შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიის ფარგლებში თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიის ფარგლებში თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა თბილისის 85-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. მოზარდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა  – შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვიტაიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკა კენჭაძემ, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორმა  თამარ ისაკაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელმა მანანა ფურცხვანიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე გაიმართა კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენება, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.