გაითვალისწინებს თუ არა ნაციონალების რჩევებს და რა რეჟიმში აპირებს რუსეთთან ურთიერთობას ხელისუფლება
აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების პროექტს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერეს. სანაცვლოდ პუტინი აფხაზეთს 2015 წელს 5 მილიარდი რუბლის გამოყოფას დაპირდა. ამ დროს ქართული მხარე დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს და ე.წ. ხელშეკრულების დაგმობისკენ მოუწოდებს. ისინიც გმობენ _ ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომ ამ ხელშეკრულებას არ აღიარებენ და კრემლს მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვის გაფორმებას არ დაუშვებენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მსოფლიოს. ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას, გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებასა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების გაუქმებას სთხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება უკვე მოითხოვა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების' თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კი საერთაშორისო დონეზე სარჩელების მომზადებას არ გამორიცხავს, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებებს მაინც უალტერნატივოდ მიიჩნევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ,,ვერსიასთან' აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
- აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროექტში ხაჯიმბა იძულებული გახდა, გარკვეული პუნქტები სწორედ აფხაზების მოთხოვნით შეეცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზი მოსახლეობის მოთხოვნები სრულად გაითვალისწინა. მოსკოვი ფიქრობს, ისინი უკვე დაიმორჩილა, მაგრამ ასე არ არის! ხაჯიმბაც დარწმუნებულია, რომ მოსკოვმა აფხაზურ საზოგადოებაში კონსენსუსს მიაღწია, მაგრამ არც ეს შეესაბამება რეალობას. იმის გამო, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის და საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, თავად პროექტიც იურიდიული ნონსენსია! ესაა კავკასიაში რუსული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
- ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად რატომ არ პასუხობს?
- საქართველოს პარლამენტმა ჯერ უკრაინის შესახებ მიიღო რეზოლუცია, შემდეგ კი საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზეც. სხვათა შორის, ამ ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრიუსელში პრემიერის ვიზიტმაც დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს საკითხი არათუ მეორეხარისხოვანია, როგორც ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, არამედ მნიშვნელოვანია.
- მაშინ რატომ ვერ გაუწიეთ რუსეთს წინააღმდეგობა?
- საერთაშორისო თანამეგობრობის გარდა, ბრძოლის სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. წინა ხელისუფლებამ კარგად იცოდა რუსეთის გეგმების შესახებ, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ არათუ შეცდომა დაუშვა, არასწორი ხედვებისა და სტრატეგიის გამო, რუსეთის მიზნების განხორციელებას ხელი მაქსიმალურად შეუწყო. ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯები დასავლურ ხედვებს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. დღეს ეს ძალა ცდილობს, საკუთარი ცოდვები ხელისუფლებას ჩამოკიდოს.
- აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების პროექტის ხელმოწერა თქვენი გუნდის პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას გვპირდებოდა!
- ,,რუსეთთან ურთიერთობის დალაგება', - ესეც ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოგონილი ტერმინია. რეალურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე კი არა, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროში შეთანხმებაზეა საუბარი. ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები საზოგადოების კეთილდღეობას კი არა, ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. მარტივ მაგალითს გეტყვით, ქვეყანაში არცერთი ინვესტორი არ შემოვა, თუ ჰაერში დენთის სუნი იტრიალებს.
- ახლა ქვეყანაში ბევრი ინვესტორი შემოდის?
- საქართველო სტაბილურობით და ბიზნესის შესაძლებლობების მაჩვენებლით რეგიონში საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. ინვესტორთა რაოდენობა დასათვლელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ ცუდ მდგომარეობაში ვართ.
- აფხაზეთის დაკარგვას როცა ეხება საქმე, ეკონომიკურ დივიდენდებზე აპელირება გამართლებულად მიგაჩნიათ?
- რუსეთმა როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, აფხაზეთი ,,ზურგზე წამოიკიდა' და დოკუმენტზე ხელი რომც არ მოაწეროს, ისედაც ოკუპირებული აქვს. შეთანხმების პროექტის ხელმოწერა რომ ჩაშლილიყო, მდგომარეობა შემსუბუქდებოდა? რა თქმა უნდა, არა! სხვათა შორის, პროექტზე ხელმოწერით ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია შექმნა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ასე მარტივად არ ჩაივლის.
