რკინიგზელები მასობრივი გაფიცვით იმუქრებიან

რკინიგზელები მასობრივი გაფიცვით იმუქრებიან

 

რა სარკინიგზო შემთხვევები გამოიწვია პროტესტმა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რას ითხოვენ გაფიცულები

 

26 ნოემბერს, 10:00 საათიდან, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა დიდი ნაწილი გაიფიცა. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, თბილისის გარდა, ბათუმის, ფოთის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ბროწეულას სადგურის, ხაშურის, გურჯაანის რკინიგზელებიც გაიფიცნენ. ისინი ითხოვენ, ახალ სახელფასო სისტემას, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, რკინიგზელთა ხელფასების შემცირება არ მოჰყვეს, დაურიგდეთ მეცამეტე ხელფასი და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. გაფიცულმა რკინიგზელებმა შტაბები შექმნეს და ღამის მორიგეობა დააწესეს. 27 ნოემბერს, გაფიცულებს ბათუმისა და თბილისის სტუდენტურმა მოძრაობებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. გაფიცვას ცუდი შედეგი უკვე მოჰყვა _ 26 ნოემბერს, ღამით, სამი სარკინიგზო შემთხვევა დაფიქსირდა. სადგურ სუფსაში, მატარებელმა წითელი შუქნიშანი გაიარა და სალიანდაგო ისარი გაჭრა; სადგურ ლილოში, ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა; იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე, მე-9 კილომეტრის პირველ პიკეტში, შემთხვევით აღმოჩნდა კოროზირებული გატეხილი რელსი, რასაც შესაძლოა, დიდი კატასტროფაც მოჰყოლოდა. 27 ნოემბერს, დილით, ოზურგეთის მატარებელმა დააგვიანა, თუმცა რკინიგზის ადმინისტრაცია ამ შეფერხებას ტექნიკურ მიზეზს უკავშირებს. გაფიცულები აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათზე ზეწოლას ახორციელებენ და სამსახურის დაკარგვის მუქარით, გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

დავა რკინიგზის პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის
2013 წელს, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, ,,შრომის კოდექსის' შესაბამისად, ,,საქართველოს რკინიგზის' ადმინისტრაციასთან შრომითი დავა წამოიწყო, რაც 21-დღიან შემათანახმებელ პერიოდს ითვალისწინებდა. ისინი ახალ მენეჯმენტს ირაკლი ეზუგბაიას იმ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვდნენ, რომლითაც პირველი, მეორე, მესამე კლასის, ასევე უკლასო მემანქანეებისა და ზეინკლების ხელფასები გათანაბრდა. იმის გამო, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რკინიგზელებმა გაფიცვის უფლება კანონიერად მოიპოვეს. „საქართველოს რკინიგზამ“ გაავრცელა განცხადება, რომ 26 ნოემბერს, რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, რკინიგზელების უმრავლესობა კი გაფიცვას არ აპირებდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის, თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ,,მოთხოვნების 9 პუნქტიდან, 7 მოთხოვნა დადებითად გადავჭერით, ერთი - სასამართლო განხილვის საგანია, ერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუ ,,საქართველოს რკინიგზის' ახალი მენეჯმენტის მიერ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიაში გატარებულ კორპორატიულ- სოციალურ პოლიტიკას გავითვალისწინებთ, რასაც თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა, აღნიშნული ორი პუნქტის გამო, პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანია და არა მოლაპარაკების, ან დიალოგის გზით საკითხის მოგვარების სურვილი', - ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის' მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც რკინიგზის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯებიცაა გაწერილი. ცხადია, არის დეტალური ინფორმაციას სახელფასო ფონდთან დაკავშირებითაც, რომელმაც 2014 წელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ჯამურად 139 000 509 ლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, ხელფასის სახით, 25 000 000 ლარით მეტი გაიცა; ხოლო 2014 წელს - 8 000 000 ლარით მეტი. 2015 წელს სახელფასო ფონდი 9 000 000 ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, 5 241 თანამშრომელს ღამისა და სადღესასწაულო დანამატები დაუმტკიცდა. გაცემული თანხის ოდენობა 5 872 127,41 ლარი იყო. დაწესდა მოდერნიზაციის დანამატი და 1 248 თანამშრომელზე გაცემული თანხის ოდენობა 1 397 348 ლარს შეადგენს. 2014 წლის ბოლოს, პრემიის სახით, შობა- ახალი წლის სახელფასო დანამატი გაიცემა, რაც ხელფასის 25%-ზე ნაკლები არ იქნება. 

რას ითხოვენ გაფიცულები? 
რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ ვიდრე ,,საქართველოს რკინიგზის' ადმინისტრაცია გაფიცულთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რკინიგზელები გაფიცვას არ შეწყვეტენ.

