ისეთი პირი უჩანს, რომ კოდორის ყოფილი გუბერნატორისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდება ქვეყანაში შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პროცესების დაწყების სათავე გახდეს. გათვალა თუ არა ეს “გაუგებრობა” “ოცნების” პროკურატურამ, როცა ემზარ კვიციანის საქმის გამოძიება “ნაციონალების” მიერ წაყენებული ბრალდებებით გააგრძელა? - ეს ერთ-ერთი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვაა. ამ და სხვა დეტალების გათვალისწინებით, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც “ვარდების რევოლუციამდე” სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა, “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ეჭვობს, რომ ეს პროცესი შეიძლება, მართული იყოს. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი იმითაც ინტერესდება, თუ რატომ არ დაკითხა სასამართლომ კოდორის მოვლენების მთავარი მოწმე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ან თუ დაკითხა, ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გავრცელდა... კონსტანტინე ფორჩხიძე, პირად ოპერატიულ წყაროებზე დაყრდნობით, “ქართულ სიტყვას” ოქრუაშვილის მამაპაპისეულ სახლში გამართული ერთი საიდუმლო შეხვედრის შესახებაც უყვება, რომელსაც რუსული “ეფ-ეს-ბე”-ს გავლენიანი მაღალჩინოსნები და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ესწრებოდნენ. მაშ ასე, დაიგეგმა თუ არა კოდორის მოვლენები 2006 წლის 14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს და რას აპირებენ ყოფილი სამხედროები? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს საუბარს უშიშროების ორგანოებიდან “ნაციონალებისგან” უსამართლოდ გაშვებულ პოლკოვნიკთან.
- ბატონო კონსტანტინე, როცა ქუჩაში ყოფილი სამხედროები გამოდიან და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ, ეს რას ნიშნავს?
- ეს სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდია. საერთოდ, სამხედროების თემა ფაქიზია. ზოგს ჰგონია, რომ ყოფილ თუ მოქმედ სამხედროებს პოლიტიკური ორიენტაცია არ აქვთ, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ასე არაა. ამიტომ, ხელისუფლება სამხედროებთან მიმართებაში ადექვატური უნდა იყოს, თან აქ ლაპარაკი მხოლოდ სოციალურ უზრუნველყოფაზე კი არა, ღირსებაზეცაა. ნებისმიერი სამხედროსთვის უმთავრესი მუნდირის ღირსებაა. მუნდირის ღირსება კი, რელიგიასავითაა.
- ამ შემთხვევაში საქმე მუნდირის ღირსების დაცვასთან გვაქვს?
- მთლად ასე ვერ ვიტყვი, თუმცა არც უამისობაა. ემზარ კვიციანის მხარდაჭერა გარკვეულწილად საბაბი გახდა, რომ სამხედროებში იმ უსამართლობას ამოეხეთქა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა.
- სამხედროები უსამართლობას “ნაციონალების” მმართველობის დროს რატომ არ აპროტესტებდნენ?
- “ნაცმოძრაობა” სამხედროებს კარგად იყენებდა.
- რას გულისხმობთ?
- დააკვირდით, სააკაშვილის დროს რამდენი სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნა და ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ, ანუ “ნაციონალები” “გათიშე და იბატონე”-ს პრინციპით მოქმედებენ. სამხედროების გაერთიანების მცდელობა ერთადერთხელ გია ყარყარაშვილს ჰქონდა - თუ გახსოვთ, სამხედროთა ლიგა ჩამოაყალიბა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მოკლედ, “ნაციონალები” მიზანმიმართულად მოქმედებენ და სამხედროებს ისეთ მდგომარეობაში აყენებდნენ, რომ სოციალურად დაუცველები, გაჭირვებულები ყოფილიყვნენ და ადვილად ემართათ. დღესაც, პრინციპში, ანალოგიური ვითარებაა.
