ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობის მომტანს ნიშნავს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ჰიგიენაა. რაც უნდა ეცადო, ციხეში არსებულ სპეციფიკურ სუნს, ვერაფერს უხერხებ და როცა ოჯახის წევრებს გასარეცხად ტანსაცმელს ატან, გეუბნებიან, რაღაც, მძაფრი, მომწარო სუნი უდისო. არადა, ამ დროს მაქსიმალურად ცდილობ ,,ჯანმრთელობის მომტანი' დაიცვა...
წინა ხელისუფლების პირობებში, გლდანის ციხე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი იყო. პატიმარი #0578 ციხეში მოხვედრიდან მესამე დღეს მიხვდა, რას ნიშნავდა იქაური აბანო. ,,ყურადღებით მომისმინე - კვირაში ერთხელ გვიწევს ბანაობა. მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვიბანაოთ. ექვსი ,,დუშია', ჩვენ კი რვანი ვართ. ზუსტად ათი წუთი გვაქვს გასახდელად, საბანაოდ და ჩასაცმელად. ამიტომ, დროში რომ ჩავეტიოთ, ნახევრად გახდილები გავდივართ. თუ არა, გასაპნული დარჩები და კამერაში მოგიწევს ცივი წყლით საპნის მოცილება. ,,დუშში' მაშინვე არ შევარდე, ჯერ ნახე, როგორი წყალი მოდის. შესაძლოა, მუხაძეს მოეხასიათოს და მდუღარე გამოუშვას. ასეთ დროს ვერ ვბანაობთ, ვდგავართ ათი წუთი და მეორე კვირამდე მშვიდობით აბანო', - პატიმარს თანასაკნელი ლევანი ყველაფერს დეტალებში უხსნიდა.
,,კი, მაგრამ რატომ ათი წუთი და რატომ მდუღარე? ესენი ნორმალურები არიან?!' - გაიოცა პატიმარმა.
,,შაბათს ბანაობს მთელი ციხე. დროში უნდა ჩაეტიონ. ჩვენს სართულზე 30 საკანია. თითოში მინიმუმ ექვსი კაცი ზის. 30-ჯერ ათი წუთი, ხუთი საათია. ოფიცრებს ეზიზღებათ ჩვენი გაყვანა-გამოყვანა და ათ წუთზე მეტს არ გვაძლევენ. მდუღარეს რაც შეეხება, ეს ჯოჯოხეთია, ძმაო და კუპრი სჭირდება'.
,,მერე, ამხელა თავი რომ გაბია და რამკებს ამტვრევ, პალაჟენია ვერ მოიყვანე, რომ ცოტა მეტი დრო მოგვცენ?!', - შეეპასუხა პატიმარი #0578.
,,მე ის პალაჟენია მოვიყვანე, რომ მდუღარეს სავარაუდოდ არასდროს ჩაურთავენ ამ კამერას. დროის გაზრდაზე კი შენ იზრუნე. დილიდან საღამომდე კანონებით რომ ესაუბრები ამ იდიოტებს', - გაეღიმა ლევანს.
ნახევარ საათში ბანაობის დრო მოვიდა. აბანოში შესვლისთანავე #0578-ის გარდა, ყველა პატიმარმა სასწრაფოდ გაიხადა და ,,დუშში' შევარდა. ახლადმიყვანილი პატიმარი გაოგნებული უყურებდა მეტლახზე დამდგარ სისხლის გუბეს, მერე კი წართმეული ხმით იკითხა - ,,ეს რა არის?!'
,,გუშინ და გუშინწინ კარანტინის დაღლა გქონდა გამოყოლილი და მკვდარივით გეძინა. არ გესმოდა. აბანო ერთადერთი ადგილია გლდანის ციხეში, სადაც კამერა არ აყენია, ამიტომ პატიმრებს აქ სცემენ. ჩვენს საკანს კამერასთან კედელი ყოფს. მთელი ღამე არაადამიანური ხმები ისმოდა, გვეგონა, ვინმე შემოაკვდებოდათ. სისხლი შეგნებულად დაგვახვედრეს, შიში რომ დანერგონ. ახლა იბანავე, თორემ ხუთი წუთი კი გავიდა', - უთხრა ლევანმა და ,,დუშში' შეხტა.
