რატომ ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებული პატიმრების სიის გადახედვას?

რატომ ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებული პატიმრების სიის გადახედვას?

მართლა იზრდება თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენური დანაშაული შეწყალებული პატიმრების "წყალობით", მუშავდება თუ არა უვადო მსჯავრდადებულთა შეწყალების აქტის გამოყენების მექანიზმები და რატომ? ვის მიმართ არის შეწყალების კომისია ყველაზე შემწყნარებელი, რატომ მალავენ პრეზიდენტ გიორგი  მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმართა სიას გულმოდგინედ და რატომ ჩამოჰყავთ გუანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრები? 

"კვირის ქრონიკას" ესაუბრება "გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი:
 

- როცა შეწყალების აქტი გამოიცემა ვინმეს მიმართ, ავტომატურად ნიშნავს, რომ გამოუშვეს. შეწყალების აქტის გამოყენება ნიშნავს სასჯელის განახევრებასაც. ხდება ისე, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილები არიან ყველაზე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. თუ სხვას სასჯელი შეიძლება ჩამოაკლო, მათზე სასჯელის ჩამოკლება არ არის გათვალისწინებული. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ ეს აქტი პოზიტიურია და მიმართულია იქით, რომ, თუ ერთ მსჯავრდადებულს აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის საქმეს და შეწყალების აქტი გამოიცეს, ალბათ, ასეთი შესაძლებლობა თეორიულად სხვასაც უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რამდენი დარღვევა იყო და, სამწუხაროდ, დღესაც არიან ციხეებში ადამიანები, რომელთა ბრალეულობაც ეჭვს იწვევს და მათ მიმართ ეს შეწყალების მექანიზმი იყო შეზღუდული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. 

- პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულების სიაში განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული პატიმარიც მოხვდა... საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მაღალი მაჩვენებელი სწორედ შეწყალებულ და პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებულ პატიმრებზე მოდის. მართლა მოქმედებს კრიმინალის გაზრდაზე ამნისტია? საინტერესოა, ატარებს ვინმე მოკვლევას ამ საკითხებზე?   
- ახლა დავიწყეთ ჩვენ სწორედ ამ საკითხების შესწავლა. იმიტომ რომ, ეს გნიასი, რაც ატეხილი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საშინლად გაიზარდა კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში, სიმართლეს არ შესაბამება. უბრალოდ, კამპანიურად ხდება ამ ფაქტებზე აქცენტირება. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა უამრავ ქვეყანაში, შეწყალებული ადამიანების ძალიან დაბალი პროცენტი მიდის ხელმეორედ დანაშაულზე. იმიტომ, რომ ციხე და პატიმრობა საერთოდ ისეთი რამეა, თუ ადამიანს არ აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი დანაშაული და არაა ჩამოყალიბებული კრიმინალად, ყველა უფრთხის მეორეჯერ საპატიმრო დაწესებულებაში მოხვედრას. მე ვიმუშავე შეწყალების კომისიაში... როცა მომჩივანია, ვერ შეიწყალებ. ყველა არ არის ოლღა გურამიშვილი, რომ მისი მეუღლის ან ოჯახის წევრის მკვლელს აპატიოს. ადამიანების უმეტესობა იბრძვის, რომ ის, ვინც იმსხვერპლა მათი ახლობლის სიცოცხლე, ანუ მკვლელი, არ გამოვიდეს საპატიმროდან არასოდეს, თუმცა, არის შემთხვევები, როცა მხარეები ასეთი შეურიგებლები არ არიან და ასეთ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს შეწყალება. კომისია ხომ ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას... როცა ვხედავდით, რომ საქმე აშკარად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, ასეთ პატიმრებს ვსვამდით შეწყალების სიაში. ანუ, მარტო დანაშაულის სიმძიმე არ არის აქ მთავარი, მთავარია ის სხვა გარემოებები, რაც იმ მოკლე ცნობებშია ასახული, რასაც შეწყალების კომისიის აპარატი ამზადებს. მე მინდა ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხსაც, ყველას ჰგონია, რომ პრეზიდენტია მთავარი ფიგურა შეწყალების დროს. მთავარი არიან ის უჩინარი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებზე მუშაობენ და ცნობებს ამზადებენ. აი, ამ ცნობების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს შეწყალების კომისია და ხელს აწერს პეტიციას. 

- პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა გვარები მკაცრად გასაიდუმლოებულია, რატომ მალავენ ასე შეწყალებულ პატიმართა სიებს? 
- ადამიანს უფლება აქვს, დაცული იყოს მისი პირადი ინფორმაცია, გამოფენილი არ იყოს, მაგრამ გარკვეული მონიტორინგი ამ საკითხსაც სჭირდება, მთლად ასე არ შეიძლება იყოს მიშვებული... ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, როგორ იყოს, რომ საჯარო არ გავხადოთ ყველას სახელი და გვარი... მაგრამ თუ ტენდენციაა, მინდა სააკაშვილისდროინდელი შეწყალებულების სიები გადაიხედოს... 

- ეს რატომ? 
- ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მას შემდეგ, რაც სიას გავეცნობით...
 

- საქართველოში აშშ-ს ელჩი, რიჩარდ ნორლანდი გუანტანამოს ციხიდან პატიმრების ჩამოყვანის ფაქტს საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ჰუმანურ აქტს უწოდებს... 
- ეს უკვე ძალიან სასაცილო ხდება ხოლმე, იმიტომ რომ, ტერმინებსა და სიტყვებს ისე იყენებენ, როგორც გაუხარდებათ. ჰუმანური აქტი იქნება ციხიდან პატიმარს რომ სახლში გაუშვებ და გუანტანამოდან საქართველოში ჩამოყვანა რა ჰუმანიზმს ნიშნავს, ვერ გავიგე... წლების განმავლობაში დგას ამ საშინელი ციხის დახურვის საკითხი და ვერა და ვერ მოაგვარეს... მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩვენ სიზმრად არ გვინახავს, ისეთი მოგონილი ბრალდებებით ჰყავთ იქ ადამიანები დაპატიმრებულები და ვერც უმტკიცებენ და არც გარეთ უშვებენ. ჰუმანიზმი მოიკითხოს ნორლანდმა შეერთებულ შტატებში... მოიკითხოს ის, თუ რატომ დაუშვა ბუშმა ტერორისტი პატიმრის წამება, მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო კანონი კრძალავს წამებას! საერთოდ, რამდენი ტერორისტიცაა იქ, იმდენი დიდი კითხვის ნიშნები ჩანს! საქართველო არ არის რეზერვაცია მათი პატიმრების ჩამოსაყვანად. ჰუმანიზმს ამაში მე ვერ ვხედავ. სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს იმას, რომ მათი პატიმრები ჩვენ გვყავდეს აქ, ციხეებში...