- ბატონო კოტე, არ ვიცი, თქვენს რიტორიკულ შეკითხვას გაუწიეს ანგარიში თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია: რამდენიმე დღის წინ, კვიციანის მხარდასაჭერ აქციაზე მისი ძმადნაფიცი გენერლების ნაწილი გამოჩნდა. საერთოდ, ამ აქციაზე ძალიან ჭრელი საზოგადოება იყო. მოკლედ, ხელისუფლებას ვადა პირველ დეკემბრამდე აქვს და თუკი სამხედროების ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდება, რა მოხდება?
- ის მოხდება, რომ სამხედროებში წლობით დაგროვილი უკმაყოფილება ამოხეთქავს.
- ისე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა დავით თევზაძემ ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, ცოტა არ იყოს, ორაზროვნად განაცხადა, ნახეთ, რაც მოხდებაო. მაინც, რა შეიძლება მოხდეს?
- წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები თავიანთ სამშობლოს ერთიანობისთვის, კარგად თუ ცუდად, იბრძოდნენ და მათ სახელმწიფო არაადექვატურად ექცევა - სამსახურებიდან ყრის და მიზერულ 22-ლარიან დახმარებას აძლევს...
- 22 ლარს თავი რომ დავანებოთ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მეომრებს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ. ესეც, ალბათ, ქართული “ნოუ-ჰაუა”. ხომ არ გეჩვენებათ, ბატონო კონსტანტინე, რომ გმირის დაკნინება ხდება?
- სამხედრო ამბოხებები ხშირად იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ქვეყანაში არსებული ფონი გადაეფარათ.
- მგონი, ისიც ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს პირველად სწორედ სამხედროები აუმხედრდნენ...
- ეს ჩვეულებრივი გადატრიალება იყო...
- ყოფილი სამხედროებისგან გადატრიალებას დღესაც უნდა ველოდოთ?
- არა, რადგან ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა “ნაცმოძრაობის” დროს, სამხედროების არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული პირები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. შემიძლია, ისიც გითხრათ, ვეტერანთა ორგანიზაციები კონკრეტულად ვის საფარქვეშ მოქმედებდნენ და ვისგან იმართებოდნენ.
- გისმენთ, მითხარით...
- მაგალითად, ვეტერანთა ერთ-ერთ არასამთავრობოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა. ასევე, თავისი, ასე ვთქვათ, სამხედრო “ენჯეო” ჰქონდა გიგი უგულავასაც, რომლის ოფისიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა.
- ვერ გავიგე: არასამთავრობო ორგანიზაციებს თავდაცვის სამინისტრო ან გიგი უგულავა როგორ აფინანსებდა?
- შავი სქემებით, თორემ ფულს პირდაპირ ბიუჯეტიდან ვერ ჩაურიცხავდნენ და კარგი იქნება, თუკი გამოძიება ამ სქემებითაც დაინტერესდება...
- სამხედროების დღევანდელი პროტესტის მიზეზი, როგორც წეღან ვთქვი, კოდორის ყოფილი გუბერნატორის, ემზარ კვიციანის 12-წლიანი პატიმრობა გახდა. ბატონო კოტე, მართალია, სისტემაში აღარ მუშაობთ, მაგრამ თქვენი ოპერატიული წყაროების მონაცემებით, 2006 წლის ზაფხულში, კოდორში რეალურად რა მოხდა?
- ის, რაც 2006 წლის ზაფხულში კოდორში მხოდა, 2008 წლის აგვისტოს კონტექსტში ჯდება.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- გავიხსენოთ, 2004 წელს, სამაჩაბლოში ლოკალური შეტაკების პროვოცირება, რომელიც ზურაბ ჟვანია რომ არ ჩარეულიყო, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა.
- როგორც მახსოვს, მაშინ ოსმა სეპარატისტებმა რამდენიმე ქართველი სამხედრო დაატყვევეს კიდეც...
