გია ცაგარეიშვილი :”გილაურს ძალოვანები არ ემორჩილებიან... მთელი მთავრობა გადასაყენებელია!”

გია ცაგარეიშვილი :”გილაურს ძალოვანები არ ემორჩილებიან... მთელი მთავრობა გადასაყენებელია!”

დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მოითხოვს. ამ საკითხის დასმას ცაგარეიშვილი ამ კვირაში იმ დროს გეგმავს, როდესაც მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს შემაჯამებელი ანგარიშით ეწვევა. რომელი მინისტრი პასუხობდა დეპუტატების შეკითვებს ცინიკურად, ვინ აარიდა შეკითხვებს ტექნიკურად თავი და ვინ არის ინფანტილური?

 

“ახალი თაობა" გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

 

ოპოზიციამ ორი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში ვერ გაიტანა. პარლამენტში 24 ოპოზიციონერი დეპუტატები ხართ, 4 ლეიბორისტის ჩათვლით. ოპოზიციას მინისტრების გადაყენების სხვა რა მექანიზმი გაქვთ?

- მინისტრების გადაყენების ნებისმიერი მექანიზმი ხელთ უპყრია უმრავლესობას. ეს მათი პოლიტიკური ნებაა, გადააყენებენ თუ არა მინისტრებს.

 

საპარლამენტო ოპოზიციას სხვა ბერკეტები არ გაგაჩნია?

- ის ბერკეტი გაგვაჩნია, რომ საკითხი დავაყენით, მაგრამ მინისტრების გადაყენების ბერკეტი არა გვაქვს. ვინმეს თუ ეგონა, რომ ჩვენს პირველივე მოთხოვნისთანავე მინისტრებს მოხსნიდნენ და სხდომათა დარბაზიდან გააძევებდნენ, ეს ძალიან მიამიტური შეხედულებაა.

 

რატომ აითვალწუნეთ მაინცდამაინც კობა სუბელიანი და ბაკურ კვეზერელი?

- მინისტრების უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ გლდანის საპყრობილეში უნდა იყოს მოთავსებული და გამომძიებელი უნდა მიდიოდეს მათთან. ამ ორი მინისტრის, რომლის პასუხისგებლობის საკითხიც დადგა, მათი საქმიანობა, უფრო სწორად მათი უსაქმურობა თვალშისაცემია საზოგადოებისთვის. ერთის საქმიანობა გადის ჩვენს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ეს არის სოფლის მეურნეობა, მეორის საქმიანობა გადის ყველაზე დაზარალებული ფენის -ლტოლვილების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე და პრობლემების გადაწყვეტაზე. ეს არის ორი ყველაზე სათუთი თემა საზოგადოებაში.

 

მარტო ეს 2 მინისტრი ვერ აკეთებს საქმეს და დანარჩენი მინისტრები თავს ართმევენ?

- პერსონალიებს და პოლიტიკურ ფიგურებს მნიშვნელობა არა აქვს. არაფერი არ შეიცვლება, თუ კობა სუბელიანის ნაცვლად იქნება, მაგალითად, პეტრიაშვილი. როდესაც ამ გუნდთან ერთად აპირებ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, უნდა იცოდე, რომ პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რაც ამ ხელისუფლებას ადევს, შენზეც გადმოდის. სუბელიანი იქნები, კვეზერელი თუ პეტრიაშვილი, ამას მნიშვნელობა არა აქვს.

 

პრობლემა სხვა სიბრტყეზე დევს. ეს არის ძალმომრეობის, ლაგამამოუდებელი ცინიზმის, საზოგადოების აგდებული დამოკიდებულების ნიმუში, რითიც არის გამსჭვალული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც სათავეს იღებს მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ ერთი მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის.

 

მთელი მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხს სვამთ?

- მთელი მინისტრთა კაბინეტის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ.

 

ამ საკითხს ამ კვირაში დასვამთ?