პატიმარმა #0578-მა მშვიდად გაიხადა და დაიწყო ბანაობა. უკვე ყველა პატიმარი ჩაცმული იყო, ის კი მშვიდად ისვამდა საპონს ტანზე, სახეზე კი ზიზღნარევი ღიმილი დასთამაშებდა. აბანოს კარის გაღება დაიწყეს. ლევანმა ჯერ კარს გახედა, მერე პატიმარს, წამის მეასედში გაიხადა და მეორე ,,დუში' დაიკავა. ოფიცრები შემოვიდნენ. რომ დაინახეს, დუშის ქვეშ ორი პატიმარი იდგა, აღრიალდნენ - ,,გამოვიდა, ჩაიცვა, მკიდია თქვენი გასაპნული თავები, დროზე ბლიად, დროზე...'
ლევანმა მშვიდად თქვა, ახალია, დროში ვერ ჩაეტია და ამიტომ გაგვიგრძელდა, ორ წუთში მოვრჩებითო. ოფიცრები მაინც ღრიალებდნენ, ახლავე გამოდითო. #0578 გამოსვლას აშკარად არ აპირებდა. უცებ ერთი ოფიცერი აბანოდან კორიდორში გავიდა. ლევანი დუშიდან გამოვარდა, პატიმარი #0578-იც გამოათრია. მოასწრო - ცივი წყალი გადაკეტეს, მხოლოდ მდუღარე მოდიოდა.
,,თუ არ ჩაიცვამ, გცემენ, მეც მიმაყოლებენ და მერე ჩვენი სისხლის ისტორიაზე სხვა საკამერნიკები ისაუბრებენ. დამიჯერე, ახლა და აქ, გმირობის ადგილი არაა, წაგებული ომია, მაგრად გავილახებით'. ორივემ უხმოდ ჩაიცვა.
იმავე ღამეს აბანოში საცემი პატიმრების მორიგი ნაკადი შეიყვანეს. არაადამიანური ხმები გამოდიოდა. მანამდე კი რადიოში პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ითხოვდა, გლდანის ციხეში სათვალთვალო კამერები აბანოშიც დავაყენოთ, იქ ჯოჯოხეთი ტრიალებსო, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად აცხადებდა, ეს სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევად შეფასდებაო. ,,რკინის არგუმენტს' უცხოელი დამკვირვებლებიც ვერ უპირისპირდებოდნენ.
ერთ თვეში, ბარბარობის დღესასწაულზე, ლევანმა კორპუსის ოფიცერს დაუძახა, ცოტა ხანს ეჩურჩულა, შემდეგ კი გამოაცხადა: ,,დღეს რეჟიმი დათრობას აპირებს, მერე შემოვლენ და როგორც სხვა დღესასწაულზე ხდება, კამერებს დალეწავენ. კორპუსზე პირველი კამერა ჩვენია. აუცილებლად გააღებენ. ძველებურად, ახლაც მე ვისაუბრებ, ხმა არავინ გაიღოს. თუ ნერვებს არ აჰყვები, შენც ილაპარაკე', - გახედა ლევანმა #0578-ს.
საღამოს, ციხის ეზოში შემოსულ რეჟიმს, უფროსი, ოლეგ ფაცაცია მოუძღვოდა. ხორხოცზე ეტყობოდათ, გვარიანი მთვრალები იყვნენ. პატიმრებმა ტანზე პირსახოცები შემოიხვიეს და ზედ, რაც ებადათ, ყველაფერი გადაიცვეს.
,,თუ გვცემეს, რბილად მოგვხვდება. მაგარი მთვრალები არიან, შეცდომა არ უნდა დავუშვათ, არ გვაპატიებენ', - ჩუმად თქვა ლევანმა.
