ქართული სარეზერვო სისტემა - სახლის აშენება სახურავიდან

ქართული სარეზერვო სისტემა - სახლის აშენება სახურავიდან

“სარეზერვო სამსახურში ჩადებული ფული კვლავ ჰაერშია გასროლილი. ჩვენი რეზერვი ძირითადი არმიის ჩანაცვლება იქნება, დანაკარგების შემავსებელი, თუ ცალკე მოქმედი სარეზერვო ბრიგადა- ყოველივე ეს გაურკვეველია,” - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. ახლანდელი რეზერვი არაფრით რომ არ სჯობს წინანდელს და ისევ საზარბაზნე ხორცის ახალი პარტია რომ არის, ამაზე სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძეც საუბრობს.

 

ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სარეზერვო კანონმდებლობაში, გარდა ერთი რამისა, სხვა არანაირი ცვლილება არ არის. ეს ცვლილება კი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი სარეზერვო სამსახური იყო წელიწადში 18-დღიანი, დღესდღეობით განსაზღვრულია არაუმეტეს 45 დღისა.

 

ირაკლი სესიაშვილი: “ერთადერთი ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევიდა, სწორედ ეს არის. ასე რომ, თუ ჩვენ რაიმე სისტემურ ცვლილებებზე გვაქვს საუბარი, რომლებსაც ზურგს უმაგრებს კანონმდებლობა, ასეთი ცვლილება არ განხორციელებულა”.

 

მისი თქმით, რეზერვისტთა მომზადების პროგრამა მხოლოდ ოდნავ არის გაუმჯობესებული, საერთო ჯამში კი ძირეული ცვლილებით ვერ დაიკვეხნის.

 

“ადრე რეზერვისტს 18 დღით ამზადებდნენ და იყო მასობრივი გაწვევა. დღეს კი რიგ შემთხვევაში 14 დღით ამზადებენ, რიგ შემთხვევაში - 40 დღით. შეიძლება ითქვას, რომ მომზადების კურსი გაუმჯობესებულია, უფრო კარგი პროგრამაა და უფრო ინტენსიურადაც ამზადებენ. თუმცა მხოლოდ მომზადებით 21-ე საუკუნეში რეზერვისტი ვერ შეძლებს იმ მთავარი ფუნქციის შესრულებას, რაც საჭიროა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. რამდენადაც სარეზერვო სამსახურის საკითხებში მთავარი პრობლემა არის არა ის, რეზერვისტი როგორ იქნება მომზადებული, რამდენდღიან პროგრამას გაივლის და რას ასწავლიან, არამედ მთავარია, რამდენად ეფექტურია მმართველობა და რამდენად თავსებადი იქნება სარეზერვო სამსახური ძირითად არმიასთან; ასევე - კრიზისულ სიტუაციაში როგორ მოხდება სარეზერვო სამსახურის გამოყენება. ეს იქნება ჩანაცვლება, დანაკარგების შემავსებელი, თუ ცალკე მოქმედი სარეზერვო ბრიგადა - აი, ეს შეკითხვებია, რომლებსაც პასუხები არ აქვს.”

 

ექსპერტი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ სარეზერვო სისტემის სტრატეგია მთლიანად ბუნდოვანია. მისივე მოსაზრებით, ამას ისიც ერთვის, რომ რეზერვისტებისთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება არასწორად მიდის, რასაც არაეფექტურ სარეზერვო სისტემამდე მივყავართ.

 

ირაკლი სესიაშვილი: “უნდა ითქვას, რომ სარეზერვო სამსახურში ჩადებული ფული კვლავ ჰაერშია გასროლილი. მთავარი მაინც აქ ის არის, ჩვენს სარეზერვო სამსახურს რა მიმართულებას ვაძლევთ, სად ვიყენებთ კრიზისების დროს და როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი. ვფიქრობ, რომ ეს დაურეგულირებელია. რასაც შორიდან თვალს ვადევნებ, ვხედავ, რომ სარეზერვო მოსამსახურეები ცალკე ბანაკებში გადიან მომზადებას და მათ არანაირი შეხება არ აქვთ ძირითად არმიასთან. თუ მათ არ გამოუმუშავდათ იმის უნარ-ჩვევები, რომ ძირითად არმიასთან შეძლონ მოქმედება, სულ მინიმუმ ძირითადი არმიის ბრიგადების ხელმძღვანელობასთან კოორდინირებული მოქმედება მაინც რომ შეეძლოთ, მაშინ ისევ არაეფექტურ სარეზერვო სამსახურს მივიღებთ.”

