პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა: "ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით 6%-იანი ზრდა გვაქვს".
რით იწონებს თავს პრემიერი? რამდენად რეალურია მისი იმედიანი განწყობა? სად ჰქონდა მთავრობას ყველაზე დიდი ჩავარდნა?
"ალია" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:
- რა "შთამბეჭდავ რეფორმებზე" საუბრობს ღარიბაშვილი, რამე რეფორმა გატარდა ეკონომიკის სფეროში და გამოგვეპარა?
- არ ვიცი, თუ რამე რეფორმა ჩატარდა. ამის თაობაზე არც მე მაქვს ინფორმაცია და არც გამიგია, რომ ეკონომიკაში რაიმე სერიოზული რეფორმა გატარდა. ეს ცალკეული მცდელობები და ღონისძიებები, შეიძლება ცუდი არ იყოს თავისთავად, მაგრამ ის ამ მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლევა.
- რა ცალკეულ ღონისძიებებს გულისხმობთ?
- ეს არის სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც სულაც არ წარმოადგენს მის რეალურ დაფინანსებას, ეს არის მცირე ბიზნესის დაფინანსების 20-მილიონიანი პროგრამა. ამ ტიპის პროგრამები არ ცვლის არაფერს. საქმე ისაა, რომ სამუშაო ადგილები ვერ იქმნება და ეს არ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სამუშაო ადგილები სოციალურ ფონს აუმჯობესებს და ხელშესახებს ხდის ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა თავად სოციალური პროგრამები. ის სოციალური პროგრამებიც ცუდი არ არის, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა ამ პროგრამების დროში სტაბილური განხორციელების საშუალებას. თუ ეკონომიკაში სერიოზული ძვრები არ მოხდა, მწირი ბიუჯეტი გადაულახავ პრობლემებს წარმოქმნის.
- რა გამოდის, პრემიერმა უცხოელებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და იმიტომ არის ევროკავშირი აღფრთოვანებული?
- ვფიქრობ, პრემიერი კი იყო იმედიანად, თავის გამოსვლაში და შეფასებაში, მაგრამ, როცა დადგება ანგარიშების დაყენების დრო, ვფიქრობ, მთავრობას ბევრი არაფერი ექნება სათქმელი. რაღა უნდა იყოს მიღწევა, არ ვიცი, რომელ რეფორმებსა და მიღწევაზე საუბრობს მთავრობა? მძიმე მდგომარეობაში ვართ, ტოტალური უმუშევრობაა, შემოსავლები არ არის, სასიცოცხლო პროდუქტებზე მოთხოვნა აღარ ხდება, რადგან მსყიდველობითი უნარი შემცირდა. ფასები ზევით მიიწევს და ქვეყანაში რაიმე რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ აქვს, თორემ ასეთი მძიმე ვითარება არ იქნებოდა.
- ომახიანად კი ისაუბრა ღარიბაშვილმა... ისე, არ ეტყობა მთავრობას, რომ სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს. ასე თუ გაგრძელდა, მას ხომ პოლიტიკურადაც გაუჭირდება?
- ცხადია, გაუჭირდება. ჯერჯერობით ხელისუფლება იმედიანადაა, თუმცა გითხრათ სიმართლე, რისი იმედი აქვს, ვერ ვხვდები, რადგან სიტუაცია არსებითად არ იცვლება. სულს ღაფავს მცირე და საშუალო ბიზნესი, 2 წელია მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეს ის სფეროა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმება და შემოსავლების გაჩენა, მაგრამ ეს სფერო ხელუხლებელია. სამაგიეროდ, ამ 2 წელიწადში გაიზარდა მსხვილი კომპანიების ბრუნვა. საქმე ისაა, რომ ჩამოვყალიბდით ოლიგარქიულ სახელმწიფოდ. ასეთი პროპორცია, რომ მთლიან შიდა პროდუქტს უმსხვილესი კომპანიები ქმნიდნენ და 6%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი, მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიოში განვითარებული კი არა, განვითარების გზაზე მყოფი არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყოს, როგორშიც საქართველოშია.
- ანუ საქართველოში ისევ ოლიგარქების კლუბი ქმნის ეკონომიკას?
- ასეა, ეს ჯგუფი უკვე ჩამოყალიბებულია, სამწუხაროდ. ეს ის პოლიტიკა არ არის, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას გამოასწორებს. გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავამსხვილოთ დიდი კომპანიები, სამაგიეროდ, შევეგუოთ იმას, რომ არც სამუშაო ადგილები იქნება, არც შემოსავლები და არც ეკონომიკური ზრდა. 5-6%-ით გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ის ზრდა, რომელსაც სანახევროდ შეჭამს ინფლაცია და დოვლათი არ შეიქმნება ქვეყანაში. არც არანაირი სერიოზული ძვრა არ იქნება.
- თქვენ იყავით იმ გუნდში, რომელიც მუშაობდა ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე, რომლის ნაწილიც "ქართულ ოცნებას" თავის საარჩევნო პროგრამაში უნდა ჩაედო. მაგ კონცეფციითა და გეგმით, წელს რამე პროექტები უნდა დაწყებულიყო, რაც არ განხორციელდა?
- ერთი წელი ვმუშაობდი ამ კონცეფციაზე და პროგრამა რომ დაწერეს, 15-კაციანი ჯგუფი აიყვანეს, იმუშავეს და დავინახეთ, რაც დაწერეს. ეს იყო წყალწყალა პროგრამა. კონცეფცია ღრმა მეცნიერული და პრაქტიკული დოკუმენტი იყო, რომელიც იგნორირებული იქნა. რა გამოვიდა ამ პროგრამიდან, 2 წლის თავზე, ვხედავთ. ჩვენ გამოვდიოდით იმ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია, არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, სახელმწიფო მმართველობა არაეფექტური იყო, სახელმწიფო ინსტიტუტები კი არ მართავდნენ ქვეყანას, გარკვეული კლანური ჯგუფები მართავდნენ. ამ მდგომარეობაში დავწერეთ კონცეფცია, რომელსაც უნდა გაეხსნა ეს მექანიზმები, შეექმნა ეფექტური სახელმწიფო მმართველობა. განვსაზღვრეთ ორი მიმართულება, ინფრასტრუქტურული და ფინანსური ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ამისთვის გავთვალეთ საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა. ამის მსგავსი დღეს არაფერია, ფუნდამენტურს ვერაფერს ვხედავთ და საერთო შედეგი არ გვაქვს.
- ამ 2 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ჩავარდნა რა ნაწილში ჰქონდა მთავრობას, რასაც თავი ვერ გაართვა?
- სამუშაო ადგილები და შემოსავლები, რომელიც არის მთავარი და სასიცოცხლო. ეს ადგილიდან არ დაიძრა.
- როგორც ვიცით, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს აქვს ხოლმე ექსპერტებთან შეხვედრები, ხომ არ მიგიციათ რჩევები, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რა რეფორმებია გასატარებელი, რომ სიტუაცია გამოსწორებისკენ წავიდეს?
- ასე გიპასუხებთ, ვის ვუთხრა, ვის აქვს პასუხისმგებლობა აღებული ამ ყველაფრის შესრულებაზე? მანახეთ ადამიანი მთავრობაში, რომელიც რეფორმებზეა პასუხისმგებელი. ვინაა ახალი ბენდუქიძე მთავრობაში? ყველასთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ ცუდად აკეთებდა, თუ კარგად, ის იყო პასუხისმგებელი. ახლა არ არსებობს პასუხისმგებელი პირი და რეფორმებიც გაჩერებულია.