საკნის კარი ხმაურით გაიღო. ,,აბა, არ გინდათ დაგ...ნათ ბაჭიებივით?!' - იღრიალა ფაცაციამ. ოთახში რეჟიმის ათამდე წარმომადგენელი შემოვიდა. პატიმრები შეჯგუფდნენ, ლევანი და #0578 მათ წინ დადგნენ და მშვიდად იკითხეს - ,,რა ხდება?!'
,,აჰა... ამ კამერის ელიტა... პრისტუპნიკების პრისტუპნიკები. ესენი გარეთ ერთმანეთს არ ინდობენ და ჩვენი გადავლის შანსი რომ ჰქონდეთ, ხომ ხვდები, რას იზამდნენ?! ნახე, რა თვალებით იყურებიან. გინდათ, აბანოში გავიდეთ და ერთი-ერთზე გავარტყათ? თუ მომერევით, ვინც რამე თქვას, იმ ოლეგას დედაც', - თქვა ფაცაციამ.
პატიმარ #0578-ს სახე აეჭრა და მიახალა, ,,გავიდეთ!' მეგობარს ლევანიც გაჰყვა. აბანოს კარი გარედან მიუკეტეს. მიხვდნენ მეგობრები, მწარედ მოტყუვდნენ - მათ კამერაში კი უბედურება ტრიალებდა.
,,ოლეგ, შენი დედას შ...' - პატიმარ #0578-ს ლევანმა ხელი პირზე ააფარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. აბანოს კარი ხმაურით გაიღო. რეჟიმი შევიდა. ფაცაცია არეული სახით იყურებოდა, ერთ-ერთ ოფიცერს ხელში ელექტროშოკი ეჭირა, დანარჩენებს ხელკეტები. ფაცაციამ ხელქვეითს ელექტროშოკი გამოართვა და ჩუმად თქვა, მარტო დაგვტოვეთ და კარი დაკეტეთო. ოფიცრები უხმოდ გავიდნენ, მაგრამ კარი მხოლოდ ერთ ურდულზე დაკეტეს, საჭიროების შემთხვევაში აბანოში რომ შესულიყვნენ.
,,კარგად მომისმინეთ. რაღაცის გამოსწორებას ცდილობთ, არაფერი გამოგივათ. არ ვართ კამიკაძეები და სხვა კამერებშიც იკითხეთ, მართლა სერიოზულ ხალხს, პრისტუპნიკი იქნება თუ რიგითი პატიოსანი კაცი, ხელს არ ვაკარებთ. აქ ფსიქოლოგია შეცვლილია. წინა დღეს სასამართლოზე მიმყავდა ტიპი. ხომ იცით, ამ დროს ჩაიხადა-ჩაჯდას ვეუბნებით. ამერია და ჩაიხადა-წაიკუზა-თქო ვუთხარი და იცი რა ქნა?! ჩაიხადა და წაიკუზა. 60 წლამდე კაცი იყო. რაღაც საბუთებზე იჯდა. ეგ არის რა... ფსიქოლოგიურად მასა ყველაფრისთვის მზადაა და ერთ დღეს შეიძლება ისეთ ხასიათზე დაგხვდეთ, არავინ და არაფერი დავინდო. კაცის სიცოცხლეს აქ ზუსტად ამის ფასი აქვს', - თქვა ოლეგმა და სიგარეტის ნამწვი დემონსტრაციულად მოისროლა. ციხიდან ზონაზე წასვლის ბოლო დღემდე აბანო გლდანის ჯოჯოხეთის კუპრის ქვაბად რჩებოდა და თუ ვინმეს რამე დაემართა, სწორედ აბანოში...
