ქალაქ თბილისის საზოგადოებას სურს, შეხვდეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მხარში ამოუდგეს. მსგავსი შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა ბატონი ირაკლი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რაღაც გეგმებიც დასახულა, მაგრამ შემდგომში, როგორც წესი, მავანმა და მავანმა ყველაფერი ჩაშალეს. ამ თემაზე "ქრონიკას" მსახიობი გია კორკოტაშვილი ესაუბრება:
- ბატონო გია, ძალიან მინდოდა თქვენთან საუბარი ხელოვნებაზე, კულტურაზე, მუსიკაზე, მაგრამ არ გამოდის, რადგან ლარის კურსი ვარდება პაპაჩემის იმასავით და ცხოვრებაც რთულდება. თქვენ როგორ აფასებთ მოვლენებს, რა ხდება ჩვენს თავს?
- პირდაპირ რომ შევაფასო, ძალიან უცენზურო გამოგვივა.
- არ არის პრობლემა, ყველაფერი მითხარით პირდაპირ.
- რაც ჩვენს თავს ხდება, ამას შეიძლება რამდენიმე კუთხით შეხედო... შეგიძლია პირდაპირ მთავრობა გააკრიტიკო, შეგიძლია - საერთაშორისო მოვლენებს გადააბრალო, დოლარი ყველგან ძვირდება. საქმე ისაა, რომ სხვა სახელმწიფოები, როგორც ჩანს, მზად იყვნენ, რათა შოკში არ ჩაეგდოთ თავიანთი მოსახლეობა. ერთ კვირაში 25 პუნქტით აიწია დოლარმა, ამაზე მზად უნდა ყოფილიყვნენ, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის, სხვები ამბობენ, არაფერიც არ ხდებაო. მე ეკონომისტი არ ვარ და ხადურსაც ვერ გავაკრიტიკებ.
- ეს უკვე პოლიტიკაში გადადის და პირდაპირ "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს.
- მე უფრო ერთი რამის დანახვა მინდა, მოარულადაც ამბობენ, ამ ამბებში ეროვნული ბანკია ჩართულიო. ამ ბანკის მმართველი, ქადაგიძე არ არის მმართველი გუნდის წევრი. თუ ეს კაცი დატოვეს, მაშინ კონტროლიც უნდა შეეძლოთ. ორივე შემთხვევაში "ქართული ოცნების" შეცდომაა. მთლიანობაში ეს ყველაფერი ხალხისთვის არის შემაძრწუნებელი ფაქტი იმ თვალსაზრისით, რომ ეს გუნდი ვერ თამაშობს ისე, რა თამაშსაც ველოდებოდით. როდემდე შეიძლება ლოდინი, სანამ თავზე არ დაგვექცევა ყველაფერი და მართლა "ნაციონალები" არ აყვავდებიან? ან სათანადოდ გაწიონ აგიტაცია-პროპაგანდა, ან ნორმალურად ახსნან, რატომ ხდება ეს ყველაფერი? მერე რა მოხდა? მე არ ვიცი! ეს არ არის არგუმენტები და ახსნა. კი, ბატონო, მთელ მსოფლიოში მიდის რაღაც მოვლენები, ყველგან მყარდება დოლარი, რატომ არ უხსნი ამას საზოგადოებას? გლეხმა კაცმა რა უნდა იფიქროს, ბატონო ჩემო? ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას არაფერი შეეტყობა, ეს პირდაპირ ურტყამს საშუალო დონის ადამიანის ჯიბეს. გარე ფაქტორები გასაგებია, აქ შიგნითაც გვაქვს რაღაც პრობლემა. გონიერი ხელისუფალი უნდა აკონტროლებდეს სიტუაციას, დოლარის ამხელა ავარდნა და ლარის დაცემა პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ჯიბეებზე. უკვე შოკირებულია საზოგადოება: თქვენ იმიტომ აგირჩიეთ, ბატონო ხელისუფალო, რომ ნაკლები ტკივილით გაგვატაროთ ეს ცხოვრება. მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ნაკლები ტკივილით მივდივართ წინ. ან გონება არ გყოფნით, ან გამჭრიახობა, ან კიდევ განათლება და ნიჭი. უუნაროები რომ ხართ, ეს ფაქტია. რაღაცა გააკეთეთ იმისთვის, რომ ნაკლებ მტკივნეულად გავიაროთ ეს ცხოვრება.
- თქვენ თქვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამათი გუნდის წევრი არ არისო... არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ამათი, არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამათი რაღაა, ასე ქვეყნის მართვა შეიძლება?
- მაგაზე ჩემი შეხედულება მაქვს და გეტყვით კიდევაც: საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ამოქმედება, აღარავის იმედზე აღარ უნდა ვიყოთ, არც ბატონი ბიძინას იმედზე, რომელიც გვერდზე გადგა და გარედან აკვირდება ამ ყველაფერს. ცხოვრებაში არსებობს პური და სანახაობა, პური აღარ გვაქვს და სანახაობასაც ვეღარ გვაჩვენებენ, რაღა გამოდის, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს? რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც არ აღუდგინეს სამართალი, რა ქნას, თავი მოიკლას? მე მაინტერესებს, პასუხი თუ აქვთ ამაზე? ყველა თავს ვერ მოიკლავს, პატივცემულო ხელისუფლებავ, ისინი ბოლოს მოგიბრუნდებიან და მინიმუმ, გკითხავენ: ერთი, რომ აგირჩიე, ჩემთვის რა გააკეთეო?