- დიახ, ტყვედ აყვანილებიდან ერთ-ერთი უშიშროების თანამშრომელი იყო. მოკლედ, ასეთი პროვოცირებები ჩვენი სახელმწიფოს მაღალჩინოსნების მიერ ხდებოდა.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. ახალი წლის ცხინვალში შეხვედრაზე რა გითხრათ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ 2006 წლის ძველით ახალ წელს, ანუ 14 იანვარს, მასთან, სახლში ფარული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსული სამშვიდობო ძალების სარდალი კულახმეტოვი, ცხინვალის მაშინდელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, ასევე, “ეფ-ეს-ბე”-ს მაღალჩინოსანი, ვინმე ბიკოვი და ანატოლი ზაიცევი ესწრებოდნენ.
- ეს ფარული შეხვედრა ოქრუაშვილის თბილისის სახლში შედგა?
- არა, სოფელში, მის მამაპაპისეულ სახლში... ამ შეხვედრის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა კულუარებიდან, კერძოდ, ჩოჩიევის დაცვიდან ინფორმაციამ გაჟონა.
- ანუ, საიდუმლო შეხვედრის თაობაზე ჩოჩიევის დაცვამ შეგატყობინათ?
- არა, ჩოჩიევის დაცვამ ჩემს ერთ მეგობარს უთხრა.
- თქვენი მეგობარი ვინ არის?
- სახელს და გვარს არ გეტყვით, თუმცა ისიც ყოფილი სამხედროა - სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა. ისე, თუ საჭირო გახდა, ამ ადამიანსაც დავასახელებ...
მოკლედ, ეს ფარული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ნაცმოძრაობა” ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობდა...
- კოდორის მოვლენები ამ ფარულ შეხვედრაზე დაიგეგმა?
- დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეხვედრა კოდორის მოვლენებამდე შედგა... მაინტერესებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს რუსეთის “ეფ-ეს-ბე”-ს მაღალჩინოსან ბიკოვთან რა საერთო ჰქონდა, შინ რატომ დაპატიჟა?
ისე, ემზარ კვიციანს 12 კი არა, სინამდვილეში, 18 წელი მიუსაჯეს, თუმცა აქედან 6 ამნისტირებულია და 12 წელსაც ამიტომ ამბობენ. ისიც დამაფიქრებელია, რომ ამხელა სასჯელი ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიასთვის არ მიუციათ...
საერთოდ, კოდორის მოვლენებში მთავარი მოქმედი პირი ირაკლი ოქრუაშვილია და ეს, როგორც იტყვიან, ხელისგულზე დევს, ანუ ოქრუაშვილი ამ საქმეში, მინიმუმ, მთავარი მოწმეა, რადგან ამ მოვლენების მაპროვოცირებელი სწორედ მისი ბრძანება გახდა - “მონადირე”, რომელიც წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა, ოქრუაშვილმა გააუქმა.
- საგულისხმოა, რომ ემზარ კვიციანი რევოლუციამდელი ხელისუფლების, პრაქტიკულად, ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც “ვარდოსნებმა” თანამდებობაზე დატოვეს, ანუ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, 2006 წლის ზაფხულამდე კვიციანსა და “ნაციონალებს” შორის ნორმალური ურთიერთობა იყო. აი, საინტერესო სწორედ ისაა, მერე რა მოხდა...
- როგორც აღვნიშნე, ყველაფერს 2008 წლის მოვლენებს ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, 2008 წლამდეც იყო მცდელობა, რომ კონფლიქტის ზონების სიახლოვეს ტყვია გავარდნილიყო, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ფართო შეიარაღებული აგრესია მოჰყვებოდა.
- კვიციანმა ყველაფერი ეს ვერ გათვალა თუ პროვოკაციას წამოეგო?
- კვიციანმა ყველაფერი გათვალა - არ გაისროლა და ეს სცენარიც სწორედ ამიტომ ჩავარდა.
- სხვათა შორის, კვიციანი ამ მოვლენებამდე ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ თუ ხეობაში ვინმე შევიდოდა, პირველი ისროდა. გარდა ამისა, ხომ შეიძლება, “მონადირის” გაუქმება “გადაეყლაპა”, ანუ მაშინდელი ხელისუფლებისთვის საბაბი არ მიეცა?
