როგორ გადმოუსვენა აფხაზმა პატიმარმა ქართველს გალიდან მამა

როგორ გადმოუსვენა აფხაზმა პატიმარმა ქართველს გალიდან მამა

სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ხალხთა თავშეყრის ადგილია. ვის აღარ ნახავთ იქ - შვეიცარელს (თურქი ცოლი საქართველოში მოკლა), ფრანგს (საბუთები გააყალბა), კანადელს (ყალბ ფულს ბეჭდავდა)... ჩინელების, თურქებისა და ფერადკანიანების რიცხვი კი იმდენად დიდია, ადგილობრივებს სათვალავი ერევათ. ფერადკანიანებიდან განსაკუთრებით აფრიკელები სჭარბობდნენ. სასჯელს სამაჩაბლოში მცხოვრები ოსებიც იხდიდნენ, აფხაზი პატიმარი კი იშვიათობა იყო. სამაჩაბლოელ ოსებსა და იქიდან დევნილ ქართველებს ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ; აი, აფხაზეთიდან დევნილები კი აცხადებდნენ, რომ აფხაზი პატიმრის გამოჩენის შემთხვევაში, მინიმუმ `კაზლიატნიკში~ გაისტუმრებდნენ და ციხეს ჯოჯოხეთად უქცევდნენ...

რუსთავის #17 საპყრობილეში აფხაზეთიდან დევნილებს ცალკე `ავტონომია~ ჰქონდათ - ჭირსა თუ ლხინს ერთად იზიარებდნენ. 2012 წელს, როცა პოლიტიკური სპექტრი არჩევნებისთვის ემზადებოდა და ციხის კადრები ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული, ზონაზე პატიმრების ახალი ნაკადი მოიყვანეს. ერთ-ერთმა მაშინვე თქვა, გალიდან ვარო და დევნილებმა შეიფარეს, სიგარეტი, ჩაი, ყავა, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები მიუტანეს. ალექსანდრემაც ჯერ მეგრული საუბრით იჯერა გული, მერე კი საერთო ფერხულში ჩაება. ალექსანდრეს ნაცვლად სანდრიკა დამიძახეთ, გალში ასე მეძახდნენ და ჩემი პრისტუპნიკული `პაგრიმუხაც~ სანდრიკააო, თქვა. 

`რატომ `პაგრიმუხა~ და არა `კლიჩკა~ ან `პაგანიალა?~ - ჰკითხა პატიმარმა #0578-მა.
`იმიტომ, რომ `პაგრიმუხა გრიმიტ~, - აუხსნა სანდრიკამ. #0578-მა ღიმილითვე მიუგო: `აქ ხამამაღალ განაცხადებს, ხმამაღალ მოთხოვნებს უყენებენ...~
ორ დღეში პატიმრების ახალი ნაკადი მოვიდა. სანდრიკა ერთ-ერთს გადაეხვია, ჩემი კლასელიაო. ყველაფერი ისევ ძველებურად მიდიოდა, სანამ...
`როდემდე უნდა ვითმინოთ ეს აფხაზი? ამის მამამ, იცით, რა გააკეთა? ქართველი სამხედრო რკინის მილში ჩასვა, ორივე მხრიდან `დასვარკა~, ცეცხლში ჩააგდო და მილში `დაადნო~ კაცი. ეს უყურებდა~, - თქვა სანდრიკას კლასელმა. პატიმრებმა სანდრიკას გახედეს, მან კი, ახსნა: `ეგ მამაჩემს არ გაუკეთებია, ეტლში ზის. მაგ დროს 10 წლის ვიყავი და ვერაფერს შევცვლიდი. მაგ ამბამდე ქართველებს ჩვენი თანასოფლელი 12 წლის გოგონას გაუპატიურება დაბრალდათ. ეგ შურისძიება იყო - გოგოს მამა და ბიძები მოექცნენ ქართველ ტყვეს ასე. ყველაფერი ჩვენი ეზოს წინ მოხდა. `კაიბიჭი~ ვარ, ქურდულში შეცდომა არ დამიშვია, ქურდულს კი ეროვნება არ აქვს. ამან ჩემი აფხაზობა იმიტომ გაიხსენა, რომ გუშინ სიგარეტი არ მივეცი. ვიცი, კარტაზე ფული აქვს და მაინც მე მთხოვა, საიდუმლოს გინახავ და აბა, როგორ გინდაო. საიდუმლო არ მაქვს. სანდრიკა ვარ, ქურდული ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი ქურდული სამყაროა~. 