- აუცილებლად. მაგრამ საქმე ისაა, რომ მარტო ერთ დეპუტატს ამ საკითხის დასმის უფლება კონსტიტუციითა და რეგლამენტით არ შეუძლია.

 

პარლამენტში ორი ოპოზიციური ფრაქციაა, მათ ხომ შეგიძლიათ, რომ მიმართოთ?

- ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი გადაიხვეწა და არ ვიცი, სად ბრძანდება, მეორე ფრაქციამ, “ქრიატიან დემოკრატებმა”, 2 მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა. თამასა არ მინდა ავწიო და რაიმე მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რადგან ეს არაკოლეგიალურად გამოდის, მაგრამ როდესაც სვამ კვეზერელის და სუბელიანის პასუხისგებლობის საკითხს, მე მგონი, უნდა დააყენო ივანე მერაბიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი. მიაღწევ ამას თუ არა, ეს სხვა საკითხია. ნდობა-არ ნდობის საკითხის გატანა და იმპიჩმენტის მიღწევა ძნელია, მაგრამ ეს არის ოპოზიციის მორალური პასუხისმგებლობა.

 

რა არის ოპოზიციის მორალური პასუხისმგებლობა?

- მორალური პასუხისგებლობაა, რომ ადეკვატური ვიყოთ იმ გამოწვევებთან

დაკავშირებით, რაც ქვეყანაშია. საზოგადოებაში უდიდესი უკმაყოფილებაა ე.წ. თანამდებობის პირების ნამოქმედარის გამო. ზოგიერთი ჟურნალისტი კითხულობს, თუ იმპიჩმეტს ვერ მიაღწევდით, რატომ სვამდით ამ საკითხს? ამ ლოგიკით საერთოდ რისთვის გავჩნდით ქვეყანაზე, რისთვის მოგვავლინეს ჩვენმა მშობლებმა, ყველაფერს ხომ ვერ ვაღწევთ? ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.

 

8 მინისტრის გამოსვლის შემდეგ, თქვენი აზრით, ყველაზე ცინიკური რომელი მინისტრის გამოსვლა იყო?

- ზოგიერთი მინისტრი ცინიკური იყო, ზოგიერთი - “ინფანტილური”.

 

ინფანტულური რომელი მინისტრი იყო?

    - ინფანტილური იყო ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე. ეს კაცი რას

ლაპარაკობდა, მე ვერ გავიგე. ეტყობა მუნჯის ენა დედამ იცის, პალიკო კუბლაშვილმა გაიგო მისი ენა, რადგან გამოვიდა და თქვა, მე ყველაფერი გავიგეო. მინისტრ ურუშაძეს მე რა კითხვებიც დავუსვი, გამოვიდა და ისე ისაუბრა, თითქოს აუდიტორიის წინაშე იდგა და ჩვენ სტუდენტები ვიყავით. სად რა იწყებოდა და სად რა მთავრდებოდა, პირადად მე ვერ გავიგე. გარწმუნებთ, გიორგი ცაგარეიშვილის ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჩამოუვარდება კუბლაშვილის და უმრავლესობის სხვა წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. რაც არ უნდა ილაპარაკოს საპარლამენტო ტრიბუნიდან მინისტრმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის ყველაფერი გასაგებია, მათ შორის - უკუღმა ნათქვამიც.

 

ცინიზმით რომელი მინისტრი გამოირჩეოდა?

- ბატონი კახა ბაიდურაშვილი.

 

რაში გამოიხატებოდა ფინანსთა მინისტრის ცინიზმი?

