მურმან დუმბაძე:

მურმან დუმბაძე: "საგანელიძემ უნდა იცოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას ძვირად დაუჯდება"

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 12 დეპუტატი დატოვებს. თუკი დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებამ ისე უწია კოალიცია "ქართულ ოცნებას", როგორც მისმა წყევლამ - "ნაციონალურ მოძრაობას", წინ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გვქონია. ვინ შეიძლება იყოს ეს 12 ადამიანი? "ალიასთან" საუბარში დუმბაძე აცხადებს, რომ ციფრი "12" სიმბოლურად თქვა, შეიძლება ექვსმა ან უფრო მეტმა დეპუტატმა დატოვოს. რა მიზეზით შეიძლება დატოვონ კოალიცია "ქართული ოცნება" დეპუტატებმა და ყველაზე მთავარი, ვინ შეიძლება მოვიაზროთ მათ შორის? რა თქმა უნდა, მურმან დუმბაძე კულუარულ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ჩვენთან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეს დეპუტატები შეიძლება იყვნენ "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები და რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. მიზეზად კი ის ასახელებს მონურ მორჩილებას, შეზღუდულ უფლებებს, კულუარულ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკაში უხეშ ჩარევებს სპეცსამსახურების მხრიდან. დუმბაძის და "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებები სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, თანხვედრია. ისინი ერთ ტონალობაში საუბრობენ და თუკი უკუქცევადი პროცესი დაიწყო და ჩვენ ვნახეთ, უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატების ნაკადი, ალბათ. ძალიან ბევრი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდება ხელისუფლება. 

"ალიასთან" საუბარში მურმან დუმბაძე უფრო კონკრეტულად საუბრობს იმ მიზეზებზე, რაც კულისებში იხარშება და კოალიცია "ქართული ოცნების" განაწყენებული დეპუტატები ჩუმ-ჩუმად საუბრობენ. 

აი, რას აცხადებს მურმან დუმბაძე: 
- კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, ვინც ძალიან განაწყენებული გახლავთ. ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა, რასაც ხალხს დაჰპირდა "ქართული ოცნება", კოალიციაში არიან ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი აზროვნება გააჩნიათ და ისინი არ ეგუებიან ამ უსამართლობას. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დანაპირები იყო სამართლიანობის აღდგენა. დამისახელონ ერთი საკუთრება, ამ ორი წლის განმავლობაში ვის დაუბრუნდა, რომელ ბიზნესმენს ან მოქალაქეს აღუდგა სამართლიანობა, დაუბრუნდა ქონება, ან ფული ან წართმეული ბიზნესი? ასეთს ვერ დამისახელებენ იმიტომ, რომ არ არიან. თუ ჩვენ ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი მოქალაქეებს ართმევდა საკუთრებას, დამანახეთ დაბრუნებული საკუთრება სად არის? იმ ხელისუფლებამ თუ წაართვა, ეს ხელისუფლება არ აბრუნებს. ჩემთვის დანაშაულის სიმძიმის ტოლფასია ის, რაც ხდება სახელისუფლებო შტოებს შორის, თვითმმართველობის არჩევნებზე რაც მოხდა და შემდეგ ცენტრიდან მართვა, რაშიც პირდაპირ ჩარეულები არიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ეს უკვე ის თემაა, რომელზეც ცალკე დავილაპარაკებთ. 
- ის მაინც მითხარით, მიმანიშნეთ, დეპუტატები, რომლებიც კოალიციიდან გამოსვლას აპირებენ, ვინ არიან, პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ თუ კოალიციის სუბიექტებს? 
- ესენი გახლავთ როგორც პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე კოალიციის სუბიექტები, ცხადია, მაჟორიტარებიც არიან. კოალიციის წევრები არიან ძალიან განაწყენებულები და გაბრაზებული იმის გამოც, რაც "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ მოხდა, როცა "ნაციონალების" შეყვანით გაზარდეს უმრავლესობა. "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარებს იმიტომ იღებ, რომ უმრავლესობა გადაარჩინო და მეორე მხრივ, უმრავლესობიდან მურმან დუმბაძე გააგდო, პოლიტიკური პროცესი ასეთ უკანონობას არ ითმენს, 12 "ნაციონალს" მიიღებ კოალიციაში? "ოცნების" 12 წევრი გავა. ამიტომაც, ეს ციფრი უფრო პირობითია, ვიდრე რეალური, მაგრამ მე ვამბობ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ორ ფრაქციასაც კი გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუკი გავლენ უმრავლესობიდან. ჩემგან განსხვავებით ისინი ჯერჯერობით ამ საკითხზე ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ, როცა ზღვრამდე მივლენ, ისინი აღარ გაჩერდებიან. 