`მაყურებლებმა~ სანდრიკა, მისი კლასელი, კიდევ რამდენიმე `კაიბიჭი~ კამერაში დაიბარეს. მაყურებლის კამერისკენ მიმავალმა სანდრიკამ პატიმარ #0578-ს ჰკითხა: `გადამრევ. ვინ ხარ? რა გინდა? `კაიბიჭი~ არ ხარ, მაგრამ სხოდკებს არ აკლდები, შენს აზრებსაც თამამად ამბობ~. კითხვის ადრესატმა მიუგო: `შენგან განსხვავებით `პაგრიმუხა~ არ მაქვს, რიგითი, მაგრამ ცნობისმოყვარე პატიმარი ვარ და `მაყურებლები~ რატომღაც ამ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მაძლევენ. არაფერს ვაფუჭებ. ჩემი აზრი დღესაც მექნება~.

`მაყურებლების~ კამერაში ათამდე პატიმარი მოთავსდა. პირველად ზონის გალელი  `მაყურებელი~ ალაპარაკდა, რომელიც სანდრიკას კარგად იცნობდა: `ვიცოდი, რომ სანდრიკა აფხაზია. ქურდულად ცხოვრობს და საჭიროდ არ ჩავთვალე მისი აფხაზობისთვის ხაზი გამესვა. როცა იქიდან ოჯახთან ერთად წამოვიდა, მეოთხე თუ მეხუთე კლასში იყო. დევნილებად იქცნენ და რამე მიქარული რომ ჰქონოდათ, აქამდე არ აპატიებდნენ. აქამდე რატომ არ თქვი ეს ყველაფერი?~, - მიუბრუნდა სანდრიკას კლასელს. მან ჯერ თვალების ცეცება დაიწყო, მერე თავი დახარა და ამოილუღლუღა: `შემეცოდა. დღეს კი ვეღარ მოვითმინე~. პატიმარმა #0578-მა იცოდა, ამ სულელურ არგუმენტს რა მოჰყვებოდა. ასჯერ ნანახის კიდევ ერთხელ ნახვა აღარ სურდა - `მაყურებელს~ ანიშნა, სიტყვა მაქვს სათქმელიო და როცა თანხმობა მიიღო, სანდრიკას მიმართა: `გასაგებია, რომ ქურდულს ეროვნება არ აქვს. ისიც - რომ 10 წლის ასაკში ვერაფერს გააფუჭებდი, მაგრამ მაინც დამალე აფხაზობა. ჩვენი კანონები, არც აფხაზს სჯის, არც ოსს, არც ზანგს... თუ რამე არ შეეშალა. ესაა შენი შეცდომა და ისიც, რომ `ობშიაკში~ ჩასადებად ათი ბლოკი სიგარეტი დაანონსე და მაყუთი რომ ვერ დაითრიე, მამაშენის ინვალიდობის პენსიით აყიდინე. გითხარი, `პაგრიმუხას~ რომ გაიძახი, მაღალი მოთხოვნებია-თქო. იმ სასტუმროში, სადაც შენები ცხოვრობენ, ბიძაჩემიც ცხოვრობს. მის და შენს სახლებს კი, აფხაზეთში ერთი ღობე ჰყოფდა. ჯენვერზე გეუბნები. შენი კლასელის მიერ მოყოლილი ამბავი, მანამდეც ვიცოდი, მაგრამ არ იყო მოსაყოლი და არ ვთქვი. აფხაზობის დამალვა კი შენი იდიოტიზმია~. 
სანდრიკას კლასელმა მაყურებლისგან მაშინვე სილა მიიღო. ყველა გაჩუმდა. სანდრიკა გაოცებული იდგა. როცა კამერიდან პატიმრების ნაწილი გავიდა, მაყურებელს ჩუმად ჰკითხა: `გამაგებინეთ, ეს ვინაა?!~

