რაზე შეთანხმდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან და წავა თუ არა კომპრომისებზე ხელისუფლება
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. უმეტესად, მსგავსი მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ კარგავს იმედს, რომ მმართველი გუნდი მის მოთხოვნებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებს და მინიმუმ, მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკვე გაეცნო. რა მოლოდინი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას და საბოლოოდ, მოლაპარაკების რა ფორმატზე შეთანხმდა ორი მხარე, ,,ვერსიასთან' პარტია ,,ახალი მემარჯვენეების' ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს.
სახელისუფლო პარტიები, ოპოზიციაში ყოფნისას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ჩვენთან ერთად ითხოვდნენ, დღეს კი იმავე ცვლილებებზე უარს ამბობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 50%-იანი ბარიერის დაწესებასაც საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი პირობები მოაყოლეს, ბარიერის დაწესებას აზრი დაუკარგეს - თუ არჩეული მერი და გამგებელი მმართველ გუნდს არ მოეწონა, მისი გადაყენების უფლება აქვს, რაც არჩევითობის პრინციპს ჩრდილავს. რამდენიმე წლის წინ, რესპუბლიკელებთან, ,,კონსერვატორებსა' და კოალიციის სხვა სუბიექტებთან ერთად მაჟორიტარულ სისტემასაც ვაკრიტიკებდით, რაც რეალურად ქართული პოლიტიკისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში დამაბრკოლებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა. როგორც კი ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაჟორიტარების უპრინციპო კორპუსის გამოყენება სათავისოდ დაიწყეს. როცა ცოტა ხნის წინ, ,,ქართულმა ოცნებამ' ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაჟორიტარებით უმრავლესობა გაიმყარა, ამ სისტემის მავნებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.
- დიდი ხანია ამ მოთხოვნებს აყენებთ, მაგრამ შედეგი ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში მიიღეთ. არ ფიქრობთ, რომ თამაშის იგივე წესებით ამჯერადაც წაგებულ ომში მიდიხართ?
- დიახ, ბევრი საკითხია, რაც წლიდან წლამდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება და ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე მემკვიდრეობით გადადის. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციების ცვლილება, საარჩევნო დავების საკითხში მოქნილი და ობიექტური მექანიზმის დამკვიდრება, საარჩევნო სიები... ვინც ამ მახინჯ სისტემას ინარჩუნებს, საბოლოოდ, ის აუცილებლად აგებს! გნებავთ, ამას წაგებული ომი დავარქვათ, გნებავთ, უსაგნო მუშტების ქნევა, ფაქტია, სახელისუფლო ძალებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ჰყოფნით. ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარებს ხელების გადაგრეხით ინარჩუნებდა, იგივეს აკეთებს ,,ქართული ოცნებაც'. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმაც კი აღნიშნა, რომ მაჟორიტარული კორპუსი მახინჯი სისტემაა, თუმცა კოალიციაში იგივე განწყობა არ შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, თუ ხელისუფლება ქვეყანას რკინის ფარდას არ ჩამოაფარებს, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახსნა გაუჭირდება, რატომ აყოვნებს ე.წ. მანდატის თანაფარდობის პრინციპის დამკვიდრებას. საერთაშორისო რეკომენდაციებში ხაზგასმითაა აღნიშნული ამ ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. ამიტომ გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთ დილემას ვაწყდებით - ვეტოების ეპოპეაში ძნელად წარმომიდგენია, ,,ქართული ოცნება', ნაციონალური მოძრაობა და სხვა პოლიტიკური პარტიები ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმდეს.
- თავად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება მოახერხეთ? რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნების გამო ხელისუფლებას თავად აძლევდით საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე უარის მიზეზს.
- მიუხედავად იმისა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ბევრ საკითხში დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, შევეცადეთ, საარჩევნო კოდექსზე ერთიან ხედვაზე ჩამოვყალიბებულიყავით. ასე რომ, ხელისუფლებას ეს არგუმენტი გამოვაცალეთ. დღეს ვეღარ გვეტყვიან, რამდენ პარტიას მოვუსმინო და რამდენი ცვლილება გავატაროთ საარჩევნო კანონმდებლობაშიო...
- კონკრეტულად, რა საკითხებზე შეთანხმდით პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე თანახმაა?
- დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ ცვლილებების ნაწილს, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ითხოვდა, დღესაც მხარს უჭერს. იგივე აზრზე არიან ,,თავისუფალი დემოკრატებიც', მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რა ვითარებაა ,,ქართულ ოცნებაში'. ამას მომავალ შეხვედრებზე შევიტყობთ. ამ ეტაპზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთმანეთთან აზრების გაცვლით შემოვიფარგლეთ. ვისაუბრეთ ინტერპარიტული ჯგუფის შექმნაზეც, რაც ჩვენთვის ინტერფრაქციულ ფორმატზე ბევრად სასურველია. ინტერფრაქციულ ჯგუფში ყოველთვის საპარლამენტო ფრაქციების ინტერესები დომინირებს. ჯერჯერობით, უცნობია, წამოვა თუ არა ამ დათმობაზე ხელისუფლება, დავით უსუფაშვილთან საუბრისას ის ძირითადად რესპუბლიკური პარტიის მოსაზრებებს გამოთქვამდა.
- ანუ საარჩევნო კანონმდებლობაზე ახლა ხელისუფლების შიგნით დავობენ?
- არ ვიცი, მაგრამ საუკეთესო პირობები გვექნებოდა, საარჩევნო სისტემის საბოლოო ვარიანტზე ინფორმაცია არჩევნებამდე ორი წლით ადრე რომ გვქონდეს. ხომ უნდა ვიცოდეთ, რა მიმართულებებით ვიმუშაოთ, მაჟორიტარების არჩევაზე ვიზრუნოთ, რეგიონული სია პროპორციული წესით შევარჩიოთ თუ საერთოდ, ერთიანი პროპორციული სია შევადგინოთ? ამ თვალსაზრისით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მუშაობა ყოველთვის ცაიტნოტის რეჟიმში უწევდა.
- ცაიტნოტისა და უფულობის რეჟიმში, ამჯერად, დაფინანსების მისაღებად რა გეგმები გაქვთ?
- დაფინანსება პოლიტიკური პარტიების აქილევსის ქუსლია. დღესაც პარტიების დაფინანსებას შორის ასტრონომიული განსხვავებაა. იგივე ხდება სარეკლამო დროის გადანაწილების თვალსაზრისითაც. ვიღაცას აქვს პრივილეგია, ვიღაცას -A არა. პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთისგან განსხვავებული სასტარტო პირობებიდან უწევთ ბრძოლა. სხვათა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სარეკლამო დროის გადანაწილებაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ და დღემდე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ვფიქრობთ, მოსამართლე ამ დისკრიმინაციულ პრინციპს გააუქმებს.
- არ ფიქრობთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის პრობლემაა, როცა ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე ვერ ითანხმებს, თუ მოლაპარაკების ფორმატის გარდა, ბრძოლის სხვა მექანიზმები აღარ დაგრჩათ?
- ვცდილობთ საკითხი დიალოგის რეჟიმში გადავწყვიტოთ. წარსულში წარმატების მისაღწევად სხვა მექანიზმებიც მოგვისინჯავს, მაგრამ არც მაშინ მიგვიღია კონკრეტული შედეგი. დღეს ისევ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინების იმედი გვაქვს, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მიმართ პრინციპული და შეუვალია. ხელისუფლებას მის განხორციელებაზე კატეგორიული უარის თქმა გაუჭირდება.