- პასუხი მზად აქვთ: 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ამაში პრემიები გვეკუთვნის!
- შეიძლება 25 საათი იმუშაო, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. მე ეს ვერ დავინახე. ამიტომ ვამბობ: ან უუნაროები არიან და ერთი ადგილი არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე, ან განათლება არ აქვთ... ყოველ შემთხვევაში, რაღაცის დეფიციტი აშკარად შეინიშნება, იმას არ აკეთებენ, რასაც თვითონვე დაგვპირდნენ.
- თქვენ ამბობთ, ბიძინა ივანიშვილი გვერდზე გადგაო, მე მგონი, ჩვენ გვეჩვენება, აბა, ამდენ ხალხს ვინ ხსნის?
- მე მინდა, ერთი რამე ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს: ჩვენ მადლიერი ვართ, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ გუნდი რომ აირჩიეთ და ხედავთ, ეს გუნდი არის უუნარო, ჯვარი ხომ არ გაქვთ დაწერილი? გადააყენეთ, ვინც გადასაყენებელია და მოიყვანეთ ის ხალხი, ვინც საქმეს გააკეთებს. ზოგიერთ ადამიანს მართლა ხომ არ გადავყვებით, რომელსაც ჭკუა არ ჰყოფნის? სამშობლოს სიყვარულზე აღარ ვლაპარაკობ, ზოგს ელემენტარული განათლება არ აქვს. არსებობს ეკონომიკური გათვლები, ეკონომიკური თავდაცვა, ასე უცებ არ უნდა გავფარჩაკებულიყავით. თან საამისო პირობებს ვერ ვხედავ, საამისო გარემო არ არის. თან ბატონ ბიძინას, როგორც ვიცი, ფინანსებსა და ეკონომიკაზე ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც, ამხელა ქონების პატრონია, ნუთუ ვერ შეარჩია ისეთი გუნდი, რომ ყოველდღე გულები არ დაგვიხეთქოს? გარემოცვაში ჰყავს საშინელი ადამიანები და იმათ ტყუილსაც კი უჯერებს, არ შეიძლება ეგრე... კაცს ამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და ბარემ ბოლომდე გააკეთოს, მადლი ქნა და მარილი მოაყაროს, ნორმალური ხალხი მოიყვანოს. პირველ ჯერზე შეკრებილებმა არ გაამართლეს, შეცვალოს, ჯვარი ხომ არა გვაქვს მაგათზე დაწერილი?
- ბატონო გია, როგორც ვიცი, თქვენ და თქვენს მეგობრებს გქონდათ მცდელობა, შეხვედროდით ირაკლი ღარიბაშვილს და გვერდით დადგომოდით. ამ მხრივ რა ხდება?
- კი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მე შევხვდი, გვქონდა საუბარი გვერდით დადგომაზე და სხვა საკითხებზე. ირაკლის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე რაღაცებს ელაპარაკებიან, ეს ზუსტად ვიცი. მე ვიცი ერთი რამე: საქართველო უნდა ააშენონ არა გიჟებმა და პათოლოგებმა, არამედ ნორმალურმა ადამიანებმა. შეიძლება ირაკლის გარშემო ბევრი ჰყავს ახლობელი ადამიანი, მაგრამ ყველას ყური არ უნდა დაუგდოს. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას რაღაც ჯგუფი, რომელსაც არ მოერიდება ლაპარაკი არც ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ბიძინა ივანიშვილთან და არც სხვასთან. საზოგადოებაში ტვინით გადაპენტილი ბევრი ადამიანია, ასეთების წარმოჩენას კეთილი ნება უნდა სახელმწიფოსგან. ჩვენში არიან ისეთი მხურვალე "ნაროდნიკები", რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს მისცემენ სწორ რჩევებს და აუხსნიან, რა ხდება რეალურად ჩვენს თავს.
- როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს პირველად შეხვდით, ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი?
- რა ვიცი, მაშინ ძალიან დიდი სურვილი გამოხატა, მაგრამ შემდეგ ეს სურვილი გაქრა. ახლა მხოლოდ შეთვლა-შემოთვლის ვარიანტი მიდის საახლობლო წრეებიდან, რომ რაღაცის გაკეთება კიდევ შეიძლება. დღეს საზოგადოების აზრი მთავრობამდე არ მიდის, თანამდებობებზე არიან ის ადამიანები, რომლებიც თვალებში შესციცინებენ ბატონ ბიძინას. არიან ფიგურებიც, რომლებიც ინიციატივებს იჩენენ, მაგრამ ისინი ამინდს მაინც ვერ ქმნიან. დღეს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უნდობლობა აქვს გამოცხადებული არა მხოლოდ "ნაციონალების" მიმართ, ხელისუფლების რაღაც სეგმენტის მიმართაც. ამიტომ უნდა გააქტიურდეს საზოგადოება, ნიჰილიზმში გადავარდნა და უიმედობა არაფერს მოგვიტანს. შეიქმნას საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება... დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, გადავწყვიტოთ, ვადამდელი არჩევნებია საჭირო? ჩავატაროთ. ესენი მოყვანილები არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ, მადლობის მეტიც არაფერი ეთქმით, მაგრამ თუ ბატონ ბიძინას სიკეთე უნდა ამ ქვეყნისთვის, საზოგადოებიდან უნდა შეარჩიოს გუნდის წევრები და არა მხოლოდ საკუთარი გარემოცვიდან. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.