალიჩოს” სააკაშვილმა რომ ხალხი თავისუფლების დაკარგვას შეეგუება, არაფერი გამოუვა. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია. რა ვქნა - მიყვარს ჩემი სამშობლო და ამიტომაც მინდა გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია და ისიც კი - რაც არ შემიძლია, რომ ჩემი ერი კარგად იყოს.
ამ თემებზე გქონდათ ოქრუაშვილთან საუბარი?
- კი, ამ თემებზეც იყო.
მიუნხენის ინციდენტის შემდეგ რაო რა გითხრათ ოქრუაშვილმა? გქონდათ მასთან კონტაქტი?
- მე სულ მაქვს მასთან კონტაქტი.
მოეწონა აეროპორტში თქვენი მოქმედება?
- თქვენგან განსხვავებით ჩვენ ასეთ თემებზე არ ვლაპარაკობთ.
არადა სტატისტიკურად კაცები უფრო ხართ ჭორიკნები ვიდრე ქალები... რა საცოდავია ლევან გაჩეჩილაძე არა? არც დარტყმა იცის არც ამბების მოყოლა...
- გუშინდელი დღე გუშინდელია და ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვლაპარაკობთ.
ის გუშინდელი დღე ხვალინდელის წინამორბედია სხვათა შორის. რაო მაინც, ირაკლიმ - ლევან კაი ბიჭი ხარო, თუ ლევან ცუდი ბიჭი ხარო?
- არ გვილაპარაკია. ახლა რომ მეუბნებით კაცები სტატისტიკურად ჭორიკნები ხართო, როცა სტატისტიკურად კაცებზე ვლაპარაკობთ, სტატისტიკა უმრავლესობას თუ გულისხმობს, უმცირესობასაც ხომ გულისხმობს? ჩვენ ამ მხრივ უმცირესობაში ვართ.
მართლა დედა შეგაგინათ ბიწაძემ?
- არ გვინდა, რა...