- კახა ბაიდურაშვილს თავი ან ბილ გეიტსი ჰგონია, ან ფრიდმანი. იუმორნარევი ცინიზმით გამოდიოდა. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი “ყოჩაღ ბიჭებად” ჩნდებიან, როდესაც ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს ცინიკურად სცემენ პასუხებს, ძალიან ცდებიან. საზოგადოება ამას სხვანაირად უყურებს. ვითომ მამა აბრამის ბატკანივით იყო კობა სუბელიანი, რომელმაც აღვარღვარა ცრემლები, რომ არიქა, მესიჯებს უგზავნიან, გამაგრდი, ოპოზიციამ არ დაგჩაგროსო. ვის სჯერა კობა სუბელიანის აღიარებითი ჩვენების? ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა! ქალბატონი ვერა ქობალია სად არის მოხვედრილი, არ იცის. მისი პასუხებიდან ვერაფერი ვერ გავიგე. ისე, უნდა ვთქვა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთში, აგრეთვე - აფხაზური, სხვა ენა მე არ მინდა გავიგო პარლამენტში.

 

ყველაზე ტექნიკურად რომელმა მინისტრმა აარიდა ოპოზიციის შეკითხვებს თავი?

- მაგ საქმეში ყველა პროფესიონალია, უმაღლეს დონეზე არიან გაწაფული. რაც უნდათ, ის ესმით, რაც არ უნდათ - ფილტრავენ, ყურსასმენი აპარატები კარგად აქვთ აწყობილი.

 

იქნებ რაღაც ინსტრუქტაჟი გაიარეს?

- როდესაც სხდომაზე შესვენება ცხადდებოდა, ინსტრუქტაჟს გადიოდნენ. კითხვების გაცხრილვა მიმდინარეობდა, რაზე უნდა უპასუხონ და რაზე არა. განსაკუთრებით დიდი შესვენება ქალბატონ ვერა ქობალიას გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა, ეს შესვენება ორსაათიანი იყო.

 

მინისტრებს ინსტრუქტაჟს ვინ უტარებდა?

- პარლამენტის წევრები, მინისტრების მოადგილეები, თანაშემწეები, რომლებიც უხვად მოჰყვებოდნენ მინისტრებს, ისინი მითითებებს აძლევდნენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

 

ყველაზე მეტად პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაინდო. ასეა?

- არა, ეს ასე არ არის. პირადად მე სამი კითხვა დავუსვი ნიკოლაიშვილს და არც ერთზე პასუხი არ გამცა.

 

რაზე არ გიპასუხათ მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა?

- მაინტერესებდა, რა დაჯდა ქაჯეთის ციხედ წოდებული შენობის მშენებლობა, ანუ რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა? მინისტრმა მიპასუხა, არ ვიციო. საოცრება არ არის? ისე, ამ კითხვას ისევ გავუმეორებ მინისტრთა კაბინეტს, როდესაც მთელი მთავრობა ერთად იქნება. ასევე ვკითხე, რა ჯდება პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა, მიპასუხა, არ ვიციო. ვერ გავიგე, ეს კაცი მინისტრია თუ არა?

 

მან ბრწყინვალედ იცის, რა ჯდება, მაგრამ არ ამბობს. ამ სამინისტროს ხელში

გაედინება ფულის ყველაზე დიდი ნაკადი.

 

პრემიერს მწვავე შეკითხვებს დაუსვამთ?

- რა თქმა უნდა. მე, როგორც “თავისუფალი დემოკრატების" წევრს, გამოსვლის ტექსტი უკვე მომზადებული მაქვს. ეს იქნება მწვავე გამოსვლა.

 

ძირითადად რაზე გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი გამოსვლის დროს?

- ეს არის ნიკა გილაურის საქმიანობის შეფასება. მისი მუშაობა მკვეთრად უარყოფითად არის შეფასებული.

 

რას უწუნებთ პრემიერს მუშაობაში?

- თქვენ გგონიათ გილაური რეალური პრემიერ-მინისტრია? მე მგონი, ეს არავის სჯერა.

 

აბა, ვინ არის?