- აფხაზეთში ოპოზიციამ აქცია გამართა, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობამ ხაჯიმბა და პუტინი ვერ შეაჩერა. ქართული მხარე აფხაზებს ალტერნატივად რას სთავაზობს?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აფხაზეთში საკმაოდ დიდი ჯგუფი რუსეთთან მსგავს ფორმებში ურთიერთობას ეწინააღმდეგება, თუმცა ახლა მათი ქება რომ დავიწყო, აფხაზეთში იფიქრებენ, ოპოზიცია საქართველოს მოკავშირეაო. ჩვენ ინტერესებში არ შედის, აქციის ორგანიზატორებს საქართველოს აგენტები უწოდონ. დიახ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ჩიხში აღმოვჩნდით, მაგრამ აქედან გამოსვლას ვცდილობთ. ჩიხური მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობისგან მემკვიდრეობით მივიღეთ და ახლა ისინი ცდილობენ, დაგვაბრუნონ. კარგად ვიცით, ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი სხვა ნაბიჯების გადადგმაა, მაგრამ...
- თქვენი აზრით, რა არის საუკეთესო გამოსავალი?
- უნდა ადგე, აფხაზეთში შეიჭრა და ტერიტორია დაიბრუნო, მაგრამ ეს სისულელეა, რომელიც საქართველომ არ უნდა ჩაიდინოს. ტერიტორიების ძალისმიერ დაბრუნებას მხარს არავინ დაუჭერს. გვაქვს ალტერნატიული მიმართულება - საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა.
- ნაციონალური მოძრაობა აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკების შეჩერებისკენ მოგიწოდებთ. გაითვალისწინებთ ოპოზიციის რეკომენდაციას?
- მოლაპარაკებები ფორმულაა, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოება უნდა აიგოს. ნუ ამცირებთ აბაშიძე- კარასინის გვარებს, ისინი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
- დამისახელეთ კონკრეტული შედეგი, რომელიც ორწლიანმა მოლაპარაკებებმა გამოიღო.
- ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, რომ პრობლემა პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყდება, მაგრამ დღესაც ეს ერთადერთი სწორი შესაძლებლობაა. რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას არ ცვლის და არც ასუსტებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა აპელირებს.
- ნაციონალური მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებასაც გთავაზობთ. რატომ არ უჭერთ ამ მიმართულებით დასავლეთის პოლიტიკას მხარს?
- მოლაპარაკებები და სანქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის. სანქციების რესურსი საქართველოს არ აქვს. ევროპის პოლიტიკა სერიოზულ გეგმებს მოიცავს, რომელიც რუსეთის საფინანსო სტრუქტურების ფინანსურ დაზიანებას, სავაჭრო ურთიერთობის შემცირებას გულისხმობს, ნაციონალები კი მხოლოდ იდეური მიერთებისკენ მოგვიწოდებენ. საქართველომ რუსეთს პროდუქცია რომ არ მიაწოდოს, ეს რუსულ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს. საქართველო კი დაზარალდება.
- საქართველომ ემბარგოს პერიოდიც გამოიარა, მაგრამ სახელმწიფო გადარჩა.
- თუ ვამბობთ, სანამ რუსეთი არ დაინგრევა, პერსპექტივა არ არსებობსო, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ვიმეორებ, ევროპისა და ამერიკის რესურსები რუსეთის ეკონომიკის დასაზიანებლად ქმედითია, საქართველოსი - არა.
- არც საერთაშორისო სასამართლოებში აპირებთ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების მომზადებას?
- ეს საკითხი განსახილველია. ცალკე საკითხია, მოლაპარაკებები, ცალკეა - სამართლებრივი ნაწილი. ამ მიმართულებით მეტი კონსულტაციაა საჭირო. ნაციონალური მოძრაობის დაყენებული საკითხები კი არა, ქვეყნისთვის სწორი პოზიციაა მნიშვნელოვანი. ნაციონალურმა მოძრაობამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაუშვა და ახლა თურმე რჩევებს გვთავაზობენ. მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკებები საუკეთესო გზად მიმაჩნია, რასაც ბრიუსელი და ვაშინგტონიც მხარს უჭერს. დასავლეთსაც ესმის, რომ საქართველოს სანქციებთან შეერთების რესურსი არ აქვს. ევროკავშირი საქართველოს თავშეკავებულ პოლიტიკასაც მიესალმება. ამიტომ არ გადავალთ კონფრონტაციულ რეჟიმში, რასაც ნაციონალები გვთავაზობენ.