 

რა გეგმები აქვს თავდაცვის სამინისტროს - ამაზე ექსპერტი, როგორც თავად ამბობს, ინფორმაციას არ ფლობს. ამის მიზეზად კი ასახელებს თავად სისტემის დახურულობასა და გაუმჭვირვალობას. სწორედ ამის ადეკვატურად თვლის იმ შეცდომებს, რაც ამ სისტემაში არსებობს.

 

“სარეზერვო მოსამსახურეები ძირითადად 27 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ თავიანთი ცხოვრება, ოჯახი, სამსახური... როცა გირეკავენ სარეზერვოდან და გეუბნებიან, ხვალ უნდა მოხვიდე შეკრებაზე და ზეგ მივდივართო, ეს არასწორია და არანორმალური. თავდაცვის სამინისტროს თავისი რესურსების გათვალისწინებით უნდა ჰქონდეს იმის გააზრების უნარი, რომ წინასწარ გააფრთხილოს პოტენციური რეზერვისტები და შეატყობინოს- 3-4 თვეში გაგიწვევთ და თქვენი საქმეები დაარეგულირეთ. გარდა ამისა, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩემს ასოციაციაში (“სამართალიდა თავისუფლება”) შემოდის ბევრი შეკითხვა და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტებს მობილურებს ართმევენ. მესმის, რომ სამსახურის გავლისას მობილურით სარგებლობა ხელს უშლის მეცადინეობებს, წვრთნებს, მაგრამ ამ მოსამსახურეებს აქვთ თავისუფალი დრო, როგორც ჩვეულებრივ მუშა-მოსამსახურეს, ამ თავისუფალ დროს კი მათ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. რეზერვი ციხე ხომ არ არის?! ეს არის არანორმალური, ციხისეული დისციპლინა. მით უმეტეს, რომ სარეზერვო სამსახურთან ჩვენ არანაირი საიდუმლო არ გვაქვს.”

 

სესიაშვილი არასწორად მიიჩნევს ქართული პოლიციისა და ქართველი სამხედროების მხრიდან ისეთი ინფორმაციების გავრცელებას, როგორიც არის “ტერირტოებია დასაბრუნებელი და კარგად უნდა მოვემზადოთ”, “მალე ახალგოსა და კოდორს ჩვენ გავაკონტროლებთ” და ა.შ.

 

ირაკლი სესიაშვილი: “იდელოგია რომ გვჭირდება - ამაზე ორიაზრი არ არსებობს. მაგრამ იდეოლოგია უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო პოლიტიკას, მის ინტერესებს და გონივრულ რეალურ დამოკიდებულებს არსებული ღირებულებებისადმი. ასეთი მიდგომა - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ახალგორი, ან კოდორი - მეჩვენება არასწორ იდეოლოგიად. ჩემი აზრით, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მორიგი სახიფათო თამაში. სახიფათოა იმიტომ, რომ ჩვენი და მოწინააღმდეგის რესურსებს თუ გავითვალისწინებთ, ტერიტორიებს ომით ვერ დავიბრუნებთ. მე მგონია, რომ ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება. თუ იდეოლოგიაზე ვმუშაობთ, ეს უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ღირებულებებს და არა ვიღაცის ფიქრებს. ეს იდეოლოგია კი კარგი იქნება, თუ ჩამოწერილ-გაფორმებული იქნებადა მასზე იმუშავებენ არა სამხედროები, არამედ პოლიტიკოსები და ექსპერტები.”

 

იმავეს ამბობს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე: “როგორ, რა პირობებში, რა დროის განმავლობაში უნდა მომზადნენ რეზერვისტები, და, საერთოდ, ქვეყანაში, სადაც არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა, როგორი არმია უნდა გვყვავდეს და როგორი თავდაცვითი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ვერავითარი სრეზერვო სისტემა ვერ აშენდება. ეს იგივეა, სახლის სახურავს აშენებდე ისე, რომ არ იცოდე, როგორია სახლი. ჩვენ პირდაპირ ვაშენებთ “სახურავს”, თვითონ “სახლი” კი როგორია, წარმოდგენა არ გვაქვს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთია ჩვენი სარეზერვო სისტემა, რომელიც ადრინდელივით არაეფექტური იქნება.”