 -ბატონო ილია, 9-პუნქტიანი მოთხოვნიდან, 7 უკვე დაუკმაყოფილებიათ, გამოდის მოლაპარაკება შედგა? 
- ამჟამად შრომის კოდექსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე ვსაუბრობ. გაფიცვა 26 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონიათ. არ მესმის, რატომ აპელირებენ 9-პუნქტიანი მოთხოვნით, როცა შრომითი დავა მხოლოდ სამ პუნქტზე წარმოიშვა და მასზე არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. ვითხოვთ, რომ ახალ სახელფასო სისტემას, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რკინიგზელების ხელფასების შემცირება არ მოჰყვეს და ეს დაპირება წერილობით დავადასტუროთ ხელმოწერით. 

- რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ხელფასები შემცირდება? 
- რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავისი არსებობის მანძილზე, ,,საქართველოს რკინიგზას' წელს, უპრეცედენტოდ მაღალი მოგება - 77 000 000 ლარი ჰქონდა. თუ ასეა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ამ თანხიდან რკინიგზელების კუთვნილ წილს - 5 000 000 ლარს ითხოვს. 2013 წელს, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, რკინიგზის მენეჯმენტისგან უარი მიიღო მოთხოვნაზე, მომხდარიყო მემანქანეებისა და ზეინკლების ხელფასების დიფერენციაცია. ამის შემდეგ, რკინიგზელები გაიფიცნენ და ადმინისტრაცია დათმობაზე წავიდა - მხარეებს შორის გაფორმდა ოქმი, სადაც წერია, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია შეიმუშავებს ისეთ სახელფასო სისტემას, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ხელფასის მატება კლასისა და თანრიგების მიხედვით. რკინიგზის ადმინისტრაციამ სახელფასო სისტემის ისეთი ვარიანტი წარმოადგინა, რომლითაც რკინიგზელთა 50%-ს ხელფასი შეუმცირდებოდა. გავაპროტესტეთ და სამმხრივ კომისიას (დამსაქმებლები, დასაქმებულები და მთავრობის წევრები) მივმართეთ, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს. პრემიერის ბრძანებით დანიშნულმა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა, ჩვენი არგუმენტების მოსმენის შემდეგ განაცხადეს, რომ იზიარებდნენ ჩვენს პოზიციას. მათ რკინიგზის ადმინისტრაციას მიმართეს, თუ ახალი სახელფასო სისტემის შექმნას ვერ ახერხებთ, ექსპერტები დაიქირავეთო. ადმინისტრაციამ დაიქირავა დამოუკიდებელი ორგანიზაცია ,,სინერჯი ჯგუფი', რომელმაც სახელფასო სისტემის ახლებური ვარიანტი შექმნა. 

- და ამ ვარიანში რას არ ეთანხმებით? 
- სახელფასო სისტემაში გაწერილია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან რკინიგზელების ხელფასები არ შემცირდება, მაგრამ 2015 წლის პირველი კვარტლის შემდეგ დაიწყება რკინიგზელების ატესტაცია, რომლის მიხედვითაც განაწილდება ანაზღაურება. ეს მიუღებელიცაა და კანონის დარღვევა, რადგან რკინიგზელებთან გაფორმებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ხელფასის ოდენობა. ამ ხელშეკრულებაში რამის შესაცვლელად, ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. მიუღებელია სახელფასო სარგო შემიცვალონ ატესტაციაზე ქულების გარკვეული რაოდენობის ვერმიღების გამო. 

- ,,საქართველოს რკინიგზაში' აცხადებენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს... 
- შეუფერხებლად მუშაობდა, მაგრამ იცით, ვინ მართავდან მატარებლებს? - მემანქანეების ნაცვლად, საჭესთან მორიგეები დასვეს. 26 ნოემბერს, რკინიგზაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ,,საქართველოს რკინიგზის' ადმინისტრაციას ეკისრება.  

გაფიცვა თუ საპროტესტო აქცია 
,,საქართველოს რკინიგზის' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ არცერთი სტრუქტურული ერთეულის მუშაობა არ შეფერხებულა და სამგზავრო თუ სატვირთო მატარებლები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებოდნენ. ცაგურიას განცხადებით, ეს იყო აქცია და არა გაფიცვა, რადგან სტრუქტურაში დასაქმებული 12 786 ადამიანიდან, მხოლოდ 100 კაცი გაიფიცა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, თუნდაც ერთი დასაქმებულის განსხვავებული პოზიციაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ახალ სახელფასო სისტემას, ცაგურიას განმარტებით, რკინიგზელების ხელფასის შემცირება არ იგეგმება და ახალი სისტემის მიზანია, რკინიგზაზე დასაქმებულ კადრებს სათანადო მატერიალური მოტივაცია შეექმნას: ,,რკინიგზელთა ხელფასი კვალიფიკაციის მატებასთან ერთად მოიმატებს. სისტემის დანერგვისას კი თანამშრომლები სახელფასო მატრიცაში, არსებულ ხელფასებზე დაყრდნობით გადანაწილდებიან. ახალი სისტემის კონცეფცია, ინდივიდუალურ შეფასებასა და შესაბამის წახალისებას ეფუძნება. შეფასება განხორციელდება კვარტლურად და ძალიან კარგი შედეგის შემთხვევაში, რკინიგზელი მიიღებს კვარტალში დარიცხული ხელფასის 30%-ს'.