,,აჭარაბეთის' 80-მილიონიანი ,,წაგება'
ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთს' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს. ამ ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 218-ე, ანუ გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს. ,,აჭარაბეთისა' და მისი ბრენდის ქვეშ არსებული კომპანიების შემოწმება დიდი ხანია დაიწყო. ჯერ კიდევ თვენახევრის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ონლაინკაზინო 10 მილიონი ლარით დააჯარიმა. არც მაშინ და არც ახლა, საგამოძიებო სამსახურში დეტალები არ გაუმჟღავნებიათ _ აცხადებენ, რომ ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოა. კომენტარისგან თავს იკავებს ,,აჭარაბეთის' მფლობელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა. გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინკაზინო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამჯერად 70 მილიონი ლარით დააჯარიმა. მთლიანობაში, თუ ორი თვის ჯარიმას შევკრებთ, გამოდის, ,,აჭარაბეთი' 80 მილიონი ლარით დააჯარიმეს, თუმცა საგამოძიებო სამსახურში ჯარიმის ოდენობას არ ადასტურებენ და არც ამ თემაზე აკეთებენ კომენტარს.
იმის გამო, რომ ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთის' დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და კაზინოს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, ,,ვერსია' შეეცადა, გაერკვია, რეალურად რის გამო დაჯარიმდა ,,აჭარაბეთი' 80 მილიონი ლარით. მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ორი ვერსია გამოიკვეთა. ერთის მიხედვით, საქმე პოლიტიკურ ვენდეტასთან გვაქვს; მეორე ვერსია კი, ონლაინკაზინოებისთვის სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პროგრამას უკავშირდება, რომლითაც დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაა შესაძლებელი.
ვერსია I: ,,ვერსიის' წყაროს ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების' წარმომადგენლებმა თემურ უგულავას სამაგიერო გადაუხადეს - 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას' პირველი ყრილობის გამართვა სპორტის სასახლეში უნდოდა. თემურ უგულავამ უარი განაცხადა და არ მიაქირავა. შესაბამისად, ყრილობა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, თემურ უგულავას დაურეკეს და პირდაპირ უთხრეს, სპორტის სასახლის გაქირავებაზე უარს მწარედ განანებთ და არ შეგარჩენთო. წყაროს ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთს' ჩაუჯდა, პოლიტიკურ ვენდეტას უკავშირდება. ცხადია, ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ფაქტია - ,,აჭარაბეთი' დღეს კვლავ უგულავას მფლობელობაშია, მისთვის ბიზნესი არავის წაურთმევია და კაზინოში თუნდაც შურისძიების მიზნით შესულ საგამოძიებო სამსახურს, დარღვევები რომ არ დახვედროდა, 80 მილიონი ლარით არ დააჯარიმებდა. ამ ფონზე, მეტად სავარაუდოა, რომ კაზინოს დაჯარიმების რეალური მიზეზი სწორედ მეორე ვერსიაა და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ვიღაცის ინტერესებში შედის.