`ჩვენი ძმაა... `პრადვინუტი~ ძმა. ხანდახან გვახსენებს, რომ ამ ჯოჯოხეთში ადამიანები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ქურდულს ღეჭავს, არ ეშლება, მაგრამ არაფერზე აქვს პრეტენზია. ნდობა ბოლომდე შეიძლება~, - ღიმილით უთხრა მაყურებელმა.
მეორე დღეს, სანდრიკას თანასაკნელმა უთხრა, პატიმარი #0578 გიბარებსო. მორჩილად ავიდა კამერაში, სადაც კიდევ ერთი პატიმარი დახვდა.
`დაჯექი, სანდრიკ, ამ კაცს მოუსმინე~, - უთხრა #0578-მა. ჩამოჯდა.
`შეგიძლია მითხრა, როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, ვინც დაწვეს?!~ - ჩუმად ჰკითხა უცნობმა პატიმარმა. მან კი დაძაბულად უპასუხა: `პატარა ვიყავი, შოკი იყო და ბუნდოვნად მახსოვს... მისი ზურგჩანთა ამოაბრუნეს და იქიდან წამლები, ბინტი, იოდი, სპირტი და შპრიცები გადმოიყარა~.
უცნობმა პატიმარმა თავი ჩაღუნა. დაახლოებით ათი წუთი უხმოდ იტირა. ბოლოს ცრემლები შეიმშრალა და... - `ექიმი იყო მამაჩემი, ექიმი. ომში იმიტომ წავიდა, რომ ჩემი ძმა იბრძოდა. ვიცოდი, როცა დაიჭირეს, დაჭრილ აფხაზს მკურნალობდა და ასე საშინლად მოკლეს. სულ ვეძებდი ვინმეს, ვინც ეს ნახა... მამა, გიორგი მ. აფხაზეთში ექიმის ჩანთით იბრძოდა, მაგრამ მაინც მოკლეს. შეგიძლია მითხრა, სად არის დამარხული?!~
`მამამ მე, დედა, ჩემი და და მამიდა მთელი ღამე გვამუშავა - ეზოში ორმო გაგვათხრევინა და ის `ტრუბა~ დაგვამარხინა. `სვარკის~ აპარატი არ გვქონდა, რომ გაგვეჭრა და თანაც, ნერვებიც არ გვეყოფოდა. ჩემს ეზოში მარხია მამაშენი და თუ აქედან გასვლა გვეღირსა, გპირდები, პირადად გადმოვასვენებ~, - დაპირდა სანდრიკა.
* * *

გარდაცვლილი ექიმის შვილი ამ ამბიდან სამ თვეში გავიდა თავისუფლებაზე. სანდრიკას 15 წელი ჰქონდა მისჯილი და კარგად იცოდა, ერთ წელსაც არავინ აპატიებდა. ერთ დღეს, გიორგი მ-ს ოჯახში დარეკეს, უთხრეს, რომ ენგურის ხიდთან მათთვის ამანათი იყო. მაშინვე გაემგზავრნენ. თბილისში ორი მეტრის დაჟანგული მილი ჩამოიტანეს, საიდანაც ექიმ გიორგი მ-ს დანახშირებული ძვლები ამოიღეს. ოჯახმა ის მშობლიურ მიწას მეორედ მიაბარა. მაშინ მინისტრი უკვე სოზარ სუბარი იყო. მისი ნებართვით, გიორგი მ-ს მეუღლე რუსთავის #17 ზონაზე შევიდა, სანდრიკას პირადად გადაუხადა მადლობა. იმ დღეს ზონაზე თითქმის არავის ეძინა. მეორე დღეს, სანდრიკამ პატიმარ #0578-ს კამერაში მიაკითხა და ღიმილით უთხრა: `დღეიდან ყველამ აფხაზი დამიძახეთ, ჩემი `პაგრიმუხა~ აფხაზია~.

`ეგ უფრო საპასუხისმგებლოა სანდრიკ, აფხაზობა მარტო ქურდულად ცხოვრება არ არის და ეს გახსოვდეს~, - ღიმილით უთხრა პატიმარმა.
აფხაზი სანდრიკა სასჯელს დღემდე იხდის.
პატიმარი #0578