სააკაშვილს ციხეში გავუშვებ

სააკაშვილს ციხეში გავუშვებ

“ახალი თაობა" ”თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა.

 

წინა კვირას პარლამენტში მინისტრთა მოსმენები გაიმართა, თუმცა ახალი არც არაფერი მოგვისმენია და, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა. თქვენ როგორ შეაფასებდითმინისტრთა კვირეულს", ბატონო კახა?

- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ესენი არა მინისტრები, არამედ ბანდიტები არიან. ეს არის არა მთავრობა, არამედ მაფია. აქედან გამომდინარე, მაფიასთან საუბარი დაახლოებით იგივეა, ალ კაპონესთან რომ მისულიყო ვიღაც და ეთქვა, იცით, რა, ბატონო ალ კაპონე, თქვენ აშშ-ის კონსტიტუციის მე-11 და 31-ე მუხლები დაარღვიეთ და უნდა დაგსაჯოთო. ჩვენ ამ ხალხს სანამ არ დავაპატიმრებთ, მანამდე მათი მოსმენა, რა თქმა უნდა, პიარის გარდა, არაფრისმომცემი იქნება.

 

თქვენი აზრით, გილაურის შემაჯამებელი გამოსვლაც მხოლოდ მორიგი პიარი

იქნება და საზოგადოება ახალსა და საინტერესოს ვერც ვერაფერს მოისმენს?

-  რა თქმა უნდა, ესეც, მხოლოდდამხოლოდ, მორიგი პიარი იქნება. გილაური ამ მაფიის კონსოლიერია, რომელიც მაფიის საქმეთა წარმოებას ხელმძღვანელობს და მისი ადგილი არა მთავრობაში, არამედ ციხეშია.

 

ოპოზიციური რვიანი" თვლის, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, სხვა ოპოზიციური ძალები კი ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის მომხრენი არიან. თქვენ რომელ გზას ირჩევთ და როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?

- რაც შეეხება “ოპოზიციურ რვიანს", მგონი, ჩემზე ძალიან გაბრაზდნენ, როდესაც ვთქვი, რომ მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მოკვდა და შეგიძლიათ დაახუროთ კუბოს თავსახური-მეთქი, თუმცა, დღეს, მგონი, მათაც დაინახეს, რომ მაშინ მე ნამდვილად არ ვცდებოდი. დღესავით ნათელია, რომ სააკაშვილის რეჟიმი სამართლიან არჩევნებს არასდროს ჩაატარებს და ამიტომაც დავტოვე მოლაპარაკების მაგიდა. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, გეტყვით, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმა სააკაშვილის დაპატიმრება და გასამართლებაა.

 

როგორ და რა გზით აპირებთ ამის მიღწევას, რევოლუციით?

- ჩვენ ამის მიღწევას მასობრივი საპროტესტო აქციების გზით ვაპირებთ და მივაღწევთ კიდეც, მათ შორის რევოლუციითაც.

 

წინასწარ რევოლუციის დაანონსება რამდენად სწორია?

- ჩვენ არაფერს ვაანონსებთ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას ვუჭერთ მხარს, რადგან არსებული რეჟიმი არჩევნების გზით არ წავა. ისე, ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც ყველა საკითხში არასწორ არჩევანს აკეთებს, ჩვენ ჭკუას ნუ გვასწავლის. ვიმეორებ, სხვა გზით კრიმინალური რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია.

 

თუმცა, რამდენიმე თვის წინ თქვენც იჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და

ფიქრობდით, რომ ხელისუფლებასთან დიალოგით სასურველ შედეგს მიაღწევდით...

- სულაც არ ვფიქრობდი, რომ ამ რეჟიმთან მოლაპარაკების გზით სასურველ შედეგს მივაღწევდით. მაშინ ეს უცხოელებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეგონათ, ჩვენ კი მათ ვუთხარით, რომ ესენი ბანდიტები არიან და არანაირ კოდექს არ შეცვლიან. მათ კი გვითხრეს, კიდევ ერთხელ სცადეთო და მათთვის რომ დაგვენახვებინა, რომ ესენი ნამდვილად ბანდიტები არიან და მათთან არანაირი შედეგის მიღწევა არ შეიძლება, ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი და შედეგი გამოჩნდა კიდეც. დღეს უკვე იმ “ოპოზიციურ რვიანში" შემავალმა პარტიებმაც დაინახეს, რომ ამ ბანდიტებთან საუბარს არანაირი აზრი არა აქვს. მართალია, ცოტა კი გაბრაზდნენ ჩემზე, რომ ვთქვი, დაახურეთ კუბოს თავსახური-მეთქი, თუმცა, არა უშავს.

 

მგონი, მართლაც მართლდება თქვენი პროგნოზი... თუმცა, მოლაპარაკებები რომ ჩიხშია, "რვიანი" ამას საბოლოოდ მაინც არ აღიარებს. იგივე თარგამაძე საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ მოლაპარაკებები განახლდება და შედეგიც დაიდება...