- “მონადირე” მხოლოდ კვიციანი ხომ არ იყო?
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სირცხვილია, ადამიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსებს კოდორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა, დღესაც შსს-ში მუშაობდეს, ემზარ კვიციანი კი, რომელიც კოდორს წლების განმავლობაში იცავდა, ციხეში იჯდეს. კოდორი, აფხაზეთთან მიმართებაში, საქართველოსთვის ერთგვარი სამხედრო პლაცდარმი იყო, ანუ აფხაზეთის რაღაც ნაწილზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა.
- “კოდორის ტყვიის გასროლის გარეშე ჩამბარებელი” ახსენეთ, ვის გულისხმობდით?
- სოსო ქარჩაიძეს. სხვათა შორის, ეს ის ქარჩაიძეა, რომელიც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. ესეც ხომ ორმაგი სტანდარტია?!
- იმასაც ამბობენ, პროკურორი ხარებავა, რომელმაც კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, თავის დროზე “ნაციონალთა” დავალებებს ასრულებდაო...
- ასეთი პროკურორი ბევრია. მეტიც, ზოგიერთი მოსამართლე, ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ, პროკურორი გახდა, პროკურორი კი, - მოსამართლე.
როგორც ვიცი, კვიციანის ერთ-ერთი ბრალდება არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაა, მაგრამ “მონადირე” არაფორმალური დაჯგუფება კი არა, ოფიციალური სტრუქტურა იყო. გარდა ამისა, სასამართლოზე მთავარი მოწმე - ირაკლი ოქრუაშვილი არ დაუკითხავთ და ეს რას ნიშნავს?
- საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ოქრუაშვილს “ოცნებაში” მფარველები ჰყავს?
- ასე გამოდის.
- და ეს მფარველი ვინაა?
- არ ვიცი...
- ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ემზარ კვციანისთვის ერთგვარი სტიმული ხომ არ გახდა, სამშობლოში დავბრუნდები და ბრალდებებს მეც მომიხსნიანო?
- ალბათ, ასე იყო, თან მგონია, რომ გარკვეული გარანტიები მასაც ექნებოდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, კვიციანს არასოდეს უთქვამს, საქმე არ გამოიძიოთო, მაგრამ ასე გამოძიება? - მთავარი პირი, რომელმაც მოვლენების პროვოცირება მოახდინა, როგორც აღვნიშნე, სასამართლოზე არ დაუკითხავთ, ან თუ დაკითხეს, ამის თაობაზე ინფორმაცია რატომ არ გავრცელდა?
- როგორც ვიცი, ოქრუაშვილი თავის დროზე პროკურატურამ დაკითხა...
- თუ პროკურატურამ დაკითხა, ბრალდების მხარემ სასამართლოზე, როგორც მოწმე, რატომ არ წარმოადგინა?
- ერთი სიტყვით, ბატონო კონსტანტინე, აცხადებთ, რომ კოდორის მოვლენები და აგვისტოს ომი ერთი კონტექსტია, არა?
- დიახ, ეს მოვლენათა ერთი ჯაჭვია. ვანო, თუ გახსოვთ, წინა ინტერვიუებში 2001 წლის ამბებზეც ვილაპარაკეთ, როცა კოდორში ჩეჩნების რაზმი გამოჩნდა და ესეც სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რაც 2008 წელს მოხდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლება პროვოკაციას არ წამოეგო.
- ეს სცენარი სად დაიწერა?
- რა თქმა უნდა, - რუსეთში...
- სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაპირველი გეგმით, ის, რაც 2006 წლის ივლისში, კოდორში გათამაშდა, ენგურის ხიდზე უნდა გათამაშებულიყო, თუმცა ადამიანი, ვინც ამის თაობაზე ინფორმაციას ფლობს, სამწუხაროდ, საჯარო გამოსვლისგან თავს იკავებს... ბატონო კოტე, იმას რითი ხსნით, რომ ემზარ კვიციანმა თავი ჯერ აფხაზეთს შეაფარა, მერე კი - რუსეთს?
