ვინ ავიწროებს აფხაზეთში ქართველობას და როგორია ხაჯიმბას ორმაგი სახე

ვინ ავიწროებს აფხაზეთში ქართველობას და როგორია ხაჯიმბას ორმაგი სახე

ექსკლუზიური ინტერვიუ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ პედაგოგთან

რა პროცესებია დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას პირობებში აფხაზეთში? შესაძლებელია აფხაზების ქართველებისკენ შემობრუნება? რა პრობლემები და სურვილები აქვთ იქ მცხოვრებ თანამემამულეებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,ვერსია' აფხაზეთში მცხოვრებ ქართველს, სოფელ ღუმურის მკვიდრს, პედაგოგ ლიკა შამათავას ესაუბრა.

- საქართველოს მოქალაქე ვარ. 2009 წელს, როცა აქაურმა ხელისუფლებამ პასპორტიზაცია დაიწყო, არ მიმიღო მოქალაქედ. ,,საეჭვოების' სიაში აღმოვჩნდი - განათლება ქუთაისში მქონდა მიღებული და თან ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენასა და ისტორიას ვასწავლიდი. ალბათ უნდოდათ, ქართული პასპორტი თავად ჩამებარებინა. განსაკუთრებით ერჩოდნენ და აკონტროლებდნენ პედაგოგებს, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებას რეგიონში ქართული ცნობიერების გაძლიერება არ სურს... მამა სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა - მისთვის შოკი იყო აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია. ვერ წარმოედგინა, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით. ძმაც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა რუსეთში, სადაც, იძულებული გახდა, თავი შეეფარებინა. დედა პატრონობდა გაციებულ კერას. საქართველოში გადმოსვლას აპირებდა, მაგრამ მეზობლები ერთმანეთის იმედად შემორჩნენ. უხუცესები დარჩნენ, ჩვენ მაინც დაგვინდობენო, მაგრამ ბევრს სასტიკად გაუსწორდნენ - თავი მოკვეთეს, აწამეს... მე კი, სწორედ ამ პერიოდში მომიწია ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა. დედის სანახავად, ჩუმად ვიპარებოდი აფხაზეთში, ტყე-ტყე გადავდიოდი, მალვა- მალვით... 9 თვის წინ დედაც დავკარგე, ხელში ჩამაკვდა.

- როგორც ვიცი, მოთარეშე რაზმები, ძირითადად, რუსებით, სომხებითა და ჩრდილოკავკასიელებით იყო დაკომპლექტებული. აფხაზები შეგნებულად გაურბოდნენ ამ ძმათამკვლელ ომს?

- აფხაზების წილი ამ დაჯგუფებებში პროცენტულად მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო... რაც წლები გადის, უფრო უცხოვდება აფხაზეთი საქართველოსთვის ან პირიქით საქართველო - აფხაზეთისთვის. ქართულ ენას ისეთი წინაღობა შეუქმნეს, ეთნიკურად ქართველებსაც აღარ უნდათ თავის შეწუხება, არ სურთ, დამატებითი დრო თუ თანხა გამოყონ და შვილებს ქართული ასწავლონ. საქართველოში განათლების მიღების პერსპექტივა არ ჩანს და ურჩევნიათ, რუსული ასწავლონ. გავუცხოვდით. რუსული ექსპანსია დღითიდღე ძლიერდება. სკოლებზე ზეწოლაა. არ უნდათ ქართული ენის გაჭაჭანება. ფაქტობრივად, იატაკქვეშეთში გვიწევს ბავშვებისთვის ენის სწავლება. სამაგიეროდ, დაწყებით კლასებში რუსულის სწავლება გააძლიერეს. რუსები ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას. სოხუმსა და გაგრაში მშენებლობაა დაწყებული. ამ ფაქტმა აფხაზეთში, გარკვეულწილად მოსახლეობის გაერთიანება განაპირობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი აქ თავისი მოქალაქეების თავმოყრით განახორციელებს მზაკვრულ ჩანაფიქრს: მსოფლიოს დაანახებს, თითქოს აფხაზეთში დომინანტია, თავისი ხალხის უფლებებს იცავს. ქართველებს თანამდებობებზე არ ნიშნავენ. მხოლოდ შავ მუშებად აჰყავთ. როცა მძღოლი მოძრაობის წესებს არღვევს, თუ ქართველია, კანონის მთელი სიმკაცრით აჯარიმებენ, აფხაზებს იოლად პატიობენ...

- ხაჯიმბა ქართველთმოძულეობითაა ცნობილი. მის პირობებში აფხაზეთში რა შეიცვალა?

- პირველი არ ხარ, ვისგანაც ხაჯიმბაზე, მსგავს შეფასებას ვისმენ, თუმცა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთაგან მსმენია მისი ამგვარი დახასიათება. რეალურად, არ ჩანს სისხლისმსმელი. შესაძლოა, გაორებულია. გაუგებრობაში ვართ. გვეშინია მომავლის. აფხაზებისგან, ზიზღსა და სიძულვილს მაინც და მაინც არ ვგრძნობთ, თუმცა შეუთავსებლობაა და კონფლიქტი უფრო ბიუროკრატიულ ზემო ინსტანციებში იჩენს-ხოლმე თავს. გვითხრეს კიდეც ზემდგომებმა, თქვენმა მატარებელმა ჩაიარაო.

- აფხაზების ქართველებისკენ შემობრუნება მოსალოდნელია?

- რაც უფრო შორდები ტყვარჩელისა და გალის სოფლებს, სადაც ეთნიკურად აფხაზები შედარებით მრავლად არიან, ქართველთფობიას მეტად გრძნობ. მამიდა მყავდა შუა აფხაზეთში გათხოვილი. ჯერ კიდევ ბავშვობაში სტუმრად მივდიოდი ხოლმე. აი, მაშინ ვგრძნობდი უკმაყოფილებას. არ ვიცი, სხვა რა სიტყვა მოვძებნო. ყველაზე უკეთ ასე გამოიხატება მათი დამოკიდებულება და ეს უკმაყოფილება დღემდე ძაღლის ნაკბენივით მახსოვს. არ ვიცი, რა უნდოდათ. ომამდე რამდენიმე თვით ადრეც იგრძნობოდა, რომ რაღაცას აპირებდნენ. თითქოს, თავს გვარიდებდნენ, ჩაიკეტნენ საკუთარ სახლებში. რკინიგზის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ. მუსირებდა აზრი - საქართველო დამოუკიდებელი ხდება, ნახავთ აფხაზებო, რა გელოდებათო. ამ აზრის ფორმირებაში, რასაკვირველია, რუსული სპეცსამსახურები მუშაობდნენ. ახლა აფხაზები ხვდებიან, რომ რუსების ხელში მხოლოდ იარაღის ფუნქცია ხვდათ წილად. მოტყუებულები არიან. ამას აცნობიერებენ, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. არ ვიცი, მათი შემობრუნება მომავალში რამდენად მოსალოდნელია. დღეს კი, ჩვენ, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველობას, ისღა დაგვრჩენია, ვიოცნებოთ, საქართველო სიზმარში მაინც ვნახოთ.