ვერსია II: არაოფიციალური ინფორმაციით, ონლაინკაზინოები ,,პოკერის' თამაშისას ,,ბოტების' სისტემას იყენებენ. ,,ბოტი' ანუ რობოტი, სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამაა. ,,ბოტის' სისტემას ონლაინ- კაზინოების მფლობელები ევროპის ქვეყნებშიც იყენებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე საზოგადოების თანხმობაც არსებობს და სისტემაც საგულდაგულოდაა შემოწმებული. როდესაც ,,პოკერის' მაგიდაზე თავისუფალი ადგილია, ,,ბოტის' სისტემას იყენებენ, რათა თამაში შედგეს და არ ჩაიშალოს. თუმცა ქართული რეალობა ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან საქართველოს ონლაინკაზინოების ,,ბოტებმა' კარგად იციან მოწინააღმდეგის კარტი, მათ პროგრამასთან წვდომა აქვთ და შეუძლიათ, შემდეგი სვლა წინასწარ განსაზღვრონ. ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა ,,ბოტებს' უპირატესობას ანიჭებს და ხშირად იმარჯვებენ კიდეც, ონლაინკაზინოს კი საკმაოდ დიდი შემოსავალი რჩება. რაც მთავარია, ,,ბოტს' შეუძლია, ერთდროულად, 50-ზე მეტ მაგიდაზე ითამაშოს, რაც ონლაინკაზინოს მფლობელებისთვის ძალიან მომგებიანია. განვითარებულ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო რეგულაციის სამსახური აკონტროლებს. შესაბამისად, იქ ,,ბოტის' სისტემის გამოყენება მოთამაშეებისთვის დიდ რისკს არ წარმოადგენს, რადგან იციან, რომ ოდნავ საეჭვო ფაქტსაც კი რეაგირება მოყვება. რა სახის გადასახადებს იხდიან სათამაშო ბიზნესის მფლობელები და რამდენად შესაძლებელია, ონლაინკაზინოს მფლობელმა გადასახადები დამალოს, რაც მისი დაჯარიმების საფუძველი გახდება? ,,ვერსია' ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ,,აფბას' პრეზიდენტს, ნოდარ ჭიჭინაძეს დაუკავშირდა.
- რა ტიპის გადასახადებს იხდის კაზინოს ან ონლაინკაზინოს მფლობელი?
- სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთ სახეს, კაზინოს, ორ ნაწილად გავყოფ: ჩვეულებრივი, სადაც მსურველები შედიან და თამაშობენ და ონლაინკაზინო. კაზინოები გადასახადებისგან გათავისუფლებულია, მფლობელები მხოლოდ სანებართვო მოსაკრებელს იხდიან, რაც გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით განსხვავდება. რაც შეეხება ონლაინკაზინოს, ისინი ზუსტად ისევე იბეგრება, როგორც სხვა ჩვეულებრივი ბიზნესი. შესაბამისად, ონლაინკაზინოს მფლობელი იხდის მოგების, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადებს. ონლაინკაზინოს გახსნის უფლება აქვს პირს, რომელიც კაზინოს ლიცენზიას ფლობს. მაგალითად, კაზინო ,,აჭარის' მფლობელს, რომელსაც აქვს კაზინოს ლიცენზია, უფლება ჰქონდა ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთიც' გაეხსნა. კაზინოს ლიცენზიის გარეშე, არც ერთ პირს ონლაინკაზინოს არ დაურეგისტრირებენ.
- ოფიციალური ინფორმაციით, ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთი' გადასახადებისგან თავის არიდების გამო დააჯარიმეს. როგორ ან რა მექანიზმით შეიძლება, სათამაშო ბიზნესის მფლობელმა გადასახადები დამალოს?
- რადგან გადასახადების დამალვაზეა საუბარი, კაზინო ,,აჭარა' უნდა გამოვრიცხოთ და მხოლოდ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორი ,,აჭარაბეთი' ვიგულისხმოთ - თუ კაზინოს მფლობელი არ გადაიხდიდა სანებართვო მოსაკრებელს, კაზინოს ლიცენზიას შეუჩერებდნენ. რაც შეეხება გადასახადების დამალვას, კანონით, ასეთი ვითარებაა, ონლაინკაზინოების შემოსავალი სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება, თუმცა შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გარკვეული ინფორმაცია აქვს. საინტერესოა, როგორ და რა მექანიზმით დაადგინა საგამოძიებო სამსახურმა, რომ ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთის' მფლობელმა გადასახადები დამალა? თუ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, როგორ გავარკვიოთ რომელია კანონიერი შემოსავალი?
- თუ გსმენიათ ,,ბოტების' ანუ ელექტრონული რობოტის სისტემის შესახებ და რამდენად რეალურია, ონლაინკაზინო ,,აჭარაბეთს', ამ სისტემის გამოყენების შედეგად, დაემალა გადასახადები?