- ემზარს აფხაზეთში ნათესავები ჰყავს. სხვათა შორის, ემზარ კვიციანის ბევრი მეგობარი თავს “ნაციონალების” დროსაც კარგად გრძნობდა და ახლაც კარგად გრძნობს...
- კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია შსს-მ ჩაატარა თუ თავდაცვამ?
- ორივემ და აქ სხვა დანაშაულიც იკვეთება.
- სახელდობრ?
- არსებობს 1994 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაერო-ს, ასე ვთქვათ, ეგიდით იქნა მიღებული და რომლითაც კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ძალების გადაადგილება იკრძალება.
- კოდორის ხეობა კონფლიქტის ზონა ხომ არაა?
- როგორ გეკადრებათ... ენგურს აქეთ, 12 კილომეტრის რადიუსში, ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელიც კონფლიქტის ზონაა. შსს-ს შინაგანმა ჯარებმა და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა პირებმა ეს ტერიტორია გაიარეს და ამაზე რუსს ხმა არ ამოუღია. გესმით, რა ხდება? არადა, მინიმუმ, ორი - ცაიშისა და ხაიშის პოსტი უნდა გაევლოთ, სადაც რუსი სამშვიდობოები დგანან. სწორედ ოქრუაშვილმა უნდა გასცეს შეკითხვაზე პასუხი: როგორ მოახერხა ამ პოსტების გავლა და რუსებთან მოლაპარაკება ხომ არ ჰქონდა? 1999-დან 2002 წლამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი ვიყავი და რუსები ჩემს ფორმიან თანამშრომლებს რომ ხედავდნენ, ერთ ამბავში იყვნენ, შეირაღებული ძალების გამოჩენაზე კი, ხმა არ ამოუღიათ. მე თუ მკითხავთ, გამოძიება სწორედ ამით უნდა დაიწყოს...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კოდორის სპეცოპერაციაში შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე კი, პარლამენტის თანხმობაა საჭირო. ამასთან, უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ პრეზიდენტის გარეშე, ჯარს უფლება არ აქვს, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში, სააკაშვილს კონსტიტუციის მე-100 მუხლი აქვს დარღვეული და ამიტომ, კოდორის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილსა და სააკაშვილს კი არა, მაშინდელ პარლამენტსაც ეკისრება! დიახ, ოქრუაშვილი პასუხისგებაშია მისაცემი, რადგან კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალები ისე გადაადგილა, რომ შესაბამისი ბრძანება არ ჰქონდა!
- კვიციანის 12 წლით “გაჩუმება” ვის აწყობს?
- ვის და, - პირველ რიგში, ოქრუაშვილსა და “ნაცმოძრაობის” ნაწილს, ასევე, შსს-ს იმ მაღლაჩინოსნებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში კოდორი უბრძოლველად დათმეს!
- თუკი ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და კვიციანის სასჯელს გადახედა. ეს იმის სიგნალი იქნება, რომ სასჯელის გადახედვა სხვა პატიმრებმაც მოითხოვონ, მაგრამ თუკი არ გადახედავს, ქუჩაში გამოსულ სამხედროებს მიიღებს. მაშასადამე, “ოცნება” ორ ცეცხლშუაა, არა?
- დიახ, ხელისუფლება ცუდი პროცესების საშიშროების წინაშე დგას.
სხვათა შორის, მეც სამხედრო ვარ...
- თუმცა, კვიციანის მხარდამჭერ აქციაზე არ მიხვედით...
- კვიციანის სასჯელს იმ კუთხით ვაპროტესტებ, რომ მთავარი დამნაშავე არაა. ის შს და თავდაცვის მაშინდელმა მინისტრებმა, ასევე, გავლენიანმა “ნაციონალებმა” პროვოკაციაზე წამოაგეს... ისე, პრეზიდენტ მარგველაშვილს შეუძლია, კვიციანი შეიწყალოს...
არ გამოვრიცხავ, კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა იმაზეც იყოს გათვლილი, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილება გაიზარდოს.