* * *
რუსთავის #17 ზონაში გადაყვანის პირველივე დღეს, პატიმარმა #0578-მა აბანო მოიკითხა. ,,როცა ზონა იღება, იღება აბანოც. სულ 24 დუშია. წესით, ეს 3000 პატიმრისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ადგილი ყოველთვისაა, რადგან ყოველ დღე თითზე ჩამოსათვლელი პატიმრები ბანაობენ. 24-დან ერთი ქათმების დუშია, სადაც ზონა რომ იკეტება, ქათმები მაშინ ბანაობენ. ერთი დუში მაყურებლებისაა. დანარჩენი საერთო. მაყურებლების დუში, აბანოში, ხელმარჯვნივ პირველია. ქათმების - ბოლო. გინდა ყოველ დღე იბანავე, გინდა კვირაში ერთხელ, გინდა სულ არ იბანაო. აქ ასეთებიც არიან', - უთხრეს თანასაკნელებმა.
მეორე დღეს პატიმარი აბანოში ჩავიდა. ცარიელი მხოლოდ ხელმარჯვნივ პირველი დუში იყო და იქ შევიდა. გაოცებულმა პატიმრებმა შეხედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ. მალე აბანოში ქუთაისის რეგიონის მაყურებელი შემოვიდა და უცხო კაცი რომ დაინახა, ჰკითხა - ,,ვინ ხარ ძამია შენ?!' ,,პატიმარი #0578'. ,,და არ გითხრეს, ეს მაყურებლების დუშიაო?!' ,,მითხრეს, მაგრამ ყველა დაკავებული იყო - ეტა რაზ. როგორც ვიცი, ზონაზე შენი კბილის ჯაგრისი, პირადი მოხმარების ნივთები და საცვლებია პირადი, დანარჩენი ყველაფერი ობშია - ეტა დვა და ტერმინი ,,მაყურებლების დუში' ვინ მოიგონა, რომ გამოვალ, იმ კაცს მანახებ - ეტა ტრი', - უთხრა პატიმარმა.
ქუთაისელმა გახდა გადაიფიქრა, აბანოდან გავიდა და დაიბარა, რომ მორჩები, მაყურებლების საკანში შემოდიო. პატიმარი #0578 მაყურებლების საკანს ნახევარ საათში ეწვია.
,,აგია სიმონ ის ტიპი', - თქვა ქუთაისის რეგიონის მაყურებელმა, მაგრამ #0578-ს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ზონის მაყურებელს ღიმილით მიესალმა, გადაეხვია, შემდეგ პალაჟენეცი მოიკითხა და როცა ის მოვიდა, ერთმანეთს მხრებზე ხელს კარგა ხანს უტყაპუნებდნენ. ბოლოს, #0578-მა დაიწყო: ,,არაა მართებული, რომ მაყურებლების ერქვას აბანოში კონკრეტულ დუშს. ხმამაღლა ალბათ ვერავინ გიბედავთ თქმას, მაგრამ ბევრია უკმაყოფილო. ხალხი რიგში დგას და თქვენი დუში ცარიელია. იბანაოს ყველამ და თქვენ როცა შეხვალთ, კი გაიწევა ის კაცი გვერდზე მაქსიმუმ ხუთ წუთში, ასე უფრო მართებული იქნება და დუშის გამო მაინც არ იქნებიან უკმაყოფილოები...'
,,და კიდევ რით არიან უკმაყოფილოები სიმონ?!' - ჰკითხა ქუთაისის რეგიონის მაყურებელმა, რომელიც აშკარად გაბრაზებული იყო, რადგან საცემრად შეგულებული კაცი ზონის ,,ბლატატის' ძმაკაცი აღმოჩნდა.
,,თუნდაც იმით, რომ რუსთავის პირველ ზონაში თვეში ერთხელ გრევის სახით ორი ლარის სიგარეტი გროვდება, აქ კი ექვს ლარამდე ხართ ასული. თქვენი გადასაწყვეტია. არ ვერევი, მაგრამ მაინტერესებს, რა გარანტია გაქვთ, რომ ზონის დაკეტვის შემდეგ, ყველა დუშში ქათმები არ ბანაობენ?! კი შემოუხაზეთ ერთი ადგილი, მაგრამ ვინ აკონტროლებს?!' - იკითხა პატიმარმა.
