შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესთან ახლოს, მდინარიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის სიახლოვეს, მდინარეში, სავარაუდოდ, მამაკაცი დაიხრჩო. წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. საძიებო-სამშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ცუდი ამინდის გამო მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვნეს. საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფების გამოძახება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზიდან მყვინთავების სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით გავიდა. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მყვინთავების ჯგუფი. შსს-ს მაშველების ორგანიზებით, ერთობლივად ჩატარებული საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს და წყლიდან ამოიტანეს.