- ისევ “ნაციონალური საბოტაჟის” ვერსია?
- დიახ... ხომ გითხარით, რომ “ნაცმოძრაობამ” ვეტერანთა 11 არასამთავრობო შექმნა.
- კი ბატონო, მაგრამ ამას კვიციანის სასჯელთან რა კავშირი აქვს?
- თუ მაცლით, გეტყვით, რა შუაშიცაა..
- გისმენთ...
- კვიციანთან დაკავშირებით სასამართლომ, კულუარული ზემოქმედების შედეგად, პრაქტიკულად, ის გადაწყვეტილება მიიღო, რა გადაწყვეტილებასაც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას მიიღებდა და “ნაციონალებმა” ამით ორი კურდღელი დაიჭირეს: კვიციანთან მიმართებაში თავიანთი “სიმართლე” დაამტკიცეს და, ამასთან, ქუჩაში ხალხიც გამოიყვანეს. ალბათ, ისიც გათვლილი ჰქონდათ, რომ კვიციანს ცოტა მხარდამჭერი არ ჰყავს...
კოდორის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული რამე მოხდა: “მონადირე” აღარ არსებობდა და კოდორში შინაგანი ჯარი, ანუ სამხედრო რეგულარული ნაწილი შევიდა, მაგრამ რუს სამშვიდობოებს ხმა არც ამაზე ამოუღიათ - როგორც ჩანს, რაღაცას ელოდნენ.
- ბატონო კოტე, თქვენი მონაცემებით, ოქრუაშვილი ვინ არის?
- ის პირდაპირ რუსეთთან დაკავშირებული ფიგურაა და ამაზე ზემოხსენებული შეხვედრაც მეტყველებს, თორემ პოლკოვნიკ ბიკოვსა და ანატოლი ზაიცევთან თავდაცვის მინისტრს რა კავშირი უნდა ჰქონოდა?
- ოქრუაშვილის რუსულ კავშირებზე დაზვერვაში ინფორმაცია “ვარდების რევოლუციამდეც” არსებობდა?
- არა, ყველაფერი რევლუციის შემდეგ, მისი გამონათქვამებიდან გამოჩნდა.
- გამონათქვამებში თუ “ფეკალიებს” გულისხმობთ, ეს ოქრუაშვილის რუსულ კავშირებს არ ადასტურებს - ბოლოს და ბოლოს, ოკუპანტს შეურაცხყოფა მიაყენა!
- ყველაფერი ეს იმ მიზანს ემსახურებოდა, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
- ამტკიცებთ, რომ სააკაშვილსაც კრემლი მართავს. თუკი ასეა, აბა, კრემლისგან მართულმა სააკაშვილმა კრემლისგანვე მართული ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან რატომ მოხსნა?
- ეს სპეცსამსახურის სტილია: ადამიანს გარკვეული პერიოდი იყენებს, მერე კი, ჩრდილში გადაჰყავს...
ისე, ისიც მაინტერესებს, კვიციანის ადვოკატმა სასამართლოზე მთავარი მოწმის, ანუ ოქრუაშვილის დაკითხვა რატომ არ მოითხოვა, თუმცა შეიძლება, მოითხოვა და მე არ ვიცი... ყველაზე სამართლიანი ის იქნებოდა, რომ მოსამართლეს საქმე გამოძიებაში დაებრუნებინა... ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით კი, ციხეში ემზარ კვიციანი კი არ უნდა იყოს, არამედ, ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დააპატიმრონ!
- თქვენი შეფასებით, კვიციანი პოლიტპატიმარია?
- დიახ!
- “ნაციონალებს” კვიციანის კოდორის ხეობიდან ცოცხლად გაშვება აწყობდათ?
- კი, აწყობდათ.
- რატომ?
- მუდმივი სალაპარაკო ექნებოდა და ასეც იყო, აი, კვიციანი რუსეთში გაიქცაო. სხვათა შორის, თავის დროზე იგორ გიორგაძეც საქართველოდან ამიტომ გაუშვეს...
