საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში სამხრეთ კორეის რესპუბლიკისა და კანადის სამხედრო ატაშეებს, პოლკოვნიკ იუსენგ ჰანს და კაპიტან ივან ალაინს უპასპინძლა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „გრძელდება შეხვედრები საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. დღეს შეხვედრები შედგა სამხრეთ კორეისა და კანადის სამხედრო ატაშეებთან. ბუნებრივია გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. შევეხეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ხაზგასასმელია ჩვენი თანამშრომლობა კანადასთან, რომელიც არის ნატოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო და ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. კანადასთან ჩვენ გვაქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ნატოს პლატფორმის ურთიერთობების გაწერილი გეგმა. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ურთიერთობებს პარტნიორებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.