- თქვენ აცხადებთ, რომ სპეცსამსახურები ერევიან პოლიტიკაში. შეგიძლიათ ფაქტი მითხრათ? 
- ბათუმის საკრებულო სპეცსამსახურის დაწერილი სიით დაკომპლექტდა. მაშინ რაღას ვედავებით სააკაშვილს? სპეცსამსახურებმა დაწერეს აჭარაში პარტიული სია, ისინი, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები იყვნენ, "ოცნების" ხელისუფლებამ აჭარაში თანამდებობებზე დანიშნა. ყველაფერს ზღვარი აქვს. როცა თქვენ მკითხავთ, რატომ საუბრობთ ასე, თქვენი განცხადებები ხომ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალსო? ვინ ვისთან არის შეკრული, კი გამოჩნდა და ვინ დაასხა "ნაციონალების" წისქვილზე წყალი, ესეც დავინახეთ. "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობაში 12 ადამიანი შეიყვანა, ქედის მაჟორიტარი უმრავლესობის წევრია, ეს ხომ ნონსენსია. მე მესმის, რომ უმრავლესობა გამოიყენებს ყველაფერს შესანარჩუნებლად, მაგრამ უმრავლესობის წევრად დასმა "ნაციონალების", ვინც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მურმან დუმბაძე გააგდო, ეს სად წერია?! იაშა შერვაშიძის უმრავლესობაში გადაყვანა, ნორმალურია?!. ამ პოლიტიკური ქმედებით ჩანს, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის გზა აღმოჩნდება ძალიან მოკლე. სხვათა შორის, მე ხელისუფლებას იმასაც ვაფრთხილებდი, "თავისუფალ დემოკრატებს" თუ არ დაუკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, არ მისცემდნენ კომფორტს, ისინი დატოვებდნენ უმრავლესობას, ამას ბოლო სამი თვის განმავლობაში ვუდასტურებდი პრემიერ-მინისტრს, რომ ასე მოხდებოდა, როცა ჩვენ მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი გვქონდა ხოლმე და ასეც მოხდა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" პირველებმა დატოვეს კოალიცია. ახლაც ვამბობ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" დიდი ჯგუფი დატოვებს. 

- თქვენ ამბობთ, რომ უმრავლესობის წევრებს აქვთ შეზღუდული თავისუფლება. ეს რაში გამოიხატება? 
- აი, მაგალითად, როცა შემოვიდა მოსმენების კანონპროექტი, რამდენჯერმე გადავავადეთ, 2015 წელს უნდა მიგვეღო კანონი, რასაც მხარი არ დავუჭირე და პრეზიდენტს მივმართე, რომ კანონპროექტისთვის ვეტო დაედო. უმრავლესობამ კი ამის გადავადებას დაუჭირა მხარი, მაგრამ საქართველოს მთავრობიდან მოვიდა სიგნალი, რომ ვეტოს დაძლევის საფრთხე ძალიან დიდი იყო, ამიტომ შეცვალეს გადაწყვეტილება და უმრავლესობის დეპუტატებმა გადავადებას აღარ დაუჭირეს მხარი. ეხლა ამის მერე თქვენ მეტყვით, რომ ეს უმრავლესობა თავისუფალი და დამოუკიდებელი დეპუტატებით არის დაკომპლექტებული? არ არის ასე. ეს პარლამენტი არის მართული, ასეთ შემთხვევაში ასეთი პარლამენტი ან იშლება, ან არადა, მას ძალიან ცუდი დასასრული ექნება. 

- კონკრეტულად ვისგან იმართება პარლამენტი? 
- მთავრობისგან, პრემიერისგან და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან. მე ასე ვფიქრობ... 

- რა ფორმით ერევა ბიძინა ივანიშვილი? 
- ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ეს დასაფასებელია, რადგან დაიმსახურა. მაგრამ მისი ნებისმიერი წინადადება, შენიშვნა და აზრი, მისი კოალიციის ფრაქციაზე მისვლა და დაჯდომა, უკვე ნიშნავს ზეწოლას. ამიტომ, ბოლო წუთამდე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ ის წასულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რადგან წავიდა, ქვეყანა უნდა მართოს ინსტიტუტებმა და კანონის უზენაესობამ. ეს არის ჩემი პრინციპი. 

- თუკი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, დატოვოს კოალიცია "ქართული ოცნება", თავს რატომ იკავებენ და განცხადებას რატომ არ აკეთებენ, ვინმეს შიში აქვთ? ნაბიჯს რატომ ვერ დგამენ? 
- შიშიც აქვთ და ხათრიც. სამწუხაროდ, საქართველოში ხათრის ინსტიტუტი უფრო მუშაობს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები. 1 ოქტომბრამდე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ერთად ყოფნა მოუწია საერთო ამოცანების გადასაჭრელად, ფიქრობდნენ, რომ სიტუაცია დღეს-ხვალ გამოსწორდებოდა, მაგრამ არ გამოსწორდა არაფერი. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია არჩევნების გამყალბებლების, "ნაცმოძრაობის" დამფინანსებლების უმრავლესობაში ჩაწერა. მაგალითად, შემიძლია ასეთი რამ გავაკეთო, აჭარის უზენაესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, აქედან 8 "ნაციონალია", 13 კოალიციურ რეჟიმშია. მე რომ "ნაციონალს" შევეკრა, ერთ დღეში ყველა კომისიის თავმჯდომარეს გავათავისუფლებდი, მაგრამ ასეთი რყევებით განა ქვეყანა მოიგებს? რა უბედურებაა "ნაციონალების" უმრავლესობაში შეყვანა, განა საქართველოს პარლამენტმა ისეთი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ მე ქვეყნის წინააღმდეგ წავიდე? ერთ ახალაიას რომ იჭერ, მარტო ის იყო ქვეყნის დამანგრეველი?.. ახალაია რომ ჩამოდიოდა, იაშა შერვაშიძესთან რჩებოდა სახლში, დღეს კი გამოდის, რომ თურმე იაშა შერვაშიძე ყოფილა ქვეყნის გადამრჩენი და მურმან დუმბაძე - ქვეყნის მტერი. არ გამოვა ასე, ჩვენ არ გავჩერდებით, გამორიცხულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმრავლესობაში ეს დეპუტატები დათო საგანელიძემ მიიყვანა, მაგრამ დათო საგანელიძემ უნდა იცოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას ძვირად დაუჯდება.