ხუთი საერთო რამ ვლადიმირ პუტინსა და რეჯებ ტაიპ ერდოანს შორის

ხუთი საერთო რამ ვლადიმირ პუტინსა და რეჯებ ტაიპ ერდოანს შორის

ორივე ახლახან გადასცდა 60 წელს. ორივე ხელმძღვანელობს დიდ, გავლენიან ქვეყანას, რომელიც ევროპის აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის მსგავსება ამით არ ამოიწურება.

1 დეკემბერს ვლადიმირ პუტინი ანკარაში ჩავიდა, რათა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მოლაპარაკება გამართოს საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკისა და 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის თაობაზე. მოლაპარაკებების ფონია ორ ლიდერს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა საგარეო პოლიტიკის რამდენიმე საკითხზე - უწინარესად, სირიაზე, რომელთან მიმართებითაც პუტინი, ფაქტობრივად, მარტო იცავს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, და უკრაინაზე, რომელთან მიმართებითაც ერდოანი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები თათრების მდგომარეობის გამო. უთანხმოება არსებობს, თუმცა 62 წლის პუტინსა და 60 წლის ერდოანს შორის განსხვავებაზე მეტი საერთო მახასიათებლებია.

ორივე სიღარიბეში გაიზარდა და ბავშვობიდან მისდევდა სპორტს. პუტინი ომის შემდგომ სანკტ-პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა - ცნობილია მისი ნათქვამი, რომ ბავშვობაში სახლის კიბის უჯრედიდან ვირთხების განდევნა უწევდა. სამბოსა და ძიუ-დოზე სიარული პუტინმა ჯერ კიდევ აცვენილი თინეიჯერობისას დაიწყო, ბოლოს კი „შავი ქამარი“ მოიპოვა და ვიდეოც გამოუშვა, სახელწოდებით „ვისწავლოთ ძიუ-დო ვლადიმირ პუტინთან ერთად“. ერდოანი გაიზარდა ქაშიმფაშაში, სტამბოლის ღარიბ უბანში, სადაც ლიმონათსა და ფუნთუშეულს ყიდდა ჯიბის ფულის საშოვნელად. როგორც ამბობენ, ის დღემდე იმ უბანში დადის თმის შესაჭრელად, თავის ძველ ნაცნობ დალაქთან. 13 წლის განმავლობაში ერდოანი ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ქაშიმფაშას გუნდში თამაშობდა.

პოლიტიკური კარიერა ორივე ლიდერმა დიდწილად „დიადი ერის“ შესახებ რიტორიკასა და დასავლეთის კრიტიკას დააფუძნა. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გასაგრძელებლად და პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებს შორის ხელისუფლების სასურველი განაწილების მისაღწევად ორივემ კონსტიტუცია შეცვალა. 

პუტინი უკვე 15 წელია ხელისუფლებაშია, ერდოანი - 11. ორივე ლიდერის მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა პოლიტიკური განსაკუთრებულობის შესახებ რიტორიკა - რუსეთიც და თურქეთიც უკმაყოფილებით ხვდებიან დასავლეთის მხრიდან სირიის, უკრაინის ან დემოკრატიის პრობლემების თაობაზე გამოთქმულ შენიშვნებს. ერდოანის „სამართლისა და განვითარების პარტიამ“ სცადა ტრადიციულად სეკულარულ თურქეთში ისლამური მმართველობის შემოღება. ამასთან, ერდოანმა მიანიშნა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა და ამის მაგივრად პეკინისა და მოსკოვის მმართველობით მოქმედ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შევიდეს. პუტინი უკრაინის მიმართ რუსეთის ინტერესებს იცავს, ამას ნატოს აგრესიის შეკავების მცდელობად სახავს და დასავლეთს სდებს ბრალს ახალი ცივი ომის პროვოცირებაში. გავლენის განსამტკიცებლად ორივე ლიდერი იყენებს რელიგიას: ერდოანი -სუნიტურ ისლამს, პუტინი - რუსულ მართლმადიდებლობას.