- იცით, კვიციანის ნათესავები აფხაზეთში ვინ არიან?
- როგორც ვიცი, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გარი კუტალბა. ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. აფხაზურ მოსახლეობასთან ურთიერთობა კოდორელებსაც ჰქონდათ... დააკვირდით, სადაც ოქრუაშვილი გამოჩნდა, სიტუაცია სისხლამდე მივიდა. კოდორშიც ასე მოხდა... ამ ადამიანს საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია! გაიხსენეთ, 2011 წლის 26 მაისისთვის ფონი სწორედ ოქრუაშვილმა შექმნა და ეს ფონი მხოლოდ “ნაციონალებს” კი არა, რუსეთსაც აწყობდა.
- ბატონო კონსტანტინე, ვიდრე საზოგადოება ემზარ კვიციანის საქმეზე ბჭობს, საქართველში გუანტანამოს ციხის კიდევ სამი პატიმარი ჩამოიყვანეს. “გუანტანამოელების” პირველი ეტაპირება, თუ გახსოვთ, 2010 წელს განხორციელდა და მაშინდელი ოპოზიციისგან დიდი სკანდალიც მოჰყვა...
- სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ამ პატიმრების ჩამოყვანა რა აუცილებლობაა. გასაგებია, რომ აშშ ჩვენი მთავარი მეგობარი და პარტნიორია, მაგრამ მოდით, რა, ყველამ თავის პატიმრებს მიხედოს!
- ყველაფერ ამას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს?
- არ მგონია. უბრალოდ, ამერიკელები თვლიან, რომ თუ რესოციალიზაციას სხვა ქვეყანაში გაივლის, ეს ყოფილი პატიმრისთვის უკეთესი იქნება. შეიძლება, ამით იმის დამალვასაც ცდილობენ, რომ გუანტანამოს ციხეში თავის დროზე უდანაშაულო ადამიანებიც მოხვდნენ, თორემ არ მგონია, აშშ-მ სხვა ქვეყნებში ისინი გააგზავნოს, ვინც ისლამური ფუნდამენტალიზმით არიან შეპყრობილნი.
- ორი დღის წინ, კოტე ბატონო, სოხუმმა და მოსკოვმა ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმეს... ამასთან, ირაკლი ალასანია დასავლეთში გაემგზავრა და ჯონ მაკკეინს შეხვდა...
- სამხედრო წრეების გარკვეულ სეგმენტს წარმოვადგენ და ვიცი, სამხედროებს ირაკლი ალასანიას მიმართ კარგი განწყობა ჰქონდათ - თუ გახსოვთ, ვეტერანებთან შეხვედრაც გამართა, მაგრამ დღეს სამხედროების სხვა ფენა გამოჩნდა, რომელიც გააქტიურდა.
- რისი თქმა გინდათ?
- კვიციანის მხარდამჭერ აქციაზე ისეთი სამხედროები მივიდნენ, რომლებიც აქამდე ხმას არ იღებდნენ...
რაც შეეხება ალასანიას დასავლეთში ვიზიტს, ცხადია, ეს ვიზიტი ახლა დაიგეგმა და, პრაქტიკულად, ამერიკელების მხრიდან ალასანიას ღია მხარდაჭერას და მიშას საბოლოო დამთავრებას ნიშნავს!
- “მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე” გკითხეთ...
- ამ ხელშეკრულების გამო აფხაზეთში დიდი უკმაყოფილებაა. საერთოდ, იქ ყველაზე გადამწყვეტი უხუცესთა საბჭოა, რომელიც ამ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, აფხაზეთში შეიძლება, ყველაფერი შიდა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეს.
- ეს ჩვენთვის ცუდი იქნება?
- არც კარგი იქნება, თუმცა ამას გარკვეული პოლიტიკური ძვრები აუცილებლად მოჰყვება. თუკი რუსეთი საზღვარს ჩაკეტავს და გალის ქართველობა რეზერვაციაში აღმოჩნდება, ეს მთელ აფხაზეთს ააფეთქებს!