- მთელი საქართველო ამაზე საუბრობს, რომ ორსახოვანი იანუსის მოვლენაა მინისტრთა კაბინეტი. ერთი სახეა, რაც ფურცელზე წერია - მინისტრები, ბატონი გილაური, მეორე არის ირეალური - ბატონი მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი, რომელსაც ხელს ვერ მოკიდებ. ერთი მიწიერია, მეორე - არამიწიერი. მთელი ამ დღეების მანძილზე გულს მიღრღნის დებატების ის ფორმა, რომელიც პარლამენტმა აირჩია. გასულ კვირას, უკვდავი მინისტრები დაგვანახეს და წავიდნენ. ”წერეთელმა დაგვიბარა” - დაახლოებით ასე იყო, ძალოვანი მინისტრები შორიდან დაგვანახეს. მე ლუვრში ვარ ნამყოფი, “მონა ლიზა” ვნახე, ოღონდ, იცით, როგორ უყურებ ამ შედევრს? - დაახლოებით 10 მეტრში დგახართ, ახლოს ვერ მიხვალ, ბრონირებული ფანჯარაა და 20 ადამიანი გიყურებს, რაიმე არ დააშავო. სწორედ ასე იყო, ეს უკვდავი მინისტრები ჩვენგან შორს დასვეს და დაგვანახეს.

 

პარლამენტში სამთავრობო ლოჟა სადაც იყო, იქ ისხდნენ მინისტრები, აბა, დეპუტატებთან ერთად ხომ არ დასვამდნენ?

 

- ხმა რატომ არ ამოიღეს? ამ ქვეყნაში, სადაც ამდენი პრობლემაა, ხმა არ უნდა ამოიღონ? ეს მაინტერესებს.

 

დაგესვათ მერე კითხვები და მოგეთხოვათ ძალოვანი მინისტრების მოსმენა?

- მე ვინ შემეკითხა ან ფორმატს ან მათ მოწვევას? მე, ჩვეულებრივ მოკვდავს, ვინ მოდის და ვინ მიდის ვინ მეკითხება? რატომ არ წარდგნენ ეს ადამიანები დებატების დროს? რაც სუბელიანთან დაკავშირებით მოხდა, იმაზე მეტი მწვავე კითხვა დაისმებოდა ძალოვნებისთვის, რომ მოგვესმინა დარბაზში.

 

უმრავლესობის წევრები ნიკა გილაურს დაიცავენ, ისევე, როგორც დანარჩენი მინისტრები დაიცვეს?

- რა თქმა უნდა. სუბელიანს და კვეზერელს გადაეფარნენ და გილაურს როგორ არ გადაეფარებიან? თუ ამ ხელისუფლებას ინსტიტუციონალური პრობლემა არ შეექმნა, გილაურს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

 

ესე იგი, ნიკა გილაური კარგა ხანი დარჩება პრემიერად?

- თუ ამ ადამიანებს ქვეყნის ამ მეთოდებით ჯიჯგნის საშუალებას მივცემთ, რა თქმა უნდა, 2013 წლის 1 ოქტომბრამდე დარჩება. მათ კონსტიტუცია ისე აქვთ

 

დაწერილი, რომ სახელმწიფო მართვის ეს მოდელი 2013 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედებს. რა პრობლემას უქმნის გილაური ხელისუფლებას? აბსოლუტურად არაფერს. მას მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში არც არავინ არაფერს ეკითხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას არ ეკუთვნის, თავდაცვის სამინისტრო მას არ ეკუთვნის, იუსტიცის სამინისტრო მას არ ეკუთვნის. რას აკონტროლებს? შხამ-ქიმიკატები როგორ უნდა შემოვიდეს საქართველოში? ან სიმინდის თესლი სად დაირგოს - მარტვილში, სენაკში თუ ბაღდათში? რაიმეს აკონტროლებს საერთოდ?

 

გილაურის ძალაუფლება ვრცელდება მისი ერთი ნაბიჯის რადიუსის გარშემო. ნაბიჯს რომ გადადგამს, იქ მთავრდება მისი ძალაუფლება. როდესაც კამელოტის რაინდებივით სხედან მინისტრთა კაბინეტში მრგვალი მაგიდის გარშემო, აბა, ერთი დააკვირდით, რომელი მინისტრები სხედან? სად არის ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ბაჩო ახალაია?