- დიახ, მგონი, დღეს ჩემი ნათქვამი ნამდვილად გამართლდა. თავდაჯერებულები სულაც არ არიან. "ოპოზიციურმა რვიანმა" ხომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ეს არის ძალიან სერიოზული დემარში და, მოლაპარაკებები რომ წარმატებული ყოფილიყო, არ შეაჩერებდნენ, ხომ? განაახლებენ თუ არა მოლაპარაკებებს, არ ვიცი, მაგრამ, შეჩერებული მოლაპარაკებები წარმატებულად რომ ვერ ჩაითვლება, ცხადია.

 

ხომ არ ვიხილავთოპოზიციურ რვიანს" თქვენ გვერდით საპროტესტო აქციებზე?

- ამას მხოლოდდამხოლოდ მივესალმებით. გუშინ ბატონი დავით გამყრელიძე შემხვდა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან მესიმპათიურება. ჩვენ მივესალმებით მას და აუცილებლად მოვიწვევთ მიტინგის ტრიბუნაზე.

 

"სახალხო კრება" ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლას აპირებს. რამდენად სერიოზულად უყურებთ მათ მიერ დაანონსებულ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს და გიხილავთ თუ არა ამ ბრძოლაში მათ გვერდით?

“სახალხო კრებასთან" ჩვენ მათივე სურვილიდან გამომდინარე არ ვთანამშრომლობთ. მათ, ასე ვთქვათ, რაღაც თავიანთი გეგმები და გათვლები აქვთ.

 

მათივე სურვილით? ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მათი კარი ყველასთვის ღიაა და დღესაც მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას, შემოუერთდით

კრებასო...

ვიმეორებ, ჩვენ კრებასთან არ ვთანამშრომლობთ მათივე სურვილით. ნინო ბურჯანაძის პარტიაში ნამდვილად ვერ გავწევრიანდებით.

 

რა შუაშია ნინო ბურჯანაძე? რამდენადაც ცნობილია, 'სახალხო კრებას" სათავეში ნონა გაფრინდაშვილი უდგას...

- კარგით, რა. არ გვინდა ამ ზღაპრების სმენა. ჩვენ ვიყავით 'სახალხო კრებაში" გაერთიანებული და მათ ჩვენთან საერთო ენა ვერ მონახეს. კრება ამიტომაც დავტოვეთ და ახლა ისევ ხომ არ შევცვივდებით კრებაში? 'სახალხო კრებამ" აკეთოს თავისი საქმე. მე მათ არც გავაკრიტიკებ და არც მხარს დავუჭერ. ჩვენ მათთან არ ვთანამშრომლობთ და არც ვითანამშრომლებთ.

 

საპროტესტო აქციებს თუ დაიწყებენ და ხალხი თუ გაჰყვება მათ, მაშინაც არ დადგებით კრების გვერდით? რატომ?

ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ 'სახალხო კრების" აქტივობა არ გვაინტერესებს. არ შეიძლება, რომ ასეთი პოზიცია გვქონდეს? არ გვაინტერესებს და მორჩა. ამ დისკუსიაში არ შევდივართ. 'სახალხო კრების" გვერდით არ დავდგებით.

 

აბა, ვის გვერდით დადგებით, მარტო როგორ მოახერხებთ ხელისუფლების შეცვლას? ეს ხომ გაერთიანებულმა ოპოზიციამაც ვერ შეძლო... აწარმოებთ თუ არა რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან მოლაპარაკებებს?

- ჩვენ ხალხის გვერდით დავდგებით. რაც შეეხება კონსულტაციებს, დიახაც, ვაწარმოებთ. ”თავისუფალი საქართველო" კონსულტაციებს ”ქართულ პარტიასთან" აწარმოებს.

 

ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასქართულ პარტიასთან" ერთად აპირებთ? რა განსხვავებაასახალხო კრებასა" დაქართულ პარტიას" შორის? ორივე ძალა ხომ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს...

- რა განსხვავებაა ”ქართულ პარტიასა" და ”სახალხო კრებას" შორის? რა და 2007 წლის 7 ნოემბერი. ”ქართული პარტია" ჩვენი ძველი თანამებრძოლია, რომელთან ერთადაც ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და არა მარტო სურვილი სააკაშვილის გადადგომისა. რა განსხვავებაა კრებასა და ”ქართულ პარტიას" შორის, მგონი, დღესავით ნათელია. დიახ, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ”ქართულ პარტიასთან" ერთად ვაპირებთ. ოღონდ, ეს ისე არ გაიგოთ, რომ ”თავისუფალი საქართველო" და ”ქართული პარტია" ვერთიანდებით. არა, ის ცალკე პარტიაა, ჩვენ ცალკე პარტია ვართ. უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ერთად ვაპირებთ.

 

წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ გამართული აქცია ძალოვნებმა დაარბიეს. ხომ არ იყო ეს ხელისუფლების მხრიდან ხალხის დაშინების მცდელობა და იმის ჩვენება, რომ აქციებზე თუ გამოხვალთ, დაგარბევთო? ხელისუფლება აქციებს კვლავ დაარბევს?