- ონლაინკაზინოები საქართველოში აბსოლუტურად უკონტროლოა, მათ შორის, არასრულწლოვანების რეგისტრაციის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც არსებობს მთავრობის მიმართ, გააკონტროლონ ონლაინკაზინოები და დაავალდებულონ, რეგისტრაცია გამჭვირვალე იყოს. რაც შეეხება ,,ბოტებს', გიდასტურებთ, ასეთი სისტემა არსებობს, მაგრამ ელექტრონული პროგრამა საერთოდ რომ არ გამოიყენონ, ონლაინკაზინოებს მაინც დიდი შემოსავალი აქვთ. ჩვენ ახლა ამ მიმართულებით კვლევას ვაწარმოებთ და გარკვეული გათვლებიც გავაკეთეთ. თუ დავრეგისტრირდებით და ,,პოკერის' თამაშს დავიწყებთ, ყოველი ფსონიდან 5% კაზინოს შემოსავალია, მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, თუ წავაგებთ. აქედან გამომდინარე, ერთი მაგიდიდან საკმაოდ დიდი შემოსავალი რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგიდებზე მიმდინარეობს თამაში, ონლაინკაზინოს შემოსავალი სოლიდურ თანხაზე გადის. როგორც წესი, ონლაინკაზინოებში აზარტული თამაშების ტურნირებიც იმართება. ტურნირის დათვლა ძალიან ძნელია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ჩვეულებრივი თამაშები დავთვალეთ და თანაც მხოლოდ ,,პოკერის' შემთხვევაში. ყველაზე პოპულარულ მაგიდად ითვლება ის, სადაც ფსონი 10 თეთრიდან ლარამდეა, რადგან ამ მაგიდებზე უფრო მეტი მომხმარებელი თამაშობს. ასეთი დღეში 1 000 მაგიდაა. 24 საათის განმავლობაში, ფსონი 1 500 ლარამდე ადის, თუ ამას 1 000 მაგიდაზე გადავამრავლებთ, 1 500 000 ლარის შემოსავალი გამოდის, თანაც მხოლოდ ,,პოკერიდან' და მხოლოდ იმ მაგიდებიდან, სადაც ასეთი დაბალი ფსონებია. მართალია, ეს უხეში გათვლაა, მაგრამ, თუ სხვა თამაშებსა და უფრო დიდფსონიან მაგიდებსაც დავუმატებთ, გამოდის, ონლაინკაზინოს მხოლოდ ერთ დღეში, მილიონნახევარზე ბევრად მეტი შემოსავალი რჩება. ამას თუ ,,ბოტების' სისტემაც ემატება, მართლაც ასტრონომიულ ციფრებზე გავალთ და პრინციპში, ეს რეალობაა. სხვათა შორის, ,,ბოტების' სისტემის გამოყენებით, ,,აჭარაბეთის' გარდა, თითქმის ყველა ონლაინკაზინო იღებს საკმაოდ დიდ შემოსავალს. დღეს ონლაინსივრცეში საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა, რადგან დილის 4 საათზე რომ შეხვიდეთ ,,აჭარაბეთის' საიტზე, ნახავთ, 25 000 ადამიანია შესული, რომლებიც სხვადასხვა თამაშს თამაშობენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო საერთოდ არ აკონტროლებს სათამაშო ბიზნესს და რეალურად რა შემოსავალს იღებენ ონლაინკაზინოების მფლობელები, უცნობია. გარდა ამისა, ონლაინკაზინოში რეგისტრაციის პროცედურაც უკონტროლოა, არ ხდება პიროვნების იდენტიფიცირება, რაც დიდი რისკია იმისთვის, რომ ისინი კრიმინალური მიზნებისთვისაც გამოიყენონ. რაც მთავარია, საბანკო პროცედურების გვერდისავლით, ონლაინკაზინოები ფულის გადარიცხვის ალტერნატიული სისტემაა. აპარატის საშუალებით, ბანკის გვერდისავლით, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი, მერე ამ თანხას ან წააგებს, ან მოიგებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სწორედ ამიტომ ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობამ სათამაშო ბიზნესი გააკონტროლოს.