ორივე ლიდერი ფლობს სასახლეებს. ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა ერდოანის ახლად აშენებული თეთრი სასახლე - ოსმალეთის იმპერიის ესთეტიკურ მოტივებზე აგებული საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დედაქალაქ ანკარაში აიგო. სასახლე მოიცავს ათას ოთახს, მარმარილოს იატაკებს და უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიურ სისტემას და, როგორც იუწყებიან, მისი ღირებულება 615 მილიონი დოლარი იყო.ერდოანის მომხრეები აცხადებენ, რომ სასახლე ქვეყნის კეთილდღეობის სიმბოლოა და ერდოანის ფიგურის მნიშვნელობას ასახავს - კაცისა, რომელიც თანამედროვე თურქეთის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ერდოანის საჯაროდ ცნობილი სასახლისგან განსხვავებით, პუტინის ფეშენებელური საცხოვრებელი, როგორც იუწყებიან, გაცილებით უფრო დამალული ამბავია - გავრცელებული ცნობებით, ეს სასახლე შავ ზღვაზე მდებარეობს და მისი მშენებლობა ერთი მილიარდი დოლარი დაჯდა. მას „პუტინის სასახლედ“ მოიხსენიებენ. როგორც ამბობენ, ის სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლის ბაროკოს სტილშია აგებული და მოიცავს კაზინოს, საცურაო აუზებსა და ვერტმფრენების დასაფრენ რამდენიმე მოედანს. კრემლი უარყოფს კავშირს სასახლესა და პუტინს შორის. ცნობილია, რომ სასახლის იტალიელ არქიტექტორს აგვისტოში რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

ორივე ლიდერმა ჩაახშო სახალხო საპროტესტო გამოსვლები. რუსეთში მასობრივი აქციები იმართებოდა 2011-12 წლებში, როცა პუტინი მესამე ვადით იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნების შემდეგ რუსეთის ლიდერმა ისარგებლა პრეზიდენტის ახლად აღდგენილი უფლებამოსილებებით და მასშტაბური ზეწოლის კამპანია დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების, არასახელმწიფო მედიისა და „ბოლოტნაიას“ მოედანზე გამართული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 400-ზე მეტ ადამიანს, ათზე მეტი დემონსტრანტი კვლავაც ციხეშია და განაჩენის გამოტანას ელის.

თურქეთში 2013-14 წლებში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა ერდოანის გეგმას სტამბოლში გეზი პარკის განადგურების თაობაზე, იქ სახლების აშენების მიზნით. მთავრობის მზარდ ავტორიტარიზმსა და სეკულარიზმის პრინციპებზე შეტევას 3 მილიონზე მეტი მოქალაქე აპროტესტებდა. ერდოანმა გამოსვლებს ძალის გამოყენებით უპასუხა - პოლიციას უფლება მისცა აქციები ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაეშალა. დაიღუპა თორმეტი ადამიანი, დააპატიმრეს 5,500-ზე მეტი. როგორც რუსეთში, ისე თურქეთში, ძალისმიერმა ზეწოლამ, ფაქტობრივად, გააჩუმა პოლიტიკური ოპოზიცია. პუტინი მეოთხე ვადით გაპრეზიდენტებას განიხილავს, ერდოანი კი აგვისტოში თურქეთის პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი გახდა.

ორ ლიდერს შორის კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ, ყველა ინდიკატორით, არც ერთი მათგანი არ მიიღებს „წლის ფემინისტის“ წოდებას. გასულ კვირაში ერდოანმა სკანდალი გამოიწვია განცხადებით, რომ ისლამის თანახმად, ქალისთვის მთავარი პრიორიტეტი დედობა უნდა იყოს და სქესებს შორის თანასწორობა „ბუნების კანონს ეწინააღმდეგება“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთის ლიდერი ცდილობს საკუთარი კონსერვატიული, რელიგიური შეხედულებები ქალებზე განავრცოს - მან გამოაცხადა, რომ თურქ ქალებს სამ-სამი შვილი უნდა ჰყავდეთ და შეეცადა აბორტის და კონტრაცეპტივების შეზღუდვას. პუტინმა ახლახან უხამსი ხუმრობით უხერხულობა გამოიწვია, როცა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად მსჯელობდა ევროკავშირის შესაძლებლობაზე შეინარჩუნოს სავალუტო კავშირი. „არ აქვს მნიშვნელობა ქორწილის ღამეს როგორ გააკეთებთ ამას - შედეგი მაინც უცვლელი იქნებაო“, - განაცხადა მან. ივნისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ მისი ნაბიჯების ჰიტლერის ქმედებებთან შედარებას პუტინმა ქედმაღლურად უპასუხა, ქალებთან კამათი არ ღირსო. რუსეთის ლიდერი ახლახან გაეყარა ცოლს. ცნობილია მისი სიტყვები: ყველა, ვინც ჩემს ყოფილ ცოლ ლიუდმილასთან ორ კვირას გაძლებს, ძეგლის დადგმას იმსახურებსო.