თანამდებობის მონამ შეუძლებელია ქვეყნის საგარეო კურსი განსაზღვროს

თანამდებობის მონამ შეუძლებელია ქვეყნის საგარეო კურსი განსაზღვროს

ქალბატონო თამარ, მე, როგორც ერთ რიგით ჟურნალისტს, არასოდეს მომინდება თქვენთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩამორთმევა, რადგან თქვენ ჩემი ქვეყნის იმიჯი საფრთხის წინაშე დააყენეთ, ამიტომაც პროტესტს გიცხადებთ! თანამდებობის მონამ შეუძლებელია ქვეყნის საგარეო კურსი განსაზღვროს და ყველა ქართველის ოცნება - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აასრულოს! თქვენ მხოლოდ საკუთარ ოცნებას ისრულებთ და თანაც რენეგატობით! ადამიანი, რომელმაც უღალატა თავის რწმენას და მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა, არის მოღალატე, განდგომილი, რასაც ერთი სიტყვით რენეგატი ჰქვია!!! 

ყველაფერი ასე დაიწყო: 
5 ნოემბერი, თამარ ბერუჩაშვილი: "დღეს არ შემიძლია მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების გარდა, სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია!" 

ყველაფერი კი ასე დასრულდა: 
11 ნოემბერი, თამარ ბერუჩაშვილი: "ბატონმა პრემიერმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ კურსი შეუქცევადია. ეს ჩვენი ეროვნული არჩევანია. არც ერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადავუხვიოთ. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, ეს იყო უფრო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა. დიდი მადლობა ბატონ პრემიერსა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებმაც მკაფიოდ უპასუხეს ჩემს შეკითხვებს. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების, ახალი ეტაპი იქნება". 

ჩვენ ამ ქალბატონმა "სოლიდარულ გაუგებრობაში" და ემოციაში გვამყოფა, ქალბატონმა, რომელიც 25 წელია არის დიპლომატი და ვერ გაარკვია, საით მიდის ქვეყანა, თურმე პრემიერმა მის კითხვებს მკაფიოდ უპასუხა და დაარწმუნა, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ შეუქცევადი კურსი აქვს, ეს მაშინ, როცა ის თავად ემსახურებოდა ამ კურსის აღსრულებას! ქალბატონო თამარ, თქვენ უნდობლობას გიცხადებთ მოსახლეობის დიდი ნაწილი, დიპლომატმა გამოსვლა ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ შეცდომაში შეგვიყვანეთ, აგვაფორიაქეთ... წარმოუდგენელია დიპლომატი იყოს ისეთი მერყევი და ემოციური, როგორიც თქვენ ხართ, მე არ მინდა ჩემი ქვეყნის პირველი დიპლომატი იყოს მხდალი, მოღალატე და მერყევი, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს. მაინტერესებს, ყველაზე მძაფრ მოლაპარაკებებს როგორ გაუძღვება უნებისყოფო ადამიანი, რომელიც იბნევა, ემოციაშია და "სოლიდარულ გაუგებრობაში" ვარდება?! 

ახლა კი "ალია" გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან: 

- თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან ერთად დაგმო ხელისუფლება და განაცხადა, რომ მათ გადაუხვიეს ჩრდილოატლანტიკურ კურსს, პროტესტის ნიშნად გადადგა, თუმცა პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ დარჩა და მეტიც, მან მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. როგორია თქვენი შეფასება, რასთან გვაქვს საქმე? 
- საკადრო პოლიტიკა შევარდნაძის დროიდან დღემდე საქართველოს ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლია, ჩვენს ხელისუფლებას რომ ნდომებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეეთავაზებინა ისეთი არგუმენტების საფუძველზე, როგორიც არის პროფესიონალიზმი და ამავე დროს, პროპოლიტიკური მოტივაცია, ქვეყნის სტაბილურობის შანსი, მაშინ ბურჯანაძეზე უკეთესი კანდიდატურა არ იყო. ეს გაზრდიდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობასაც, პრორუსული კურსიც ჰარმონიულად იქნებოდა დაბალანსებული პროდასავლურ კურსთან. რომ ნდომებოდა ჩვენს ხელისუფლებას, პრიორიტეტი ყოფილიყო სუფთა პროფესიონალიზმი, ამავე დროს, რუსეთთან დარეგულირების ტენდენციები, ზურა აბაშიძეზე უკეთესი კანდიდატურა არ იყო... დაბოლოს, პრიორიტეტი რომ ყოფილიყო მხოლოდ აპოლიტიკური პროფესიონალიზმი, საქართველოს ჰყავს სუპერპროფესიონალი, ერთადერთი უნიკალური დიპლომატი, ეს გახლავთ დავით ჩიკვაიძე... 

- გეთანხმებით ამ უკანასკნელ კანდიდატურაში. ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, ვესაუბრე ბატონ დავითს შვეიცარიაში, მას ვკითხე, იყო თუ არა შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული, მას არავინ არ დაკავშირებია საქართველოს ხელისუფლებიდან და თვითონაც არ იცის, საიდან წამოიწია მისმა კანდიდატურამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. აქვე ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ დავით ჩიკვაიძე არის საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატის, ალექსანდრე ჩიკვაიძის შვილი, რომელიც იკავებს მაღალ თანამდებობას გაეროში, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, ჩამოიყვანა ის საქართველოში და სთავაზობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, თუმცა ბატონმა დავითმა სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. სამწუხაროა, როდესაც ასეთ კადრებს ვერ ან არ ხედავს საქართველოს ხელისუფლება... 
- დიახ, გიდასტურებთ, მე ვარ მოწმე, როცა ვიყავი სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, მაშინ ძალიან აქტუალურად განიხილებოდა დავით ჩიკვაიძის კანდიდატურა. ბატონი დავითი 30 წელია გაეროს თანამშრომელია, ბრწყინვალე პროფესიონალი, თანაც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკურია, ისევე როგორც მამამისი, ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო აპოლიტიკური. ის გახლავთ კლასიკური პროფესიონალი, რომელსაც მსოფლიოში რამდენიმეს შეხვდებით. მას არ აინტერესებს პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა, ინტრიგები, მისთვის ეს არის უცხო, მაგრამ არა, არჩევანი გაკეთდა ადამიანზე, რომელიც ადვილად პოულობდა საერთო ენას შევარდნაძის რეჟიმთან, სააკაშვილთან და ახლაც. 

რომ ვთქვათ ახლა, ვინ არის და რას წარმოადგენს თამარ ბერუჩაშვილი, არ უარვყოფ, რომ ის პროფესიონალია თავისი საქმის და აქვს გამოცდილება, აი, უკვე რამდენი წელიწადია დიპლომატიაში მსახურობს, მაგრამ ის გახლავთ აბსოლუტურად უპრინციპო პროფესიონალი, ვფიქრობ, ასეთი ხალხი არც ამ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. ბიბლიაში წერია, ერთხელ ტყუილის მთქმელს ვინღა დაგიჯერებს?.. როდესაც ბერუჩაშვილმა ერთ დღეს თქვა, რომ შეიცვალა კურსი, ხდება ქვეყანაში საშინელება, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ თანამდებობას და ამის შემდეგ მან ნახა რაღაც სიზმარი, მეორე დილით ადგა და თქვა, რომ არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი კარგად არის, ამის სანაცვლოდ მან მიიღო მინისტრობა. ვეკითხები ამ მთავრობას, ბატონებო, რა გარანტია გაქვთ, რომ გავა დრო და ქალბატონი თამარი იგივენაირად არ მოიქცევა? 2016 წელს გველოდება საპარლამენტო არჩევნები, არავინ არ იცის, წინ რა გამოწვევა გველის და ვინ არის დაზღვეული, რომ ბერუჩაშვილი კიდევ არ ნახავს ერთ ღამეში სიზმარს და არ განგვიცხადებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პრორუსული ხელისუფლება, სხვაგვარად არ შეგვიძლია ცხოვრებაო. აშკარა საკადრო კრიზისია, ნიშნავენ უპრინციპო ადამიანებს. კი ბატონო, ერთი რამ გასაგებია, რომ ბერუჩაშვილი ვეღარასოდეს შეეკვრება ამ ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ, ბერუჩაშვილმა უკვე ყველა ხიდი დაწვა ალასანიას პარტიასთან, მაგრამ ხვალ-ზეგ, რა ახალი ძალა გამოჩნდება და იგივე ბერუჩაშვილს რა ცდუნება გაუჩნდება, ამის გარანტიას დღეს ვერავინ ვერ მისცემს დღევანდელ ხელისუფლებას. მე არ მესმის, ასეთი კანდიდატები გყავდეს, ასეთი ფართო სპექტრი გქონდეს დიპლომატიაში და ამ დროს, ბერუჩაშვილზე აკეთებდე არჩევანს... 

- ბატონო სოსო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურები მასთან არავის შეუთანხმებია. თქვენი აზრით, თედო ჯაფარიძე, რომლის სახელი და გვარი მსოფლიო დიპლომატიაში არის სავიზიტო ბარათი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი კავშირები ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან პოლიტიკურ ფიგურებთან, მისი მეგობარია ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი, მეგობრობს ბზეჟინსკისთან, კონდოლიზა რაისთან აქვს პირდაპირი ურთიერთობა, ერთადერთია ჯაფარიძე, რომლის სატელეფონო ზარსაც პასუხობს ის. როცა ჩვენ საუბრობთ, ის იმყოფება ვაშინგტონში და მართავს უსერიოზულეს შეხვედრებს, მას პატივს სცემენ ბრიუსელში, რუსეთში და მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. რა ხდება? 
- იცით, თედო ჯაფარიძესთან რატომ არ ხდება კონკრეტული საკითხების შეთანხმება? იმიტომ, რომ მშვენივრად იცის ივანიშვილმაც და ღარიბაშვილმაც, ორივე ჭკვიანი ადამიანია, ორივე ადეკვატურად აფასებს ჩვენს პარლამენტს და ორივემ იცის, რომ პარლამენტში ჯოხზე ჩაცმული საფრთხობელა რომ შეიტანო, იმასაც დაამტკიცებენ. აბა, იყოს ისეთი პარლამენტი, რომ ჭირდეს იქ კანდიდატის გაყვანა, მაშინ მოგეცათ ლხენა, თედო ჯაფარიძესთან იქნებოდა კონსულტაციები, როგორც არის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ თქვენ ნახავთ, ხვალ-ზეგ ბერუჩაშვილის კანდიდატურა პარლამენტში შევა და ეჭვი არ მეპარება ტაშის გრიალით დაამტკიცებენ, ამიტომაც რად უნდა მთავრობას, აუტკივარი თავი აიტკიოს და კონსულტაციებსა და შეთანხმებებზე დრო დახარჯოს, როდესაც ამის გარეშეც გარანტირებული აქვს ნებისმიერი კანდიდატურის გაყვანა. ეს არის ჩვენი პარლამენტის ტრაგედია, პარლამენტში არავის არ დაებადება აზრი, იკითხოს, რატომ ბერუჩაშვილი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა პირველი პირი, ის იყო ყოველთვის შემსრულებელი. დავსვათ კითხვა, აქვს ბერუჩაშვილს პირველი პირის საჭირო თვისებები? აქვს მას კრეატიული აზროვნება? არა, პატივცემულებო, ბერუჩაშვილი ყოველთვის იყო მესამე-მეოთხე პოზიციებზე, კი ბატონო, ვაღიარებ, რომ გამოცდილება ძალიან დიდი აქვს, მაგრამ მარტო გამოცდილება არაფერს ნიშნავს. მინისტრს, რომელმაც კურსი უნდა გაატაროს, კიდევ სხვა თვისებები სჭირდება. 

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას კონსულტანტები არ ჰყავს? 
- ალბათ, ჰყავს, მაგრამ პრინციპით, რას ინებებთ? მაგალითად, თუკი დაისმება კითხვა - რას ფიქრობთ ბერუჩაშვილზე? ყველა ერთხმად იტყვის - გენიალური კადრია, ჩვენ მისი კანდიდატურა როგორ გამოგვრჩა. აი, ასეთი იქნება კონსულტანტების რეაგირება. თუმცა არ ვიცი, ვინ არიან კონსულტანტები, თუკი მართლაც არსებობს ასეთი გუნდი, თვითონ თედო ჯაფარიძეს ჭიპი აქვს მოჭრილი დიპლომატიაში, ვერავინ დამაჯერებს, რომ თედო ჯაფარიძე აღფრთოვანებულია ბერუჩაშვილის კანდიდატურით. მას ვიცნობ 40 წელია, ამიტომ დაიზღვია თავი და თქვა, რომ ჩემთან კონსულტაციები არავის გაუვლია. მისი ქვეტექსტი იყო ასეთი, - ბერუჩაშვილზე ნურაფერს შემეკითხებით, რადგან ჩემთვის არავის არ უკითხავს, ბერუჩაშვილი კარგი მინისტრი იქნება თუ ცუდიო. ძალიან ცუდია, რომ ჯაფარიძესთან არ მოხდა კონსულტაციების გავლა, რადგან ამით კნინდება პარლამენტის როლი, მაშინ, როცა ლაპარაკია პარლამენტის როლის გაზრდაზე. მოიცათ, რა... თედო ჯაფარიძეზე ზურა აბაშიძემ რომ თქვა, ასაკშიაო, განა ისეთ ასაკშია, რომ მინისტრობას ვერ შეძლებს?! ბევრი გვყავს თედო ჯაფარიძისნაირი პროფესიონალი და პრინციპების ერთგული კადრი?! თედო ჯაფარიძე "თეთრი სახლის" ადმინისტრაციაში ძალიან მიღებული პერსონაა და ის აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან  "შენობით" არის. კოლინ პაუელი, მადლენ ოლბრაიტი, ერიკ რუბინი, კონდოლიზა რაისი, ჩაკ ჰეიგელი, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ... ამ ადამიანის აზრს ისინი პატივს სცემენ. ამ დროს, ასეთ პიროვნებას არ ეკითხებიან აზრს, ზრდილობის გულისთვის მაინც ჰკითხეთ, თქვე დალოცვილებო, - ბატონო თედო, ვინ წარმოგიდგენიათ საგარეო მინისტრის პოსტზე?.. არა, მაგის აზრს მნიშვნელობას არ აძლევენ. ეს არის მანკიერი საკადრო სელექცია. დათო ჩიკვაიძეს რაც შეეხება, მას ხელისუფლებაში ლობისტი არ აღმოაჩნდა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არც თედო ჯაფარიძეა ფავორში და ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ბერუჩაშვილის მინისტრობა არ გაიშვას, კარგით, ხალხო, რა!.. მარტო საპენსიო სტაჟი ხომ არ არის, 30 წელი დიპლომატიაში იყოო, გაიძახიან... რა პრობლემები გადაწყვიტა, რა როლი ითამაშა, ამის შესახებ ხომ არავინ არაფერი არ იცის?!. როგორც რუსები ამბობენ, ეს ქალი არის "ტიომნაია ლაშადკა"... ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამოძებნას, ახლაც ვირტუოზული სვლით შარი ხეირად ექცა, რომ არ ყოფილიყო ეს სკანდალი და ალასანია-ფანჯიკიძე არ გადამდგარიყვნენ, ბერუჩაშვილი როგორც საკუთარ ყურებს, ისე ვერ დაინახავდა თავის თავს მინისტრის პოსტზე... 

თვითონ ის პრინციპი, რითაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა გაზარდა, უკვე პასუხს სცემს კითხვაზე, აქვს კი ამ ხელისუფლებას პრინციპი? აი, რომელ პრინციპზეა ლაპარაკი?.. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ დეპუტატებს რომ შემოიყვან უმრავლესობაში, ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებდნენ, აძლიერებდნენ და თანამონაწილეები იყვნენ იმ ცხრაწლიანი მმართველობის, ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროდ, საქართველოში პრინციპების დრო პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა, საქართველოში არის დაბალი დონის პრაგმატიზმი, მხოლოდ დღევანდელი დღით აზროვნებენ, ამ ხელისუფლებას რომ პროფესიონალთა ჯგუფი ჰყავდეს, რომელიც კონსულტაციებს გაუწევდა მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს, ასეთ შეცდომების კასკადსაც არ ვიხილავდით და მათი პოლიტიკა იქნებოდა არა ერთ დღეზე გათვლილი, არამედ გაწერილი ხანგრძლივ დროზე. 

- გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატების გადმოსვლაში უხერხულობას ვერ ხედავს, მეორე მხრივ, ჩვენ ვისმენთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას, რომ ირაკლი ალასანია და მისი გუნდი ლობირებდა მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში. საუბრობდნენ მის მიღწევებზე და არაფერს ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. უპრინციპობის ლოგიკაში ხომ არ ვიკარგებით? 
- სამწუხაროდ, ესეც საკადრო პოლიტიკის შედეგია, შეიძლება მაია ფანჯიკიძის როლი ნაკლები იყო იმაში, რომ ევროპა ჩვენ ვერ დავაჯერეთ, აქ არ არის პოლიტიკური შურისძიება, თუმცა მოგეცა ლხენა, პოლიტიკური შურისძიება მშვენივრად არის, თვითონ ალასანიაც დისკომფორტის გარეშე მიმართავდა პოლიტიკურ შურისძიებას. ალასანიას ვურჩევ, ნუ დგება ანგელოზის პოზაში, ეგეც ყურებამდეა ამ ცოდვაში ჩაფლული, მაგრამ საკადრო პოლიტიკა, რა პრინციპითაც ინიშნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ პრინციპით ნიშნავდა მინისტრი ელჩებს. გამოდიოდა შესაბამისად ჯაჭვური რეაქცია. ახლა, ბერუჩაშვილი თავისი ფავორიტებით ჩაანაცვლებს ელჩებს, ასევე გამოცვლის სამინისტროში კადრებს, რასაკვირველია, ამას გააკეთებს ჩუმად, რადგან ბერუჩაშვილი ფრთხილია, ხანგრძლივი ბიუროკრატიული სკოლა აქვს გამოვლილი, ის ისე არ მოიქცევა, რომ საკადრო პოლიტიკა ერთ დღეში გაატაროს. თანდათანობით შემოიყვანს თავის ხალხს, მაგრამ სელექციის პრინციპი აქაც იქნება, აი, რა, პირადი ერთგულება და არა პროფესიონალიზმი. მოდით, ასე ვთქვათ, ალასანიასაც უღალატეს, 10 დეპუტატიც კი ვერ შეარჩია ისეთი ერთგული, რომ განსაცდელის ჟამს მის გვერდით დადგებოდნენ. ფაქტობრივად, 30%-მა უღალატა. ჩვენ ვერსად ვხედავთ საკადრო პოლიტიკას. თვითონ ივანიშვილს უღალატა პრეზიდენტმა, უღალატა მისმა ფავორიტმა მინისტრმა ალასანიამ, რომელსაც ის თავის დროზე პრეზიდენტის პოსტზე მოიაზრებდა. ახლა, ველოდებით, ვისზე განაწყენდება ივანიშვილი... 

- თქვენ რა ეჭვი გაქვთ, ვის დაადგამს თვალს ივანიშვილი, რა დასკვნა გამოიტანეთ მისი ბოლო ინტერვიუდან? 
- მე მაინც ვფიქრობ, რომ დადგება მერის, დავით ნარმანიას დრო, რადგან ძალიან არაეფექტურია. თბილისი ძალიან ქაოსური გახდა, არაფერი კეთდება, გარდა იმისა, რომ ხალხს სამსახურებიდან ყრიან და თავიანთ ხალხს ნიშნავენ, სასაცილო კონკურსები ტარდება, დადგება დრო, როდესაც ყველა მკვდარ კატას ნარმანიას ჩამოჰკიდებენ კისერზე.