შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვაო პორტებში მომსახურე თანამშრომლებს ინტერპოლის ბაზასთან დასაკავშირებელი მოწყობილობა (MIND) საჩუქრად გადაეცათ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვაო პორტებში მომსახურე თანამშრომლებს ინტერპოლის ბაზასთან დასაკავშირებელი მოწყობილობა (MIND) საჩუქრად გადაეცათ

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოს საზღვაო პორტებში მსახურობენ, საჩუქრად გადასცა მოწყობილობა (MIND), სადაც განთავსებულია ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრული ბაზა (SLTD). აღნიშნული მოწყობილობა საშუალებას იძლევა მონაცემები ინტერნეტთან წვდომის გარეშე გადამოწმდეს.

შსს-ს თანამშრომლები საქართველოს საზღვაო პორტებში პიროვნებების შემოწმებას უშუალოდ გემზე ახორციელებენ. აქამდე ინტერნეტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან (SLTD) პირდაპირი კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და დღეიდან ინტერპოლის საერთო ბაზასთან წვდომა აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით ინტერნეტის გარეშე მოხერხდება.

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტი “FIND„ საქართველოს ინტერპოლის მიერ, მიმდინარე წლის სექტემბერში, წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ინტერპოლის მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა ბაზის ინტეგრაცია (SLTD) განხორციელდა.

აღნიშნული ბაზა 40 მილიონზე მეტ ჩანაწერს შეიცავს, რომელიც ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ ახლდება. ბაზა ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.