,,გრევის ამბავს ჩვენ გავარკვევთ. რაც შეეხება კონტროლს, ღამე ვამოწმებთ, იმ ადგილის გარდა სხვა დუშის ქვეშ სისველე თუ არის, შეიძლება ზონაზე ბუნტი დაიწყოს. ასე რომ, მშვიდად იყავი. გლდანში მარტივად იყო ეგ დალაგებული, ქათმები სხვა კორპუსზე იყვნენ და იქვე ბანაობდნენ' - აუხსნა მაყურებელმა.
,,გლდანში აბანო ჯოჯოხეთი იყო და აქაც ასეა? ცემა-ტყეპა მოსულა აქაც?!'
,,ეს ზონაა ძმაო. პატიმარს თუ სცემენ, მაშინ უნდა გაკრიტონ, თორემ ხომ ხედავ, დღის განმავლობაში ოფიცრები ჩვენს გვერდით დადიან და გამწარებულმა პატიმარმა კამერაში რომ შეიწოვოს, თავზე ადიელა გადააფაროს და დაშტიროს, ვინ არის პატრონი?! ცემა-ტყეპა მოსულა, მაგრამ აბანოში გაყვანა არა'.
,,და მარტო ცხელი წყლის გამოშვება მოსულა?! გლდანში ესეც იყო...'
,,ეგ ჰო. ლაშა ბრეგვაძე ხანდახან იტყვის, რაღაც გაფუჭდაო და ზამთარში მხოლოდ ცივ წყალს უშვებს, ზაფხულში - მდუღარეს. ეს მაქსიმუმ 3-4 დღეს გაგრძელდეს...'
,,კამერებში, რამდენიმე პარაშაში აბანოსავით რაღაც აქვთ მოწყობილი და თუ აბანო სულ ღიაა, რად უნდათ? დავიჯერო, ჰიგიენის ასეთი მოყვარული ხალხი ზის, დღეში რამდენჯერმე ბანაობს?!'
,,ჰოოო.... ეგ ცოტა რთული თემაა. აბანოში ყველა არ დადის. დაახლოებით ოც პროცენტს ამის კომპლექსი აქვს. ანუ ვიღაცას მოკლე აბია, ვიღაცას კიდევ ლამაზი უკანალი აქვს და კომპლექსდებიან ბიჭები!.. აი, შენს კამერაში რომ შოთაა, დააკვირდი როგორი გამოყვანილი უკანალი აქვს. ეგ აბანოში არასდროს ჩამოდის, კამერაში ბანაობს. არავინ არაფერს აკადრებს, მაგრამ ღადავს დაუწყებენ, რა ლამაზი ტრაკი გაქვსო და უტყდება. არადა, მართლა ლამაზია, ქალებზეც კი იშვიათად მინახავს', - გაეღიმა მაყურებელს და დანარჩენებმაც კვერი დაუკრეს.
,,და ვის როგორი სიგრძე აქვს, საიდან ადგენთ?!'
,,ეგეც მარტივია. კაცი 5 წელი რომ ზის, არაფერი უვარგა და აბანოში საერთოდ რომ არ არის ნამყოფი, რისი ბრალია? მოკლე აქვს და უტყდება. არის კიდევ ერთი ვარიანტი - ვიღაცა უკანალშია დაჭრილი, შრამი აქვს და არ უნდა, ვინმემ დაინახოს, ბოზური შრამია ეგ', - დაასრულა მონოლოგი მაყურებელმა.
პატიმარი #0578 კამერაში აბრუნდა. შოთა რომელიაო, იკითხა. დაახლოებით 30 წლამდე ბიჭმა, მე ვარო, მიუგო. პატიმარმა ხელი ჩამოართვა, ძალიან კარგიო. მართლაც, შოთა აბანოში არ დადიოდა, რაც შეეხება მის უკანალს... საბედნიეროდ, #0578 იმდენ ხანს არ მჯდარა, კაცის უკანალი მოსწონებოდა.
პატიმარი #0578