- დიახ, ზუსტადაც რომ ამის მცდელობა იყო. ვფიქრობ, ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ ხალხი იძულებული გახდება, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს, რაც იქნება ძალიან მძიმე. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო მათ: ”მიშისტებო", სააკაშვილის მინისტრებო, პოლიციელებო და პროკურორებო, მერე რომ დაგეწყებათ ხმის კანკალი, ვაიმე, მე რა შუაში ვიყავი, მე ნუ მერჩითო და ა.შ. ეს არ გიშველით, ყველას ცხვირპირს გადაგისწორებთ. აი, ეს შემიძლია ვუთხრა მათ.

 

ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის თქვენი მხრიდან, ეს რას ნიშნავს?

- ვიმეორებ, ცხვირპირს გავუსწორებთ ყველას, ვინც ამ ძალადობრივ დარბევებში მონაწილეობს.

 

ძალადობა ძალადობას შობსო... შიშველი ხელებით იბრძოლებთ მათ წინააღმდეგ? დაგვიკონკრეტეთ!

- ჩვენ მათ ძალას დავუპირისპირებთ. დეტალების დაკონკრეტება აუცილებელი არ არის. ჩვენ გვაქვს ძალები და ამ ძალების შესახებ დეტალური ინფორმაციების მიწოდება

პრესის ფურცლებით საჭირო ნამდვილად არ არის. ამის ძალები არსებობს და, ვიმეორებ, ცხვირპირს გავუსწორებთ ყველას. თუ დაარბევენ აქციას და პროცესების მშვიდობიანად წარმართვას არ მოინდომებენ, ამას მიიღებენ.

 

როდის აპირებთ კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლას და არა მარტო განცხადებების კეთებას?

- ჩვენ ახლაც ვმოქმედებთ. რატომ მხოლოდ განცხადებები? იყო აქციებიც, არის შეხვედრები, დაფუძნებები, ვიზიტები, კონსულტაციები. რას ეძახით თქვენ მოქმედებას? ანუ ქუჩის აქციების დაწყებას როდის ვაპირებთ? როცა დრო მოიტანს. ჩვენ არ ვაანონსებთ. ხომ გვეუბნებიან, რომ დააანონსება არ არის საჭირო. ჰოდა, ვუჯერებთ და არ ვაანონსებთ. ისე, მინდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დამშვიდდეს. მგონი, ხელისუფლებას არ ეშინია რევოლუციის ისე, როგორც მათ და ცოტა დაწყნარდნენ, არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა, ნერვიულობა ხომ მავნებელია

ჯანმრთელობისთვის.

 

რომელ პარტიებს გულისხმობთ?

- იმათ, რომლებიც ამ დაანონსებული რევოლუციების გამო ლამისაა დარდით დაიხოცონ. ერთი თვეა უკვე, რაც სააკაშვილის შეცვლაზე კი არა, არამედ იმაზე ფიქრობენ, რა გავაკეთოთ, რევოლუცია როგორ ავიცილოთ თავიდანო. ეს მთავრობისა და პოლიციის საზრუნავია, ეგენი კი წავიდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ. რას გადაირივნენ ამ რევოლუციაზე დარდით, ვერ გავიგე!

 

ვრცელდება ხმები, რომნაციონალებში" განხეთქილებაა. იმასაც ამბობენ, რომ ისინი უკვე თვითგადარჩენასა და გაქცევაზე ფიქრობენ, ასევე, ხელისუფლების მათივე გუნდიდან ჩანაცვლების გეგმასაც ამუშავებენ. ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ?

- ჩემი აზრით, ნაციონალებში წვრილმანი დაპირისპირებაა, შიდამაფიოზური დაპირისპირებები რომ არის კლანებს შორის ხოლმე, აი ასეთი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონცეპტუალური დაპირისპირებაა და პოლიტიკურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. რაც შეეხება თვითგადარჩენასა და გაქცევას, რა თქმა უნდა, ამისთვის ემზადებიან. მაშინ, როდესაც სააკაშვილის საქმე ცუდად იქნება, ყველანი წითელ ხიდზე დადგებიან. ალბათ, გახსოვთ, რამდენი ”ნაციონალი" დაიჭირეს წითელ ხიდზე და სარფის საბაჟოზე აგვისტოს ომის დროს, როცა გავრცელდა ხმები, რომ სააკაშვილი თბილისიდან მირბოდა. გაიხსენეთ, სააკაშვილი ხმის კანკალით რომ იჯდა პირდაპირ ეთერში და ეხვეწებოდა მთელ საქართველოს, არიქა, არ გაიქცეთო. ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს. რაც შეეხება გეგმებს, რა თქმა უნდა, მათ თავში მილიონი რამ მუშავდება, მაგრამ ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ. ჩვენ მათი აზრები და სურვილები არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ სააკაშვილი ჩაჯდეს ციხეში.

 

და მაინც, როგორ აპირებთ სააკაშვილის ციხეში გასტუმრებას და პროცესების გამწვავებას თუ ელით გაზაფხულზე?

- როგორ და მასობრივი საპროტესტო აქციების გზით. რაც შეეხება დეტალებს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. პროცესების გამწვავებასა და ხალხის ქუჩაში გამოსვლას ნამდვილად ველი, რადგან ხალხს პროტესტის საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს.