დღეს უკვე ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინის მთავრობაში აპირებენ, საქართველოს დამაქცევრებს მაღალი თანამდებობები მისცენ - საუბარია ზურაბ ადეიშვილზე, ეკა ზღულაძესა და თვით მიხეილ სააკაშვილზეც კი. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინის რადა ახალ კანონს მიიღებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უფლება მიეცემათ, მაღალი თანამდებობები დაიკავონ, უკვე არაფერი იქნება გამორიცხული. თუ რა ხდება უკრაინაში, ამაზე "ქრონიკას" კიევში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი ლატვიაში, მწერალი რაულ ჩილაჩავა ესაუბრება:
- ბატონო რაულ, ამხელა უკრაინაში ხალხი ვერ მოძებნეს, რომ თანამდებობებზე დანიშნონ?
- რა გითხრათ და რით გაგახაროთ? უკრაინა სულ უფრო და უფრო იძირება კრიზისის წყვდიადში: ომი რუსეთთან (და არა ანტიტერორისტული ოპერაცია), ეკონომიკის კოლაფსი, ინფლაცია, ფასების კატასტროფული ზრდა, გაუსაძლისი სოციალური ვითარება, რომელიც დღითი დღე მწვავდება, ოპტიმიზმის შანსს პრაქტიკულად არ ტოვებს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პროგრამის პირველივე პუნქტი, რაც დონბასში მშვიდობის აღდგენას ითვალისწინებდა, არათუ ჯერჯერობით ვერ შესრულდა, საერთოდაც მიუღწეველი ჩანს. ქვეყანა თანდათანობით გადადის საომარ მდგომარეობაში, რაც მართვის სრულიად ახალ პრინციპებს თვალისწინებს. რამდენად ფლობს თანამედროვე ომის ხელოვნებას უკრაინის ახალი ხელისუფლება, სულ მალე ვნახავთ.
- და უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ? ეს ხომ აბსურდია? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ უკრაინა უფრო ჩაეფლობა ომსა და სიბინძურეში?
- უკრაინის უზენაესი რადას რიგგარეშე არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 27 ნოემბერს შედგა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა. მათი გადაწყვეტილებით, ახალი სპიკერი გახდა ყოფილი ვიცე-პრემიერი ვლადიმერ გროისმანი, ხოლო მთავრობის მეთაურად ხელახლა დაინიშნა არსენ იაცენიუკი. სესიის გახსნაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც ბევრ სხვა რამესთან ერთად განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში მოწვეული იქნებიან უცხოელი სპეციალისტებიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეროვნული პოლიტიკის უკურნებელი სენი - კორუფცია, ნათლიმამობა, ბიზნესინტერესები და ასე შემდეგ. პრეზიდენტს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუმცა ინფორმირებული ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერებად ზურაბ ადეიშვილსა და ეკა ზღულაძესაც ასახელებენ. ამ უკანასკნელს ამას წინათ ვრცელი ტრიბუნა დაუთმო სავიკ შუსტერის შოუმ, სადაც ქალბატონმა ეკამ ქართული პოლიციის რეფორმებსა და იქ მიღწეულ შთამბეჭდავ წარმატებებზე ილაპარაკა. შოუში გამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც მიმოიხილა, ზოგადად, ქართული რეფორმები, როგორც თანამედროვე სახელმწიფო მენეჯმენტის სანიმუშო მაგალითი. ასე რომ, კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ უნდა იყოს.
- კი, მაგრამ ყველამ ხომ კარგად დაინახა, რა მოჰყვა სააკაშვილის რეფორმებს, უკრაინელმა ხალხმა რეალობის შეგრძნება დაკარგა?
- მართალია... პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოდ შეხვდა. უკვე გაისმა ვარაუდები, რომ უცხოელებს მოიწვევენ არა ფუნქციონერებად, არამედ კონსულტანტებად, რაც, ჩემი აზრით, უფრო ლოგიკური იქნებოდა. მოგეხსენებათ, დეპუტატებს ხშირად მოსდით ექსტრავაგანტური აზრები. მთავარია, რამდენად გაითვალისწინებს ამას პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა. მე მიკვირს, რატომ აწერენ ხელს საკუთარ უმწეობას უკრაინელი პოლიტიკოსები, როცა ასეთი ეგზოტიკური ინიციატივით გამოდიან? არა მგონია, რომ ცალკეული დეპუტატის მსგავს სუბიექტურ მოსაზრებას ხელისუფალთა რეალური მხარდაჭერა მოჰყვეს. ის კი, "ქართული რეფორმები" უკრაინაში რომ უკვე თითქმის შეუვალი ბრენდია, უდავოა. მისი მცირედი კრიტიკაც კი საკმარისია, რომ აქ უაპელაციოდ რეტროგრადებში ჩაგწერონ. კორუფციაში ყელამდე ჩაფლული უკრაინისთვის თვით ჩვენში მომხდარი ცვლილებებიც კი საოცნებოდაა ქცეული. ამ ცვლილებების სიმბოლოდ კი, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევიან. შესაბამისი ეგზალტაციაც აქედან იღებს სათავეს.
- ესე იგი, არსებობს თეორიული შანსი, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები მართლაც დანიშნონ მაღალ თანამდებობებზე?
- ჯერჯერობით, ალბათ, მართლაც თეორიული, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება საბოლოოდ, ამ დღეებში გამოჩნდება. ამ ამბავმა ასეთი კითხვაც წარმოიშვა: რამხელა უნდა იყოს ამ "გასტარბაიტერების" ჯამაგირი? ამჟამინდელი უკრაინელი მინისტრის ხელფასია 18 ათასი გრივნა, ანუ ათასი ევრო, რასაც უცხოელს, ცხადია, ვერ შესთავაზებ. სავარაუდოდ, მათი თვიური გასამრჯელო 5 ათასი ევრო, ანუ 80 ათასი გრივნა მაინც უნდა იყოს. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს ფანტასტიკური თანხაა, რაც "აბორიგენ" მინისტრთა დისკრიმინაცია იქნება და მათ სერიოზულ უკმაყოფილებასაც გამოიწვევს. უცხოელთა ლობისტები აქაც ხედავენ გამოსავალს და ამბობენ, რომ ისინი ვოლონტიორები იქნებიან და უსასყიდლოდ იმუშავებენ. მე პირადად ეს საკმაოდ უცნაურ არგუმენტად მეჩვენება, რადგან სახელმწიფო სამსახურში ალტრუიზმი ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება. მეორეც, მოწვეულებმა უკრაინის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, სხვანაირად კონსტიტუცია კრძალავს მათ სამთავრობო საქმიანობას. უცნობია, რა გარანტიები ეძლევათ დაქირავებულ მოხელეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიზეზთა გამო სამსახურიდან დაითხოვენ? ერთი სიტყვით, არსებობს ჯერ გადაუჭრელი და უპასუხო კითხვები, რომლებზე პასუხის გაუცემლად აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდება.