საპარლამენტო უმრავლესობა უმრავლესობის დაკარგვას უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატების და ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარების' ფრაქციების დამსახურებით გადაურჩა. რა ახალი რეალობა იქმნება პარლამენტში და რამდენად შეძლებს ,,ქართული ოცნება' დებატებში ორ ოპოზიციურ ძალასთან ,,გამკლავებას'? ,,ვერსიასთან' მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია ,,ქართული ოცნების' დამფუძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი აფასებს.
- კოალიციიდან ,,თავისუფალი დემოკრატების' გასვლის მიუხედავად, საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. დამოუკიდებელი მაჟორიტარების შემოერთების შემდეგ, საკმარისზე მეტი ხმა გვაქვს, რომ კანონები მივიღოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოც დავძლიოთ. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა ამოწურულია.
- რატომ გამორიცხავთ, რომ რესპუბლიკელები პრობლემას არ შეგიქმნიან? ისინი ღიად უჭერენ მხარს ,,თავისუფალ დემოკრატებს' და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტებიდან მათ გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.
- მომავალში რა იქნება, ღმერთმა იცის. ახლა არასერიოზულია წინასწარ საუბარი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციისთვის ხელშემშლელი ძალაა, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ყველა პრინციპულ საკითხში მხარს გვიჭერენ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ კოალიციური თანამშრომლობა მის წევრებს შორის მუდმივი დიალოგის რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. რაც შეეხება ,,თავისუფალი დემოკრატების' პოსტებიდან გათავისუფლებას, ეს საკითხი პარლამენტში, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, რესპუბლიკელებს ამ საკითხზე რადიკალური პოზიციის დაფიქსირება არ მოუწევთ.
- და დამოუკიდებელი მაჟორიტარები, რომლებიც, ტრადიციულად, პოზიციებს პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით იცვლიან, რამდენად სანდო პოლიტიკური პარტნიორები არიან?
- პარტნიორების საიმედოობას მხოლოდ ცხოვრება განსაზღვრავს! ამიტომ მომავალი გვიჩვენებს, ვინ ერთგული და ვინ მოღალატე პოლიტიკური პარნტიორია. სხვათა შორის, დამოუკიდებელი მაჟორიტარები ორი წელია ჩვენთან თანამშრომლობენ და პრინციპულ საკითხებზე ჩვენ პოზიციას იზიარებენ. მათგან მხარდაჭერაც არაერთხელ გვიგრძნია.
- სამაგიეროდ, ახლა პარლამენტში ორ ოპოზიციურ ძალასთან გამკლავება მოგიწევთ. რას შეცვლის ეს საკანონმდებლო რეალობაში?
- ის ფაქტი, რომ პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია გაჩნდა, თავისთავად, საინტერესო და დინამიურ პროცესს ქმნის. თანაც ,,თავისუფალი დემოკრატები' ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ცხრაწლიანი უარყოფითი წარსულით, 7 ნოემბრისა თუ 26 მაისის ტრაგიკული მოვლენებით დამძიმებულნი არ არიან. ასე რომ, მათთან ოპონირება ბევრად საინტერესო და საქმიანი იქნება. თუმცა ვნახოთ, რამდენად შეძლებს ეს პარტია კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშის დაჭერას. თუ ეს მოხერხდა, საპარლამენტო ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდება. კონკურენცია ნაციონალურ მოძრობას ნაკლებად აწყობს. ისინი ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც უკონკურენტო გარემოში ცხოვრებას შეეჩვივნენ. თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძე მაქსიმალურად შეეცადა, მესამე პოლიტიკური ცენტრი შეექმნა, გარკვეულწილად, ეს შეძლო კიდეც, მაგრამ ორი არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირება ვერ მოახერხა და მესამე ცენტრად დარჩა.
- თქვენი განცხადებებით ამძაფრებთ ეჭვს, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები' ნაციონალური მოძრაობის ჩამნაცვლებელ ძალად ხელოვნურად შეიქმნა. ასეა?
- აბსურდულია! ,,თავისუფალი დემოკრატები' კოალიციას ბუნებრივად გამოეყვნენ. ჩვენი მიზანი პარლამენტში ხელოვნურად ,,ქრისტიან- დემოკრატების' შექმნა არ ყოფილა. ამას არც ჩვენ ვიკადრებთ და არც ,,თავისუფალი დემოკრატები'. ვვარაუდობ, ამ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის აქტუალობა საზოგადოებაში უფრო დაიკლებს. ეს თავად ნაციონალებმაც გააცნობიერეს - თუ თავდაპირველად ირაკლი ალასანიას სოლიდარობას უცხადებდნენ, საგარეო კურსის ცვლილებაზეც შეშფოთებით საუბრობდნენ, ბოლო დღეებია თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის გადაწყვეტილებაზე ზომიერ შეფასებებს აკეთებენ.
- რატომ გამორიცხავთ, რომ ირაკლი ალასანია ნაციონალურ მოძრაობას პრობლემებს კი არ შეუქმნის, მასთან გაერთიანდება და ყოფილ სახელისუფლო გუნდს გააძლიერებს?
- როგორც ვიცი, ნაციონალებთან პოლიტიკური თანამშრომლობა თავად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უარყო, თუმცა, როგორც გითხარით, რა იქნება მომავალში, მხოლოდ ღმერთმა უწყის.
- იმასაც შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას ნაციონალური მოძრაობის ლობირება დაბრალდა.
- არ ვიცი... ფაქტია, ნაციონალები აცნობიერებენ, რომ საპარლამენტო ოპონირებაზე მონოპოლიას კარგავენ. იმის გამო, რომ პარლამენტში სხვა ოპოზიციური ძალა არ არსებობდა, უმრავლესობის წინააღმდეგ ამ მონოპოლისტურ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებდნენ. ახლა დაირღვა მათი მონოპოლია და პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენცია გაჩნდა. ახლა ამომრჩეველი დასვამს კითხვას - ,,თავისუფალი დემოკრატები' მორალურად გაჯერებული პარტიაა თუ მორალისგან დაცლილია, კონსტრუქციულია თუ დესტრუქციული და არჩევანსაც პასუხების შესაბამისად გააკეთებს. ბუნებრივია, ირაკლი ალასანიას მოუწევს მტკიცება, რომ რეალური ოპოზიციაა. შესაბამისად, მუდმივად შეეცდება, ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს. როცა ოპოზიციაში ხარ, პოლიტიკაში ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მით უმეტეს, თანამდებობის გარეშე დარჩენილი პოლიტიკოსები ამ მხრივ ბევრად აქტიურები იქნებიან, ისინი, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა. ამიტომაც ვამბობ, საპარლამენტო ცხოვრება ბევრად დინამიური გახდება.
- რამდენიმე დღეში პარლამენტს პრეზიდენტთან ერთად იმის მტკიცებაც მოუწევს, რომ ქვეყანაში საგარეო კურსი არ იცვლება. ემზადებით პრეზიდენტის კითხვებზე პასუხის გასაცემად?
- ქვეყნის საგარეო კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, ეს საკანონმდებლო დონეზე დეკლარირებულია და არჩევნებამდეც კოალიციის ძირითად ღირებულებად დასახელდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, თავისუფალმა დემოკრატებმა კითხვისნიშნები თავადვე მოხსნეს, ამიტომ პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის საფუძველიც, ალბათ, დაიკარგა.